კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოწმდება ავტომობილის უსაფრთხოება და რა სიჩქარეა მძღოლისთვის სასიკვდილო


ჩვენს ავტომობილებში უსაფრთხოების ნორმების შესახებ ზოგადად, ასე თუ ისე გვისაუბრია, მაგრამ არაფერი გვითქვამს იმის შესახებ, თუ რა იწვევს ავარიის დროს სიკვდილიანობას, რას ნიშნავს სასიცოცხლო სივრცე და რატომ არის აუცილებელი უსაფრთხოების ღვედები. ამ თემაზე ვრცლად პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე გვესაუბრება.

მევლუდ მელაძე: მწარმოებლები ძალიან ბევრს მუშაობენ ავტომობილის უსაფრთხოების დონის ამაღლებაზე. ამისთვის არის შექმნილი ძალიან ძლიერი კარკასები, აირბაგები და სხვა. დავიწყოთ აირბაგით. პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვათ ის, რომ აირბაგის გახსნასა და მის ამოქმედებას თითქმის არანაირი შედეგი არ მოაქვს, თუ მძღოლსა და მის გვერდით მჯდომ მგზავრს უსაფრთხოების ღვედი შეკრული არ აქვთ. ანუ, აირბაგი – ეს არის ბალიში, რომელიც იმისთვის იხსნება, რომ, დარტყმის შემთხვევაში, თავი არ დავარტყათ საჭეს ან წინა საქარე მინას, რაც ძალიან საშიშია. მაგრამ, თუ ღვედი არ შევიკარით, შესაძლებელია, იმდენად გადმოვიწიოთ წინ და მერე უკან მივარტყათ თავი, რომ ხერხემლის დაზიანება მივიღოთ. ასეთი შემთხვევები ხშირია და ეს ყველაფერი სტატისტიკით მტკიცდება. სხვათა შორის, ამის დასადასტურებლად კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებულ ავტომობილებს აირბაგი არ ეხსნებათ, თუ მძღოლს ღვედი შეკრული არ აქვს.

– მაგრამ, ხომ ამბობენ, ქალაქში ღვედის შეკვრა აუცილებელი არ არისო?

– ეს ძალიან მცდარი მოსაზრებაა. ქალაქში ღვედის შეკვრა, პირიქით, აუცილებელიცაა. უკვე 100 და 150 კილომეტრ-საათი სიჩქარით სიარულისას ღვედი მდგომარეობას მნიშვნელოვნად არ ცვლის.

არსებობს სპეციალური ნორმები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის დადგენილი და ყველა ახალი მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს. ამისთვის ყოველწლიურად ტარდება ქრაშ-ტესტები და ამის მიხედვით ისაზღვრება, რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის ახალი მოდელი. ეს შეფასება ხდება ვარსკვლავებით, მაქსიმალურია ხუთი ვარსკვლავი. თუ ავტომობილი ხუთი ვარსკვლავით შეფასდა, ეს ნიშნავს, რომ ყველა ნორმას აკმაყოფილებს. უკანასკნელ წლებში ამ მხრივ გამოირჩეოდა „მერსედესი“ C კლასი, მან ხუთი ვარსკვლავი აიღო. ასევე, ხუთი ვარსკვლავი აიღო „რენოლაგუნამ”. ქრაშ-ტესტებიდან დადგინდა, რომ ის ყველაზე უსაფრთხოა ბოლო წლებში გამოშვებულ მანქანებს შორის. ძალიან დიდ აქცენტს აკეთებდა უსაფრთხოებაზე და ამით გაითქვა სახელი „ვოლვომ”. მისი ძარა იყო გაძლიერებული „კარნიზებით”, „ლანჟერონებით”, რათა დაცული ყოფილიყო ის ადგილები, რომლებიც ყველაზე მეტ ზიანს იღებს დარტყმისას. ეს განსაკუთრებით ძველი მოდელის „ვოლვოებზე” იყო.

– რომელი მხრიდან არის დარტყმა ყველაზე უსაფრთხო?

– ალბათ, მაინც, უკნიდან და, თუ ხვდებით, რომ რაღაცას ეჯახებით, სვლა მაქსიმალურად შეანელეთ, რადგან თქვენი და მეორე მანქანის სიჩქარე ჯამში ორმაგ სიჩქარეს გვაძლევს. გვერდიდან დარტყმა ძალიან საშიშია – ამ დროს მძღოლი ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაა. რაც შეეხება წინიდან დარტყმას, ამ შემთხვევაში ავტომობილის ყველა აგრეგატი თითქმის სალონში შემოდის და აღარ რჩება სასიცოცხლო სივრცე. საერთოდ, ადამიანი ავარიის დროს გაჭყლეტისგან იღუპება, ანუ ავტომობილში არ რჩება ის სასიცოცხლო სივრცე, რომელიც საკმარისია უვნებლად გადარჩენისთვის. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველაზე კარგია ის ავტომობილები, რომლებსაც მაქსიმალურად დიდი სალონი აქვთ. აქ არ იგულისხმება მხოლოდ დიდი „ჯიპები“. ძალიან ბევრ მსუბუქ მანქანას აქვს სალონში საკმაოდ დიდი სივრცე. არ მინდა, ისე გამიგოთ, რომ დიდ მანქანას არასდროს არაფერი მოუვა, უბრალოდ, მას ძალიან დიდი უპირატესობა აქვს პატარა ავტომობილებთან შედარებით. შეჭეჭყვის შემთხვევაშიც, ეგრეთ წოდებული „ლუფტი“ მეტი რჩება. გარდა ამისა, „ჯიპში“, ძირითადი აგრეგატები, რომელიც რამაზეა აწყობილი, ძალიან მძლავრი და გამძლეა. ისევ ღვედს მინდა დავუბრუნდე: აუცილებელია მისი გაკეთება ქალაქის პირობებშიც, რადგან ის სწორედ 50-60 კილომეტრ-საათი სიჩქარის ზღვარში იცავს ყველაზე კარგად ჩვენს ჯანმრთელობას. ქრაშ-ტესტებზეც მანქანა ამ სიჩქარეზე იცდება, ანუ, ეს არის სიჩქარე, რომელზე შეჯახებისასაც შესაძლებელია, მძღოლი „პარპრიზიდან” გადმოვარდეს. ამ დროს შეჯახებისას ღვედი დაახლოებით 70 პროცენტით გვიცავს, ამას დამატებული აირბაგი კი უკვე 90 პროცენტამდე უსაფრთხოებას გულისხმობს. ამიტომ, აუცილებლად შეიკარით ღვედი ქალაქში!


скачать dle 11.3