კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის ზედმეტი სიფრთხილე ცეცხლზე ნავთის დასხმა და რას რისკავს ქალი, რომელიც ეჭვიან ქმარს სიმართლეს უმალავს


ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეჭვი დაავადებაა. ხოლო ის, ვინც სისტემატურად ეჭვიანობს, თანაც ყოველგვარი საბაბის თუ მიზეზის გარეშე – ავადმყოფი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს ავადმყოფები მაინც გვიყვარს. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ცოლი იტანს შეურაცხყოფას, დამცირებას, ცემას და ქმარს გვერდიდან მაინც არ სცილდება. რატომ? – იმიტომ, რომ უყვარს. ხედავთ, სიყვარული როგორი უცნაური „ვინმე“ ყოფილა?! – ვერაფერს გაუგებ. მაგრამ, როცა ეჭვიანი ადამიანის გვერდით ცხოვრობ, ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყო, ყოველი ნაბიჯი კარგად აწონო და არ სცადო, ნაკვერჩხლის გაღვივება, საიდანაც შესაძლოა, დიდმა კოცონმა იფეთქოს. არ შეიძლება ცეცხლთან თამაში. ეს პატარა ბავშვმაც კი იცის.


თინიკო (29 წლის): ისეთ სულელურ ამბავში, უფრო სწორად, შარში გავეხვიე, რომ ვერ ვიჯერებ, ეს ყველაფერი ჩემს თავს რომ ხდება. მართლა არ ვიცი, რა უნდა ვქნა, როგორ ვუშველო სიტუაციას. თუ სასწრაფოდ გამოსავალი არ გამოვძებნე, ყველაფერი, მთელი ცხოვრება თავზე დამენგრევა. არადა, სულ რაღაც ორი კვირის წინ უბედნიერესი ქალი ვიყავი. სიცოცხლე მიხაროდა. გათენება მიხაროდა და მეგონა, სულ ასე იქნებოდა. საშინელება ყოფილა, როცა შენი სიმართლის არ სჯერათ. შეიძლება, ჭკუიდან შეიშალო, ისეთი დამამცირებელია ასეთი უნდობლობა. თან, ვიცი, რომ ჩემს ქმარს ვუყვარვარ. მართალია, ახლა უმძიმესი სიტუაცია გვაქვს და მას ჩემი დანახვაც არ უნდა, მაგრამ მე მაინც ქმარს ვეძახი. ოთხი თვე ვიცხოვრეთ ერთად. შემოდგომაზე ქორწილიც უნდა გვქონოდა, მაგრამ... რა ვქნა, როგორ დავარწმუნო საკუთარ სიმართლეში.

– კონკრეტულად, რა მოხდა, შეგიძლიათ, მოყვეთ?

– ფაქტობრივად, არც არაფერი მომხდარა. სასაცილოც კი არის ის, რის გამოც ჩემმა საქმრომ კარი გაიჯახუნა და ზურგი შემაქცია. არაფრის გაგონება არ უნდა, საერთოდ, არაფრის. შემომითვალა, ჯობია, თვალით არ დამენახვო, თორემ მოგკლავ შენც და შენს საყვარელსაცო. ისეთი გადარეულია, ვიცი, წამსვლელია ამაზე.

– საყვარელი გყავთ?

– არა. რა საყვარელი, რას ამბობთ?! ვგიჟდები ქმარზე, ისე მიყვარს. თანაც იმ სტილის ქალთა რიცხვს არ ვეკუთვნი, საყვარლებს უსაქმურობის გამო რომ იჩენენ, ამით ერთობიან და მერე დაქალებში ტრაბახობენ, როგორ ასულელებენ ერთდროულად ორ მამაკაცს. მსგავსი არაფერი მდომებია. ჩემი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ სიმართლე არ ვთქვი. ისიც იმიტომ, რომ უსიამოვნება არ მინდოდა. არ მინდოდა, ამით პრობლემა შემქმნოდა. ვიცი, მკითხავთ, ესე იგი, რაღაც ისეთი ჩაიდინეთ, რისი დაფარვაც დაგჭირდათ და ეს უკვე ტყუილს ნიშნავსო. გეთანხმებით. როცა არ ამბობ სიმართლეს, ეს ჰგავს ტყუილს, მაგრამ მე ხომ ისეთი არაფერი ჩამიდენია. უბრალოდ, დავეხმარე მეგობარს, ანუ, „უწყინარი ტყუილი“ ვთქვი.

