რატომ დაჰქონდა რობერტ შავლაყაძეს ჯიბით სადგისი და ძაფი და რატომ ვერ მოხსნა მან მსოფლიო რეკორდი
ალბათ, რთულია, მიაღწიო წარმატებას ისეთი დიდი შრომისა და ფსიქოლოგიური დატვირთვის ფასად, როგორც ამას სპორტსმენები ახერხებენ. მით უმეტეს, ძნელია, მოიპოვო ოლიმპიური ოქრო, როდესაც სექტორზე 12 საათი გიწევს ყოფნა, მაგრამ, შემდეგ, გამარჯვებით მიღებული სიხარული იმდენად დიდია, რომ ეს ყველაფერი თითქმის ავიწყდება ადამიანს. როგორი გრძნობაა, როდესაც აღწევ წარმატებას და ამდენი წლის განმავლობაში ხარ ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, ვინც ეს შეძლო – ამის შესახებ გვესაუბრა ცნობილი ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში რობერტ შავლაყაძე.
– ბატონო რობერტ, თქვენ ნახევარი საუკუნის წინ გახდით ოლიმპიური ჩემპიონი. როგორ გაიხსენებდით იმ დროს?
– ის დღე არასოდეს დამავიწყდება და ხშირად სიზმარშიც ვხედავ. მე ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი 1960 წლის 1 სექტემბერს. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირიდან ოლიმპიურ თამაშებზე გაშვებულ სპორტსმენებს შორის მეც ვიყავი. მაშინ ოლიმპიადაზე გამოდიოდა ამერიკელი, მსოფლიოს რეკორდსმენი ტომასი. ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებისას მე და ტომასი დავმეგობრდით და ყველგან ერთად დავდიოდით – სადილზე, ვახშამზე, ხანდახან გასართობადაც კი. იმ პერიოდში ტომასი ძალიან ცნობილი იყო და, გარეთ რომ გამოვდიოდით, ჟურნალისტები, ფოტოკორესპონდენტები მე გვერდზე გამწევდნენ და ინტერვიუს მისგან იღებდნენ ხოლმე. ეს მოხდა რამდენჯერმე და სერიოზულად იმოქმედა ჩემს თავმოყვარეობაზე. ერთ-ერთი ასეთი ფაქტის დროს ვთქვი: „რობერტ, შენ არ იყო კაცი და არ იყო ქართველი, თუ ამ ჟურნალისტებსა და ფოტოკორესპონდენტებს ჰიმნზე ფეხზე არ დააყენებ!“ ეს ნატვრა ძალიან მალე ამიხდა, ოღონდ, დიდი შრომისა და დაძაბული ფსიქოლოგიური დატვირთვის შემდეგ. შეჯიბრის დღეს 12 საათი ვიყავი სექტორზე, რაც ძალიან გამიჭირდა. საერთოდ, სიმაღლეზე ხტომაში მნიშვნელობა აქვს ცდების რაოდენობას. შეიძლება, ნახტომი ერთსა და იმავე სიმაღლეზე იყოს შესრულებული, მაგრამ, ცდა იყოს ნაკლები, მაშინ სპორტსმენი პირველ ადგილზე გადის. მე ყველა გამოსვლა პირველი ცდით გადავლახე. ამიტომაც გავიმარჯვე მე, ქართველმა, ულვაშა რობერტ შავლაყაძემ. ეს იყო განუზომელი სიამაყის გრძნობა, რომ საქართველოში გამარჯვებული მოვდიოდი. ამ შეჯიბრმა დიდი ხნის ოცნება ამისრულა – გავხდი პოპულარული, რაც ყველგან ხელს მიწყობდა. საერთოდ კი, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ყველაფერში ვიმარჯვებდი. სპეციალურად რომელიმე სპორტში არ მივარჯიშია. ზოგადად კი ყველაფერს ვთამაშობდი – ფეხბურთს, ფრენბურთს, კალათბურთს. მაშინ მტკვარს ჯებირები არ ჰქონდა და ცურვა მტკვარზე ვისწავლე. ბავშვები ერთმანეთს სირბილში ვეჯიბრებოდით – ასე ვვითარდებოდით მაშინდელი ბავშვები.
