როგორ თანამშრომლობდა ანა კოვაჩი პარიზსა და ბერლინში ცნობილ სამოდელო სახლებთან და რატომ დააწვინეს ის პარიზში მონეს საფლავზე
მშვენიერი და ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოდელი ანა კოვაჩი რამდენიმე თვის განმავლობაში პარიზისა და გერმანიის სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობდა. ის სულ ახლახან ჩამოვიდა თბილისში და სექტემბერში კვლავ პარიზში მიემგზავრება სამუშაოდ.
ანა კოვაჩი: პარიზში 4 მაისს გავემგზავრე, მოწვევა მქონდა „ელიტის“ შვილობილი სააგენტოდან. ძალიან მომეწონა სააგენტო, იქ მომუშავე ადამიანები, გარემო. ძალიან თბილად შემხვდნენ და, საერთოდ, საოცრად კარგად მექცეოდნენ. განსაკუთრებით ის მომეწონა, რომ, როგორც კი სააგენტოში მივედი, ჩემმა „ბუქერმა“ მაშინვე მომცა ჩემი „ბუქი“ გამზადებული, რუკა, ტელეფონის ნომერი, მისამართი და მითხრა, ახლა წადი ქასთინგებზეო. გამიხარდა, პირველივე დღეს ასე დამოუკიდებლად რომ გამიშვეს ქასთინგზე და მეც მაშინვე „დავბუქე“ სამუშაო, რომელიც მქონდა „ელი საბთან“, ოტ-კუტიურიე იყო – ძალიან ლამაზი კაბები. რაც მთავარია, ჩვენება უნდა გამართულიყო იორდანიაში მეფისა და დედოფლის მოწვევით. მათ გააკეთეს შოუ, მიიწვიეს „ელი საბი“ და ჩვენ, მოდელები, წაგვიყვანეს მონაწილეობის მისაღებად. შოუ სასტუმროში ჩატარდა, ბევრი ადამიანი ესწრებოდა. პოდიუმი ძალიან დიდი იყო და მოდელები გამოსვლის დროს მეფისა და დედოფლის წინ უნდა გავჩერებულიყავით. შოუმ ძალიან კარგად ჩაიარა, კაბებიც საოცრად ლამაზი იყო – ხელით გაკეთებული, ბისერებით, არაჩვეულებრივი. შოუს შემდეგ „აფთერ ფართი“ გაიმართა, სადაც ჩვენთან ერთად დედოფალიც იყო. ძალიან ლამაზი ქალია. პირადად გასაუბრებას, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხებდით. მეორე დღეს ჩვენი ფოტოები დაიბეჭდა გაზეთში. „ელი საბის“ მთავარი დიზაინერიც გავიცანი, ძალიან კარგი ადამიანი იყო და, საერთოდ, ყველანი საოცრად კარგად გვექცეოდნენ, გვეხმარებოდნენ.
იორდანიიდან პარიზში დავბრუნდი, საკმაოდ ბევრი ქასთინგი მქონდა. მე ვიყავი ერთ-ერთი გამოცდილი მოდელი, რადგან ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი, ბევრი საინტერესო ფოტო მიდევს „ბუქში“. ამიტომ სააგენტოდან ძალიან კარგ ქასთინგებზე მიშვებდნენ. მოდელები ეიფელის კოშკთან ახლოს ვცხოვრობდით და ყოველ დილა წრეებს ვურტყამდი, ვვარჯიშობდი. რაც შეეხება სამუშაოს, „ლანვინის“ „შოუ-რუმი“ გავაკეთე, თან ბერლინში ვიყავი გასამგზავრებელი და, რადგან სამუშაო მქონდა, ამიტომ სამი დღით დამაგვიანდა გადაფრენა. „ლანვინთან“ რვა დღე ვმუშაობდი, გავიცანი მთავარი დიზაინერი ალბერტი, ძალიან კარგი ადამიანია, თბილი, ყურადღებიანი. პარიზში, ასევე, მქონდა ფოტოგადაღებები გერმანულ ჟურნალ „ბურდასთვის“ – თვითონ გერმანელები ჩამოვიდნენ გადასაღებად. ფოტოები კონკორდის ხიდზე გადავიღეთ, პომპიდუს მუზეუმთან, ძველი, ასე, 40-50-იანი წლების სტილის სამოსში. ძალიან მომეწონა. რაც მთავარია, ფოტოები რომ ვნახე, ისეთი სხვანაირი ვიყავი, ისე დიდი შეხედულება მქონდა, გავოგნდი. სხვათა შორის, გერმანელებთან მუშაობა ძალიან მომეწონა, ფოტოგრაფიც სწრაფად იღებდა. ყველაფერი – დასვენება, გადაღება – თავის დროზე ხდებოდა. ფოტოგრაფს ვუთხარი, არ გინდა, ხიდის მოაჯირზე ჩამოვჯდე და ისე