საიდან გააგდო დათო ოქიტაშვილი დედამ და რა ხიფათები გადაიტანა მან ცხოვრებაში
დათო ოქიტაშვილს, ალბათ, დიდი წარდგენა არ სჭირდება, ვინაიდან მას საზოგადოებაში კარგად იცნობენ. ის ყველას მეგობარია და ყველას შეძლებისდაგვარად ეხმარება. კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ძალიან ერთგული, მიმნდობი ადამიანია და როგორც თვითონ ამბობს, ხშირად სიკეთე ცუდად უბრუნდება უკან. ამაში მაშინ დარწმუნდა, როცა ახლო მეგობარმა მანქანიდან მომღერლებისთვის განკუთვნილი ჰონორარი მოჰპარა. ჩვენ დათოს ბავშვობისა და ახლანდელ ცხოვრებისეულ ფურცლებს გადაგიშლით და მის დადებით და უარყოფით მხარეებს გიჩვენებთ.
– ბავშვობის ნოსტალგია ყველა ჩვენგანს აქვს. შენ რას გაიხსენებ?
– ბავშვობაში სასწაულად ცელქი ვიყავი და როგორც დედაჩემი მეუბნება, ძალიან მძიმე ხასიათის და მტირალა. ბაღში, სკოლაში ბავშვებს კარადაში ვკეტავდი და რაღაც საშინელებებს ვაკეთებდი. მამაჩემი და დედაჩემი განიცდიდნენ და მეუბნებოდნენ, შენგან საერთოდ არაფერი გამოვა და რა გვეშველებაო. მხოლოდ ისინი არა, ყველა ამას მეუბნებოდა. ვაკეში საკუთარი სახლი გვაქვს, ახლა იქ მშობლები ცხოვრობენ. მერვე კლასამდე აუტანელი ვიყავი. მეზობლებს ბაღში ლეღვს, ბალს, ვარდებს ვპარავდი. ახლა ეს ყველაფერი ტკბილად მახსენდება და მათაც, როცა მხვდებიან. თუ ბავშვმა არ იცის, რა არის ქუჩა, მუშტი არ მოხვედრია ან ფეხი არ მოუტეხავს, ისე ამ ცხოვრებას ვერ ისწავლის, ამაში დარწმუნებული ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ბავშვი ვიყავი. ქუჩაში სხვასაც ბევრჯერ ვუცემივარ და მეც მიცემია. გოგონების გამო ბევრჯერ გვიჩხუბია. დღეს ბევრი მათგანი ჩემი ძმაკაცია. ერთხელ მეგობარი გადამეფარა, დანა უნდა დაერტყათ ჩემთვის და მას მოხვდა. ვინც ეს ჩაიდინა, ის ადამიანი გოგასთანაც და ჩემთანაც ჩვეულებრივად მეგობრობს. ჩქარა მივიყვანე საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფის სისხლი უნდოდა, მე მქონდა და მივეცი. მისი დედ-მამა ამბობს, რაც შენი სისხლი გადაესხა, ცოტა დაჭკვიანდაო. ერთხელ ისეთ ავარიაში მოვყევი, მეგონა, რომ ცხოვრებაში ვერ დავჯდებოდი მანქანაზე, მართლა გადადებული ვიყავი. ყველას ეგონა, მოვკვდებოდი. შიში მქონდა მანქანის. ბევრი რამ შემემთხვა. აბსოლუტურად ყველაფერი გამოვიარე და ამან ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. მერვე კლასის შემდეგ დავწყნარდი და დავდინჯდი. სამაგიეროდ, ჩემმა ძმამ აურია. სიცილით კვდებოდა, – აქეთ გარიგებდი ჭკუას, რატომ ხარ ასეთი ცელქი-მეთქი და თვითონ გადავიღე შენგან ყველაფერიო.
– მშობლებზეც გვიამბე.
