რა ღირს აუქციონზე მსოფლიოში პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის ბილეთი და რამდენი ნიმუშია თავმოყრილი პაატა აროშიძის საფეხბურთო ბილეთების კოლექციაში
ეკონომიკის დოქტორი, ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პაატა აროშიძე, საკმაოდ იშვიათი, საინტერესო და უჩვეულო კოლექციის მფლობელია. ორასამდე საფეხბურთო ბილეთისგან შემდგარ მის კოლექციაში თავმოყრილია ბევრი უნიკალური, საინტერესო დიზაინისა და ძნელად მოსაპოვებელი ბილეთი. თუ როგორ ზრუნავენ ჩვენი რესპონდენტი და მისი მეგობრები ამ კოლექციის გამრავალფეროვნებაზე და რომელი ბილეთია მათ შორის ომგამოვლილი, ამას ჩვენი რესპონდენტი თავად გვიამბობს.
პაატა აროშიძე: ამ კოლექციის შეგროვების იდეა 90-იანი წლების დასაწყისში მომივიდა, თუმცა, მანამდეც, ახლაც და, მთელი ჩემი ცხოვრება, ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავი. 1995 წელს გაიხსნა ბათუმის „დინამოს“ სტადიონი. ეს იყო ბათუმის „დინამოს“ პირველი გასვლა ევროპულ არენაზე. მახსოვს პირველი თამაშიც – ერთმანეთს შეხვდნენ სამტრედიის „ლოკომოტივი“ და მაკედონიის „სკოპე-ვარდარი“. სამტრედია მას შემდეგ აღარც გასულა ამ მასშტაბის ტურნირზე. რა თქმა უნდა, ამ თამაშს დავესწარი. მოგვიანებით კი, დაახლოებით 5-6 წლის შემდეგ, აღმოვაჩინე ამ თამაშის ბილეთი ჩემს პირად არქივში და ამგვარი კოლექციის შეგროვების იდეაც მაშინ დაიბადა.
თავდაპირველად, ქართულ ბილეთებზე მიმიწვდებოდა ხელი. მეგობარმაც მაჩუქა საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ბილეთი, სადაც თბილისის „დინამო” და ფოთის „კოლხეთი“ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს შეხვედრა 1990 წლის მარტში შედგა. მასზე დასასწრები ბილეთი კი იმით არის გამორჩეული, რომ 10 წლის შემდეგ, ანუ 2000 წელს, მის მფლობელს ეძლეოდა საშუალება, დასწრებოდა სეზონის გახსნის მატჩს. რაც ამ კოლექციის შეგროვება დავიწყე, ყველა იმ შეხვედრის ბილეთებს მოვუყარე თავი, რომელზეც ითამაშეს ბათუმის „დინამომ”, თბილისის „დინამომ” და ქართულმა გუნდებმა ევროარენაზე. ასევე, შევიძინე საქართველოს ნაკრების თამაშების ბილეთები. როგორც სახლში, ისე გასვლითი თამაშების. მაგალითად, მაქვს რუსეთ-საქართველოს თამაშის ბილეთი, რომელიც ჩატარდა 2003 წლის ოქტომბერში, ასევე, გერმანია-საქართველოს ამხანაგური თამაშის ბილეთი, რომელიც ჩატარდა 2006 წლის 27 ოქტომბერს, 2003 წლის იტალია-საქართველოს თამაშის ბილეთი და სხვა.
ეროვნული გუნდებისა და საქართველოს ნაკრების თამაშებიდან თანდათანობით გადავერთე საერთაშორისო ასპარეზზე და გადავწყვიტე, „უეფას“ თასის, ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ბილეთებიც შემეგროვებინა. ამჟამად ჩემს კოლექციაში არის მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ბილეთი. ეს არის იტალიის 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთი, გერმანიის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთი და 2010 წლის, ანუ, სულ ახლახან დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთი. გარდა ამისა, მაქვს ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალის ბილეთიც.
– რომელია თქვენს კოლექციაში თავმოყრილი ბილეთებიდან ყველაზე ძველი?
– ყველაზე ძველი ამ ბილეთებიდან არის 1958 წელს ინგლისისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ბილეთი. ეს თამაში „უემბლის“ სტადიონზე ჩატარდა. საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა სლავა მეტრეველი, ინგლისის ნაკრებში კი – ბობი ჩარლტონი. მაქვს 1984 წელს ისევ „უემბლიზე“ გამართული ინგლისისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების თამაშის ბილეთებიც. ასევე, 1979 წელს „ჰამბურგისა“ და თბილისის „დინამოს“ თამაშის ბილეთიც. ამ დროს თბილისის „დინამო“ 1:0 იგებდა დავით ყიფიანის მიერ გატანილი გოლით და შემდგომში ანგარიშით 3:1 დამთავრდა ეს შეხვედრა. ამ კოლექციის ნაწილია „ნაპოლი“-თბილისის „დინამოს” თამაშის ბილეთიც. ეს თამაში 1980 წელს შედგა.
– როგორ ხვდება ესოდენ ძველი, მნიშვნელოვანი და იშვიათი ბილეთები თქვენს კოლექციაში?
– მათი დიდი ნაწილი ჩემ მიერ არის შეძენილი, თუმცა, მეგობრებიც ხშირად მჩუქნიან ხოლმე და არა მარტო მეგობრები, მათი მეგობრის მეგობრებიც აქტიურად არიან ჩართულნი ჩემი კოლექციის გამრავალფეროვნებაში. თუ რომელიმე მათგანს უცხოეთში უწევს წასვლა, ყველამ იცის, რით უნდა გამახაროს. ბევრი ბილეთი აუქციონებზეც მაქვს შეძენილი. ძირითადად, www.eby.com და www.molotok.ru – ამ აუქციონებზე ვიძენ სასურველ ბილეთს. ამ ორ აუქციონზე ფასები განსხვავებული და შედარებით მისაღებია.
– აუქციონებზე საფეხბურთო ბილეთებით დაინტერესება დიდია?
– თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ. თუმცა, უფრო მეტი რაოდენობით იყიდება, საფეხბურთო პროგრამები.
არის ეჭვი, რომ რამდენიმე წელიწადში, ანუ მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის, ბილეთები აღარ გაიყიდება და მის ნაცვლად, უბრალოდ, ბარათების მეშვეობით მოხვდებიან მსურველები სტადიონზე. ეს გამოიწვია იმან, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვან თამაშებზე ბილეთების ძალიან დიდი რაოდენობით გაყალბება ხდება.
– ამჟამად რამდენი ბილეთია თქვენს კოლექციაში თავმოყრილი?
– კოლექციაში თავმოყრილი მაქვს 200-მდე ბილეთი, დაახლოებით 10 ბილეთი კი უკვე შეძენილი მაქვს და უახლოეს დღეებში ჩამოვა ფოსტით.
– საქართველოს საფეხბურთო ისტორიასთან დაკავშირებული რომელი მნიშვნელოვანი თამაშების ბილეთებია ამ კოლექციაში შესული?
– პირველ ყოვლისა, საბჭოთა კავშირისა და თბილისის „დინამოს“ მიერ ჩატარებული, როგორც ბოლო პერიოდის, ასევე ძველი თამაშების ბილეთები მაქვს, – იმ თამაშებისა, რომლებითაც ქართულმა ფეხბურთმა სახელი გაითქვა.
მაქვს 2008 წლის მოსკოვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთიც, რომელიც სხვადასხვა აუქციონზე 100-200 დოლარი ღირდა, მე კი მეგობარმა მაჩუქა. www.eby.com-ის აუქციონზე მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის – ურუგვაის 1930 წლის ჩემპიონატის ბილეთი გამოიტანეს გასაყიდად. დაახლოებით, 150 დოლარი ღირს. ვცდილობ, შევიძინო.
– დიზაინით თუ გამოყოფდით რომელიმე ბილეთს?
