რატომ უნდა დავანთოთ ტაძარში სანთელი ლოცვის დროს და რა დატვირთვა აქვს ქრისტიანისთვის ჯვარს
ქრისტიანულ რელიგიაში როგორც ჯვარს, ასევე სანთელს, ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივად, ჯვრის გარეშე წარმოუდგენელია ქრისტიანის არათუ საეკლესიო პრაქტიკა და სალიტურგიო მსახურება, არამედ, უბრალოდ, ყოველდღიური საქმიანობა, ისევე, როგორც სანთლის გარეშე. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– როგორც ერთ-ერთი წმიდა მამა ბრძანებს, ჯვარი „სანთელი არს ყოვლისა დაბადებულისაი და ნათელი სამარადისო ყოვლისა განმანათლებელი“. ჯვარი იმდენად შერწყმულია ქრისტიანულ სარწმუნოებასთან, იმდენად საყოველთაოა მისი მნიშვნელობა და გამოსახავს თავად ქრისტიანულ სულსა და მის კულტურულ ყოფიერებას, რომ ნებისმიერი ჯვრის ხილვისას, ჩვენი პირველი ასოციაცია სწორედ გარემოსთან მიმართებაში წარმოიშობა. ჯვარი არის სიმბოლო, რომლის ძლევამოსილების უნარი ზღვარდაუდებელ სიმაღლეებს აღწევს. ის საუკუნეების განმავლობაში წარმართავდა და დღესაც წარმართავს ადამიანთა ნებას. ქრისტიანულმა სწავლებამ ის თავისი მოძღვრების უპირველეს ნიშნად აღიარა, მიანიჭა მას ცხოველმყოფელობისა და სასწაულმოქმედების უნარი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანულმა ჯვარმა გადაფარა მანამდე არსებული ყველაზე ქმედითი სიმბოლური ნიშნები, როგორც გამოსახულების, ასევე შინაარსის სიღრმის მხრივაც.
– მამაო, რას გვეტყვით ჯვრისა და მისი ცხოველმყოფელობის შესახებ?
– ქრისტიანული ჯვარი მთლიანად უკავშირდება ქრისტეს სახელს და მისი დიდება დაკავშირებულია იმ ჯვართან, რომელზეც ეწამა მაცხოვარი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მისი გამოყენება საკმაოდ გვიან დაიწყო და მხოლოდ მეოთხე საუკუნიდან იქნა მიღებული საყოველთაოდ. ისტორიული თვალსაზრისით, საინტერესოა კონსტანტინე დიდის მოქმედება, როცა რომში პეტრე მოციქულის საფლავს ოქროს ჯვარი დაადგა. ამავე საუკუნიდან ჯვარი ჩნდება იმპერატორ ვალენტინიანეს მონეტებსა და გვირგვინებზე, ხოლო მეხუთე საუკუნის დოკუმენტებზე ღმერთის სახელის შემცვლელად გვევლინება. მოვგიანებით, გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი ბრძოლის დროს, რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდს ცაზე გამოეცხადა ბრწყინვალე ჯვარი, რომელზეც ეწერა, რომ მისი ძალით იმპერატორი მტერს დაამარცხებდა. მეორე დღეს მან თავისი ხელით დაამზადა ხის ჯვარი, წარუმძღვარა ჯარს და სძლია მტერს.
