რაში დააოსტატა ირმა გიგანმა მამა და რის გასაღებს ეძებს ის გამუდმებით
ის ძალიან ნიჭიერი და დიდი მომავლის მქონე პიანისტია, პირველ წარმატებებს ადრეული ასაკიდან ეზიარა, თუმცა თავად ძალიან მოკრძალებულია და ფიქრობს, რომ გასაღები, რომლითაც მსოფლიოს ცნობილ კომპოზიტორებს ბოლომდე „გახსნის”, ჯერ კიდევ არ უპოვია. 13 წლის ირმა გიგანისთვის მუსიკის სამყაროს საზღვრები არ აქვს. პატარა გოგონას წარმატებული გზა მსოფლიოს ბევრ ცნობილ სცენაზე გადის. სულ ახლახან მან კიდევ ერთი პრესტიჟული მიწვევა მიიღო – უახლოეს მომავალში ირმა გიგანი შოპენის სამშობლოში სოლო კონცერტს ჩაატარებს, დაუკრავს „კარნეგი-ჰოლში“ და თავის ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრის შანსს კიდევ ბევრ მსმენელს მისცემს.
ირმა გიგანი: ახლახან ჩამოვედი ჰოლანდიიდან, სადაც ვიყავი მასტერკლასებზე, რომელსაც გვიტარებდნენ მსოფლიოში ცნობილი პროფესორები, მათ შორის – ბადურა შკოდა და ემილ ნაუმოვი. ძალიან დატვირთული რეჟიმი გვქონდა. ამერიკელი პროფესორი ფრედერიკ ჩიუ გვიტარებდა მედიტაციებს და გვასწავლიდა, როგორ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები, როგორ უნდა მოვიქცეთ სცენაზე. ერთ დღეს მოგვცეს ძალიან მძიმე დავალება – ერთ ღამეში უნდა მოგვემზადებინა ლისტის ნაწარმოები „ტოკატა”, რომელიც საკმაოდ რთული შესასრულებელია. ჩვენ მოგვცეს ნოტები და გვითხრეს, რომ დღის თორმეტ საათზე ისე უნდა ჩაგვებარებინა ეს დავალება, ინსტრუმენტს არ მივკარებოდით. თვალით უნდა გვესწავლა, მაგიდაზე თითების განძრევაც კი აგვიკრძალეს (იცინის). მე არ გამიჭირდა ამ დავალების შესრულება, დილის ცხრის ნახევარზე ნაწარმოები უკვე კარგად ვიცოდი. ისე დავუკარი, რომ პროფესორები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
– როგორი განცდა გაქვს, როცა ასე პატარა ასაკში მსოფლიოს ცნობილ მუსიკოსებთან ერთად დგახარ სცენაზე?
– ეს ძალიან სასიამოვნოა. თავიდან მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსები, როგორც ბავშვს ისე მიყურებენ, ძალიან თბილად მექცევიან, ჩემზე ზრუნავენ, მაგრამ მერე, სცენაზე ჩვენ თანაბარი უფლებები გვაქვს. კონცერტზე პატარა აღარ ვარ (იცინის). მე ბევრ ასეთ ადამიანთან მომიწია მუშაობა, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ლექსო თორაძესთან, ეთერ ანჯაფარიძესთან ერთად დაკვრა. 8 წლის ვიყავი, როცა მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში დავუკარი მიხაილ გრანოვსკისთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც არასდროს მავიწყდება. უცხოელებს შორის ყველაზე მეტად მომეწონა არაჩვეულებრივი დირიჟორი და მუსიკოსი ავნერ ბირონი. ის თბილისში იყო ჩამოსული და ჩვენ ერთად ჩავატარეთ კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ამ დირიჟორთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. ბატონმა ავნერმა დამპატიჟა ისრაელში, სადაც მე დავუკარი თელ-ავივის დიდ საკონცერტო დარბაზში არაჩვეულებრივ ორკესტრთან, თელ-ავივის კამერატასთან ერთად. ჩვენს მოსასმენად ძალიან ბევრი საქართველოდან წასული ებრაელი მოვიდა. ისინი ძალიან კარგად შემხვდნენ. ისრაელში მცირე დროში, ერთ დღეში ჩავწერეთ დისკი, რომელშიც შევიდა შოპენისა და მოცარტის ნაწარმოებები, ასევე, 21-ე კონცერტი. ეს დისკი გაიყიდება როგორც ისრაელში, ასევე საქართველოშიც. ეს იყო ჩემი პირველი დისკი და ჯერჯერობით ერთადერთი, სამაგიეროდ, მაქვს ბევრი პრიზი. ექვსი წლის ვიყავი, როცა გავიმარჯვე კონკურსზე იტალიაში. ეს ჩემი პირველი კონცერტი იყო უცხოეთში და ჩემი პირველი გრან-პრი. ამის მერე ბევრი პრიზი მომიპოვებია, მაგრამ, ის მაინც განსაკუთრებული იყო.
