კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობს დანიაში ქართველი დიზაინერი გიორგი შაღაშვილი და რატომ ქმნის ის „უნისექს“ სამოსს


დანიური მოდის სამყაროში მოხვედრა არც ისე ადვილია, თუმცა, ქართველს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ეს, კოპენჰაგენის მოდის კვირეულიდან თავად დაუკავშირდნენ და „შოუ-რუმში“ მონაწილეობა შესთავაზეს. გიორგი შაღაშვილი უკვე წელიწადნახევარია დანიაში ცხოვრობს, თუმცა, პირველი კოლექცია თბილისის „ფეშენ-ვიქზე“ აჩვენა.


გიორგი შაღაშვილი: დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ფალიაშვილზე მდებარე 54-ე სკოლა დავამთავრე, რის შემდეგაც ჯერ მესამე სამედიცინო სასწავლებელში ჩავაბარე, შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვხვდებოდი – ეს ჩემი პროფესია არ იქნებოდა. სამედიცინო ჩემი ნამდვილი ახირება იყო – ზუსტად იმიტომ ჩავაბარე, რომ იქ ყველაზე დიდი კონკურსი იყო და ყველაზე მეტად ჭირდა მოხვედრა. ერთი სიტყვით, კარგი ექიმი გამოვიდოდა ჩემგან. მერე, როდესაც აქ ცხოვრება აირია, დანიაში მოვახერხე ერთი წლით კონკრეტული კონტრაქტით წასვლა, სადაც კულტურის სახლში ვმუშაობდი ხატვის მასწავლებლად. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რიკე იოჰანესენი. ის კულტურის სახლში პროექტკოორდინატორი იყო. ერთმანეთი მოგვეწონა, შეგვიყვარდა და რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ როგორც „გერლფრენდ-ბოიფრენდმა“, მერე ჩემი კონტრაქტი ამოიწურა და თბილისში მომიწია წამოსვლა. ცოტა ხანში კი რიკემ ჩამომაკითხა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან, მინდოდა, ენახა, ვინ ვარ, რა ქვეყნიდან, როგორია ჩემი ცხოვრების წესი. გავაცანი ჩემი მშობლები. მის მშობლებს ვიცნობდით და გადასარევად მიმიღეს. სამი ვიზიტის შემდეგ მივხვდი, რომ ერთმანეთის გარეშე ვეღარ შევძლებდით და დავქორწინდით. ხელი საქართველოში მოვაწერეთ, ჯვარი კი დანიაში, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დავიწერეთ – რიკე მართლმადიდებლურად მოინათლა ტვერელის ეკლესიაში. უკვე სამი ბიჭი გვყავს: ლუკა, ნიკოლოზი და თომა.

– მოდის სფეროში როგორ დაიწყო თქვენი მოღვაწეობა?

– იმასთან ერთად, რომ სამედიცინოზე ვსწავლობდი და თან ვხატავდი, სულ მქონდა მოდის ინტერესი. 1999 წელს თბილისში მონაწილეობა მივიღე ავანგარდული მოდის ასამბლეაში, კოლექციით „მეტამორფოზა“, სადაც მასალად გამოვიყენე თაბაშირი და მარლა. შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს სკულპტურა იყო სხეულზე. ამ კოლექციით გავიმარჯვე და მივიღე პრიზი ნომინაციაში საუკეთესო ავანგარდული იდეისა და შესრულებისთვის. 2003 წელს მარინა გუნიას და სოფო ჭყონიას ხელმძღვანელობით გაიმართა რუსული სილუეტის მორიგი შესარჩევი კონკურსი თბილისში, საიდანაც გამარჯვებული მიემგზავრებოდა დასკვნით, ფინალურ კონკურსზე ქალაქ მოსკოვში. ეს ყველაფერი ნიკიტა მიხალკოვის მეუღლის ეგიდით ტარდებოდა. გავაკეთე კოლექცია სახელწოდებით „დაბადება“. ჩემი ცოლი ორსულად იყო პირველ ბავშვზე, როცა ემბრიონის ფოტო ვნახე აქედან წამოვიდა ინსპირაცია, რომელიც კოსტიუმში გადავიტანე. ხუთი კოსტიუმი უნდა გამეკეთებინა, ასეთი იყო საკონკურსო მოთხოვნა. 2003 წლის შემდეგ, რადგან მოდის სფეროში სულ რაღაცას ვაკეთებდი, გადავწყვიტე შესაბამისი განათლება მიმეღო. 2004 წელს ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სადაც როტაციის ნაკადში მოვხვდი. ბაკალავრიატის შემდეგ დავამთავრე მაგისტრატურა. წელს ოქტომბერში მაქვს დიპლომის დაცვა, რომელსაც უფრო მეცნიერული, კვლევითი სახე ექნება. მოდის კვირეულზე წარმოდგენილი ჩემი კოლექციის საშუალებით და რაოდენობით სამი დიპლომის დაცვა შეიძლება.

– ხატვა – მესმის, მაგრამ, ამ ყველაფერს კერვაც ხომ სჭირდება?

