ინტიმური საუბრები
მაზლებმა გამაუპატიურეს
ჩემზე უბედური ამქვეყნად ქალი არ მეგულება. ძალიან დიდი ხნის ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩემი ტრაგედიის შესახებ თქვენთვის მომეყოლა. არ ვიცი, შეიძლება, ეს ნაბიჯი საბედისწეროც კი აღმოჩნდეს ჩემთვის, თანაც, წარმომიდგენია, როგორი განსჯის საგანი გავხდები, მაგრამ, მაინც ვრისკავ და გწერთ ჩემი უბედურების შესახებ.
19 წლის გავთხოვდი. ჩემს ქმარს ჰყავს მშობლები, ერთი და და ორი ძმა და დღემდე ყველა ერთად ვცხოვრობთ.
მე და ჩემს ქმარს ორი წელი არ გვყავდა შვილი. მესამე წლის ბოლოს კი გაგვიჩნდა თორნიკე, რომელიც ახლა 1 წლისაა. მისმა დაბადებამ ჩემი ქმარი ლამის ჭკუიდან შეშალა სიხარულისგან, დედამთილ-მამამთილიც – ასევე, მაგრამ ისეთ საშინელ საიდუმლოს ვატარებ, რომ ვერც ღამით ვისვენებ და ვერც დღისით. თუმცა, დღეიდან მთლად საიდუმლოც აღარ იქნება, რადგან ამ ამბავს, მართალია, სახეშეცვლილად, მაგრამ მაინც საქვეყნოდ ვყვები. საქმე ისაა, რომ თორნიკე ჩემი ქმრისგან კი არა, მისი ერთ-ერთი ძმისგან შემეძინა. ეს ყველაფერი კი ასე მოხდა: ერთ დღეს (ეს იყო დაახლოებით ორი წლის წინ), სახლში მარტო ვიყავი, მთელი ოჯახი რაიონში იყო წასული ნათესავის გასვენებაში. მე ვერ წავედი, რადგან შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, ჩემს ოთახში ვიწექი და წიგნს ვკითხულობდი. ღამის პირველ საათზე მოულოდნელად ჩემი მაზლები დაბრუნდნენ. უგონოდ მთვრალები იყვნენ. ოთახის კარის ჩაკეტვა აზრადაც არ მომსვლია – რას წარმოვიდგენდი, თუ ასეთი უბედურება დამატყდებოდა თავს. მოულოდნელად კარი შემომიღეს, შემომიცვივდნენ, მხეცებივით მეცნენ, გამკოჭეს, პირზე სკოჩი დამაკრეს და რიგრიგობით გამაუპატიურეს. ორ მხეცს როგორ მოვერეოდი, თანაც – ხელ-ფეხშეკრული! მერე ასე მიმატოვეს და სიცილ-ხარხარით გავიდნენ ოთახიდან. თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა. ნეტავ, მართლა მოვმკვდარიყავი. ისეთი ჯოჯოხეთი გამოვიარე, მოსისხლე მტერსაც კი არ ვუსურვებ. მეორე დილას ისევ შემოვიდნენ. უკვე გამოფხიზლებულები იყვნენ. ხელ-ფეხი გამიხსნეს, სკოჩი მომაძრეს და მოკვლითა და სახელის გატეხით დამემუქრნენ, თუ ხმას ამოვიღებდი. ისეთი ღამე გამოვიარე, სიკვდილის აღარ მეშინოდა, მაგრამ, ზუსტად ვიცოდი, ხმა რომ ამომეღო, ან ჩემი ქმრისთვის მეთქვა, რაც მოხდა, არ დამიჯერებდა. ისედაც ეჭვიანი იყო, ფანჯრიდან რომ გამეხედა უნებართვოდ, იმაზეც კი სკანდალებს მიწყობდა და ასეთი რამ რომ გაეგო, ხომ წარმოგიდგენიათ, რას მოიმოქმედებდა. ქმარი და მისი ოჯახი კი არა, დედაჩემიც არ დამიჯერებდა და მე გამამტყუნებდა. ამიტომ, გაჩუმება ვარჩიე. ვიფიქრე, ცოტა ხანს ხმას არ ამოვიღებ, მერე კი რამე მიზეზს მოვიდებ და გავეყრები-მეთქი, მაგრამ ესეც არ გამომივიდა. რამდენიმე დღეში დავრწმუნდი, რომ ორსულად ვიყავი, ოღონდ, რომლისგან – დღესაც არ ვიცი. ისეთი ტოქსიკოზი მქონდა, ორსულობის დამალვა ვერ შევძელი, რომ ნაყოფი ჩუმად მომეშორებინა და, ამიტომ, ყველაფერი მაშინვე გამჟღავნდა. ქმარიც და დედამთილ-მამამთილიც ჭკუაზე არ იყვნენ სიხარულისგან. ჩემი ქმარი თავს მევლებოდა, აღარც ეჭვიანობდა, აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა ჩემთვის. მე კი სიკვდილი მინდოდა, მაგრამ, ესეც ვერ შევძელი – ძალიან ძნელი ყოფილა თავის მოკვლა. ჩემი მაზლები რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ, მერე კი რომელიღაც ქვეყანაში წავიდნენ, ვითომ სამუშაოდ. წასვლის წინ კი ჩუმად მოვიდნენ ჩემთან და შვილის მოკვლით დამემუქრნენ, ხმას თუ ამოვიღებდი.
