რა ზიანს აყენებს „ფასტ-ფუდში“ ნაყიდი საკვები ჩვენს ორგანიზმს და როგორ დავამზადოთ გაზიანი სასმელი, რომელიც არ იქნება ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთილი
ამ ბოლო ხანებში საქართველოში ხშირად შეგხვდებათ წარწერას „ფასტ-ფუდი“. ეს არის ადგილი, სადაც შეგვიძლია, მივირთვათ სწრაფად, მაგრამ ჯანსაღია თუ არა ეს საკვები, არავინ იცის. ნეტავ, ჰოთ-დოგებსა და ჰამბურგერებზე გადასვლა რისი ბრალია – იმის, რომ ქართველებს ცუდი სამზარეულო გვაქვს და არ მოგვწონს ჩვენი კერძები თუ იმდენად დაკავებულები ვართ, რომ 15 წუთს ვერ გამოვნახავთ სახლში სადილობისთვის?! შეიძლება, ბევრმა არც კი იცის, რომ ქუჩაში კვება მავნებელია ორგანიზმისთვის. რატომ არ უნდა მივმართოთ სწრაფი კვების ობიექტებს, რა დაავადებების გამომწვევი შეიძლება, გახდეს დაუდევრად მიღებული საკვები და აზიანებს თუ არა ჩვენს ორგანიზმს „კოკა-კოლა“, „ფანტა“ და სხვა გაზიანი სასმელები, ამ თემებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ზარნაძე.
– საქართველოში ძალიან აქტუალური გახდა „ფასტ-ფუდები“. თითქმის ყველგან ვხვდებით ასეთ წარწერას. არის თუ არა სასარგებლო ასეთ ადგილებში ნაყიდი საკვები?
– საერთოდ, სწრაფი კვების ობიექტები საქართველოს სინამდვილეში ცოტა უხერხულიც კია. ხაჭაპურის, ღვეზელებისა და სხვა უგემრიელესი კერძების ქვეყანაში, ხალხი „ფასტ-ფუდზე“ რომ გადავიდეს, წარმოუდგენელია. ელემენტარულად, ყველაზე დიდი პრობლემა კვების კულტურის დაბალი დონეა და საერთოდ, არ არსებობს განათლება ჯანმრთელობის შესახებ. რაც შეეხება სწრაფ კვებას, არის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც საყურადღებოა, რომ განვიხილოთ. პირველი – უსაფრთხოა თუ არა გარემო, სადაც ადამიანი იკვებება. სწრაფი კვება ქუჩაში კვების ტოლფასად შეგვიძლია, ჩავთვალოთ, – ადამიანები ყიდულობენ ამ საკვებს და შემდეგ ქუჩაში ჭამენ. ქუჩაში, მოგეხსენებათ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, დაბინძურებული გარემო და ჰაერია. ადამიანი ვერ ახერხებს ხელების დაბანას. ამიტომ, არსებობს საშიშროება, რომ სხვადასხვა დაავადების გამომწვევები ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს. ეს არის ერთი მხარე. მეორე – ხარისხიანია თუ არა ის პროდუქტი, რისგანაც მზადდება სწრაფი კვების ულუფები. ამაზე პასუხის გაცემა, ძალიან ძნელია, რადგან არანაირი კონტროლი არ არსებობს. სამწუხაროდ, საქართველოში ეს კანონი არ მოქმედებს. ელემენტარულად, მონიტორინგი სხვადასხვა პროდუქტის ვარგისიანობაზე არ ხორციელდება. მესამე ვარიანტი, ეს არის ამ საკვების შემადგენლობა. ამ დარგში მომუშავე ყველა მეცნიერმა იცის, რომ მათში ნატურალური პროდუქციის ერთი პროცენტიც არ არის, მიუხედავად რეკლამებისა, არ დაიჯეროთ, რომ ის ნატურალურია.
– იმდენი ვისაუბრეთ სწრაფი კვების ობიექტების უარყოფით მხარეებზე, დადებითი თუ აქვს რამე?