– ხელოვნება და კულტურა რატომ მიყვარს, იცი? დედაჩემი მოცეკვავე იყო, ბუხუტი დარახველიძის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა. ჩემთან სახლში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იკრიბებოდა და კულტურისა და ხელოვნების მიმართ აქედან გამიჩნდა სიყვარული. დედაჩემი მერე ბავშვებს ასწავლიდა ცეკვას. მეც ვცეკვავდი რამდენიმე წელი, მაგრამ ისეთი ცელქი ვიყავი, გამომაგდო. ყველა გაოგნდა, საკუთარი შვილი გააგდო ანსამბლიდანო. მეგობრები სადმე რომ ვიკრიბებით, საკმარისია, მუსიკა გავიგო, რომ მაშინვე ცეკვას ვიწყებ. ჩემი ძმა გაჰყვა ცეკვას, მაგრამ ფეხზე რაღაც პრობლემა ჰქონდა და თავი დაანება. მამაჩემი სპორტსმენი გახლდათ, მოკრივე. მამამ გვირჩია, ეს სპორტი არ აგვერჩია. თუმცა, კრივს სხვა მიმართულებით ვიყენებდით, ძალიან გამოგვადგა.
– როგორ გახდი კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი? ალბათ, ვიღაც დაგიდგა გვერდით...
– ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე გამოცდები. ჯარიდან რომ ჩამოვედი, პარალელურად უნივერსიტეტში ეკონომიკურზე ვსწავლობდი. ერთი პერიოდი ბიზნესიც მქონდა ჩემს მეგობრებთან ერთად, მანქანები ჩამოგვყავდა. მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და რაც ფული ვიშოვეთ, ჩავდეთ კონცერტებში. პირველი კონცერტის გაკეთება რომ გადავწყვიტე, მაია დათუნაშვილთან მივედი და ვუთხარი – დიდი სურვილი მაქვს, თბილისს ერთი კარგი კონცერტი ვაჩუქო-მეთქი. ეს კონცერტი ფილარმონიაში ჩატარდა. აქედან შეიცვალა მთლიანად ჩემი ცხოვრება. მაშინ გავიცანი ნანი ბრეგვაძე ეკასთან ერთად, ოთარ რამიშვილი თავის შვილთან ერთად, მაცაცო სებისკვერაძე, ნუნუ გაბუნია... მივხვდი, რომ ეს საქმე სწორედ ჩემთვის იყო. იმდენად ჩავერთე ამაში, ძალიან მომეწონა. ყოველთვის მადლობას ვუხდი მაიას, რომელმაც ამ ყველაფერს მაზიარა. პირველი დეკორაციული კონცერტი თბილისში ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი იყო, რომელიც მე, ბასა და თამრიკო ფოცხიშვილებმა გავაკეთეთ. მიმართულება ჩვენ დავნერგეთ. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ დღეს ვიღაც-ვიღაცეები რომ გამოდიან და თავის თავზე იბრალებენ რაღაცეებს, მეცინება. ხალხი დაიღალა, ყოველთვის ახალი რაღაც უნდა შესთავაზო. არ მინდა, რასაც ვაკეთებ, ის განმეორდეს. ცხოვრებაშიც ასე ვარ – მძიმე სამეგობრო ვარ.
– რატომ? მე პირიქით მეგონა.