ორიგენესა და ტერტულიანეს ვარაუდით, ქრისტეს, მსჯავრის გამოტანისას, ასკილის ტოტებისგან შეკრული გვირგვინი დაადგეს თავზე. საერთოდ, მცენარეულ სამყაროსთან დამოკიდებულება ძალზე მნიშვნელოვანია ქრისტიანული რელიგიისთვის. ის გავრცელებული ვერსია კი, რომ მაცხოვრის ჯვარი სხვადასხვა ჯიშის ხეებისგან იყო გაკეთებული, უნდა მიუთითებდეს ჯვრის გენეტიკურ კავშირს სამყაროს სამოთხისეულ ბაღთან, სინათლის ოკეანის, მარადიული განახლებისა და აღდგენის სიმბოლიკასთან (ხის ნაყოფისგან მოხდა ადამის დაცემა და ხის მეშვეობით მოხდა მისი გამოხსნა). ერთი ვერსიით, ჯვრის შვეული ძელი კვიპაროსისაა, განივი – ფინიკისა, ფეხების მიმსჭვალვის ადგილი – კედრის, ხოლო წარწერიანი დაფა – ზეთისხილისა. სხვა ვერსიით, ესაა: ლეღვის ხე, ზეთისხილი, ლერწამი და ფეტვი, ხოლო ნიკომედეს აპოკრიფული თხზულების მიხედვით – კედარი, კვიპაროსი და პალმა. საინტერესოა თავად ჯვრის ფორმის ქრისტიანული გაგება, რომელიც სამყაროს ოთხი მიმართულების დარად გაიაზრება და ამასთანავე, გამოსახავს სამყაროში არსებულ ოთხ უმაღლეს ინსტანციას. ესენია: მისი სიგრძე, სიმაღლე, სივრცე და სიღრმე. ძველ აღთქმაში ესაიას მიერ ხილულ ანგელოზებს ჯვრისებრი ფორმა აქვთ მიღებული: „ხოლო ადამიანი ჯვრის სახედ დაბადებულ არს, რამეთუ ყოველი კაცი ხეთგანმარტებულად თვინიერ ცილობისა, სახითა მსგავს არ ჯვრისა“. ჯვრის ქრისტიანული შინაარსის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა მეთოთხმეტე საუკუნის საეკლესიო მოღვაწის – წმიდა ეფრემ ასურის დამოკიდებულებამ ამ სიმბოლოს მიმართ. დიდი საეკლესიო მამა ყოველგვარი საცდუნებლის საწინააღმდეგოს ყველა ქრისტიანის საყურადღებოდ ღაღადებს: „აღვიღოთ ქედსა ჩვენსა წმიდა ჯვარი მაცხოვრისა, გამოვსახოთ კარსა ზედა და აღვიჭურვოთ ქრისტიანული საჭურველითა – ჯვრითა მით უსამღვდელოესითა, სიკვდილის დამთრგუნველითა. საჭურველი ესე ყოველგვარ და მარადის გვაქუნდეს, ქრისტიანენო. წუთსა ნუ ჰყოფთ გარეშე მისა, არამედ იძინებდეთ თუ იღვიძებდეთ, ჭამდეთ, სვამდეთ თუ მუშაობდეთ, ზღვასა იყვნეთ თუ ხმელსა, შეჭურვილ გაქვნდნენ ყოველი სხეული ცხოველსმყოფელი ჯვრითა“.
– მამაო, რისი სიმბოლოა ეკლესიაში სინათლე, ზოგადად ნათელი?
– მართლმადიდებელ ტაძარში სინათლე, ნათელი, ზეციურ, ღვთაებრივ ნათელს გამოხატავს, პირველ ყოვლისა კი – იესო ქრისტეს, როგორც მარადიულ ნათელს, რომელიც სააქაოს ეფინება. წმიდა მამათა ნაშრომებში ღმერთი გააზრებულია ნათელად, სინათლედ, რომელიც სიკეთის წყაროა. დიონისე არეოპაგელის, ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელისა და სხვა მამათა თხზულებებში განსაკუთრებული სხივმოსილებით ანათებს წმიდა სამების მეორე ჰიპოსტასის – ძე ღვთისას – სახე. სასულიერო მწერლობაში მას მრავალ სახელს სდებენ: „მზე სიმართლისა“, „მნათობი სინათლე“, „სანთელი“ და სხვა. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც სანთელია წყარო სინათლისა, ასევე წყაროა მარადიული ნათლისა ქრისტე, რადგან სწორედ მისგან მოგვემადლება ნათელი ცხოვრებისა. ამიტომ განასახიერებს ანთებული სანთელი ღვთიურ მადლს, მარადიულ სულიერ ნათელს.
– ქრისტიანები სანთლებს სხვადასხვა დროს ანთებენ. რას განასახიერებს ეკლესიაში დანთებული სანთელი?
