როგორ შეცვალა ამანდა ბაინსმა ბრიტანელი ლორდების მოსაწყენი ცხოვრება და რამდენჯერ გახდა ის „ქიდს ჩოისის“ ლაურეატი
„ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ მე გავიზარდე და გავხდი მოწიფული მსახიობი, რომელიც მზად არის სერიოზულ ფილმებში სათამაშოდ“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ამერიკელ მსახიობს ამანდა ბაინსს, რომელიც თანამედროვე ამერიკელი და ევროპელი თინეიჯერების ნამდვილი კერპია და რომლის ფილმები არნახული პოპულარობით სარგებლობს თითქმის ყველა ასაკის მაყურებელში.
ამანდა ლაურა ბაინსი კალიფორნიის შტატის ქალაქ საუზენდ-ოუქსში დაიბადა 1986 წელს. მისი მშობლები, წარმოშობით კანადის ქალაქ ტორონტოდან იყვნენ და ოჯახი იუდაიზმს მისდევდა. ამანდას მამა, რიკ ბაინსი, პროფესიით სტომატოლოგი, თეატრის, განსაკუთრებით კომედიური სპექტაკლების დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და ყველანაირად ცდილობდა, სამივე შვილს თეატრის სცენა შეჰყვარებოდა. მომავალი ვარსკვლავი სულ რაღაც შვიდი წლის იყო, როდესაც პირველად შედგა ფეხი სცენაზე, ეს მოხდა ლოს-ანჯელესში კომედიური კლუბის „ქომედი სთორის“ სცენაზე, 1993 წელს. ამავდროულად, ამანდა მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ სამოყვარულო თეატრის სპექტაკლებში „მუსიკალური ადამიანი“, „საიდუმლო ბაღი“ და „მოკალი კაჭკაჭი“. 10 წლის ასაკიდან ამანდა რეგულარულად გამოდიოდა სცენაზე იუმორესკებით, ხოლო 1996 წელს შედგა მისი დებიუტი ეკრანზე – სერიალში „ეს ყველაფერი“. დებიუტის შემდეგ სატელევიზიო კრიტიკოსები ამანდას ადარებდნენ ლეგენდარულ ამერიკელ კომედიურ მსახიობებს ტრეისი ულმანს და ლიუსილ ბოლს.
1999 საბავშვო არხ „ნიქელოდეონზე“ გავიდა ამანდა ბაინსის საავტორო გადაცემა „ამანდას შოუ“, რომელიც ეკრანზე გამოსვლისთანავე ყველაზე სუპერ რეიტინგული გადაცემების რიცხვში შევიდა. ოთხი სეზონის განმავლობაში ამანდას გადაცემა „ნიქელოდეონის“ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლებოდა. ოთხი წლის განმავლობაში ამანდა ბაინსი საბავშვო სატელევიზიო გადაცემების დაჯილდოების „ქიდს ჩოისის“ ლაურეატი ხდებოდა ნომინაციაში „ყველაზე საყვარელი სატელევიზიო მსახიობი“. ამანდას კოლეგები მიიჩნევდნენ, რომ მისი გადაცემის რეიტინგულობის საიდუმლო ისაა, რომ ამანდა არ ერიდებოდა საკუთარი თავის დაცინვას. „ამანდა არ ერიდება კლოუნადების მოწყობას. ის ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ როლის გამო მზად არის გადაიქცეს ყველაზე სასაცილო ადამიანად პლანეტაზე“ – ამას აცხადებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ამანდას პარტნიორი სერიალში „რაც მე შენში მომწონს“ ლესლი გროსმანი.
2002 წელს შედგა ამანდა ბაინსის დებიუტი დიდ კინოში. ტელეარხ „ნიქელოდეონის“ რეიტინგული შოუების პროდიუსერმა დენ შნაიდერმა გამოუშვა კომედია „დიდი სქელი მატყუარა“, რომელმაც ამანდა ბაინსს მორიგი გამარჯვება მოუტანა „ქიდს ჩოისზე“, ოღონდ ამჯერად ნომინაციაში „საუკეთესო კინომსახიობი“. ნამდვილი მსოფლიო აღიარება კი ამანდა ბაინსს მოუტანა კომედიამ „რა უნდა გოგონას“. ფილმში ამანდას გმირი – ამერიკელი თინეიჯერი ინგლისში მამის, ლორდი დეშვუდის მოსაძებნად მიემგზავრება, რომელსაც ცნობილი ბრიტანელი მსახიობი კოლინ ფერტი ასახიერებს. მოულოდნელი შვილის გამოჩენამ ლორდის ცხოვრება მთლიანად შეცვალა და ამანდას გმირის საშუალებით, ლორდების მოსაწყენ ინგლისურ საზოგადოებაში „ახალმა სიომ“ დაბერა.
