დელ პოტრომ რიკელმეს ქალი „აახია“
არგენტინელი ჩოგბურთელი, ხუან მარტინ დელ პოტრო, არგენტინელთათვის ლიონელ მესიზე არანაკლებ პოპულარული და საყვარელია. დელ პოტრო წლის სპორტსმენადაც დასახელდა და, რაღა თქმა უნდა, მიღწეულით ტკბება. 2009 წელს მან ამერიკის ღია პირველობა მოიგო და სამშობლოში გმირად ჩავიდა. მას მაშინვე პოპულარული ქალები დაეხვივნენ და 21 წლის ჩოგბურთელმა ბავშვობის ოცნებები მთლიანად აისრულა – მის გვერდით ძირითადად მოდელები და პორნოვარსკვლავები ჩნდებოდნენ, ისინი, ვისი ასაკიც 30 წელს ზემოთ იყო და რომლებზეც პატარა ხუან მარტინი ბავშვობაში ოცნებობდა და, სხვათა შორის, არც მალავდა, რომ ბავშვობის ოცნებებს ასხამდა ხორცს.
ახლა კი, როგორც ჩანს, მის გულს სიყვარული მოსწყურდა და რომანი 29 წლის კარინა ელინეკთან გააბა. ეს გოგოც არგენტინელი მოდელია, მაგრამ, საქმე ისაა, რომ „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელის – ხუან რომან რიკელმეს საცოლედ ითვლებოდა. როგორც ჩანს, დელ პოტრომ ეს არად ჩააგდო და გოგონას გული მოინადირა.
„არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. მე მაქვს პირადი ცხოვრება, რომელიც არავის განსასჯელი არ არის. არ ვიტყვი, ვისთან ვარ ახლა და არც მომავალში გაგიმხელთ, როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა“, – ეს კომენტარი კარინამ მაშინ გააკეთა, როცა ერთ დილას დელ პოტროს სახლიდან გამოვიდა.