– ყველაზე გამორჩეული ბილეთი, ალბათ, მოსკოვის 2008 წლის ჩემპიონატისა და მანჩესტერში ჩატარებული 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ბილეთებია. მანჩესტერის ბილეთს გარდამავალი ფერები აქვს. ადრე რომ პლასტიკატივით ბარათები იყო ხოლმე, გახსოვთ ალბათ, თვალებთან მიტანისა და შორს გაწევის დროს გოგო რომ თვალს ხუჭავდა და ახელდა, ამ პრინციპით იყო ეს ბილეთიც გაფორმებული: ახლოს მიიტანდი – მანჩესტერის სტადიონი ჩანდა, ოდნავ გასწევდი და – თასს დაინახავდი. საკმაოდ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით გამოირჩევა „ჰამბურგი“-თბილისის „დინამოს“ მატჩისა და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ბილეთები.
ქართული ბილეთები დიდი ხარისხით ვერ დაიკვეხნის – უბრალო ფარატინა ფურცელზეა დაბეჭდილი. საბჭოთა კავშირის პირველობის ბილეთებზე აღნიშნულია მხოლოდ სტადიონის დასახელება, ადგილი და ფასი.
– სხვა კოლექციონერებს თუ იცნობთ, რომელთაც მსგავსი გატაცება აქვთ?
– დამიკავშირდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც მაჩუქეს ბილეთი, მაგრამ, კომპაქტური კოლექციის მფლობელი ჯერჯერობით არავინ გამომხმაურებია.
– ვის გულშემატკივრობთ?
– რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ, საერთაშორისო დონეზე კი გერმანიის გულშემატკივარი ვარ. რაც შეეხება ფეხბურთელს, მიმაჩნია, რომ ქართველი ფეხბურთელები არავისზე ნაკლები არ არიან, გამოვყოფდი კალაძეს, ყენიას, ჭანტურიას... იმედს არ ვკარგავ, რომ დაბრუნდება ის დრო, როდესაც საქართველოში საფეხბურთო ტრიბუნები შეივსება და ყველა დიდი სიხარულითა და აღტაცებით უგულშემატკივრებს ქართულ გუნდებს.
– რომელიმე ბილეთის შეძენის ისტორია თუ გაგახსენდათ...
– მეგობრის მეგობარი, რომელსაც მეც კარგად ვიცნობ და რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს, შევაწუხე და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთის შეძენა ვთხოვე – განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობ, შვეიცარიაში და, იქნებ, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ბილეთის ხელში ჩაგდებაში დამეხმარო-მეთქი. არადა, ფეხბურთით დაინტერესებული არ არიან – არც თვითონ, არც მისი ოჯახის წევრები, მაგრამ, ჩემთვის მაინც შეიძინეს ბილეთი და, როგორც ჩამოუვიდათ შეკვეთის შემდეგ, ზუსტად იმავე შეფუთვითა და კონვერტით გადმომცეს. საინტერესოა, რომ მისი ჩამოსვლა საქართველოში, კერძოდ, ქარელში, სადაც ცხოვრობს, დაემთხვა საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს თვეში განვითარებულ მოვლენებს. ისე გამოვიდა, რომ ჩემი ბილეთის გამო, ლამის ომის წინა ხაზზე აღმოჩნდა ის კეთილი ადამიანი. ბევრი ვინერვიულე. ასეთი თავგადასავალი გაიარა, ომი გამოიარა ამ ბილეთმა და ისე მოაღწია ჩემამდე.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ჰობია. არ ვიცოდი, რა ერქვა ფეხბურთის ბილეთების შემგროვებელს. ამას წინათ ინტერნეტში წავაწყდი შემთხვევით და ეს ყოფილა „ფუტბოლფილია“. ეს სახელწოდება არ ეხება მხოლოდ საფეხბურთო ბილეთების შემგროვებელს. ფუტბოლფილია ყველა ის, ვინც ფეხბურთთან დაკავშირებულ ნებისმიერ ნივთსა თუ საგანს აგროვებს – იქნება ბურთები ეს, ფორმები თუ სხვა აქსესუარები.