აი, ასეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, ხანდახან მეჩვენება, რომ ჩემი ერთადერთი შვილი არ მიყვარს. როდემდე გავძლებ ასე, არ ვიცი. ნეტავი, სულ არ გავეჩინე დედაჩემს.
ლია, 24 წლის.
ქუჩებში დღემდე ვეძებ ანას
სალამი, „თბილისელებო“! მე ყოველთვის ვკითხულობ თქვენს ჟურნალს. პროფესიით მსახიობი ვარ, ძირითადად სცენაზე ვთამაშობ. განსაკუთრებით „ინტიმური საუბრების“ კითხვა მიყვარს, ეს ჩემთვის კროსვორდივით არის. სხვადასხვა ასაკის ადამიანების ნაამბობიდან, ვცდილობ, გამოვიცნო, როგორები არიან ისინი – რამდენად ბედნიერები ან სევდიანები. თქვენთვის არასდროს არაფერი მომიწერია ამ წუთამდე, მაგრამ, ისე ჩამითრია 15 წლის მზიას ნაამბობმა, გადავწყვიტე, მეც მოგწეროთ.
ჩემი 15 წლის იუბილე რესტორანში გადავიხადე. ჩვენგან მეოთხე მაგიდასთან ჩემზე ორჯერ უფროსი ქალები ისხდნენ. ჩემი ყურადღება 32 წლის ანამ მიიპყრო (სახელი და ასაკი მერე გავიგე). თვალი სულ იქით გამირბოდა და ლაპარაკის დროს შენელებული კადრივით ვხედავდი მის დაბერილ ტუჩებს, მაღალ ყელს, მოღიმარ თვალებს. ისე მიზიდავდა, თვალს ვეღარ ვაშორებდი და მთელი ორი საათის განმავლობაში ვცდილობდი, მისი ყურადღება მიმეპყრო, მაგრამ, უშედეგოდ. ბოლოს, გამბედაობა მოვიკრიბე (ამაში იმანაც შემიწყო ხელი, რომ უკვე ნასვამი ვიყავი), ავიღე ღვინით სავსე ჭიქა, სამ მაგიდას გადავახტი და მის წინ დავდექი. ათი წუთის განმავლობაში იმდენი კომპლიმენტი ვუთხარი, რომ, დღეს, ღამეს, მზეს, მთვარეს, ცას, მიწასა და ყველა ვარსკვლავს ერთად ეყოფოდა. მერე წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა მე მიყურებდა, მე და ანა კი ერთმანეთს შევცქეროდით და მის თვალებში გაოცებას ვკითხულობდი. ჯერ გაოგნდა, მერე კი აღარავის მოერიდა, წამოდგა და ჩემკენ გამოემართა. გული ამიჩქარდა, ვფიქრობდი, ნეტავი, რის გაკეთებას აპირებს-მეთქი. სიმართლე გითხრათ, უფრო იმას მოველოდი, ალბათ, სახეში სილას გამაწნავს-მეთქი, მაგრამ, ამაზეც თანახმა ვიყავი. ის კი, ჩემდა გასაოცრად, მომიახლოვდა, თვალებში ჩამხედა და მერე ძალიან მგრძნობიარედ მაკოცა ტუჩებში. შეიძლება, გაგეცინოთ და, იმ წუთას თავი სახელმწიფოს სუსტი მეფე მეგონა, რომელმაც მოულოდნელად ძლიერ მეფეს მთელი სამფლობელო წაართვა. ეს რომ შევიგრძენი, ახლა უფრო მეტი მომინდა, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. უცებ ანა შებრუნდა და რესტორნის კარისკენ გაემართა. მივხვდი, რომ ტუალეტში გასვლა გადაწყვიტა. გავიქეცი და შესასვლელთან დავუხვდი. მერე შიგნით აღმოვჩნდით. მე კარი ჩავკეტე და კოცნა დავუწყე. ვხვდებოდი, თავს იკავებდა, მაგრამ მე არ მოვეშვი, მერე კი თვითონაც ამყვა. ვეხვეოდით ერთმანეთს, ვკოცნიდით, ვეფერებოდით და არავინ გვახსოვდა დედამიწის ზურგზე. მე ვეხებოდი მის სხეულს და სიამოვნებისგან თვალებს ვეღარ ვახელდი. ვგრძნობდი, როგორ მოძრაობდა მის ძარღვებში სისხლი. მსგავსი ჩემს ცხოვრებაში არაფერი განმიცდია.
გონს რომ მოვედით, ტელეფონის ნომერი ვთხოვე. მითხრა, მაგრამ, არ ვიცი, მომატყუა თუ მღელვარებისგან მე დავიმახსოვრე არასწორად, მას ვეღარ დავუკავშირდი და, შესაბამისად, აღარც არასდროს შევხვედრივარ. მას მერე ყველა ჩემი ფიქრი მას უკავშირდება.
ახლა ცოლიც მყავს და შვილიც. ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ ქუჩაში სულ თვალებს ვაცეცებ, ვეძებ, იქნებ, სადმე ანა დავინახო.
მზია! შენთან ლაპარაკი მინდა. ამ წერილს ტელეფონით ვგზავნი, რადგან მთაში ვარ ასული (აქ ყოველ ზაფხულს ამოვდივარ, ოღონდ – მარტო), ამიტომ ყველაფერი ძალიან მოკლედ მოვყევი. თუ შენც მოინდომებ ჩემთან ლაპარაკს, ისევ „თბილისელების“ მეშვეობით შემეხმიანე და ერთი დღით ჩამოვალ.
ძალიან გთხოვთ, დაბეჭდოთ ჩემი წერილი.
იკა, 22 წლის.
ზედმეტად უპრეტენზიობა სიდებილეს ნიშნავს
სტუდენტობის პერიოდში საკმაოდ სიმპათიური გოგო ვიყავი, კარგადაც ვსწავლობდი, მაშინდელი კრიტერიუმებით, ყველანაირად კარგი ანკეტური მონაცემებიც მქონდა, მაგრამ, უნდა ვაღიარო, ბიჭები ნამდვილად არ მესეოდნენ. უფრო სწორად, მომწონებლები კი მყავდნენ, მაგრამ, ის ბიჭები, რომლებიც მე მომწონდა, მხოლოდ, როგორც მეგობარს, ისე მიყურებდნენ. მე ამ მხრივ სერიოზულ კანდიდატურად არ აღმიქვამდნენ, რადგან ისეთ გოგოებს დასდევდნენ კუდში, კინოვარსკვლავებს რომ ჰგავდნენ და, მსუბუქად რომ ვთქვა, ზედმეტი სითამამითაც რომ გამოირჩეოდნენ. პრეტენზია ჰქონდათ, რომ ცოლად ძალიან მაგარი გოგო უნდა შეერთოთ (ცხადია, ყველანაირი პარამეტრით). სტუდენტობის 5 წლის განმავლობაში სამჯერ სერიოზულად ვიყავი შეყვარებული (თუმცა, ცალმხრივად), სამივესთან მეგობრობა თუ არა, კარგი ნაცნობობა მაინც მაკავშირებდა, მაგრამ, ისეთი პოპულარული ბიჭები იყვნენ, ისეთი გათამამებულები ლამაზმანების ყურადღებით, რომ, დაქალებისთვისაც კი არ გამიმხელია ჩემი გრძნობები. ასე ვიფერფლებოდი ჩემთვის ჩუმად.