– რა შეგრძნებაა, როდესაც ასეთ წარმატებას აღწევ?
– შეგრძნება ძალიან მაგარია. ამ გამარჯვებით მე ავუსრულე ჩემი დანაპირები ჟურნალისტებსა და ფოტოკორესპონდენტებს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის სახელით გამოვდიოდი, მაინც ქართველი ვიყავი და ვასახელე ჩემი საქართველო. საერთოდ, მსოფლიოს პირველობა მძლეოსნობაში არ ტარდებოდა, მაშინ იყო სოციალისტური ქვეყნების პირველობა და იქაც თითქმის ყველა შეჯიბრი მოვიგე. მოგებისთვის იმდენს გვიხდიდნენ, რომ თავისუფლად შემეძლო თავისა და ოჯახის რჩენა. ამ ფულით ვიყიდე მანქანა, მქონდა სტიპენდია, მაგრამ, რადგან ოჯახში ერთადერთი კაცი მე ვიყავი და მათ რჩენა უნდოდათ, ფულს ვერ ვაგროვებდი.
– ამის შემდეგ, თუ გქონდათ წარმატებები?
– საბჭოთა კავშირის ნაკრებში რომ ავეყვანე, ბევრად ძლიერი უნდა ვყოფილიყავი რუსზე და, თან, წაგება არ უნდა მქონოდა. მე რომისა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც პირველ ნომრად წავედი. რომში ოლიმპიური ოქრო მოვიგე, მაგრამ ტოკიოში, ერთ-ერთი გამოსვლისას, წელი ვიტკინე და ნატკენი წელით მეოთხე ადგილი დავიკავე. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემპიონი კიდევ ერთხელ ვერ გავხდებოდი. თან, არც მასაჟის უფლება მომცეს. 1964 წელს, ტოკიოდან დაბრუნების შემდეგ, წელის გამო დავანებე თავი სპორტს, რადგან ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ დღესაც ჯოხით დავდივარ. როგორც კი დავანებე სპორტს თავი, საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელად დამნიშნეს. ყველა ჩემთან ეწერებოდა და ცნობილ ტრენერ ტიაჩკოს თითქმის აღარავინ აკითხავდა. ცოტა ხანში ჩავიბარე ბავშვთა სპორტი, რომელიც მაშინ საშინელ მდგომარეობაში იყო და სამ წელიწადში ისე ამოვქაჩე, რომ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან ჩამოდიოდნენ სპეციალისტები სტილის გადასაღებად. 1972 წელს კი მძლეოსნობის ისტორიაში პირველად დავიკავეთ მესამე ადგილი. იმხელა კონკურენციის ფონზე საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დიდი მიღწევა იყო.
– თქვენ თქვით, ძალიან პოპულარული ვიყავიო. ზოგისთვის პოპულარობა რთული ასატანია, თქვენთვის როგორ იყო?
– ოლიმპიადიდან რომ ჩამოვედი, ისეთი პოპულარული ვიყავი, ქალაქში მესალმებოდნენ, მთლად უცხო ხალხი მილოცავდა. ბავშვები კი ცემენტზე, ქვებზე ხტუნაობდნენ და თან ყვიროდნენ – რობერტი ვარ, შავლაყაძეო. საერთოდ კი, დაფასებას თითქოს საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში უფრო ვგრძნობდი, ვიდრე აქ, საქართველოში. აქამდე მისვლა კიდევ ჩემთვის ძალიან ძნელი იყო და, გეტყვით, რატომაც: მოსკოვში „დინამოს“ სტადიონზე ტარდებოდა პირველობა და იქ უნდა ჩავსულიყავი. რაც სპორტში ვმოღვაწეობდი, მქონდა მხოლოდ ერთი „შიპი“ და, ამიტომ სადგისი და ნემსი სულ თან დამქონდა – სადაც გამეხეოდა, იქ ვკერავდი. მაშინ რეკორდი იყო 2.16. მე 2.13-ზე გადავხტი და, 2.17-ზე რომ უნდა გადავმხტარიყავი, ქუსლთან გამეხა. მაშინვე ამოვიღე სადგისი და ძაფი და გავკერე, მაგრამ, უშედეგოდ – მეორე ცდაზეც იგივე მომივიდა. ამის გამო ვერ მოვხსენი მსოფლიოს რეკორდი.
