ემართებათ თუ არა ნევროზი მდიდარ ადამიანებს და როგორია ამ მხრივ სტატისტიკა
„დღეს ყველას ნერვები აქვს მოშლილი“... ამ ფრაზისთვის, ალბათ, ხშირად მოგიკრავთ ყური. იმასაც ხშირად გაიგონებდით, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმი, ყოველდღიური პრობლემები, უწინარეს ყოვლისა, ჩვენს ნერვულ სისტემაზე აისახება. როგორც ჩანს, ნევროზი დღეს მართლაც მეტად გავრცელებული პათოლოგიაა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ლამის ყოველგვარ ნერვულ აშლილობას ნევროზად ნათლავს. მაინც, რა არის ნევროზი? – ეს ერთად გავარკვიოთ. ხსენებული პრობლემის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ ნევროზის სკანდინავიურ-ქართული სამედიცინო ცენტრის „ნეოკლინიკის“ ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელს, ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა ასოციაციის ნევროლოგიის სექციის წევრს, საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოების სწავლულ მდივანს, მედიცინის დოქტორს, გიორგი ჩახავას.
– ბატონო გიორგი, იქნებ განვმარტოთ, რა არის ნევროზი?
– ნევროზი ნერვული სისტემის ფსიქოგენური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა სიმპტომით ხასიათდება, ესენია: გაღიზიანება, შფოთვა, უგუნებობა, უძილობა. ადამიანი ხშირად სიცოცხლის ხალისსაც კი კარგავს. უმნიშვნელო მიზეზიც კი საკმარისია, რომ აღელდეს, ატირდეს და შესაძლოა, ისტერიკაც კი დაემართოს, მაგრამ, როგორც კი ეს ტალღა გადაივლის, უკვირს, ასეთმა წვრილმანმა როგორ ამაღელვაო. ზოგჯერ ნევროზს თან სდევს ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა და სხვა.
– კერძოდ, ნევროზი რითაა გამოწვეული და საინტერესოა, თუ ახდენს მასზე გავლენას ადამიანის ფინანსური მდგომარეობა?
– დაავადების განვითარების მთავარი მიზეზი ხანგრძლივი ემოციური გადაძაბვაა, რომელიც ნერვულ სისტემას ფიტავს. მის განვითარებას ხელს უწყობს ძილის, შრომისა და დასვენების ურთიერთშენაცვლების რაციონალური რეჟიმის სისტემატური დარღვევა, ყოფაცხოვრების მძიმე პირობები, სისტემატური ნეგატიური ემოციური განცდები ოჯახსა და სამსახურში. ასევე, გასათვალისწინებელია ადამიანის ფინანსური მდგომარეობაც, რომელიც უდავოდ მოქმედებს ხსენებულ დაავადებაზე. ნევროზი არის შფოთვითი დარღვევა. მათ შორის, გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა ვლინდება განსაკუთრებით მაშინ, როცა ესაა ფსიქოგენური და არა ენდოგენური ხასიათის. ხშირად არის ნევროზი გარემო სოციალური ფაქტორიდან გამომდინარე. ძალიან დიდ მნივშნელობას ვანიჭებთ ადამიანის განწყობას. შეიძლება, ის ეკონომიკურად შეჭირვებულია, მაგრამ საკმაოდ ბრძოლისუნარიანია და ნებისმიერ სიტუაციაში პოულობს დადებით მომენტს. ზოგიერთი კი წელში გამართულია, მაგრამ იპოქონდრიითაა დაავადებული და ცუდად ყოფნის მიზეზს პოულობს. ფობიური ნევროზით შეპყრობილ ადამიანს, გარდა ავადმყოფობისა, შესაძლოა, ეშინოდეს სიმაღლის, სიბნელის, დახურული და ღია სივრცეების, ესკალატორის, ბასრი საგნების. ხშირია შემთხვევა, როდესაც „შიშით ავადმყოფს“ უჩნდება საპირისპიროს კეთების, კანონის დარღვევის, სხვისი შეურაცხყოფის ან სულაც სექსის შიში, როცა მას თავის პარტნიორთან სექსში შეუთავსებლობა აწუხებს. შიშის შეტევებს ხშირად წინ უძღვის თავის ტკივილი, გულის არეში ჩხვლეტის შეგრძნება. არცთუ იშვიათად ხელის, თავის, სახის, ქუთუთოების უნებლიე მოძრაობები. მათგან თავის შეკავებას ბევრი ცდილობს, მაგრამ მცდელობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და, როგორც წესი, უშედეგოა. ზოგადად კი როცა ადამიანი თავს კარგად გრძნობს და სანერვიულოც ნაკლები აქვს, მას ნაკლებად უვითარდება სხვადასხვა სახის დარღვევები.
– ნევროზი გენეტიკური დაავადებაა თუ შეძენილი?
– დაყოფა გენეტიკური და გარემო ფაქტორებისა შეუძლებელია, უფრო ორივე ფაქტორის თანხვედრა ხდება. იმისთვის, რომ ეს დაავადებები თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია, ჰარმონიული კავშირი პაციენტსა და ექიმს შორის.
– მწვავე შფოთვითი რეაქცია შეიძლება, შიზოფრენიაში გადაიზარდოს?
