როგორ გავუსწარით დაბადებული ბიჭების რაოდენობით ჩინეთს და რატომ დაირღვა საქართველოში სქესთა თანაფარდობა რეკორდული მაჩვენებლით
ბოლო წლებში საქართველოს, მეზობელ აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, მსოფლიოს მეცნიერები სქესთა თანაფარდობის დარღვევაში „ადანაშაულებენ” და აცხადებენ, რომ 100 გოგონაზე დაბადებული ბიჭების რაოდენობის შეფარდებით საქართველომ ჩინეთსაც კი გაუსწრო. ნებისმიერი ქართველისთვის ეს უცნაური სტატისტიკა საგანგაშო ნამდვილად არაა, პირიქით, რაც მეტი ბიჭი გაჩნდება ჩვენს მცირერიცხოვან ერში, მით უკეთესი. თუმცა, დემოგრაფები და სტატისტიკოსები საკითხს ასე მარტივად არ აფასებენ და, ციფრებს მიღმა, უკვე საუკუნეებია, ზოგადი კანონების პრინციპებს იკვლევენ. დემოგრაფ გია წულაძეს მიაჩნია, რომ ევროპელების შეშფოთება უსაფუძვლოა და, 2009 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ნორმებში მოხვდა.
– ბატონო გია, როგორი მონაცემები გაქვთ დემოგრაფებს ბოლო პერიოდში საქართველოში სქესთა თანაფარდობის შესახებ? ტრადიციულად, ისევ ქალთა რაოდენობა აჭარბებს მამაკაცებისას?
– სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა რამდენიმე ნაწილად იყოფა: პირველადი თანაფარდობა არის ბიოლოგიის საგანი და უკავშირდება ზიგოტების რაოდენობას განაყოფიერების პროცესში; მეორე კატეგორიას წარმოადგენს სქესთა თანაფარდობა ცოცხლად დაბადებულთა შორის და მესამეულ კატეგორიას კი – სქესთა თანაფარდობა მაღალ ასაკში. დემოგრაფია მეორეულ და მესამეულ თანაფარდობას იკვლევს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, შეიძლება, ითქვას, რომ, ვინაიდან ნებისმიერ ასაკში, დაწყებული ცოცხლად დაბადებულიდან, მამაკაცებში მოკვდავობის ინტენსივობა უფრო მეტია, ვიდრე ქალებში. ქალის ორგანიზმი უფრო გამძლე და ადაპტირებადია. ამის მიუხედავად, 15-20 წლამდე ასაკში ბიჭების რაოდენობა ყოველთვის სჭარბობს გოგონების რაოდენობას, უფრო მაღალ ასაკში განსხვავება კიდევ უფრო იზრდება, რაც გამომდინარეობს უამრავი მიზეზიდან, რომელთა შორის არის ცხოვრების წესი, შრომითი პირობები და ასე შემდეგ. ზოგიერთ ასაკში საქმე გვაქვს მამაკაცების ზემოკვდავობასთან, ასეთ პერიოდში სქესთა თანაფარდობა ძალიან ირღვევა. საქართველოში ქალების რაოდენობა დაახლოებით ათი პროცენტით ჭარბობს მამაკაცთა რაოდენობას. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ასე იყო.
– სქესთა მეორეული თანაფარდობა რამდენად განსაზღვრავს მაღალი ასაკის თანაფარდობას?
– განსაზღვრავს, მაგრამ არ წარმოადგენს ძირითად ფაქტორს. თუ განვიხილავთ კატეგორიას ცოცხლად დაბადებულთა შორის ნორმალურ მაჩვენებლად ითვლება 105-106 ბიჭი ას გოგონაზე. მიჩნეულია, რომ დაბადებული ბიჭების რაოდენობა 100 გოგოსთან შედარებით არ უნდა იყოს 104-ზე ნაკლები და 107-ზე მეტი. ეს არის ნორმალური თანაფარდობა, თუმცა არის გამონაკლისი ქვეყნები, მაგალითად, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, ეთნიკური და ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, 100 გოგონაზე 102 ბიჭი მოდის, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში კი ეს მაჩვენებელი 108-მდეც ადის. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის კვლევას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1662 წელს შეისწავლა ეკონომისტმა ჯონ გრაუნტმა ეს საკითხი და დაადგინა, რომ ბიჭები უფრო ხშირად იბადებიან, ვიდრე გოგონები. მისი გამოანგარიშებით, 100 გოგონაზე სქესთა თანაფარდობამ 107 ბიჭი შეადგინა. ამას მოჰყვა სხვა მეცნიერების კვლევები: 1814 წელს ლაპლასმა ევროპის დიდ ქალაქებში შეისწავლა სქესთა თანაფარდობა და დაასკვნა, რომ ბიჭების სიჭარბე არის ზოგადი კანონი. მან დაამტკიცა, რომ ეს განპირობებულია მუდმივი მიზეზებით, ბიოლოგიური კანონზომიერებებით, ფაქტობრივი ცვლილებები კი შემთხვევითი მიზეზებითაა გამოწვეული.