– პირველად ვამბობ ამას, არასდროს მითქვამს. ყველას ვენდობი და ეს ნდობა ცუდად მიბრუნდება. რამდენიმე ხნის წინ შემემთხვა ისეთი რაღაც, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ვერ ვიფიქრებდი, თუ ის ადამიანი ამას გააკეთებდა. ვცდილობ, არავინ მოვუშვა ჩემთან ახლოს. ჩემი ცოლი და მეგობრები სულ მეუბნებოდნენ – ნუ ხარ ასეთი, ყველას ნუ ენდობიო. მანქანიდან თანხა მომპარეს. ბევრნი ვიყავით. ჩემს ცხოვრებაში ასეთი რაღაც არ მომსვლია. ეს ისეთი რაღაცაა, პირდაპირ ხელს ვერავის დაადებ, მაგრამ უნდობლობა ხომ გამიჩნდა? მე თუ ადამიანმა მიღალატა, მომენტალურად ვივიწყებ. მინდა, ამ ადამიანს ვუთხრა, კარგად იყოს, ბედნიერად, მაგრამ თანხით არ უნდა გაზომო მეგობრობა. ეს თანხა იყო, მომღერლების ჰონორარი იმ კონცერტიდან, რომელიც ზაფხულში ბათუმში ჩატარდა. არა უშავს, ბედნიერი ვარ, რომ დამრჩა რამდენიმე ადამიანი, ვისთანაც ვმეგობრობ. ბევრს დაავიწყდა, საერთოდ ვინ იყვნენ, ბევრისთვის ხელი გამიწვდია, საზოგადოება გამიცვნია. დღეს ფიქრობენ, რომ ასე იყო საჭირო. არასდროს დამიმალია და ყოველთვის ვიტყვი, რომ დღეს თუ მე რაღაცას წარმოვადგენ და ვიღაცას ვაინტერესებ, იგივე პრესას, ეს ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა. არ არსებობს სუფრა, შეკრება, რომ ზურას სადღეგრძელო არ შევსვა, ოჯახი არ ვახსენო, მის საფლავზე არ მივიდე. არასდროს ვივიწყებ ამ სიკეთეს. ძალიან ბევრთან დავიჭირე დისტანცია. რამდენიმესთან გავწყვიტე ურთიერთობა, შევაჩერე, გამომდინარე იქიდან, რომ ხელს ვერავის დავადებ. ვხვდები, ვინც გააკეთა, მაგრამ ამას ხმამაღლა არასდროს ვიტყვი. ეს იყო შოკი ჩემთვის. არ იცი, რა დამემართა, როცა ეს ფული მიმქონდა ადგილზე, გავაღე და არ იყო?! ღმერთმა მომცა მინიშნება, რომ ყველას არ უნდა ვენდო. ჩემთვის მართლა კარგი გაკვეთილია.
– ზურა ჟვანია როგორ გაიცანი?
– პირველად მას მეგობარმა შემახვედრა „მწვანეთა პარტიის“ ოფისში. ზურა მაშინ იწყებდა აქტიურ პოლიტიკას. ფიარ-კამპანიისთვის რაღაც ღონისძიება უნდოდა და მეგობარმა ჩემზე უთხრა, საინტერესო ღონისძიებას გაგვიკეთებსო. მე შევთავაზე, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში სოსო პავლიაშვილის კონცერტი გავაკეთოთ-მეთქი. ზურამ სკეპტიკურად შემხედა და გაიცინა. ჩემი მეგობრისთვის უთქვამს, – ეს ვიღაც აფერისტი ხომ არ არის, სოსო პავლიაშვილი თბილისში ჩამოვა და რეგიონებში ივლისო. ასპროცენტიანი გამკეთებელიაო, – უთხრა მან. სახელდახელოდ, 31-ე ქარხანაში გაკეთდა სცენა და ის პერიოდი არ დამავიწყდება. ზურამ მითხრა, ბოდიში, რომ არარეალურად ვუყურებდი ამ ყველაფერსო. არ მეგონა, შენ თუ ამას გააკეთებდიო. სოსოს რომ ვუთხარი, ძალიან მოეწონა ეს იდეა. წამყვანი მაია დათუნაშვილი იყო. კახა ცისკარიძე მაშინ სოსოსთან „უდარნიკზე“ უკრავდა და მაშინ გავიცანი. ასე, მთელი საქართველო შემოვიარეთ. ზუგდიდში სოსოს ყვავილების ნაცვლად, ტყემალს, კომპოტს, მურაბებს სჩუქნიდნენ. სოსო ჩემი უფროსი შვილის ნათლიაა. ძალიან ბევრი კონცერტი ჩავატარეთ.
– ასეთი შავი რომ ხარ, შენს მომავალ მეუღლეს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია? რას გეუბნებიან გოგონები, მეგობრები?