– შიზოფრენია ეს ფსიქიკური დაავადებაა, ორგანული დაავადება თავის ტვინისა. შფოთვითი მოვლენები ასე ადვილად არ გადადის შიზოფრენიაში, თუმცა გარკვეულმა სტრესმა შესაძლოა, ბიძგი მისცეს ამა თუ იმ დაავადებას. ზოგჯერ შეგვინიშნავს ადამიანისთვის, რომ ის უცნაურად იქცევა, აქვს სხვადასხვა სახის უნებლიე მოძრაობა, რომელიც გამოწვეულია ხშირ შემთხვევაში ორგანული მიზეზებით. მაგალითად, „წიკები“, რომელიც ვლინდება თვალების პაჭუნით ან სახის მიმიკის მოძრაობით, გამოწვეულია სხვადასხვა ფსიქოგენური მიზეზებით. თუმცა, არ შეიძლება, გამოვრიცხოთ ენდოგენური დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და დოპამინის ნაკლებობა. ცნობისთვის გეტყვით, რომ დოპამინი ის ნივთიერებაა, რომელიც არის ნერვული დაბოლოებიდან რეცეპტორზე გადაცემის ფუნქციური მედიატორი. ხსენებული „წიკები“ შეიძლება, ნევროზით სულაც არ იყოს განპირობებული. ესაა ქცევითი მახასიათებელი ნიშანი, რომლის შემცირება სხვადასხვა მეთოდებითაა საჭირო, ვთქვათ, იოგათი, გარკვეული ილეთებით, სუნთქვითი ვარჯიშებით. ეგრეთ წოდებული „წიკები“ არის რეაქცია, რომელსაც სჭირდება ექიმთან მისვლა და მისი „დაშლა მარტივ მამრავლებად“.
– როგორია დაავადების სტატისტიკა?
– სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 30 პროცენტს აქვს სხვადასხვა სახის ნერვული აშლილობა, მათ შორის პანიკური შეტევები და სხვა ხასიათის ცვლილებები. 15 პროცენტში აღინიშნება დეპრესია. ნევროზი უფრო ხშირად გამოვლინდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში და აღინიშნება გვიანი მოზრდილობის და ადრე ზრდასრულობის პერიოდში. მეორე ტალღა იწყება 45-50 წლის ასაკში, აგრეთვე ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში. დეპრესიით დაავადებულ პირებში ხშირია მიდრეკილება სუიციდური იდეებისა და მცდელობებისკენ. საქართველოში გავრცელებულია სოციალური ფობიები, განსაკუთრებით საომარი კონფლიქტის რეგიონებში.
– ნევროზით როგორი ტიპის ადამიანები ავადდებიან?
– უფრო ქოლერიკული ტემპერამენტის ადამიანებს ემართებათ, რომლებიც საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულნი. მათ ბევრი რამის ეშინიათ, დაწყებული ძაღლიდან, დამთავრებული ფინანსური პრობლემით. ადამიანები, რომლებსაც რომელიმე ორგანოს პათოლოგია აწუხებთ, ცდილობენ, ასე თუ ისე მალე მიმართონ ექიმს, ნევროზით შეპყრობილები კი პრობლემას უგულისყუროდ ეკიდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ნევროზით ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი შესაძლოა, აღემატებოდეს კიდეც სომატური დაავადებებით გამოწვეულ ვნებას. ბევრს ჰგონია, რომ გუნება-განწყობის მუდმივი დაქვეითება, გაღიზიანება, შფოთვა, შიში, სიცარიელისა და მარტოობის განცდა, სიცოცხლის ხალისის დაკარგვა, ხასიათის თავისებურებაა. ექსპერიმენტები გულისხმობს გამომწვევი გარემო ფაქტორის, პანიკური შეტევის „ჩამრთველის“ ხელოვნურად შექმნას, რაც შემდგომში გამოიწვევს მისი აქტუალობის დაკარგვას. მაგალითად, შიში გაშლილ სივრცეში გასვლისა – აგაროფობია, ან პირიქით – კლაუსტროფობია. თუ ადამიანს მოვახვედრებთ გახსნილ სივრცეში მას განუვითარდება აგაროფობიისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი. თუ ადამიანი ჩქარა არბის კიბეზე მას უვითარდება ხშირი სუნთქვა, ქოშინი. ეს არ არის მისთვის უბედურების მომტანი, უბრალოდ, მისი მდგომარეობის ვეგეტატიური გამოვლინებაა. სინამდვილეში სულიერი წონასწორობის აღდგენა აუცილებელია, რათა ადამიანმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ იუმორთან ვიმეგობროთ და პრობლემებს მსუბუქად ვუყუროთ.
– თუმცა, მარტო იუმორთან მეგობრობით ვერ დავძლევთ ამ სენს. როგორია მისი მკურნალობის მეთოდები?
– პირველ ყოვლისა, მოგაწვდით დამამშვიდებელ ინფორმაციას: ნევროზი იკურნება. თერაპიის კურსის ხანგრძლივობა, თვითონაც მიხვდებით, ინდივიდუალურია. მკურნალობის პირველ ეტაპზე საჭიროა, ნევროზით შეპყრობილი ადამიანი მოვაცილოთ სტრესულ გარემოს. მეტად ეფექტურია ფსიქოთერაპია, აუტოტრენინგი, ზოგჯერ – ჰიპნოზიც. თვითონ პაციენტის განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი არ უნდა იყოს მხოლოდ ექიმისა და მედიკამენტების იმედად, არამედ თვითონაც შეუწყოს ხელი საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამაში დაეხმარება ცხოვრების წესის შეცვლა, სპორტული აქტივობა, სიარული, ცურვა, თხილამურები, ველოსიპედი, თუნდაც ბუნებაში სეირნობა. შრომითი თერაპიაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც არ უნდა დაეხმაროს ექიმი ავადმყოფს, ბევრი რამ თვითონ პაციენტზეა დამოკიდებული. მისთვის უპრიანი იქნება, დადებით ფაქტორებზე ყურადღების გადატანა და უარყოფითი ემოციებისგან განტვირთვა.