– პირველ კოლექციაზე ისეთი რაღაცეები გავაკეთე, რომ კერვა დიდად არ სჭირდებოდა. თაბაშირისგან იყო სამოსი შექმნილი. ავანგარდულზე მქონდა ასეთი თემა გაკეთებული – კულტურა სხეულზე – თაბაშირის ასლები ავიღე ცოცხალი სხეულიდან. მაშინ უფრო ექსპერიმენტული რაღაცეები მომწონდა. მეორე კოლექციაზე – „დაბადებაზე“ კი უფრო პროფესიონალი მკერავი და კონსტრუქტორი დამეხმარა.

– დანიაში რა ხდება მოდის სფეროში?

– დღესდღეობით დაკავებული ვარ კოპენჰაგენის მოდის კვირეულის ამბებით, სადაც „შოუ-რუმზე“ ვარ მიწვეული. სიმართლე გითხრათ, თვითონ მომძებნეს, საერთოდ არ შემიწუხებია თავი. დასასვენებლად ვიყავი საქართველოში ჩამოსული და ამაზე არც მიფიქრია. მომწერეს, რომ „შოუ-რუმში“ არის ასეთი განყოფილება – „ფეშენ-რანდევუ“, სადაც შემომთავაზეს ჩემი კოლექციის გატანა. ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ კონტაქტები დაამყარო, გაეცნო ადამიანებს, რომლებისგანაც სხვადასხვა შემოთავაზება წამოვა. საკმაოდ დიდი სამუშაოა ამ შემთხვევაშიც. იმედი მაქვს, რადგან თვითონ დაინტერესდნენ, ესე იგი, მოეწონათ და რაღაც კონკრეტული შემოთავაზება იქნება.

– შენ თვითონ დაინტერესებული ხარ, რომ რომელიმე მოდის სახლში იმუშაო და არა საკუთარი სახელით.

– ვინც მიცნობს, თუნდაც საქართველოში, იცის ჩემი შესაძლებლობები და პოტენციალი ამ სფეროში და ისიც იცის, რატომ და რის გამო ვმუშაობ მოდაში. მოდა არ არის მხოლოდ ლამაზი სამოსის კეთება; იმას, რასაც აკეთებ, აუცილებლად თან უნდა ერთვოდეს კონცეფცია. „ლამაზი კაბაა და, მოდი, ეს გავაკეთოთ“, ან – „ჟურნალი გადავშალოთ და იმის ასლი გავაკეთოთ სხვა ნაჭრით, რადგან ის ქსოვილი ვერ ვიშოვეთ“ – ეს არ არის მოდა და დიზაინერობა. მარტივად გეტყვით: მოდაში ორი მიმართულებაა – გეომეტრიული და ორგანული მოდა; ორგანული მოდის საწყისია მცენარე და ცხოველი, გეომეტრიულის – კრისტალი. თუმცა, ამას გარდა, კლასიფიკაციის ბევრი მიმართულებაცაა. არადა, ბევრი დიზაინერი თეორიულ დონეზეც კი ვერ ერკვევა ამ ყველაფერში და მოდას მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით აკეთებს.

– საერთოდ, დანიაში მოდა რა დონეზეა?

– ძალიან კარგ დონეზეა – ეს თამამად შემიძლია, ვთქვა. უამრავი დიზაინერია, რომლებიც საოცრად საინტერესო სტილში მუშაობენ. მაგალითად, არის ასეთი ადამიანი – ჰენრიკ ვიბსკოუ, ასევე, ბარბარა ი გონგინი – არაჩვეულებრივი დიზაინერი, რომელიც ისეთ რაღაცეებს აკეთებს, გადაირევით. სხვათა შორის, პარალელურ ქუჩაზე ცხოვრობს და მასთან ვერა და ვერ მივედი ყავაზე. შევთანხმდით, რომ სტუმრად ვეწვეოდი, მაგრამ, მერე რაღაც პრობლემები შემექმნა და მისვლა ვეღარ მოვახერხე. შემპირდა, ნებისმიერ საკითხში დაგეხმარები კონსულტაციის დონეზე, რაც ჩვენი ქვეყნის მოდის სფეროში შესვლასთან არის დაკავშირებულიო. ძალიან საინტერესო დიზაინერია ივან გრუნდელი, რომელსაც ძალიან უყვარს ძველი, კლოდ მონტანას სილუეტი. თავისი ხედვით მას ბევრი საერთო აქვს კომ დე გაღსონთან და იოჯი იამამოტოსთან.

– ასე მგონია, ევროპის პატარა ქვეყნებმა და შორეულმა აღმოსავლეთმა უფრო შეინარჩუნეს ფილოსოფია მოდაში.