– ჩემს მეგობრებს ამაზე სულ ვეუბნებოდი, – თქვე უბედურებო, ზამთარ-ზაფხულ წვალობთ, ხან მთაში დადიხართ გასარუჯად, ხან – ზღვაზე, ხან – სოლარიუმში. ეს პრობლემა არ მაწუხებს-მეთქი. სხვათა შორის, ძალიან მექალთანე ვიყავი. პირველად ვყვები: ერთი გოგო მიყვარდა. მე, ჩემი მამიდაშვილი გოგო, ირინა, რომელიც ახლა ჩემი ცოლია და ის გოგო კინოში დავდიოდით. ირინა ჩემი მამიდაშვილის კურსელი იყო. ბოლოს მივხვდი, რომ ირინა იყო საჩემო. მასში დავინახე ის თვისებები, რაც ქალში მომწონდა და 15 წელია, უკვე ის ჩემი ცოლია. მივხვდი, რომ ირინას გარდა ვერავინ გამიძლებდა, ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე. ძალიან ეჭვიანი ვიყავი. ისეთ სფეროში ვტრიალებ, რომელშიც ასე ვთქვათ, სრული აჯაფსანდალია. ყველა კატეგორიის ადამიანები არიან შოუ-ბიზნესში. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჩემზე უკეთესი ურთიერთობა აქვს ჩემს მეგობრებთან. აბსოლუტურად ხელს მიწყობს, რომ ჩემი საქმე ვაკეთო. გადაყოლილია შვილებზე. ჩვენი შვილები თვითონ გავზარდეთ. ძიძები არ ზრდიდნენ. მათ ყოველთვის ვეუბნებით, რომ არასდროს არავის ზემოდან არ უყუროთ. შეიძლება, დღეს ასე ხარ და ხვალ სხვანაირად იყო. მანქანაში აქვს ცხრილი გაკრული, როდის რა გააკეთოს, სად წაიყვანოს ბავშვები. ამ ქალაქში თავაწეული იმიტომ დავდივარ, რომ ცხოვრებაში ცუდი არ გამიკეთებია. ვცდილობ, ჩემს შვილებს ვინმემ არ უთხრას, გარეწრის შვილი ხარო. თუ რაღაცას წარმოვადგენ, ირინას დამსახურებაცაა. ჩემს მეგობრებთან სიტუაციას და ყველაფერს ირინა აგვარებს. ოჯახებით ვმეგობრობთ. ვიცი, მეგობრის ოჯახში რა ხდება და ასევე, მათ იციან. ერთ-ერთი მეგობრის დედას გულის ოპერაცია დასჭირდა ერევანში. აბსოლუტურად ყველაფერი გადავდე და წავედი. მის გვერდით ვიყავი. დღესაც ბედნიერი ვარ, რომ ის ადამიანი გადარჩა. ირინა ბავშვებს ეუბნება, რომ სიკეთე უნდა გააკეთოთ, მერე ათმაგად დაგიბრუნდებათო. ბოდიში და ბევრ მამაკაცს არ აქვს ამის აღიარების უნარი და ამბობს, მე ვარ მაგარიო. მე ვამბობ, რომ ირინამ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემს საქმეში წარმატებული ვიყო. მიხარია, რომ ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს. ოჯახის გამო ყველაფერი გვერდზე გადადო.
– ვიცი, რომ სოფიკო ჭიაურელთან კარგი ურთიერთობა გქონდა. რას გაიხსენებ?
– სოფიკო თეატრში რემონტს აკეთებდა, ჩვენ დაქვემდებარებაში შემოდიოდა. ჩემთან იყო, საქმე მაქვს და გზაში ვილაპარაკოთო. წავყევი მანქანით. ელიავას ბაზრობაზე წავედით. მან ყველაფერი იცოდა, სად რა იყო. დატვირთა მანქანა, მიიტანა თეატრში. ვეუბნები, სოფიკო, მუშები ხომ არიან, რატომ წვალობ-მეთქი. არა, ჩემით გავაკეთებო. მერე წავედით კოლმეურნეობის ბაზარში. წამოდი, კარგ მეხორცეს გაგაცნობო. უნდა გენახა სოფიკოს და გლეხების ურთიერთობა. სახლშიც ყველაფერს თვითონ აკეთებდა. როდესაც სოფიკო ცუდად იყო, საფრანგეთში დავურეკე. ვუთხარი, შენს ვარსკვლავს ვაკეთებ-მეთქი. გაბრაზდა, რა დროს ეს არისო. არ დამავიწყდება ვარსკვლავის გახსნის დღე. დაბადების დღესაც დაემთხვა. მას შემდეგ სოფიკო აღარ მინახავს. ყველამ ვიცოდით, რომ სოფიკო ძალიან მალე უნდა წასულიყო ჩვენგან და მოწყენილები ვიყავით. მაშინ აიღო მიკროფონი და თქვა, – იქეიფეთ, დრო გაატარეთ! ეს არის ჩემი ბოლო შეხვედრა თქვენთან, გემშვიდობებითო. წარმოიდგინე, ამ სიტყვების შემდეგ ვინ რას გააკეთებდა.