გადამიღოთ-მეთქი? არა, არ მინდაო. მერე ჩამაცვეს სხვა კაბა, მიმიყვანეს ფოტოგრაფთან, ხიდის მოაჯირის ბოლო მონაკვეთი 5 მეტრი სიმაღლის იყო, ზედ დიდი ბურთი იდო და მეუბნება, ამაზე უნდა ახვიდე, დადგე და გადაგიღებო. თავიდან მეგონა, მეხუმრებოდა, რადგან 15-სანტიმეტრიან ქუსლებზე ვიდექი, მერე მივხვდი, არ ხუმრობდნენ, ამიტომ, ვუთხარი, ვინმე აძვრეს და ამიყვანოს-მეთქი. ამიყვანეს. თავიდან ძალიან მეშინოდა, მაღალი იყო, თან ქვევით სენა ჩანდა. მაგრამ, მალე მივეჩვიე. ბოლოს ისეთ პოზებს ვაკეთებდი, ბურთზე ხელითაც კი არ დავყრდნობილვარ. პომპიდუს მუზეუმთან რომ ვიღებდით, ძალიან ბევრი ხალხი იყო. მათაც უნდოდათ ჩემთან ერთად ფოტოების გადაღება და ფოტოგრაფი ჩერდებოდა, რომ იმათაც გადაეღოთ.
პარიზშია დიზაინერების ძალიან ცნობილი სკოლა და მათ მოაწყვეს ქასთინგი, მე მაშინვე ამირჩიეს და შემდეგ უკვე ჩვენება გაიმართა ლუვრის ეზოში, ღია ცის ქვეშ. ძირითადად, ავანგარდული სამოსი ჰქონდათ, ძალიან საინტერესო, ქორეოგრაფიული დადგმით. ლამაზი შოუ გამოვიდა. სანამ პარიზიდან გამოვემგზავრებოდი, ძალიან საინტერესო გადაღება მქონდა. როდესაც სააგენტოში მივედი, დირექტორმა დამირეკა და მკითხა, გადაღებაში არ გინდა მონაწილეობის მიღება? ძალიან საინტერესო იქნება, თან, ეს ჟურნალი ლოს-ანჯელესში უნდა გამოიცესო. ფოტოგრაფი თავის სტილისტ მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა პარიზში. პარიზში არის ცნობილი სასაფლაო, რომელიც ძალიან ძველია და ცნობილი ადამიანები არიან დასაფლავებული. იმ სასაფლაოზე მიმიყვანეს – თურმე, იქ უნდა გვქონოდა ფოტოგადაღებები. პირველად რომ მივედით, შემეშინდა, მაგრამ მერე შევეჩვიე. მითხრეს, მონეს საფლავზე დაწექიო, ედიტ პიაფის საფლავთანაც გადამიღეს – მოკლედ, უჩვეულო გადაღებები მქონდა, მაგრამ, ძალიან საინტერესო. როდესაც „მსოფლიო ელიტაზე“ ვიყავი, იქ გავიცანი ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფი, რომელსაც ძალიან უნდოდა ჩემი გადაღება, თანაც, დიდი ხნის განმავლობაში. პარიზში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და გადამიღო: მთელი ტანი და სახე თეთრად შემიღება. ჩემი თმა შემიკრეს, ბამბისგან თმა გააკეთეს და თავზე დამადეს, ვარდისფერი კორსეტი ჩამაცვეს და წელს ზემოთ გადამიღეს. ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა და „ბუქშიც“ ჩამიდეს. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ქასთინგი მქონდა „ნისანისთვის“. სააგენტოში დარეკეს და ითხოვეს გოგონების ფოტოები. ჩემს „ბუქერს“ ეს ფოტო ძალიან მოსწონდა და სწორედ ის გაუგზავნა. იმ ქალმა, ვინც სააგენტოში დარეკა, მხოლოდ ჩემზე განაცხადა თანხმობა და მეც წავედი ქასთინგზე. ის ქალი შემხვდა და ვუთხარი, ვინც ვიყავი. ის კი მეუბნება, მე შენ არ მომიწვევიხარო. რას ვიზამდი, კარგი-მეთქი და, თან ვთხოვე, ჩემი „ბუქი“ მაინც ენახა. დაიწყო დათვალიერება. ის ფოტო შუაში მედო, რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა – ეს შენ ხარ? სწორედ შენი ნახვა მინდოდა და ფოტოების გადაღებაო. ჩვენი თანამშრომლობა შედგა და „ნისანისთვის“ გადამიღეს დაახლოებით იმ სტილში. სხვათა შორის, ფოტოებზე ყოველთვის სხვადასხვანაირად გამოვიყურები, პარიზში რომ ჩავედი და ჩემი ფოტოები ნახეს „ბუქერებმა“, მეკითხებოდნენ, ეს შენ ხარო?