– ასეთი რაღაც არ არსებობს.

– როგორ არ არსებობს. „უწყინარ ტყუილს“ ვამბობთ ლამის ყოველდღე და ამას, პრინციპში, ისე ვართ შეჩვეული, ვერც კი ვამჩნევთ. ბედი უნდა ყველაფერს, თორემ „რქიანი“ ქმრების მეტი რა არის ჩვენ გარშემო. ქალები ისეთ ტყუილებს „გადააყლაპებენ“ ხოლმე საკუთარ მეორე ნახევრებს, გაოგნდები. მე არც კი მიცდია, ქმარი მომეტყუებინა. ის კი, მაინც დარწმუნებულია, რომ ვუღალატე.

– თქვენი მეუღლე ეჭვიანია?

– საშინელი ეჭვიანია. ყველაფერზე შეუძლია, იეჭვიანოს. სწორედ ამიტომაც ვერ ვთქვი სიმართლე. ვიფიქრე, რომ ვთქვა, რის გაკეთებასაც ვაპირებ, ხომ ვითომ არაფერია ცუდი ამაში, მაგრამ მაინც გადაირევა-მეთქი. ამიტომაც ვამჯობინე გაჩუმება. ახლა უკვე აღარ ვიცი, რომ არ გავჩუმებულიყავი, რამე შეიცვლებოდა უკეთესობისკენ თუ არა. ჩემი ქმარი ახლა ამბობს, რომ მისთვის სიმართლე გაცილებით ადვილი გადასატანი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ტყუის.

– ასე რატომ ფიქრობთ?

– იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი მისი ხასიათი. ვიცი, როგორი ეჭვიანია. ახლა ამას იმიტომ ამბობს, რომ თვითონ ყველანაირად მართალი გამოჩნდეს. თავის გასამართლებელ არანაირ შანსს არ მიტოვებს. ნუთუ, შეიძლება, კაცმა ვერ გაარჩიოს, როდის ტყუის ქალი და როდის მართალს ეუბნება?! რა ჰქვია ამას. თუმცა, ეს რომ ადვილი იყოს, ამდენი მოტყუებული კაცი ხომ არ ივლიდა. ზოგჯერ ვფიქრობ, სწორედ ამ მამაკაცების ბრალია, ჩემი ქმრისნაირი კაცები რომ არსებობენ.

– რას გულისხმობთ?

– რაც წეღან ვთქვი, იმას. ჩემი ქმარი ძალიან ხშირად ლაპარაკობდა იმაზე, როგორ მწარდება, როცა ქალების მიერ გასულელებულ და გამოშტერებულ მამაკაცებს ხედავს. როგორ აძლევენ ამის უფლებას, ჭკუა სად აქვთ, ან სად იყურებიან. ისე როგორ უნდა გამოშტერდე, რომ ცოლი ცხვირწინ გღალატობდეს. თავები უნდა დააჭრა ასეთ იდიოტ კაცებსო.

– ძალიან ეჭვიანი ამიტომ გახდა?

– ვფიქრობ, რომ ამიტომ. იმდენი ცუდი მაგალითი ჰქონდა, რომ თვითონაც ეჭვიანი გახდა.

– ეჭვი ხასიათის თვისებაა.

– გეთანხმებით და მით უმეტეს, ის უფრო სერიოზულ ფორმას იძენს, როცა ხასიათიდან გამომდინარეობს. მე ეს უნდა გამეთვალისწინებინა. იცით, როგორ ვნერვიულობ, წინდახედულება რომ ვერ გამოვიჩინე. რა მინდოდა, რა მრჯიდა, ვყოფილიყავი ჩემთვის, რას გამოვიდე თავი? ჩემმა დიდსულოვნებამ და სიკეთემ დამღუპა. ამხელა ქალი ჩერჩეტი ბავშვივით მოვიქეცი. ფაქტობრივად, გათხოვილმა ქალმა სხვისი საცოლის როლის თამაში გადავწყვიტე და საკუთარი ცხოვრება დავინგრიე.

– რას ნიშნავს სხვისი საცოლის როლის თამაში?

