რატომ არ მიიწვიეს ოსები და სომხები კავკასიელ ხალხთა კონფედერაციაში და რატომ აირჩიეს კონფედერაციის თავმჯდომარედ ქართველი
2009 წლის პირველ მარტს ვენაში კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის კონგრესი გაიმართა, რომლის თავმჯდომარედაც ზაალ კასრელიშვილი აირჩიეს. არ არის დასამალი, რომ ცნობილი მოვლენების გამო, საქართველო და ქართველები კავკასიაში, მაინცდამაინც, დიდი ავტორიტეტით ვერ დავიკვეხნით. რატომ აირჩიეს კავკასიელებმა ლიდერად ეროვნებით ქართველი, რა მიზანი აქვს კავკასიელ ხალხთა კონფედერაციას, რისთვის იბრძვიან ჩრდილო კავკასიელები და რა გეგმები აქვს რუსეთს კავკასიასთან მიმართებაში, ამ საკითხებზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრება.
– კავკასიაში მცხოვრები ყველა ხალხია გაერთიანებული კავკასიელ ხალხთა კონფედერაციაში?
– ყველა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიელი ოსებისა და სომხების გარდა.
– რატომ?
– ჩემი სურვილი იყო, რომ კონგრესზე მოეპატიჟებინათ ოსები და აფხაზები, მაგრამ, როგორც კი ოსებზე დავიწყე ლაპარაკი, ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა ინგუშებმა მთხოვეს, არ წამომეწია ეს თემა, თორემ ისინი დატოვებდნენ კონგრესს. ეს არის არა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის კაცების, არამედ კავკასიელი კაცების გაერთიანება, ამიტომ, როდესაც ორ მოდავე მხარეს შორის ერთ-ერთს უჭერ მხარს, უნდა ახსნა მიზეზები. მე როგორ ავხსნა ის ფაქტი, რომ ოსებმა ინგუშებს წაართვეს ტერიტორია, სახლები? როგორც კი ოსებზე ვიწყებ ლაპარაკს, ასეთ რეპლიკებს ამბობენ, რომელი ოსები, რუსებთან ერთად თქვენს ქალებს რომ ხოცავდნენ და აუპატიურებდნენო და მეც ვჩუმდები. როდესაც ვამბობ, ყველა ოსი ასეთი არ არის-მეთქი, მეთანხმებიან, მაგრამ მთხოვენ, გაგვაცანი ასეთი ოსებიო.
– ჩვენ გვყავს კარგი ოსები.
– მე შევპირდი, რომ საქართველოში გავაცნობდი მათ არაჩვეულებრივ ოსებს და ამ პირობას შევუსრულებ, მაგრამ თვითონ ასეთებს არ იცნობენ.
– სომხები რატომ არ არიან?
– სომხეთში ფუნქციონირებს რამდენიმე სერიოზული ორგანიზაცია, ერთ-ერთის წარმომადგენელი დამიკავშირდა ერევნიდან, ასევე, დამიკავშირდა პეტერბურგში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოღვაწე, შეკითხვები დამისვეს, მაგრამ იმის შემდეგ აღარ დამკავშირებიან. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები სომხები, ეგრეთ წოდებული სომხური ლობი, ტაშითა და ოვაციით მიესალმებიან კავკასიის ხალხთა კონფედერაციას, განსხვავებით სომხეთში მცხოვრები სომხებისგან.
– ცნობილია, რომ ჩრდილო კავკასიაში რამდენიმე მიმართულება იბრძვის, მათ შორის, ისლამისტურიც, თქვენს ორგანიზაციას რა ადგილი უჭირავს?
– ჩრდილო კავკასიაში ოთხი მიმართულებაა, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის კონგრესზე ყველა მოვიდა. იყვნენ ევროპული და აზიური დიასპორების წარმომადგენლებიც, ვაჰაბისტების წარმომადგენელიც კი, რომელიც კონგრესს მეთვალყურის რანგში ესწრებოდა. ვაჰაბისტების იქ გამოჩენამ შოკში ჩააგდო მთელი ევროპა. სხვათა შორის, ყველაზე ტაქტიანად და კორექტულად სწორედ ის იქცეოდა. მადლობა გადაუხადა კონგრესს მიწვევისთვის. მე პირადად, თავმჯდომარეობა მომილოცა და ასეთი ფრაზა თქვა, ის, რაც დღეს მოხდა, ათი წლის წინათ რომ მომხდარიყო, ამ დღეში არ ვიქნებოდითო. მთელი ავსტრიის სპეცსამსახურები თითის წვერებზე იდგნენ კონგრესის მიმდინარეობისას. როდესაც კონგრესი დამთავრდა, ავსტრიის სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი ბანკეტზე მივიწვიე, თუმცა არ მოვიდა. როდესაც ვკითხე, ვისგან გვიცავთ-მეთქი, მიპასუხა, თქვენგან ვიცავთ ავსტრიელებსო.