გავიდა წლები. ყველა თავის გზას დაადგა ცხოვრებაში, მათ შორის – მეც. ჩემი ოცნების რაინდის პოვნის იმედი რომ დავკარგე, ავდექი და გარიგებით გავთხოვდი, რადგან ძალიან მინდოდა შვილი. მაშინ კი, მით უმეტეს, ჩემისთანა ოჯახის შვილისთვის, ეს არც ისე იოლი საქმე იყო. ცოლად გავყევი კაცს, რომელსაც, პრაქტიკულად, არც კი ვიცნობდი წესიერად, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. ცუდი ადამიანი არ იყო, მაგრამ თავიდანვე ვხვდებოდი, რომ ჩვენ ერთმანეთის მეორე ნახევრები ვერასოდეს ვიქნებოდით, ანუ, ერთი მთელი ვერ გავხდებოდით. მაგრამ, ვიცოდი, რომ ჩემს ოჯახს უნდოდა, გავყოლოდი და მეც გადავდგი ეს ნაბიჯი. სხვათა შორის, ჩვენი ქორწილიდან რამდენიმე თვის შემდეგ შემთხვევით მოვკარი ყური ჩემი მშობლების საუბარს – მთავარია, ბინა აქვსო. ესე იგი, გამოვიდა, რომ ბინაზე გამათხოვეს, ბინა იყო გადამწყვეტი კრიტერიუმი და არა ის, ვის ატანდნენ შვილს. ჩემი ქმარი არც გარეგნობით მომწონდა – არასდროს მიყვარდა ასეთი ტიპის კაცები: ჯმუხი, ჩაფსკვნილი, უხეში ნაკვთებით, იუმორის გრძნობის დეფიციტით. მაგრამ, თავს იმით ვიწყნარებდი, წესიერი ადამიანია-მეთქი, თუმცა, მერე დავრწმუნდი, რომ მარტო წესიერება საკმარისი არ ყოფილა ელემენტარული ბედნიერებისთვისაც კი. ყველაზე დიდ დისკომფორტს კი წლების განმავლობაში მიქმნიდა მისი უყურადღებობა ჩემ მიმართ, ხელმომჭირნეობა მაშინ, თუკი რამე მე ან, საერთოდ, ოჯახს ეხებოდა. არც თვითონ იქმნიდა ოჯახში კომფორტს (ფიზიკური თვალსაზრისით) და არც ჩემზე ზრუნავდა. ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან, ყველა მეგობრის სახლში ეს იყო ელექტრიკოსიც, მშენებელიც, ხელოსანიც, სახლში კი ყველაფერი მოუწესრიგებელი გვქონდა. თან, ხელოსნის გამოძახების უფლებასაც კი არ მაძლევდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენჯერ გვქონდა საშუალება, მანქანა გვეყიდა, მაგრამ, არ მოინდომა – ავტობუსითაც მშვენივრად დავდივარო. მეც ავტობუსით მგზავრობას მაიძულებდა. რომ გაეგო, სადმე ტაქსით წავედი და მგზავრობის ფული, თუნდაც, ვთქვათ, დედაჩემს მოეცა, გაგიჟდებოდ – ფული უნდა გამოგერთმია და ავტობუსით წასულიყავიო. არასდროს უკითხავს, სად მივდიოდი, როდის მოვიდოდი. რომ გეკითხა, მენდობოდა და ეჭვიანობით შეურაცხყოფას არ მაყენებდა, სინამდვილეში კი, თავს არ იწუხებდა ასეთი „წვრილმანებისთვის“. თავისიანებიც კი ეუბნებოდნენ, ცოტა მეტი ყურადღება მიაქციე ცოლს, ეგეთი ქალები ქუჩაში არ ყრია და ვინმემ არ წაგართვასო, მაგრამ ყველაფერი ძველებურად გრძელდებოდა (და დღემდე ასე გრძელდება). ვითომ ხუმრობდა ხოლმე – ერთი მე შევცდი, რომ შევირთე