– კი არ გგონია, აბსოლუტურად მართალი ხარ. ისინი უფრო მეტ სულიერებას აჩენენ მოდაში, ვიდრე მხოლოდ მატერიას. ჩემთვის იაპონური მოდა ყველაზე ახლობელია – ამაზე დაშენდა ჩემი ცოდნა, ამით გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოსტიუმები გარეგნულად მინიმალისტურ ხასიათს ატარებს, საკმაოდ დატვირთულია, ის ფორმას იცვლის, ტრანსფორმირდება და სხვადასხვა სახის გარეგნულ იერს იღებს, ანუ, ადამიანი, რომელიც ერთ სამოსს ყიდულობს, შეუძლია, ის სამნაირად ატაროს – ეს ფულისა და დროის დაზოგვაცაა. მიყვარს, როდესაც მომხმარებელს დიზაინის თანამონაწილედ ვაქცევ, რომელიც შემდეგ ამ ყველაფრით გაერთობა. მართალია, რაღაც-რაღაცეები მეყიდება, მაგრამ, მხოლოდ ეს არ არის ჩემი მიზანი. მოდა ინდუსტრიაა, რომელიც მასობრივ წარმოებას გულისხმობს. პოდიუმზე ნაჩვენები ერთი კოსტიუმის ათი სხვადასხვა ზომა თუ არ იყიდება სხვადასხვა მაღაზიაში, ეს უკვე ინდუსტრია აღარ არის. ამ ჩემი რამდენიმე კოსტიუმის გაყიდვით, რეალურად, იდეა გავყიდე, საიდანაც, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კოსტიუმი დაბადებულიყო. საკმაოდ დიდი სახლი გვაქვს ქალაქის განაპირას, სიმშვიდეში, დიდი და ლამაზი ეზოთი. ახლა ვგეგმავ, რომ პირველ სართულზე სახელოსნო გავაკეთო. ეს პირველი ნაბიჯებია, რომელსაც მერე სერიოზული განვითარება სჭირდება.

– საიდან მოდის ინსპირაცია?

– ყველაფრიდან. შეიძლება, უბრალოდ, ფურცლის ნაგლეჯზე რაღაცას ვხატავდე და იქიდან. ან, რეალური თუ წარმოსახვითი ცხოვრებიდან, ან გამოიწვიოს უბრალოდ ემოციამ. საერთოდ, ჩემი ცოლი ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაციაა. თვითონ გლობალისტია, საოცრად ჰუმანური პიროვნებაა, ძალიან უყვარს სხვადასხვა ერის ადამიანები, რასაც თავისი საქმითაც ამტკიცებს.

– ამჟამად სად მუშაობს?

– დანიის ლტოლვილთა საბჭოში, სადაც ახლა ავღანეთს, ირანსა და ერაყს კურირებს. სხვათა შორის, საქართველოში ყოფნისას ძალიან ბევრი პროექტი გააკეთა წყალტუბოში, გალში, ზუგდიდში მყოფ ლტოლვილებთან მიმართებაში. გორის ამბების დროს საქართველოში ვიყავით. დანიის საელჩომ ის გაიწვია, მაგრამ, რადგან მე არ წავედი, არც ის წავიდა, ბავშვებიანად დარჩა საქართველოში. ამ ისტერიკას რომ არ მოეცვა, ისევ საქმეზე გადაერთო – სამასიათასევროიანი გრანტი მოიზიდა პირველივე კვირას და ძალიან დაეხმარა დევნილებს გორში, ახალგაზრდა ბიჭები დაასაქმა. ამის მერე ათმაგად მიყვარს ჩემი მეუღლე, რომელიც ჩემს ქვეყანაზე ამდენს ფიქრობს და აკეთებს. ერთი სიტყვით, ჩემთვის იდეალური ადამიანია, რომელმაც ჩემს გონებაში ძალიან საინტერესო ფსიქოტიპიც ჩამოაყალიბა: თუ ამ ადამიანს რამეს მოვარგებდი, მეგონა მას ორივე ქვეყანაში გადასარევად მოირგებდნენ. ძალიან მომწონს „უნისექსის“ სტილი – მკაცრი სამოსი, რომელსაც კარგად ირგებს. საინტერესოა ერთ კონკრეტულ ფსიქოტიპზე კოლექციისა და თემის გაშლა.

– ერთი სიტყვით – მუზაა.

– დიახ. რატომღაც, საქართველოში ეს ძალიან უცნაურად აღიქვეს. მუზა რაღაც აბსტრაქტულად გაიდეალებული წარმოსახვა ჰგონიათ. მუზა კი, შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი იყოს, რომელიც შენ გვერდით არის. ასეთი ფიზიკური ტიპი იყო ოდრი ჰეპბერნი ჟივანშისთვის, ივ სენ ლორანისთვის – კატრინ დენევი.

– სალვადორ დალისთვის – ცოლი, გალა.

– დიახ, ცოლებიც ხშირად ხდებიან მუზები. პლუს, ამ ყველაფერს ემატება მოგზაურობები, რომელიც ასევე, ახდენს აზროვნების გაშლას. ხშირად დავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში, ვესწრებით გამოფენებს, „ფეშენ-ვიქებს“, ბევრ ინფორმაციას ვიღებ კულტურაში მიმდინარე ცვლილებებზე, რაც, საბოლოოდ, ჩემს გონებაში ილექება. ალბათ, ამიტომაც მითხრეს, რომ საქართველოში დაბადებული ჩემი კოლექცია ძალიან ევროპულია.


скачать dle 11.3