– ახლა ბერლინის „ფეშენ-ვიქის“ შესახებ მომიყევი. როგორც ვიცი, იქაც საკმაოდ წარმატებულად იმუშავე.
– ბერლინშიც ძალიან თბილად შემხვდნენ და იქაც საკმაოდ წარმატებულ მოდელად ვითვლებოდი, რადგან სხვა გოგონებზე უფრო მეტად გამოცდილი ვიყავი. ბერლინშიც პირველივე დღეს მივიღე სამუშაო ძალიან ცნობილ დიზაინერთან, გვიდო მარია კრეშმართან. საერთოდ, ქასთინგზე მოდელს სამოსს არ აზომებენ, მაგრამ, ისე მოვეწონე, რომ, რაც ჰქონდა, მაშინვე ყველაფერი მომაზომა და, რაც მთავარია, არ ვიცი, საიდან მოაფიქრდა, მითხრა, ახალგაზრდა ქეით მოსს ჰგავხარო. საერთოდ, ძალიან ბევრ ვინმეს – მსახიობს ან მოდელს მამსგავსებენ. გვიდოს საღამოს კაბებიც ოტ-კუტიურიე იყო და ძალიან მომეწონა. ქალბატონმა იამ რომ ნახა ფოტოები, მითხრა, გერმანელს დაგამსგავსესო. მოკლედ, ფრანგები ფრანგს მამსგავსებდნენ, გერმანელები – გერმანელს. ასევე, მქონდა დიზაინერ კრისტინა დუქსას ჩვენება, რომელზეც ძალიან საინტერესო ისტორია გადამხდა: ჩვენებაზე უნდა გამოვსულიყავი თეთრ საქორწინო კაბაში, რომელიც ძალიან მოკლე იყო. თურმე, ბიჭთან ერთად უნდა გამოვსულიყავი, რომლისთვისაც გამოსვლისას ხელი ჩამაკიდებინეს, არადა, არ ვიცოდი, რა ხდებოდა, არ შევხედე და პირდაპირ გამოვედით პოდიუმზე და, უცებ ხალხის საოცარი რეაქცია ვიგრძენი – თითქოს ყველას სუნთქვა შეეკრა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. იმ ბიჭმა არ იცოდა, სად უნდა წავსულიყავით, ამიტომ, გავხედე, რომ მენიშნებინა, სად მივდიოდით და, დავინახე, რომ, თურმე, აცვია მხოლოდ თეთრი შორტი, მეტი არაფერი და შორტის ფერი თმა აქვს, გაოცებული დავრჩი. როდესაც ჩემს „ბუქერს“ ვუამბე, მითხრა, გერმანელებს უყვართ ხალხის გაოცება და აღშფოთებაო. იმ დღეს გერმანიის ფეხბურთის ნაკრები თამაშობდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. სახლში გამოვიქეცი თამაშის საყურებლად, ჩავრთე ტელევიზორი და – მე და ის შორტებიანი ბიჭი არ ვტრიალებთ არხებზე?! გაზეთებშიც დაბეჭდეს ჩვენი ფოტოები. კიდევ მქონდა „აიქიუ ვან“-ის ჩვენება – ორი ახალგაზრდა დიზაინერი გოგონა იყო, ფისოებივით გამოგვაწყვეს, მაკიაჟი გაგვიკეთეს, „აბადოკები“ – ძალიან ლამაზი გამოვიდა. გერმანიაში, ასევე, მქონდა გადაღება ებრაელი ხალხის მონუმენტთან, გოთურ სტილში, შავი თმით, შავად შეღებილი თვალებით, პომადით; თან, იქიდან ქასთინგზე მეჩქარებოდა და ქუჩაში ხალხი რომ მიყურებდა, ეშინოდა, რადგან მაკიაჟის მოშორება ვერ მოვასწარი.
– ახლა რა გეგმები გაქვს?
– სექტემბერში ისევ მივდივარ პარიზის „ფეშენ-ვიქზე“ და სამი თვე დავრჩები. რაც თბილისში ჩამოვედი, მას შემდეგ სულ დატვირთული ვარ. ბევრი ჩვენება მქონდა, ბათუმშიც მივდივარ ირაკლი ნასიძის ჩვენებაზე. მოკლედ, დიდი გეგმები მაქვს.