2005 წელს კინოეკრანებზე ამანდა ბაინსის მონაწილეობით კიდევ ერთი კომედია გამოვიდა. „სიყვარული კუნძულზე“ თინეიჯერების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფილმად ითვლება და ეს მხოლოდ და მხოლოდ ამანდას დამსახურებაა. ფილმის გადაღებები დომინიკანას რესპუბლიკაში მიმდინარეობდა და მსახიობთა ჯგუფი ამანდას „თამადობით“ აღფრთოვანებული იყო ადგილობრივი სილამაზით. ამბობენ, რომ ფილმის გადაღებების დროს ამანდასა და მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელს, კრის კარმაკს შორის რომანი განვითარდა, მაგრამ გადაღებების დასრულების შემდეგ წყვილი დაშორდა. სხვათა შორის „სიყვარული კუნძულზე“ ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორის რენდელ კლეიზერის გადაღებულია. მის აქტივში კი სუპერპოპულარული „ცისფერი ლაგუნა“ და ჯონ ტრავოლტას ვარსკვლავური ფილმი „ბრიოლინი“ შედის. ამ ფილმის შემდეგ ეკრანებზე გამოვიდა კომედია „ის, კაცია“, რომელშიც ამანდა ბაინსმა სრულიად განსხვავებული პერსონაჟი განასახიერა. ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ მის გმირს არ აძლევდნენ საშუალებას, გუნდში ეთამაშა და ამანდას გმირი ავანტიურაზე წავა – თავისი ტყუპი ძმის ნაცვლად, გრიმგაკეთებული ბიჭების ფეხბურთის გუნდში ჩაირიცხება. რა თქმა უნდა, ფილმი სავსეა კომიკური მომენტებით.
რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, ამჟამად ამანდა თავისუფალია და არავის ხვდება. თავისუფალ დროს მას თავის საკუთარ ავტომობილებით „ჰონდა აკორდით“ ან „ლექსუს SC4330“-ით სეირნობა უყვარს. ამას გარდა ამანდას შინაური ცხოველების მთელი ზოოპარკი აქვს სახლში: ორი ლაბრადორი ტუტსი (ეს ძაღლი ამანდას მსახიობ დასტინ ჰოფმანს აგონებს) და როლი, ავსტრალიური ნაგაზი – ბეტი ბუპი, სამი კატა: სკუბი, დუბი და თაიგა და ოქროს თევზი სახელად ბელა, რომელსაც მსახიობის მტკიცებით სურვილების შესრულება შეუძლია. ამანდა, როგორც ჰოლივუდელი მსახიობი ქალების უმეტესობა, დიზაინერობითაც არის დაკავებული და მაღაზიებში მისი სავაჭრო ნიშნით გამოსული თინეიჯერებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი იყიდება. მსახიობობის და დიზაინერობის გარდა ამანდა, რომლის უსაყვარლესი დიზაინერი ნარცისო როდრიგესია, ქველმოქმედობითაც არის დაკავებული. ახლახანს ის რამდენიმე კალიფორნიულ სკოლას ესტუმრა, სადაც ძალადობის საწინააღმდეგო აგიტაცია ჩაატარა.
დღესდღეობით ამანდა ბაინსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი კომედიური მსახიობია ჰოლივუდში, რომელიც არ აპირებს ჩაიციკლოს კომედიურ ფილმებზე და მომავალში სერიოზული დრამატული როლის სათამაშოდ ემზადება. „სამწუხაროდ, მე კომედიური მსახიობის რეპუტაცია მაქვს და პროდიუსერებს უჭირთ ჩემი წარმოდგენა სერიოზულ როლში, მაგრამ მე არ ვკარგავ იმედს და მჯერა, რომ ერთ დღეს მომეცემა საშუალება ვითამაშო დრამატული როლი სცენაზე ან კინოში“.
უშანგი რუხაძე