ჯენიფერ კაპრიატიმ 16 წლის ასაკში 6 მილიონი დოლარი იშოვა
ბოლო რამდენიმე წელია, ქალთა საჩოგბურთო სამყაროში ისეთ საჩოგბურთო მონსტრებზე საუბრობენ, როგორებიც არიან: ჟუსტინ ენინი, ვენუს და სერენა უილიამსები, მარია შარაპოვა და სხვები და ყველას ავიწყდება ჯენიფერ კაპრიატი – გოგონა, რომელმაც სასწაული მოახდინა და, რომ არა ორი კვირის წინ მომხდარი შემთხვევა, ჯენი ეგებ კარგა ხანს კვლავ არ გახსენებოდა არავის. კაპრიატი ორი კვირის წინ საავადმყოფოში მოხვდა, როგორც ამბობენ, გადაჭარბებული დოზის გამო. მართალია, მისმა ოჯახის წევრებმა შემდეგ განაცხადეს, რომ ეს გადაჭარბებული დოზა, ექიმის მიერ დანიშნული ჩვეულებრივი წამალი იყო, მაგრამ, ყველა დარწმუნებულია, რომ კაპრიატი ისევ ნარკოტიკებს მიუბრუნდა.
ჯენი 1976 წელს დაიბადა და მასზე უკვე 6 წლის ასაკში ამბობდნენ, რომ დიდი ჩოგბურთელი გახდებოდა. გოგონა კრის ევერტის აკადემიაში აიყვანეს და უფასოდ ვარჯიშის შესაძლებლობა მისცეს. ლეგენდარული კრის ევერტი მის განვითარებას პირადად ადევნებდა თვალს, მთავარ მწვრთნელად საკუთარი მამა დაუნიშნა, პირად აგენტად კი – ძმა და, გამოვიდა, რომ კაპრიატი მთლიანად ევერტების გვარზე იყო ჩამოკიდებული. თუმცა, ამით მათ ბოროტად არასდროს უსარგებლიათ. სანამ კაპრიატი 16 წლის გახდებოდა, პრაქტიკულად, ყველა ახალგაზრდულ ტურნირში იღებდა მონაწილეობას და, რაც მთავარია, იმარჯვებდა კიდეც. ყველაზე სარისკო გადაწყვეტილება კი ევერტმა მაშინ მიიღო, როცა 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გოგონა უპრობლემოდ გაუშვა და არც შემცდარა – 16 წლის ჯენიმ ოლიმპიური ოქრო მოიგო და სამშობლოში არა პერსპექტიულ გოგოდ, არამედ გმირად დაბრუნდა. მას, პრაქტიკულად, ყველა დიდმა ფირმამ გაუფორმა სარეკლამო კონტრაქტი და უკვე ერთი წლის შემდეგ, კაპრიატის ანგარიში 6 მილიონი დოლარით შეივსო. ეს მაშინ კოლოსალური თანხა იყო და, იმის გათვალისწინებით, რომ გოგონა 17 წლისაც არ გახლდათ, მის ირგვლივ სხვა, ახალი სამყარო გადაიშალა. ის ფავორიტად მიდიოდა ყველა ტურნირზე და თითქმის ყველგან ნახევარფინალამდე ახერხებდა მისვლას. დიდ „დეიდებთან“ ჭიდილში ეს საუკეთესო შედეგი გახლდათ და სწორედ მაშინ, როცა კაპრიატის სახელს უნდა დაექუხა... იგი გაქრა.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მისთვის, ყველაფერი, რაც შეგვეძლო, მაგრამ, არის რაღაც, რასაც ჩვენ ვერ შევცვლიდით“, – განაცხადა მაშინ ევერტმა და მართალიც იყო.
კაპრიატი სასტუმროს ნომრიდან მეგობრებთან ერთად იპარებოდა ხოლმე და მას ხან რომელ ბარში პოულობდნენ უგონოდ მთვრალსა და ნარკოტიკით გაჟღენთილს, ხან – რომელში. მილიონობით დოლარი ჯენიფერსაც ჰყოფნიდა და მის მეგობრებსაც, ოჯახის წევრებსაც და მეზობლებსაც... ყველას ეგონა, რომ ეს ასე უნდა გაგრძელებულიყო და პოპულარობა არსად წავიდოდა. ერთ დღეს კი, როცა კაპრიატი გამოფხიზლდა, აღმოაჩინა, რომ აღარც მეგობრები ჰყავდა და აღარც ფული ჰქონდა. მალე კი იგი დააკავეს, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ მაღაზიიდან 15 დოლარად შეფასებული სამაჯური მოიპარა და მერე მის გაყიდვას 10 დოლარად აპირებდა, რათა, ელემენტარულად, საკვები მიეღო. მშველელად ისევ ევერტი გამოჩნდა.
„მე არ შემეძლო, მეყურებინა, როგორ იღუპავდა თავს და ამიტომ მისი მკურნალობა დავაფინანსე. იგი შვეიცარიაში, საუკეთესო კლინიკაში გავუშვი და არც შევმცდარვარ“, – იხსენებს ევერტი.