წარმოშობით იმერეთიდან ვარ, ხონიდან და, იმ წელს, როდესაც მე ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, თუკი ვინმე გაჩნდა ბიჭი, ყველას რობერტი დაარქვეს – ასეთი პოპულარობა, სიყვარული და დაფასება ჩემთვის მოსაბეზრებელი არასდროს ყოფილა.
– რთული არ იყო თქვენთვის ასე მალე წასვლა აქტიური სპორტიდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდით?
– ტრავმის გამო მართლაც ძალიან მალე მომიხდა სპორტიდან წამოსვლა და ეს, ძალზე რთული იყო, მაგრამ, მას შემდეგ მთელი ცხოვრება მაინც ძირითადად სპორტს ვემსახურები. ვიყავი საბჭოთა კავშირის მწვრთნელი, ვხელმძღვანელობდი ბავშვთა სპორტს, შემდეგ კი 6 თვით გამიშვეს რესპუბლიკა კონგოში. ქალაქ პრაზაიში, ნაკრები გუნდის კონსულტანტ-მწვრთნელად. ჩასვლისას დამხვდა ორი ფრანგი მწვრთნელი, რომლებიც ისხდნენ მესამე იარუსზე და იქიდან აძლევდნენ შენიშვნებს სპორტსმენებს. მე რომ დავიწყე სპორტსმენებთან მუშაობა, ყველაფერს პირადად ვაჩვენებდი, ჭოკზეც ვხტებოდი, დავრბოდი, სიმაღლეზეც მე ვხტებოდი და ვაჩვენებდი მათ – რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. სულ მალე ისეთი სიყვარულითა და პატივისცემით განიმსჭვალნენ ჩემ მიმართ, რომ სულ თვალებში შემომყურებდნენ. ჩემი იქ მუშაობის ერთი წლის თავზე კი, ხალხთა სპარტაკიადაზე ვინც ჩავიყვანე, ყველამ საპრიზო ადგილი აიღო.
– მძლეოსნობაში თქვენ გარდა საქართველოში ვინმეს თუ მიუღწევია ასეთი წარმატებისთვის?
– საქართველოდან ჩემ შემდეგ არავის გაუმარჯვია, მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა, გვარი აღარ მახსოვს, დაიკავა მესამე ადგილი. 1964 წლიდან დღემდე რამხელა დროა გასული და, პრიზიორიც კი არ გვყოლია არავინ, იმიტომ რომ ჩემ დროს რთული იყო ოლიმპიადაზე მოხვედრა: უნდა ყოფილიყავი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და იმდენი ბრძოლის ჩატარება გიწევდა, რომ უდიდეს პრაქტიკას იღებდი. ახლა ცალკე ქვეყანა ვართ და, ერთადერთი, საქართველოს ჩემპიონი უნდა გახდე და შეასრულო ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული ნორმატივები. საერთოდ, ბავშვთა სპორტიდან იქმნება დიდი სპორტი. დიდი სპორტი რომ შექმნა, უნდა გყავდეს კარგი სპეციალისტები. აუცილებელია ასაკობრივი სისტემის ჩამოყალიბება. ასე რომ, ბევრი პრობლემაა ამ მხრივ. მაგრამ, ვიმედოვნებ, მოგვარდება ყველაფერი. მე მინდა, ვთქვა, რომ, თუ ადამიანს არ გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ხალხი, რაც არ უნდა გააკეთო, წარმატება და დაფასება ძნელად მისაღწევია.