– ძველი ბერძნები ამბობდნენ, ვინც დიდხანს ღეჭავს, ის დიდხანს ცოცხლობსო. აქედან გამომდინარე, კვებას სჭირდება თავისი კულტურა. რა უნდა ჭამო, როდის და რა რაოდენობით, – ეს არის კვებითი ქცევები, რომლებიც ჩვენს წინაპრებს გადასარევად ჰქონდათ ჩამოყალიბებული. დღეს კი, ჩვენი უვიცობისა თუ უყურადღებობის გამო, უკანა პლანზე გადავიდა. რა უნდა ჰქონდეს დადებითი ქუჩაში კვებას. ერთადერთი, ის, რომ არის ბიზნესის ხელშეწყობა. მაგრამ, ამ სწრაფი კვების ობიექტების ადგილზე, ქართული სამზარეულოები რომ გაიხსნას, გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
– როგორც ვიცი, საკვები, რომელიც ასეთ ადგილებში იყიდება, წონის მომატებასაც უწყობს ხელს.
– რა თქმა უნდა. სწრაფი კვების ობიექტები ჭარბი წონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი გახლავთ. იმიტომ კი არა, რომ ადამიანი სწრაფად ჭამს, არა, მთავარი ისაა, რას ჭამს. ეს პროდუქტები არ არის საიმედო. მათ მოსამზადებლად იყენებენ ღორის ხორცის სამი დასახელების საგემოვნო ნივთიერებას. ეს ნივთიერებები არის ძალიან გემრიელი, მაგრამ აზიანებს ორგანიზმს. ასეთ ადგილებში უმეტესად იყიდება ჰოთ-დოგები, ჰამბურგერები და სხვა ფუნთუშეული, რომელიც ხელს უწყობს წონის მატებას. ამიტომ მათი მიღება კატეგორიულად აკრძალულია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის.
– ზემოთ ახსენეთ, რომ არ ხორციელდება მონიტორინგი ამ პროდუქტების ვარგისიანობაზეო, ნუთუ კანონი არ არსებობს ამის შესახებ?
– არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამას გააკონტროლებს. კანონი კი არსებობს, რომელიც 2008 წელს უნდა ამუშავებულიყო. შემდეგ გადაწიეს 2009 წლისთვის, შემდეგ – 2010-თვის. სახელმწიფო არ ზრუნავს ამ საკითხზე, არადა აუცილებლად საჭიროებს ყურადღების მიქცევას. სწრაფი კვების ობიექტები იყო მეოცე საუკუნის ჭირი, ახლა ოცდამეერთე საუკუნის ჭირი გახდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არის ამაზე საუბარი. ამ ჭირის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი ხერხი გახლავთ ადამიანების კვებითი ქცევის ჩამოყალიბება, ანუ განათლების დონის ამაღლება ამ სფეროში და თავისთავად მოგვარდება ეს პრობლემა.
– რა დაავადებების გამომწვევი შეიძლება, გახდეს ეს საკვები?
– უპირველესად, შეიძლება, გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის მოშლა და ეს გახდეს უამრავი დაავადების გამომწვევი, დაწყებული შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის განვითარებით, დამთავრებული სიმსივნური უჯრედების სწრაფი ზრდით, ანუ კიბოს განვითარებით. აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი კვება.
– რა საკვებით უნდა ვიკვებოთ, რომ გამოვიმუშაოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი?
– ადამიანმა უნდა ჭამოს ის, რისი მოთხოვნილებაც აქვს, ოღონდ – ნორმის ფარგლებში. როგორც ნაკლებობა, ისე სიჭარბე – ორივე პრობლემაა ადამიანის ორგანიზმისთვის. უპირველესად, ადამიანმა უნდა იცოდეს, რას ჭამს, შემდეგ თვითონ გააკეთოს არჩევანი: უნდა ჯანმრთელად იცხოვროს, თუ არა. თუ არ გააგებინებ ადამიანს სიმართლეს და, პირიქით, რეკლამებში გამოუცხადებ, რომ ეს არის ერთადერთი და ამაზე საუკეთესო არაფერიო, – ეს უკვე სერიოზული დანაშაულია ერის წინაშე.