მართლაც, შვეიცარიაში ყოფნის დროს, კაპრიატი შვეიცარიის სიამაყემ – მარტინა ჰინგისმა მოინახულა. მან ჯენის სთხოვა, ტურნირისთვის ვემზადები და, იქნებ, ჩემი პარტნიორი გახდე, ძლიერი მოწოდება გაქვს და ვარჯიშში დამეხმარეო. კაპრიატი მის წინადადებას, პირველ ყოვლისა, ფულის გამო დასთანხმდა და...
„ერთი კვირის ვარჯიშის შემდეგ მას ვეღარ ვუგებდი. მან ფორმა შესაშურად მალე აღიდგინა და მივხვდი, უბრალოდ პარტნიორი კი არა, კონკურენტი გავიჩინე. ჯენიფერი მიხვდა, რომ ჩოგბურთში დაბრუნება და თამაში ისევ შეეძლო, რამაც ისე აღაფრთოვანა, რომ მალე ამერიკაში დაბრუნდა და წვრთნას უკვე სერიოზულად შეუდგა“, – ყვება ჰინგისი.
მაშინ კაპრიატი 23 წლის იყო და ყველას ეგონა, რომ მისი დაბრუნება შთამბეჭდავი არ იქნებოდა. მართლაც, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჯენი საშუალო დონის ტურნირებში იღებდა მონაწილეობას და დიდი შედეგებით ვერ დაიკვეხნიდა. აი, ჰინგისი კი ყველგან ყველაფერს იგებდა და მსოფლიოს პირველი ჩოგანიც იყო. და დადგა 2001 წელი.
„იმ წლისთვის ჯენი საგანგებოდ ემზადებოდა. მან ყველა დაბალი რანგის ტურნირში მონაწილეობაზე თქვა უარი და კორტებს არ შორდებოდა. ის ვარჯიშობდა იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად შეეძლო და, რაც მთავარია, თვალებში ისეთი ცეცხლი დაუბრუნდა, როგორიც ადრე ჰქონდა“, – ეს ისევ ევერეტის სიტყვებია.
წლის პირველი „დიდი მუზარადის“ ტურნირი ავსტრალიაში გაიმართა. ავსტრალიის ღია პირველობის ფავორიტი, რაღა თქმა უნდა, მარტინა ჰინგისი იყო და ის ფინალამდე მივიდა, ფინალამდე, რომელშიც მას კაპრიატი ელოდა. მატჩი დაძაბულად წარიმართა და ჯენის გამარჯვებით დასრულდა.
„საბედნიეროდ, პრესამ დაწერა, რომ კაპრიატის, უბრალოდ, გაუმართლა და მას ჩვეულ დონეზე დაბრუნება არ შეეძლო. ასეთი ტიპის სტატიები მისთვის დამატებით სტიმულად იქცა და იმევე წელს, მან საფრანგეთის ღია პირველობაც მოიგო, ხოლო ამერიკისა და უიმბლდონის ღია პირველობებზე ნახევარფინალამდე მივიდა“, – ყვება მარტინა.
ერთი წლის შემდეგ კი – ისევ ავსტრალია და ისევ „დიდი მუზარადის“ ტურნირი. კაპრიატი იქ მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა. ჰინგისმა კი, რომელიც კვლავ პირველი ჩოგანი იყო, განაცხადა, რომ ჯენიფერისთვის საგანგებოდ იყო მომზადებული. ფინალში ისევ ისინი გავიდნენ და... ისევ კაპრიატიმ მოიგო.
სამწუხაროდ, ამერიკელ ჩოგბურთელს სავარჯიშოდ და შედეგების საჩვენებლად ნერვები 2004 წლამდე ეყო, მერე კი ისევ ნარკოტიკებს დაუბრუნდა და ისევ სმა დაიწყო. მის ანგარიშზე კვლავ მილიონობით დოლარი ირიცხებოდა და ძველი მეგობრებიც ისევ გამოჩნდნენ. ამ ამბავმა ისე გააცოფა ევერტი, რომ მან კაპრიატისთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. ჯენი აზრზე მალევე მოიყვანეს, მაგრამ მან კორტებზე დაბრუნება გადაიფიქრა და კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. მას შემდეგ იგი ყველას მიავიწყდა და აგერ, ორი კვირის წინ ისევ გაახსენდათ.
„თუ კაპრიატი მოინდომებს, იგი ნებისმიერ სფეროში შეძლებს წარმატების მიღწევას, მაგრამ მას ბევრი ფული ვნებს – იგი მაშინვე ნარკოტიკებზე ფიქრობს და სასმელზე ყველა ნაცნობსა თუ უცნობს ეპატიჟება. მან უნდა იმუშაოს და იმდენი უნდა მიიღოს, რომ ნარკოტიკებისთვის ფული აღარ დარჩეს“, – ასეთია კაპრიატის მეგობრების აზრი და, ვინ იცის, იქნებ, მართლებიც არიან.