– ავსტრია რატომ შეარჩიეთ?
– მე არ შემირჩევია, მაგრამ, ალბათ, სუფთა გეოგრაფიული თვალსაზრისით შეირჩა: ევროპის შუაგულშია და, რამდენადაც ვიცი, რუსეთის სპეცსამსახურებს ავსტრიაში ნაკლებად აშლევინებენ ფრთებს.
– სასიამოვნოა, თქვენ რომ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარედ აგირჩიეს, მაგრამ ჩვენ, ქართველებს, არ მგონია, დიდი ავტორიტეტი გვქონდეს კავკასიაში?
– საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტი არ აქვს, მაგრამ ჩრდილო კავკასიაში გენეტიკური მეხსიერების დონეზე ქართველი გონიერების, ინტელიგენტურობისა და ცივილიზებულობის სიმბოლოა. განსაკუთრებით, უფროს თაობაში. საუბედუროდ, ახალგაზრდა თაობა ქართველს იცნობს გადმოცემით.
ძალიან ბევრი ცუდი ჭორი დადის ჩვენზე ჩრდილოეთ კავკასიაში, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები ავრცელებენ.
– როგორი ამბები? როგორც ინტერნეტშია, რომ ქართველები საცვლების ამარა გაურბოდნენ რუსის ჯარს?
– მთავარი მიმართულება ეს არის: ჩრდილო კავკასიელები ვაჟკაცები ხართ და ორიენტაცია მაგ მშიშარა ხალხზე არ აიღოთ, ქართველები სარგებლის მაძიებელი ხალხია, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენო, ეს ის ხალხია, რომლებმაც, მართალია, შეგიფარეს ომის დროს, მაგრამ, საზღვარზე რომ გადადიოდით, დაჭრილ ბავშვებსა და ქალებს 50 დოლარს, კაცებს კი 100 დოლარს ართმევდნენო. რომ ქართველები ამპარტავანი ხალხია და ჩრდილო კავკასიელებს ძმებად არ გთვლიან, უბრალოდ სჭირდებითო...
– დღეს რისთვის იბრძვის ჩრდილო კავკასია? თუ ყველა თავისთვის იბრძვის?
– ჩრდილო კავკასიაში ბრძოლა მიდის ორი მიმართულებით: იბრძვიან ისლამისტური დაჯგუფებები და წინააღმდეგობის ფრონტი. წინააღმდეგობის ფრონტს არანაირი შეხება არ აქვს ვაჰაბიზმთან, ისინი განაგრძობენ ჯოხარ დუდაევის გზას. ისინი იბრძვიან რუსების განდევნისთვის თავიანთი სამშობლოდან, დამოუკიდებლობისთვის და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირებისთვის.
– ფაქტია, ჩვენი ქვეყანა იშლება სწორედ პოლიტიკური ორიენტაციის გამო. ჩრდილო კავკასიას მართლაც აქვს ევროპაში ინტეგრაციის სურვილი?
– ის ვინც პრორუსია, არც მალავს ამას. ფუნდამენტალისტები ამბობენ, რომ საემიროს გაკეთება უნდათ და ამისთვის იბრძვიან. ჩვენმა კონგრესმა კი მიიღო მიმართვა, რომელსაც ხელი მოაწერა ჩრდილო კავკასიელი ხალხების ყველა წარმომადგენელმა. მიმართვაში წერია: კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია დაეხმარება კავკასიელების ინტეგრაციას ევროსტრუქტურებსა და ნატოში. ჩრდილო კავკასიელებმა იციან, რომ საერთაშორისო სტრუქტურებში გაერთიანებას ვერ მოახერხებენ და ამიტომ საქართველოსთან ერთად უნდათ ამის გაკეთება. ამიტომ არ ამბობენ უარს არც ფედერაციაზე და არც კონფედერაციაზე.
– თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კავკასიური კონფედერაცია?