– შენს ცნობილ ოჯახში ყველაზე მეტი გრან-პრის მფლობელი უკვე შენ იქნები. შენს პრიზებს ბაბუა ხომ არ „მეთვალყურეობს?”
– ბაბუა ხუმრობს ხოლმე, მაგრამ ყველა პრიზს მე თვითონ ვუვლი. საკუთარ თავს ჩავაბარე (იცინის). ბაბუას ძალიან უხარია ჩემი წარმატებები, სულ ამბობს, როცა შენს კონცერტზე ვარ და გისმენ, ხელში ყოველთვის ჯვარი მიჭირავსო. ეს ისეთ რიტუალად ექცა, რომელსაც არ არღვევს, ბაბუა უცხოეთშიც ხშირად მომყვება ხოლმე. ჩემს კონცერტებში ჩართული მყავს მამაც, რომელიც ადრე მაინცდამაინც ვერ ერკვეოდა მუსიკაში. ახლა ყველაფერში ისე გავარკვიე, უკვე ესმის ბგერა როგორ ავიღე (იცინის). ძალიან მგულშემატკივრობს ჩემი პედაგოგი ბატონი თენგიზ ამირეჯიბი. მისი შეფასება ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემს კონცერტებზე დადიან ჩემი მეგობრებიც.
– სცენაზე გასვლის წინ ძალიან ნერვიულობ თუ ამას უკვე შეეჩვიე?
– კონცერტამდე 15 წუთით ადრე, კულისებში ისე ვღელავ, რომ მგონი, არავინ არ უნდა დამელაპარაკოს (იცინის). მნიშვნელობა არ აქვს, დიდ დარბაზში ვუკრავ თუ პატარა დარბაზში, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავდივარ, ყველაფერი მავიწყდება, ვხედავ მხოლოდ როიალს, რომლისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებ. სცენაზე ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მე სხვებთან შედარებით პატარა ნაბიჯით უფრო ახლოს ვარ ღმერთთან. მე ვერ ვხედავ, რომ ჩემგან მარჯვნივ სხედან მსმენელები, სცენაზე ვართ მხოლოდ მე და როიალი, ყველა საზღვარი იშლება. ჩემს ემოციებს, რომელიც კულისებში მაქვს იზიარებს მხოლოდ დედაჩემი. მას არასდროს დარბაზიდან არ მოუსმენია, მე როგორ ვუკრავ. დედა არის ყოველთვის ყველაზე ახლოს, კულისებში, ასე დაიწყო და ასე გრძელდება. დედა ხუმრობს ხოლმე, მე კულისებში ვიტანჯები და მეორედ ვამთავრებ კონსერვატორიასო. სანამ სცენაზე გავალ ხელში ყოველთვის მიჭირავს პატარა ხატი, რომელსაც დედას ვუტოვებ ხოლმე.
– მე მგონი, მას შენი პროდიუსერის და აგენტის ფუნქციაც ანდე.
– მე ძალიან დამეხმარა კომპოზიტორი ბორის თბილელი. მან 5 წლის ასაკში მომისმინა და ჩემი ჩანაწერის კასეტა გაგზავნა, რის შედეგადაც მე მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში დავუკარი. შეიძლება ითქვას, რომ ახლა დედას აკისრია აგენტის როლი. ერთად ვარჩევთ ჩემს საკონცერტო ტანსაცმელს, რომელსაც ძირითადად ვყიდულობ. ადრე კაბებს მიკერავდა დედას მეგობარი ნანა გერასიმოვა, რომელიც წელს გარდაიცვალა. ეს კაბები ისე მიყვარდა, არ ვიხდიდი. მათ ყოველთვის შევინახავ რელიკვიად. ახლა კონტრაქტებს მამას ნაცვლად უკვე მე თვითონ ვაწერ ხელს. აი, ბოლო კონტრაქტი, რომელიც ისრაელში გავაფორმეთ, ჩემი ხელმოწერილია. თან, საკმაოდ კომერციული კონტრაქტი იყო (იცინის).
– უკვე გაქვს შენი ფული?
– აბა, რა. ჩემი პირველი ჰონორარი, რომელიც ბოლონიის კონკურსზე ავიღე იყო 500 ევრო. ჰონორარებს, ძირითადად, მუსიკალურ დისკებში ვხარჯავ, მაგრამ ჩემთვისაც ვიტოვებ, სახლში მეხუმრებიან ხოლმე: ხომ არ დაგვაფინანსებო? (იცინის).
– როგორც ვიცი, უახლოეს მომავალში კონცერტებს გამართავ ვარშავის დიდ საკონცერტო დარბაზში და „კარნეგი-ჰოლში“. ეს ძალიან ბევრი პიანისტის ოცნებაა, როგორ მიგიწვიეს იქ?
– ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ჯერ არ ვიცი, ზუსტად როდის ჩავატარებ კონცერტს. ვიცი, რომ ბევრ ცნობილ დარბაზში მომიწევს გამოსვლა. ამაზე მეც მიოცნებია. პოლონეთი შოპენის სამშობლოა და მე მიყვარს ეს კომპოზიტორი. მისი ნაწარმოებების დაკვრა მისსავე ქვეყანაში, თანაც სოლო კონცერტი, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მე როგორც ვიცი, პოლონეთში ძალიან კარგი მუსიკოსები არიან და ასევე მსმენელებიც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კონცერტი კარგად ჩაივლის. რაც შეეხება „კარნეგი-ჰოლს“, იქ დაკვრა ბევრი პიანისტისთვის არის შემოქმედების მწვერვალი. მე, როგორც მსმენელიც კი არ ვყოფილვარ იქ და დაკვრაზე ხომ საერთოდ არ მიფიქრია. ამ მოწვევის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც ვიცი, ეს მოწვევა იმ კონცერტებმა განაპირობა, რომელიც მე სხვადასხვა ქვეყნებში მქონდა.
– როდის მთავრდება მუსიკა შენს სამყაროში?
– არასდროს. ეს პროფესია ბავშვობიდან მაქვს ამოჩემებული, ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. კონცერტის მერე, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, ვერ ვიძინებ, ემოციები სახლამდე მომყვება, არადა სულ დაცლილი ვარ ხოლმე. ენერგიას ისევ მუსიკით ვიღებ. სულ ვეძებ, რომ გასაღები ვუპოვო იმ კომპოზიტორებს, რომლებსაც ვუკრავ, რომ უფრო მეტად „გავხსნა” ისინი. დედა ამბობს, კულისებიდან ვხვდები, როგორ დაუკრავ, როგორც კი პირველ ბგერებს აიღებო. მე ამას ვერ ვხვდები, შეიძლება ეს არის ჩემი ხელწერა – თუ ვიპოვე ის ბგერა, რაც მინდა რომ დავიჭირო, მერე ყველაფერი კარგად მიდის.
– შენ უკვე პოპულარული გოგო ხარ, როგორია ეს განცდა? ასე პატარა შენი თანატოლებისგან განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობ?
– მე ჩემი მეგობრებისთვის ვარ „მუშკა“, ვთამაშობ მათთან ერთად. სულ ახლახან დავანებე თავი თოჯინებს და მულტფილმებზე გადავერთე (იცინის).
– ხელები, რომლითაც ასე ლამაზად უკრავ შედევრებს, დაზღვეული ხომ არ გაქვს?
– არა. დედა ხუმრობს ხოლმე, როცა გაიზრდები, შენს დაზღვევას და ხელებს შენ თვითონ მიხედეო (იცინის).