– უცხოეთში ხშირად აცხადებენ, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ის სამი ქვეყანაა, რომლებიც, 2008 წლის მონაცემებით, დარღვეული სქესთა თანაფარდობით ლიდერობენ და მსოფლიოში ჩინეთსაც გაუსწრეს. რამ გამოიწვია ეს?
– ეს არის მითი, რომელიც ევროპელებმა შექმნეს. სამივე ქვეყანაში მოუწესრიგებელი იყო შობადობის რეგისტრაცია და ეს მაჩვენებელიც სწორედ ამის გამო შედგა. თუ გადავხედავთ ოფიციალურ სტატისტიკას, ნათლად ჩანს, რომ იმ წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური სიტუაცია და მოშლილი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება იყო, სქესთა თანაფარდობა საგრძნობლად დარღვეულია. მაგალითად, ომის წლებში საქართველოში ას გოგოზე 109 ბიჭი იბადებოდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა 1940 წელს, როდესაც 100 გოგონაზე 110 ბიჭი დაიბადა. არის მოსაზრება, რომ ომის წინა და შემდგომ პერიოდებში უფრო მეტი ბიჭი იბადება, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. საუბრობენ ბუნებრივი კომპენსაციის კანონებზე, თუმცა თუ აქაც გავიხსენებთ ლაპლასს, ცვლილებები შემთხვევითი მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული. ძალიან მნიშვნელოვანია აღრიცხვის სიზუსტეც, რაც ყოველთვის წარმოადგენდა პრობლემას. 1994 წელს სტატისტიკურმა მონაცემებმა ნორმას საგრძნობლად გადააჭარბა – დაიწყო 110 ბიჭიდან და ეს მაჩვენებელი 119-მდე ავიდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2008 წელს – ცოცხლად დაბადებულთა თანაფარდობამ 100 გოგონაზე 128 ბიჭი შეადგინა, მაშინ, როცა ჩინეთშიც კი 100 გოგონაზე მაქსიმუმ, 122 ბიჭი იბადება.
– როგორ გავასწარით ჩინეთს, იმიტომ ხომ არა, რომ იქ ერთი შვილის გაჩენა და მისი სქესის განსაზღვრა ლამის სახელმწიფო პოლიტიკით არის განპირობებული?
– ამასთან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება: ერთი მოსაზრების მიხედვით, ეს გამოწვეულია ცუდი აღრიცხვიანობის გამო; მეორე მოსაზრების მიხედვით კი, მას შემდეგ, რაც დაინერგა ადრეული დიაგნოსტიკა, ფეხმძიმობის დროს ხდება მდედრობითი ნაყოფის ხელოვნური მოშორება, ვინაიდან ბიჭს მეტ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე გოგონას. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს თბილისის გუბერნიაში 100 ცოცხლად დაბადებულ გოგონაზე 115 ბიჭი მოდიოდა, რა ვქნათ ახლა, ეს მაჩვენებელი ადრეულ დიაგნოსტიკას უნდა დავაბრალოთ? ჩვენთან ხშირად ჩინეთი მოჰყავთ მაგალითად, რადგან ჩინეთში ძალიან არის გავრცელებული ხელოვნური გზით გოგონების მოშორება. აქაც ისტორიული, ტრადიციული და სოციალურ-კულტურული მომენტები მოქმედებს. ჩინეთში ქალის როლი და მდგომარეობა ყოველთვის დაკნინებული იყო. თანამედროვე ვითარების მიხედვით, მაღალი შობადობის გამო ჩინეთის ხელისუფლებამ 1979 წლიდან პრიორიტეტად გამოაცხადა ერთბავშვიანი ოჯახი. 1982 წლიდან შობადობის შეზღუდვა კონსტიტუციურად იქნა განმტკიცებული და ამ პუნქტის დაცვა ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა. არსებობს მცირე გამონაკლისები, მაგრამ ეს მოთხოვნა ეხება ჩინეთის მოსახლეობის 97 პროცენტს. სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ეს არც ერთ ქვეყანაში არაა აყვანილი. არსებობს გარკვეული ნორმები ინდოეთშიც, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა. როგორც ცნობილია, 2050 წლისთვის ინდოეთი გადააჭარბებს ჩინეთს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ინდოეთშიც დარღვეულია სქესთა თანაფარდობა. იქ გოგოს დაბადება უბედურებაა, რადგან გათხოვების დროს მას ისეთ მზითევს ატანენ, რომ ოჯახს ამით დიდი ზარალი ადგება. შესაძლოა, ამის გამო არ არის ინდოეთში გოგოს ყოლა პოპულარული. დარღვეულია სქესთა თანაფარდობა კენიაშიც. იქ საერთოდ არ არსებობდა ადრეული დიაგნოსტიკა, მაგრამ 100 დაბადებულ გოგონაზე 145 ბიჭი მოდიოდა. მერე ეს რიცხვი ისე შეიცვალა, რომ ბიჭების რაოდენობამ ასზე ნაკლები შეადგინა. როცა სტატისტიკა არ არის ზუსტი, უაზრო შედეგს ვიღებთ. რაც შეეხება შობადობის დიფერენციაციას, ეს დამოკიდებულია დემოგრაფიული განვითარების საფეხურებზე. იმ ვითარებაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, შობადობა სოციალური ნიშნის მიხედვით ნიველირებულია. სულ რამდენიმე წლის წინ, რაც უფრო მაღალი იყო ოჯახის შემოსავალი, მით ნაკლებ ბავშვებს აჩენდნენ, ასე იყო განათლებასთან დაკავშირებითაც. ზოგადად, არსებობს კანონი, რომ დემოგრაფიული განვითარების გარკვეულ საფეხურზე სოციალური კეთილდღეობა უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია შობადობასთან. რაც შეეხება მოკვდავობას, ესეც დიფერენცირებულია სოციალური ნიშნით, მაგრამ, ამ ასპექტში ბევრი არაფერი შეცვლილა. სოციალური კეთილდღეობა სიცოცხლის ხანგრძლივობას უწყობს ხელს და მასთან პირდაპირპროპორციულ კავშირშია.
– ძალიან კარგი, თუ ბიჭების რაოდენობით ჩინეთსაც გავუსწარით და კენიასაც, თუმცა, მათი მაგალითების საქართველოში გადმოტანა ნორმიდან გადახრის მაჩვენებლად გამოდგება?
– რა თქმა უნდა, არა. ანომალიური ადამიანები ჩინეთშიც არიან და საქართველოშიც, მაგრამ საქართველოში ნამდვილად არ იშორებენ ნაყოფს მხოლოდ იმ მიზეზით, თუ ის მდედრობითი სქესისაა. აპრიორი დასკვნები მეცნიერებაში არ უნდა არსებობდეს და არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ქართულ ოჯახებში ბიჭს გოგონასთან შედარებით მეტი უპირატესობა ენიჭება. კვლევები აჩვენებს, რომ დაბალ ასაკში უპირატესობა ენიჭება თავისივე სქესის წარმომადგენელს, ანუ, გოგონას უნდა, რომ შვილი მდედრობითი სქესის ჰყავდეს, ბიჭს კი უნდა, რომ ბიჭი ეყოლოს. მაღალ ასაკში ეს სურვილები ერთმანეთს უტოლდება. ეს ბავშვების რიგითობასთან მიმართებაში შემდეგნაირად ყალიბდება: ერთი შვილის შემთხვევაში, უპირატესობას ქალიც ბიჭს ანიჭებს; მეორე-მესამე შვილის შემთხვევაში ქალები უპირატესობას უკვე გოგონას ანიჭებენ; მეოთხე და უფრო მეტი შვილის შემთხვევაში კი თანაფარდობა დაახლოებით ერთნაირია. რაც უფრო მაღალია დაბადების რიგითობა, მით უფრო ნაკლები ბიჭი იბადება, ვინაიდან, საქართველოში ორბავშვიანი ოჯახები ყველაზე მრავალრიცხოვანია და რეპროდუქციის მხრივ ქალის აზრია მნიშვნელოვანი. ძალიან ნაკლებად დასაშვებია, რომ ქალმა გოგონაზე ფეხმძიმობის დროს აბორტი გაიკეთოს. არსებობს ბიოლოგიური კანონზომიერებები, მაგალითად: რეგისტრირებული ქორწინების დროს უფრო ხშირად ბიჭები იბადებიან, ქორწინების გარეშე კი – გოგონები. 20 წლამდე ასაკშიც, დედებს უფრო მეტად ბიჭები უჩნდებათ, ვიდრე უფროს ასაკში – ეს არის ჩვეულებრივი კანონზომიერება.
– 2009 წლის სტატისტიკაც ისე შორდება ნორმას, როგორც წინა რეკორდული წლის?
– არა, როგორც კი 2009 წელს საქართველოში ობიექტურად გაიზარდა შობადობა და გაუმჯობესდა აღრიცხვა, მივიღეთ ნორმალური სურათი: 2009 წელს 63 ათასამდე ბავშვი დაიბადა, აქედან, 100 ცოცხლად დაბადებულ გოგონაზე 105 ბიჭი მოდის. ჩვენ შობადობის მაჩვენებლით უკვე დავეწიეთ აზერბაიჯანს. რაც შეეხება სომხეთს, ეს მეზობელი ქვეყანა ახლა უკვე საგრძნობლად ჩამოგვრჩება.