– ეს შეკითხვა ევროპელებმაც დაგვისვეს. ჩვენი აზრით, კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია უნდა იყოს ევროკავშირის კავკასიური ვარიანტი, ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწერონ მხოლოდ კავკასიელებმა, ამის შემდეგ – რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა, როგორც უახლოესმა მეზობლებმა და გარანტი უნდა იყოს ნატო.
– ფაქტია, რუსეთი ამას ხელს არ მოაწერს.
– არ მოაწერს და დაიშლება. ნახავთ, თუ არ დაიშლება 2015 წლამდე. მაშინ რუსეთმა დაგვიმტკიცოს, რომ ის დემოკრატიული ქვეყანაა, აღიაროს ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ადიღეს და ჩრდილო ოსეთის დამოუკიდებლობა და ჩვენ არ შევალთ ნატოში.
– მგონია, რომ რუსეთი არც ამას მოაწერს ხელს და მეორედაც დაგვნაყავს.
– სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შარშან ცხინვალის ომის მოგება შეიძლებოდა, ისევე, როგორც, თავის დროზე, აფხაზეთის ომის მოგება შეიძლებოდა. მეტიც, მომავალში რუსეთი შემოჭრას რომ აპირებს, იმის მოგებაც შეიძლება. თქვენ ის თქვით, ვინ გვეყოლება სარდლებად, პარტნიორებად და მოკავშირეებად. დაველაპარაკეთ ვინმეს? დახმარება ვთხოვეთ და უარი გვითხრეს? პირიქით, ომის დროს სამი დღის განმავლობაში ჩრდილო კავკასიელები მეც მირეკავდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. რამდენადაც ვიცი, ხელისუფლების წარმომადგენლები იმალებოდნენ. მე კი ჩემს თავზე ვერ ავიღე ეს პასუხისმგებლობა, თორემ მეხვეწებოდნენ, მოგვეცი მიმართულებები, თბილისიდან გაგვიწიე კოორდინაციაო. მე ამას ვერ გავაკეთებდი, იმიტომ რომ იმის გარანტიაც არ მქონდა, რომ ჩვენები არ დაარტყამდნენ ჩრდილო კავკასიელებს. იქ კი საქმე ისე მარტივად არ არის, როგორც ჩვენთან, ხალხი რომ დაგეხოცება, უნდა ახსნა, რომ შენი გადაწყვეტილება სწორი იყო. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ მოგეთხოვება პასუხი შენს დაღუპულ თანამებრძოლებზე, თუ გაიმარჯვებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაასაბუთო, რა მოხდა. ჩვენთან კი სარდლები და ოფიცრები მოგებული ომიდან გამოიქცნენ, უკან კი არ დაიხიეს – გამოიქცნენ, რადგან უკან დახევაც ბრძოლის ისეთივე ტაქტიკაა, როგორც თავდასხმა.
– წარმატების რა ალბათობა აქვს ჩრდილო კავკასიელების ბრძოლას რუსების წინააღმდეგ?
– თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ რუსეთს ჩრდილო კავკასიურ ელიტასა და საშუალო ფენაში დასაყრდენი არ აქვს. მისი დასაყრდენი მასის ის ნაწილია, რომლებისთვისაც ყველაზე მაღლა კერძო ინტერესი დგას. იმ ადამიანებს არ აქვთ საკუთარი ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა და, როგორც წესი, ასეთი ხალხი გარეთ ეძებს მოკავშირეს. ასეთი ჩრდილოეთ კავკასიაში, დაახლოებით, 10-15 პროცენტია, მათგან რეალური პრორუსი – 10 პროცენტი. დაახლოებით 20-30 პროცენტი პროდასავლური ორიენტაციისაა, რაც ავტომატურად ნიშნავს პროქართულს. დანარჩენები არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ღირსება არ შეელახოთ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ორიენტაციით პროდასავლელია. თუმცა ვფიქრობ, აქვთ გარკვეული გაუცნობიერებელი შიში დასავლეთის მიმართ, იმიტომ რომ მასა, ძირითადად განათლებასთან მწყრალად არის, ამიტომ მათ ადაპტაცია ქართველების მეშვეობით უნდა გაიარონ. ისინი ამბობენ, თუ ქართველები ევროპის გზას დაადგებიან, შევხედავთ, თუ სწორია ეს გზა, ჩვენც ავირჩევთ, თუ ქართველები წაიქცევიან, დავეხმარებითო. არსად ისე არ სცემენ პატივს განათლებას, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, სკოლის კარგი მასწავლებელი უფრო დიდი ავტორიტეტია, ვიდრე კადიროვი.