– ალა პუგაჩოვაზე, მიშელ ლეგრანზეც გვიამბე რამე.
– მიშელ ლეგრანს, მის მეუღლესა და მე დღემდე გვაქვს ურთიერთობა. სულ გვკითხულობს, უნდა კიდევ საქართველოში ჩამოსვლა. ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ აქ კმაყოფილები დაბრუნდნენ. ალა პუგაჩოვასთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. პირველად ასეთი რამ მოხდა: კონცერტი დაგეგმილი იყო და პროდიუსერი მეუბნება – კონცერტი მოხსენი, ვერ ჩამოვა, ცუდად არისო. არადა, რვა საათია კონცერტამდე დარჩენილი. დავჯექი სპორტის სასახლის კიბეებზე და როგორი დედის გინება დავიწყე, არ ვიცი. ხალხი გაშტერებული მიყურებდა. დირექტორი ეუბნება ჩემს მეგობარს, რას ამბობს ეს ბიჭიო. არაფერს, იძახის, საწყალი ალა, რა ცუდად ყოფილაო. ვეცი, დამალაპარაკე ამ ქალს-მეთქი. აკრიფა ნომერი, კარგი, აჰა, ელაპარაკეო. ვეუბნები, ქალბატონო ალა, სპონსორი საავადმყოფოშია და ჩემი მოკვლა უნდათ. საქართველოში ამას ვერ გაიგებენ, ეს საქართველოა-მეთქი. დავითანხმე. რომ ჩამოვიდა, ნანი ბრეგვაძეს ჰკითხა, – ეს ბიჭი ვინ არის, მანახეთო. როდესაც შოუ-ბიზნესში ასეთი ჩავარდნა გაქვს, შენი ავტორიტეტი ნულზე ეცემა და ვერასდროს ამოსწევ. მეორე დღეს საჭაშნიკეში დამპატიჟა. დილით ათის ნახევარზე ესკორტი რომ მივაყენე რესტორანს და რომ დაინახეს ალა, სულ გაგიჟდნენ. ხინკალი, ქაბაბი, ბადრიჯანი და შავი ღვინო მოატანინა. ტიროდა, წასვლა აღარ უნდოდა. ხვალ კონცერტი არ მქონდეს, არ წავიდოდიო.
– შენ, ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე სულ ერთად ხართ. მათთან მეგობრობა ადვილი არ არის, შენ როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ოჯახის წევრებივით ვართ და ერთმანეთს ჩიტოს ვეძახით. ნანი არის ადამიანი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. ყველაფერში ხელი შემიწყო, რომ ჩემი საქმე მყვარებოდა. როდესაც მერიაში დავინიშნე, პირველი ხელშეკრულება მოსკოვის მერიასთან დავდეთ. ორკვირიანი მოსამზადებელი სამუშაოები გვქონდა. ნანის ვთხოვე, – გეხვეწები, წამომყევი, თორემ მე ვინ მიცნობს მოსკოვის მერიაში-მეთქი. პრობლემა არ არისო. ოღონდ ნანის საქართველოსთვის კარგი საქმე გააკეთებინე, ყველაფერზე თანახმაა. წავედით მე, ნანი, ეკა და ჩემი ერთი მეგობარი. ერთ საათში დამთავრდა ორკვირიანი საქმე. იქ თქვეს, – როცა ნანი თავის მშვენიერი ხმით ხელშეკრულებას კითხულობს, მაშინვე უნდა მოეწეროს ხელიო. არც წაუკითხავთ, ისე მოაწერეს ხელი.
ეკა პატარაია