– ჯობია, არ მკითხოთ. აბა, რატომ ვთქვი, ჩერჩეტი ბავშვივით მოვიქეცი-მეთქი. თინეიჯერიც კი უფრო მეტად წინდახედული იქნებოდა. ისე, ამ თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის გოგონებს რომ ვუყურებ, გაოცებას ვერ ვმალავ. ზუსტად იციან, რა უნდათ და როგორ უნდა იმოქმედონ მიზნამდე მისასვლელად. ერთ შეცდომასაც კი არ უშვებენ. მე კი, ორივე ფეხით გავები მახეში.

– მეგობარმა დაგიგოთ ეს მახე?

– იცით, რაშია საქმე? ჯერ კიდევ არ შემიძლია იმის თქმა, შეუგნებლად გააკეთეს თუ საგანგებოდ. არ მგონია, რამე ცუდი განზრახვა ჰქონოდათ გულში. მაგრამ, ადამიანს რომ ეუბნები, არ შემიძლია ამის გაკეთება, რადგან პრობლემები შემექმნება და ის კი მაინც გეხვეწება, დამეხმარე, დამეხმარეო, რა ჰქვია ამას? საერთოდ, ყოველთვის შენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედო. ამას ახლა მივხვდი. იმას რა – შეწუხდა და მორჩა! მე კი ამისთანა დღეში ჩამაგდო. თანამშრომელია ის ადამიანი, ვინც მე პრობლემა შემიქმნა. გათხოვებამდე ვიცნობდი და ყოველთვის ვმეგობრობდით. ოფისში ბევრი ხალხი არ ვმუშაობთ, მაგრამ ვინც ვართ, ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. თან, ეს როგორი ტიპია, იცით?! – ძალიან ჩვეულებრივი, შეუმჩნეველი მამაკაცები რომ არიან ხოლმე. ქალებში პოპულარობით რომ ვერ სარგებლობენ, მიუხედავად თავისი ღირსებებისა. ერთი სიტყვით, საკმაოდ კარგი პიროვნებაა და გოგონებს გვეცოდებოდა. ორმოცდაერთი წლის კაცს ერთი საყვარელი მაინც რომ არ ეყოლება, ცოლზე და შეყვარებულზე არაფერს ვამბობ, ხომ შეგეცოდება?! სწორედ ეს გრძნობა მქონდა მის მიმართ, არაფერი სხვა. აბსოლუტურად არაფერი. გეფიცებით, რატომ უნდა მოგატყუოთ, რა ინტერესი მაქვს? ჩემს ქმარსაც ამას ვუმტკიცებ, მაგრამ არ ესმის. არ უნდა, რომ გაიგოს.

– თუ ეჭვიანია, როგორც თქვენ ამბობთ, შეიძლება, ვერ გაიგოს. შეეცადეთ, ამ ყველაფერს მისი გადასახედიდან შეხედოთ.

– ვცდილობ. სწორედ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მისი გადასახედიდან შევხედე, დავუმალე სიმართლე. მაგრამ, ახლაც დარწმუნებული ვარ, ცუდი არაფერი ჩამიდენია. აბსოლუტურად არაფერი. ერთი სიტყვით, მთელი პრობლემა ისაა, რომ ამ ჩემმა თანამშრომელმა მთხოვა, კლასის ბანკეტზე საცოლის რანგში გავყოლოდი.

– როგორ?

– ძალიან მთხოვა. იცით, რა დღეში იყო? მითხრა, იქ ისიც იქნება, ვინც მთელი ცხოვრება მიყვარდა და არაფრად ჩამაგდო. ჩემს საუკეთესო მეგობარს გაჰყვა ცოლად. არ მინდა, გაიგოს, რომ დღემდე მარტო ვარ. შენნაირი მომხიბვლელი ქალი თუ მეყოლება გვერდით, თავს სრულფასოვნად ვიგრძნობ და ამაყად მივალ იქ. შემიძლია, საერთოდ არც წავიდე, მაგრამ მაშინ ყველა უნდა გავანაწყენო. იმდენი წელია, ჩემი მეგობრები არ მინახავს. არ მინდა, ასე ცუდად გამომივიდეს მათთან. ძალიან გთხოვ, ეს ერთი სიკეთე გააკეთე. სულ რაღაც სამ საათზეა ლაპარაკი. მზად ვარ, სალონისა და კაბის ფულიც გადავიხადო, ოღონდ იმ ქალბატონის დასაცინი არ გავხდეო.

– და, თქვენც დათანხმდით?