– ჩვენთანაც ასე იყო ოდესღაც.
– იყო, მაგრამ ახლა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილების ქვეყანა გახდა. ვიმეორებ, კადიროვი ტრაბახობს იმით, რომ მეგობარი ჰყავს ისტორიის მასწავლებელი. ორჯერ ინტერვიუში ახსენა, მე იმასთან დავდივარ და რჩევას ვეკითხებიო.
– რუსეთი ცდილობს, რომ მოგვიქსიოს ჩრდილო კავკასიელები, როგორია ამის რეალობად ქცევის ალბათობა? და როგორია ჩვენი შანსი ჩრდილო კავკასიელებთან დაპირისპირებისას?
– გააჩნია, ვინ იქნება სარდალი, კარგი სარდალი კარგ ოფიცრებს ზრდის, კარგ ოფიცრებს კარგი შტაბი აქვთ…
– მე იმ რეალობის გათვალისწინებით გეკითხებით, რაც გვაქვს.
– ჩემი აზრით, ოფიცრები, რომლებმაც ამ ომში მიიღეს მონაწილეობა, კადრების განკარგულებაში უნდა გადავიდნენ, რადგან მორალურად გატეხილები არიან. ომწაგებული ოფიცრის უკან დაბრუნება არ მგონია, სწორი იყოს. ვფიქრობ, კარგი გამოსავალი იქნება, თუ ჩვენი და ჩრდილო კავკასიელი ოფიცრების ახალ თაობას ერთად გავწვრთნით.
– ეს როგორ? ისინი ხომ რუსეთის მოქალაქეები არიან?
– რამდენი რუსეთზე განაწყენებული და რუსეთიდან გაქცეული ჩრდილო კავკასიელი ცხოვრობს ევროპაში? მეორეც, რუსი აღარ ეცდება ჩრდილო კავკასიელის მოქსევას, რუსი ახლა ცდილობს, სამოქალაქო ომის პროვოცირება მოახდინოს ჩრდილო კავკასიაში რუსული ორიენტაციის ჩრდილო კავკასიელების დახმარებით. შემდეგ მათ დაეხმაროს ფედერალური ნაწილებით, იძულებული გახადოს წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლები, უკან დაიხიონ, რომ შემდეგ შემოჰყვეს საქართველოს ტერიტორიაზე ყაზბეგიდან და პანკისიდან. გაიხსენეთ, ხაზარების სამკუთხედი: დასავლეთისკენ – ბზიფის ხეობა. და ქლუხორის ხეობა, ცენტრში – მამისონი და დარიალი, აღმოსავლეთით – პანკისის ხეობა, საერთოდ, ვინც ფლობს პანკისის ხეობას, ის აკონტროლებს, ერთი მხრივ, აზერბაიჯანს და საქართველოს, მეორე მხრიდან, დაღესტანს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს ზურგიდან. ვინც ხაზარების სამკუთხედის სიმაღლეებს აიღებს, ის დაადგამს უნაგირს კავკასიას, რამდენად გააჭენებს და გახედნავს, სხვა საკითხია, მაგრამ თქვენი ჟურნალის მეშვეობით კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა: ეს პროცესი დაიწყება 2010 წლიდან. იანვარში უკრაინაშია არჩევნები, რუსი ელოდება ამ არჩევნებს. თუ მოიგებს, საქართველოში ხელ-ფეხი გაეხსნება, თუ წააგებს, გააქტიურდება, რომ დაიბრუნოს პოზიციები. რაც შეგვეხება ჩვენ: 2010 წლის იანვრამდე კავკასიაში არაფერი მოხდება, მოვლენების დაძაბვას 2010 წლის გაზაფხულიდან ველოდები.
– რას ჰქვია, რუსეთი შემოჰყვება?
– დაარქმევს ანტიტერორისტულ ოპერაციას, შერცხვება თუ გაუჭირდება, თუ რამდენიმე აგენტს ვერ მონახავს საქართველოში პროვოკაციის მოსაწყობად? იმასაც დავამატებ, რომ ბევრი ევროპული სახელმწიფოს მექრთამე ხელისუფალი ამაზე თვალს დახუჭავს. იმის ალბათობა, რაც გითხარით, 50-50-ზეა.
ნინო ხაჩიძე