– გაზიან სასმელებსაც შევეხოთ. მავნებელია ისინი ორგანიზმისთვის?
– გაზიანი სასმელი არის ორი სახის: მინერალური და „კოლა“. „კოლა“ რატომ ჰქვია იცით? არსებობს ტროპიკული ხე, რომელსაც ასხია კაკლები. ერთს ჰქვია აკუმილატა, მეორეს – ვერცილატა და მესამეს – ვერო. ამ კაკლებში შედის დიდი რაოდენობით კოფეინი და სხვადასხვა მატონიზირებელი ნივთიერებები, რომლებიც ადამიანს გადაღლილობისა და სიცხეების დროს აძლევს ენერგიას. რაც შეეხება „კოკა-კოლას“, იგი მზადდება „კოლას“ კაკლების, კოკაინის წყალხსნარისა და შაქარხსნარისგან. გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება მიჩვევას იწვევს. მასში შემავალი ნივთიერებები გროვდება ადამიანის ორგანიზმში და შემდეგ მისი ნაკლებობა იწვევს ეგრეთ წოდებულ „ლომკას“.
განსაკუთრებულად, ბავშვებშია ძალიან აქტუალური გაზიანი სასმელები. ისინი ხდებიან ნარკომანებივით დამოკიდებულნი, „მიწებებულნი“ ამ სასმელებზე. მწარმოებელი ხელოვნურად იყენებს იმ ნივთიერებებს, რომლებსაც ეჩვევა ადამიანის ორგანიზი. ეს არის რეალიზაციის ერთ-ერთი საშუალება. საბოლოო ჯამში, მცირე რაოდენობით მისი მიღება შეიძლება, მაგრამ მუდმივად მოხმარება, გამორიცხულია.
– რამდენადაც ვიცი, გაზიანი სასმელებიც უწყობს ხელს სხეულის წონის მატებას?
– ნამდვილად ასეა. მათში არსებული შაქრის შემცველი ნივთიერებები არღვევს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აღარ ხდება ცხიმების მონელება. შემდგომში კი ამ ცხიმების დაგროვება, ჭარბი წონის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება. მით უმეტეს, დღესდღეობით დამზადებული გაზიანი სასმელები, ნამდვილად არ არის რეკომენდებული ადამიანისთვის. ძალიან აქტუალურია, ასევე, ეგრეთ წოდებული ენერგეტიკული სასმელები, რომლებიც პირდაპირ ადამიანის ორგანიზმს „ურტყამს“. უამრავ პრობლემას უქმნის ადამიანს ასეთი სასმელების ხშირი მიღება, იწვევს არტერიული წნევის მომატებას და ბევრ სხვა უარყოფით შედეგს.
– ვისაც გაზიანი სასმელები ძალიან უყვარს, რას ურჩევთ, როგორ მოიქცნენ?
– გასწავლით ძალიან მარტივ რეცეპტს: გამოწურეთ ნებისმიერი ნატურალური წვენი. დაამატეთ ნახშირმჟავა, იგი თითქმის ყველგან იყიდება, რომელიც გაზის სახით გაიხსნება წყალში და გამოვა მშვენიერი გაზიანი წვენი, რომელიც იქნება ძალიან უვნებელი.
– რა რჩევას მისცემთ იმ ადამიანებს, ვინც არ იცის, რა საკვები მიიღოს, რა დალიოს, რომ იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრების წესით?
– მიუხედავად დროისა და ფინანსების სიმცირისა, მიირთვან ნატურალური პროდუქტი და ისწავლონ ელემენტარული კვებითი ქცევები. მთავარია, მიხედოთ თქვენს ჯანმრთელობას. თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ, რაც მე გირჩიეთ, იქნებით გაცილებით ჯანმრთელნი. მე არაფერს ვკრძალავ. უბრალოდ, მე აგიხსენით, რატომ არ შეიძლება და რა აქვს მათ უარყოფითი. დანარჩენი თქვენზეა, აირჩიეთ.