– გულახდილად რომ გითხრათ, ძალიან გამიჭირდა. ასე მარტივად არ ყოფილა საქმე, როგორც გიყვებით. ძალიან ბევრი ვიფიქრე. ვუთხარი კიდეც, ხომ იცი, როგორი ეჭვიანი ქმარი მყავს, პრობლემები შემექმნება-მეთქი. ნუ გეშინია, ჩემი სამეგობროდან არც შენ გიცნობს ვინმე და არც შენს ქმარს. მე ხომ სკოლა რაიონში დავამთავრე. წარმოუდგენელია, საერთო ნაცნობები გვყავდეს. არ შეგექმნება პრობლემა. დამიჯერე, შენი ქმარი საერთოდ ვერაფერს გაიგებსო.

– უნდა გეთქვათ თქვენი ქმრისთვის, რის გაკეთებასაც აპირებდით.

– მე ვიფიქრე ამაზე და კინაღამ ვუთხარი კიდეც, მაგრამ მერე შემეშინდა, ვაითუ, თავისებურად გაიგოს და ის საცოდავი შემოაკვდეს-მეთქი. რომ მივარდნოდა და ეთქვა, ჩემი ცოლი „გასაქირავებელი ქალი“ არ არის, რომ ასე მოექცე. წადი და ვინმე სხვა მოძებნეო. არც მე დამაკლებდა ხელს. ახლა ამბობს, რომ მოგეყოლა, არაფერიც იქნებოდაო, მაგრამ მე ხომ ვიცი, იქნებოდა.

– გააჩნია იმას, თქვენ როგორ მიიტანდით მის ყურამდე ამ ამბავს. თუ ცოტა იუმორითა და ანეკდოტივით მოუყვებოდით, შესაძლოა, არც ეეჭვიანა.

– შეუძლებელია. მაინც იეჭვიანებდა, დარწმუნებული ვარ. არავითარ შემთხვევაში არ მომცემდა უფლებას, სხვისი საცოლის როლი მეთამაშა.

– მისი გაგება შეიძლება. მამაკაცების უმრავლესობისთვის მიუღებელია ასეთი თამაში.

– კარგი, რა. რა მოხდა ამისთანა. სამი საათით გავყევი ადამიანს რესტორანში, სულ რაღაც სამი საათით. რა დაშავდა ამით. უცხოეთში სულაც სპეციალური ოფისები არსებობს, სადაც წვეულებაზე თანმხლები ქალის და მამაკაცის დაქირავება შეგიძლია.

– დიახ. მაგრამ ეს მათი სამსახურია და ამის შესახებ მათი ოჯახის წევრებმაც იციან. ამიტომ პრობლემები არ ექმნებათ.

– გასაგებია, მაგრამ მაინც არ უნდა გადაექცია ჩემს ქმარს ეს ამბავი საშინელ ტრაგედიად. არც ასეთი ამბავი უნდა აეტეხა. ლამის ქვეყანა ჩამომანგრია და დამამხო თავზე. ყველას გააგებინა, რა „უზნეობა“ ჩაიდინა მისმა ცოლმა. არ დამიმსახურებია ასეთი მოპყრობა. ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ჩემსა და იმ „ტიპს“ შორის არაფერი მომხდარა და არც შეიძლებოდა, მომხდარიყო.

– თქვენი ქმარი, ალბათ, უფრო შეურაცხყოფილია. თქვენმა საქციელმა მისი პიროვნება დაამცირა. ლაპარაკი არ არის იმაზე, გქონდათ თუ არა იმ „ტიპთან“ რამე.

– გასაგებია, მაგრამ მე ხომ მოვინანიე, მივხვდი, რაც ჩავიდინე და ვამბობ, რომ შეცდომა დავუშვი. თუ ვუყვარვარ, ხომ უნდა მაპატიოს. ბოლოს და ბოლოს, ღალატს პატიობენ. მე კი, მსგავსი არაფერი გამივლია გულში.

– მოდი, საკითხს ასე მივუდგეთ. თქვენს ქმარს რომ ჩაედინა იგივე, ანუ თავის მეგობარს რომ გაჰყოლოდა სადმე, როგორც საქმრო...

– დიახ.

– ოღონდ გულახდილად მიპასუხეთ.

– იცით, გულახდილად გეტყვით. არ მესიამოვნებოდა. ჰო, მეწყინებოდა, მაგრამ...

– მაგრამ სკანდალს არ ატეხდით? ძნელი დასაჯერებელია.