და მეორე ჩემნაირი შტერი სადღა იქნებაო. არც იმისი შიში ჰქონია არასდროს, რომ ასე უყურადღებოდ მიგდებულ ახალგაზრდა ქალს, შეიძლება, გვერდზე გაეხედა – ეტყობა, შუბლზე მეწერა, რომ ერთი დებილი და უთავმოყვარეო ქალი ვარ, რომელიც ყველანაირ ბედს შეეგუება და, ალბათ, ეს აძლევს ჩემს ქმარს სიმშვიდის თუ ფეხებზე დაკიდების საფუძველს. თუმცა, ხანდახან ისიც კი მიფიქრია, ნეტავი, რომ ვუღალატო, საერთოდ თუ ექნება რამე რეაქცია-მეთქი. თუ ათასში ერთხელ სადმე სტუმრად წავიდოდით, იქაც არ ვახსოვდი. ერთხელ მის მეგობართან ვიყავით ოჯახში რაღაც სუფრაზე და პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე: დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ისე გამოვიპარე, მასპინძელიც კი არ გამიფრთხილებია. მეგონა, ჩემი ქმარი შეამჩნევდა, იქ რომ აღარ ვიყავი, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ. მაშინ მობილურები არ იყო, მაგრამ ტელეფონი ხომ გვქონდა სახლში! ერთხელაც არ მოსვლია აზრად, დაერეკა. თუმცა, აზრად როგორ მოუვიდოდა, როცა ვერც კი შეამჩნია, რომ იქ არ ვიყავი! შუაღამისას, შინ რომ დაბრუნდა, მე უკვე ვიწექი, მაგრამ არ მეძინა, რაღაც ჟურნალს ვათვალიერებდი – ნერვებს ვიწყნარებდი. საშუალოდ მთვრალი იყო. ერთი კი გადმომხედა – ჯერ კიდევ არ გძინავსო? – მერე დაწვა და ორ წუთში ხვრინვა ამოუშვა.
ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ პაარალელი მინდა გავავლო: იმ ბიჭებს, რომლებიც მე სტუდენტობისას მომწონდა თუ მიყვარდა და ჩემი გრძნობის გამჟღავნებას ვერ ვბედავდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემისთანა გოგოს ცოლად არ შეირთავდნენ (ისეთ გოგოებთან ჰქონდათ საქმე), ნეტავი განახათ, როგორი ცოლები ჰყავთ! მარტო მათ კი არა, ჩემი თაობის თითქმის ყველა პოპულარულ ბიჭს ისეთი ცოლი „უმშვენებს“ გვერდს, რომ შეხედო, გული გაგისკდება – ჯოჯოები ან სპილოებივით ტლანქები, ძალით „გასვეტებული“ გოიმები, მაგრამ, უნდა ნახო როგორ თან ჰყვებიან, თვალებში შესციცინებენ, საჩუქრებით ავსებენ, ანებივრებენ. 15 წელია, მე და ჩემი ქმარი ერთად ვცხოვრობთ და ერთხელ არ უკითხავს, როგორ ხარ, რა გაგიხარდებაო. ეტყობა, მართლა დებილი ქალი ვარ. როცა არასდროს არანაირი პრეტენზია (თუნდაც კარგი გაგებით) არ გექნება ადამიანს, როცა ყველაფერს იქით გასცემ და აქეთ არაფერს მოითხოვ, დებილი ხარ, აბა, რა ხარ!
რუსებს ერთი კარგი ანდაზა აქვთ. შეიძლება, თარგმანში ისე ეფექტურად არ ჟღერდეს, მაგრამ მაინც შევეცდები, ზუსტად ვთარგმნო: „როცა ადამიანი სულელად იბადება – ეს მთელი ცხოვრება გრძელდება“.
ამას საკუთარ თავზე ვამბობ.
ნანა, 42 წლის.