– უფალი იესო ქრისტე იმიტომ მოვიდა ჩვენთან, რომ ჯოჯოხეთის – მარადიული სიბნელის, წყვდიადის ტყვეობიდან დავეხსენით და ჩვენთვის ნათელში, ცათა სასუფეველში დამკვიდრების გზა ეჩვენებინა. საეკლესიო ღვთისმსახურების დროს წმიდა სანთლები ინთება, ნიშნად ქრისტეს მიერ სიკვდილისა და მარადიული სიბნელის სამყაროს – ჯოჯოხეთის დათრგუნვისა და გამოხატავს ამ უზენაესი გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულსა და ზეიმს. ღვთისმსახურების დროს ინთება სანთლები სიხარულის აღსანიშნავად, რათა ხილული ნათლის სახით დავინახოთ ის ნათელი, რომლის შესახებაც ნათქვამია ფსალმუნში: „სანთელი არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელი – ალაგთა ჩემთა“, – ამბობს მეოთხე საუკუნის მოღვაწე წმიდა იერონიმე. მეორე საუკუნის საეკლესიო მოღვაწე და ღვთისმეტყველი ტერტულიანე კი ბრძანებს: „ჩვენთან არასდროს აღესრულება ღვთისმსახურება სანთლების გარეშე, მაგრამ ჩვენ მათ ვიყენებთ არა ღამის წყვდიადის გასაძევებლად, არამედ იმისთვის, რომ ანთებული სანთლის მეშვეობით გამოვსახოთ იესო ქრისტე, ანუ შეუქმნელი ნათელი, ურომლისოდაც დღის სინათლეზე ღამის წყვდიადში ვიხეტიალებდით“.
ამგვარად, სანთელი, რომელსაც მორწმუნენი ტაძარში ხატების წინ ანთებენ, უდიდესი სულიერი მნიშვნელობის მატარებელია. მას რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. პირველ ყოვლისა, მორწმუნეთა მიერ ხატის წინ დანთებული სანთელი სიმბოლურად გამოხატავს შეუქმნელ, მარადიულ ნათელს – იესო ქრისტეს, გარდა ამისა, ის მლოცველთა მოწიწების, მოკრძალებისა და ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამომხატველია. ამავე დროს, წარმოადგენს საეკლესიო შესაწირს – როდესაც ადამიანი სანთლის საფასურს იხდის, ნებაყოფლობით სწირავს თავისი შრომის ნაწილს ღმერთსა და საყდარს, რაც უფლისგან დადგენილი პასუხისმგებლობაა და ყველა ადამიანს ევალება. ანთებული სანთელი ლოცვის წმიდა სიმბოლოც არის და იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი სანთლის მსგავსად უნდა ენთოს ღვთის წინაშე ლოცვითა და ერთგულებით და, რაც მთავარია, სანთელს უნდა ემსგავსებოდეს ქრისტიანის ამქვეყნიური ცხოვრება, მასავით უნდა იყოს ანთებული მაცხოვრის მცნებების აღსასრულებლად.
– რატომ უნდა იყოს სანთელი ცვილისგან დამზადებული?
– ცვილს ფუტკარი ყვავილებისგან ამზადებს. წმიდა მამათა განმარტებით, მრავალი სურნელოვანი ყვავილისგან მოგროვილი და ფუტკრის ნექტრისგან წარმოქმნილი ცვილი სიმბოლურად უზენაესის მიერ შექმნილი მთელი სამყაროს ძღვენია. ამდენად, როცა ღმერთს ცვილისგან დამზადებულ სანთელს ვწირავთ, გამოვხატავთ სურვილს, ძღვნად მივართვათ უფალს საუკეთესო და ძვირფასი ნაყოფი. ცვილის სირბილე კი ღმერთისადმი მორჩილებისთვის ჩვენი მზადყოფნის გამომხატველია, როგორც ყველაზე წმიდა და სუფთა. სიმბოლურად, მისი შემწირველობა სულიერ სისუფთავესა და სიწმიდეს გამოხატავს და შეგვახსენებს, რომ სულის განწმენდაზე ვიზრუნოთ.