– დავუშვათ, ამეტეხა სკანდალიც. ბოლოს მაინც ვაპატიებდი და შევურიგდებოდი. დავივიწყებდი მის „დანაშაულს“. როცა გიყვარს, კომპრომისზე მიდიხარ და ზოგჯერ საკუთარ თავმოყვარეობასაც აბიჯებ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩემს ქმარს არ ვუყვარვარ, ან ისე არ ვუყვარვარ, ეს ერთი, დაუფიქრებლად ჩადენილი საქციელი მაპატიოს. ეს არის რეალობა.

– ის მამაკაცია, მამაკაცებისთვის გაცილებით რთულია კომპრომისი, რომელიც თავმოყვარეობაზე „გადაბიჯებას“ ითხოვს.

– თუ ვუყვარვარ, ეს რატომ უნდა იყოს მისთვის პრობლემა. ნუთუ, მე მეტად არ უნდა ვუღირდე? მე ამაზე ვირევი. მესმის ყველაფერი; ვხვდები, რომ ძალიან ვატკინე გული; რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი; რომ მისთვის ასეთი შეურაცხყოფის დავიწყება რთულია, მაგრამ ჩვენი სიყვარული? ჩვენი ურთიერთობა? სექტემბერში ქორწილი გვქონდა დანიშნული. ჩემი და მისი მშობლებიც გადარეულები არიან. რამდენ ადამიანს ვატკენთ გულს.

– მაპატიეთ, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ რატომ ცოტა ადრე არ იფიქრეთ შედეგებზე?

– ვინ გითხრათ, რომ არ ვიფიქრე. ძალიან ბევრი ვიფიქრე და ვცადე, წარმომედგინა, რა მოხდებოდა, თუკი ჩემი საქმრო ყველაფერს გაიგებდა. მაინც ვერ გავთვალე ბოლომდე. ნამდვილად არ ველოდი, რომ ასე გამწირავდა. ჩემი დანახვა აღარ უნდა. ასე თქვა, შენ მერე უარესსაც მაკადრებ, ეს რომ ახლა გაპატიო და „გადავყლაპოო“.

– ნდობა დაკარგა თქვენ მიმართ?

– ჰო, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს. ვეღარ გენდობიო. საშინელებაა, როცა ადამიანი, რომელიც იდეალური გეგონა, რომელიც ქვეყანას გერჩივნა და ფიქრობდი, სიცოცხლის ბოლომდე მასთან ბედნიერი იქნებოდი, ხელს გკრავს და გეუბნება, ერთ ნაბიჯზეც არ გენდობიო.

– თავიდანვე ხომ იცოდით, ვის მიჰყვებოდით ცოლად, ხომ იცოდით, მისი ეჭვიანი ხასიათის ამბავი?

– ვიცოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ მიყვარდა და გავყევი. ვფიქრობდი, ეს არ არის მიზეზი, რის გამოც სიყვარულზე უარი უნდა ვთქვა-მეთქი. თურმე, ყოფილა. მაგრამ, ჩემი მთავარი უბედურება ის არის, რომ მაინც მიყვარს. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ დამიბრუნდეს. ყველაფერს მივცემდი, რომ მაპატიებდეს და მოვიდოდეს. ვიცი, ძალიან სულელურად მოვიქეცი, მაგრამ თუ სიყვარულია, ყველაფრის პატიება შეიძლება. ესე იგი, არ ვუყვარვარ და არც ვუყვარდი.

– თქვენ, ფაქტობრივად, ცეცხლს ეთამაშებოდით, როცა სხვა კაცის საცოლის როლზე დათანხმდით.

– სამი საათი გავატარე იმ კაცის გვერდით რესტორანში. მხოლოდ სამი საათი და მხოლოდ ერთხელ ვეცეკვე. მეგობართან ერთად რესტორანში არ ყოფილხართ? ამისთვის უნდა ჩამქოლონ?

– ჯობდა, ქმარს თავიდანვე ყველაფერი სცოდნოდა.

– ეჰ, თქვენ ადვილად ამბობთ ამას, მაგრამ მე არ მაქვს იმის გარანტია, თავიდანვე რომ სცოდნოდა სიმართლე, უარესი არ მოხდებოდა. ერთი სიტყვით, მაგარ შარში გავეხვიე და გამოსავალსაც ვერ ვხედავ.


скачать dle 11.3