რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა“, 2001 წლის, „ტიპ-ტრონიკი“. სიჩქარეთა სხვადასხვა პოზიციაში გადატანისას, ვთქვათ, R-ში, N-ში, ან D-ში, რიჩაგის ჩაგდებისას პატარა ხმა აქვს, თითქოს დგაფუნობს. სახიფათოა თუ არა ეს, როგორ შეიძლება ამ გაუმართაობის გამოსწორება, რა შემთხვევებში იცვლება სიჩქარეთა კოლოფში ზეთი და როგორ უნდა დადგინდეს, გამოსაცვლელია თუ არა ის?
პასუხი: თუ პოზიციებში გატანისას ხმა აქვს და, ამავდროულად, ალბათ, ბიძგიც იგრძნობა ძარაზე, მაშინ აქ უკვე ტრანსმისიის გაუმართაობასთან გვაქვს საქმე, თუმცა, კონკრეტულად რისი პრობლემაა, ცოტა ძნელი სათქმელია, უმჯობესია ხელოსანს ანახოთ. რაც შეეხება ზეთის შეცვლას კოლოფში, ეს გარკვეული გარბენის შემდეგ არის საჭირო, დაახლოებით ყოველ 50 000 კილომეტრის შემდეგ. რაც შეეხება დადგენას, ეს ადვილად ემჩნევა, როცა ავტომატური კოლოფი სიჩქარეების გადართვას გვიან იწყებს, ანუ დიდი ინტერვალებით რთავს სიჩქარეებს. ასევე, შესაძლებელია, შუპზეც ნახოთ, თუ როგორ მდგომარეობაშია ზეთი.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი ე-55“ „აემჯი“ კომპრესორით, 2006 წლის გამოშვება. ის საკმაოდ თავისუფლად იღებს 320 კილომეტრ საათში სიჩქარეს. მაინტერესებს, გაასწრებს თუ არა ის „ბეემვე ემ5-ს“. შესაძლებელია თუ არა ამ ორი მოდელის შეჯიბრება რუსთავის ავტოდრომზე?
პასუხი: რუსთავის ავტოდრომზე ამ ორი მანქანის შეჯიბრება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. რაც შეეხება იმას, გაასწრებს თუ არა, თუ თქვენ ახალ მოდელ „მ5-ს“ ადარებთ, მაშინ „ე-55“ „ბეემვე მ5-ს“ ვერ გაასწრებს. თქვენ თუ 400 მეტრზე შეჯიბრს გულისხმობთ, ოფიციალური მონაცემებით, „ბეემვე“ 0,1 წამით უგებს „მერსედესს“. რაც შეეხება აჩქარებასა და მაქსიმალურ სიჩქარეს, აქაც „ბეემვე“ სჯობნის. წრიულ რბოლაშიც „ბეემვე“ მოუგებს, რადგან, მარტივად რომ ვთქვათ, „მ5“ სპორტული „სედანია“, ხოლო „მერსედესი ე-55“ – ძლიერი „სედანი“.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ტოიოტა რავ 4“, მართვის ავტომატური კოლოფით. მინდა, მას მისაბმელი გავუკეთო. მითხრეს, რომ, რადგან ავტომობილს მართვის ავტომატური კოლოფი აქვს, მისაბმელს ვერ გაუძლებს. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?
პასუხი: თუ მისაბმელის+სავარაუდო ტვირთის წონა არ აღემატება ამ მანქანის ტვირთ-გამწეობას, მაშინ ეს არავითარ პრობლემას არ შექმნის.
კითხვა: როგორ შეიძლება საქართველოში განბაჟდეს ერთი წლის წინათ ნაყიდი ავტომობილი, რომელიც ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში დგას აღრიცხვაზე?
პასუხი: ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში აღრიცხვაზე მდგომი ავტომობილი ისევე უნდა განბაჟდეს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ნაყიდი ავტომობილი, იქნება ეს გერმანია, ამერიკა თუ სხვა. თავდაპირველად საჭიროა, იპოვოთ ის პიროვნება, რომელზეც არის გაფორმებული ეს ავტომობილი. სავარაუდოდ, ის სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს. მან ავტომობილი აღრიცხვიდან უნდა მოხსნას, ანუ საბუთები მოაწესრიგოს იქ, ადგილზე და შემდეგ თქვენ გადმოგცეთ. ავტომობილის საბუთებით თქვენ უნდა მიხვიდეთ საბაჟოზე და ავტომობილი უნდა განაბაჟოთ. მხოლოდ ამის შემდეგ მიდიხართ საპატრულო პოლიციაში და ხდება ავტომობილის გაფორმება. ეს საკმაოდ რთული პროცედურაა, მით უმეტეს, რომ ავტომობილის მეპატრონის პოვნა, სავარაუდოდ, გაგიჭირდებათ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, შეგიძლიათ, დახმარება საპატრულო პოლიციას სთხოვოთ.
გვერდი მოამზადა
სალომე გველესიანმა