ჩემი რეპეტიტორი შემიყვარდა
სკოლა შარშან დავამთავრე. 12-წლიანი სწავლების წყალობით, 18 წლის უკვე ვიყავი. შარშან უმაღლესში ვერ მოვეწყვე – ქართულში მინიმალური ზღვარი ვერ გადავლახე. მთელი წელი წიგნისთვის საერთოდ არ მიხლია ხელი. სექტემბრიდან ცოტა ჭკუას მოვეგე და სერიოზულად დავიწყე მეცადინეობა. ერთ-ერთ საგანში ახლობლის პროტექციით მივედი რეპეტიტორთან, ძალიან მიქო – მაგრადაც ამზადებს და, თან, არაჩვეულებრივი ადამიანიაო. ჩემი ახლობლის სიტყვები გამართლდა – ქალბატონი ნონა მართლაც საუკეთესო პედაგოგი და შესანიშნავი პიროვნება აღმოჩნდა. თუმცა, რა ქალბატონი! იმას მასწავლებელი ერქვა და მე – მოსწავლე და იმიტომ მივმართავდი ასე (თუმცა ხანდახან „ნონა მასს“ ვეძახდით), თორემ, სულ რაღაც 29 წლის გოგო იყო. მართლაც საოცრად ღრმა და საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. სულ რომ არ გყვარებოდა ის საგანი და წარმოდგენა არ გქონოდა, ისე მოგაწვდიდა, ისე დაგაინტრიგებდა, რომ, ძალაუნებურად, ისწავლიდი. ძალიან ახლოს იყო თავის მოსწავლეებთან, ოღონდ, ზღვარს არასდროს არავის გადაალახვინებდა. ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ, მე რატომღაც განსაკუთრებით დამიახლოვდა. ხან „უმცროს ძმას“, ხან „უმცროს მეგობარს“ მეძახდა, რაც თავიდან ძალიან მიხაროდა, მაგრამ, მერე და მერე ვიგრძენი, ეს აღარ მსიამოვნებდა. ერთ დღესაც, მივხვდი, რომ ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. ვიცოდი, რომ ამის უფლება არ მქონდა, რომ ეს არ შეიძლებოდა, მაგრამ, თავს ვერ ვერეოდი. თუმცა, ძალიან ვცდილობდი, არ შემტყობოდა და არც არაფერი მითქვამს. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ეტყობა, მაინც შემატყო რაღაც და ერთ დღეს მთხოვა, გაკვეთილის შემდეგ დარჩი, საქმე მაქვსო. კინაღამ გული გამეყინა მღელვარებისგან. ზუსტად არ ვიცოდი, რა საქმე ჰქონდა, მაგრამ, ვიგრძენი, რომ ჩემს გრძნობებთან დაკავშირებით უნდა ეთქვა რაღაც. არც შევმცდარვარ: ყოველგვარი შესავლის გარეშე მითხრა, ჩემი ტოლი რომ იყო, ერთ წამსაც არ დავფიქრდებოდი, ისე გამოგყვებოდი ცოლად, მაგრამ, ათი წლით უმცროსს, პრაქტიკულად, ჯერ კიდევ ბავშვს, 29 წლის, განათხოვარი და ერთხელ უკვე ცხოვრებაგამოვლილი ქალი შენს მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებ და მთელი ქალაქის თითით საჩვენებელი ვერ გავხდებიო. მე რა ვუპასუხე, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი საუბარი იმით დასრულდა, რომ მთხოვა, აღარც მივსულიყავი მასთან და აღარც დამერეკა. ეს საუბარი ივნისში შედგა. ფაქტობრივად, სულ ორი-სამი გაკვეთილიღა იყო ჩასატარებელი, მაგრამ, ცხადია, აღარ წავედი, თუმცა, დარჩენილი დღეები მთლიანად მისი საგნის მეცადინეობას შევალიე – მინდოდა, ძალიან მაღალი ქულა მიმეღო და ამით დამემტკიცებინა მისთვის, რომ მართლა მიყვარდა. ასეც მოხდა – მის საგანში 92 ქულა მივიღე, მაგრამ დარეკვა და შეტყობინება ვერ გავბედე. თუმცა, როგორც ჩანს, ვიღაცისგან გაიგო და მესიჯი მომივიდა მისგან – გილოცავო.
ყველა საგანში ისეთი ქულები ავიღე, ზუსტად ვიცი, რომ უკვე სტუდენტი ვარ, თანაც, იმ ფაკულტეტზე, რომელზეც ნონა ლექციებს კითხულობს. ანუ, გამორიცხული არ არის, რომ მე მისი ოფიციალური სტუდენტი გავხდე. მაგრამ, თუ ეს ასე მოხდა, არ ვიცი, როგორ წარიმართება ჩვენი ცხოვრება. ამიტომ, ძალიან დიდი სიხარულით და საშინელი მღელვარებით ველი სექტემბრის დადგომას.
ღმერთი მაღალია, ვნახოთ, რა მოხდება.
ლევანი, 19 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.