რა უცნაური ნიჭი აქვს თამუნა ნიკოლაძეს და რა განსაცდელი მოუვლინა უფალმა მას ცხოვრებაში
ადვილი არ არის იმ მსახიობების გვერდით იდგე და ითამაშო, ვისაც ქართველი ხალხი თავისი სიყვარულით ყოველთვის ათამამებდა. თამუნა ნიკოლაძეს ჯერ კიდევ პატარაობისას ხვდა წილად ჩვენს არაჩვეულებრივ მსახიობებთან ურთიერთობის ბედნიერება. ბებიას ის მარჯანიშვილის თეატრში მიჰყავდა და თავის მეგობარ მსახიობებს აცნობდა, ან ისინი იყვნენ მისი ოჯახის სტუმრები. სწორედ აქედან გადავშლით მისი ცხოვრების დღიურის ფურცლებს. და, შეიტყობთ, თუ რას ნიშნავს მისთვის ეს პროფესია, რა მოუტანა სერიალ „შუა ქალაქში“ ქეთევანის როლის შესრულებამ და რა განსაცდელის წინაშე დააყენა უფალმა წლების წინ, მაშინ, როცა თეატრის სცენაზე ბედნიერება იპოვა.
– თამუნა, გვიამბეთ თქვენს მშობლებზე, ბავშვობის პერიოდზე.
– დედა და მამა თანამშრომლები იყვნენ, სააფთიაქო სამმართველოში მუშაობდნენ და იქ გაიცნეს ერთმანეთი. მამას ძალიან მოსწონებია დედა და ერთ თვეში იქორწინეს. ქორწილი ჩვენს სახლში, მარჯანიშვილზე ყოფილა, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე. ეზოში დიდი და ლამაზი აუზი გვქონდა და როგორც ყვებიან, ეს აუზი ულამაზესი ყვავილებით და ხილით ყოფილა სავსე, გარშემო კი დიდი სუფრა იყო გაშლილი. თამადა კოტე მახარაძე გახლდათ. რაც შეეხება ჩემს დაბადების დღეს, დედა ერთ-ერთ ზაფხულს სოხუმში, დედამისთან ყოფილა ჩასული და ზღვის სანაპიროზე, ძალიან ლამაზ სამშობიაროში დავბადებულვარ. ალბათ, მას მერე მიყვარს თვითმფრინავი და მგზავრობა – სამი თვის ვიყავი, პირველად რომ ვიფრინე. მარჯანიშვილის თეატრის გვერდით ვცხოვრობდით. ბებიას და ბაბუას უშუალო კონტაქტი ჰქონდათ მსახიობებთან, მეგობრობდნენ. მერე ბებიამ რომ დაიწყო მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში, სულ თან დავყავდი. სამი წლის ვიყავი, სპექტაკლში რომ მათამაშეს. იაპონური პიესა იდგმებოდა და რეჟისორმა მედეა კუჭუხიძემ ბებიას, როგორც თეატრის თანამშრომელს, სთხოვა – შვილიშვილი ხომ გყავს, ბავშვი გვჭირდება და მოვსინჯავთო. მახსოვს, ბებიამ ადრე გამომიყვანა ბაღიდან და თოჯინით ხელში მიმიყვანა თეატრში. რეჟისორმა რაც დამავალა, კარგად გავაკეთე. ძალიან მომეწონა. მას შემდეგ თეატრში ბევრი როლი ვითამაშე. საბავშვო როლებზე, როცა სჭირდებოდათ ბავშვი, ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას. ბებია-ბაბუა ყოველთვის მათამამებდა. მათთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი და აბსოლუტურად, ყველაფერს მისრულებდნენ, რაც კი შეიძლებოდა, რომ ოჯახს გაეკეთებინა.
– მე ვიცი, რომ ერთი უცნაური თვისება გახასიათებთ – მნიშვნელოვან თარიღებს ადვილად იმახსოვრებთ.
– დიახ! ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, არასოდეს არაფერი მავიწყდება. ძალიან ემოციური, ვიზუალური მეხსიერება მაქვს. ჩემდაუნებურად ვიმახსოვრებ, რომელ წელს, დღესა და რიცხვში რა მოხდა. არ ვიცი, რომ დავბერდები, მერე როგორ იქნება ამ მხრივ საქმე, მაგრამ ახლა ასეა.
– თქვენი თეატრისადმი სიყვარული და მიდრეკილება, როგორც ჩანს, იმ მსახიობებმა გამოიწვიეს, რომელთა გვერდით თავიდანვე ტრიალებდით.
– ჩვენს ოჯახში ყოველთვის დიდი დღესასწაული იყო გიორგობა, რადგან ამ დღეს ბაბუას დაბადების დღე იყო. საერთოდ, ნებისმიერი დღესასწაული მნიშვნელოვნად აღინიშნებოდა. ჩვენთან იკრიბებოდნენ მსახიობები, რეჟისორები. ბაბუა ძალიან მოქეიფე კაცი გახლდათ და მახსოვს, მისაღებ ოთახში ორმოცდაათი და ასკაციანი სუფრები იშლებოდა. გული დამწყდა და პირველად მაშინ მივხვდი, რომ აღარ ვარ პატარა, როცა ბებია და ბაბუა გარდაიცვალნენ. მერე საცხოვრებლად გადავედით წერეთელზე, იქიდან კი – ნუცუბიძეზე. სულ ვამბობ, რაღაც დრო რომ გავა და ბევრი შემოსავალი მექნება, მარჯანიშვილზე დავბრუნდები. ვიყიდი ძალიან კარგ სახლს და დარჩენილ ცხოვრებას იქ გავატარებ-მეთქი.
– წარმოგიდგენიათ, მსახიობი რომ არა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყავით?
– კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ტექნიკური საგნები არ მიყვარდა. ვხვდებოდი, რომ არაფერში დამჭირდებოდა, რადგან დავდგი თუ არა ფეხი სცენაზე, იმ დღიდან აღარაფერი მაინტერესებდა. ოჯახში მხოლოდ მამაჩემს არ უნდოდა ჩემი მსახიობობა, უნდოდა სტომატოლოგი ან გინეკოლოგი გამოვსულიყავი. მაგრამ, ვიცი, რომ ეს ჩემთვის ტანჯვა იქნებოდა. მე, რაც არ მინდა და სადაც კარგად არ ვგრძნობ თავს, იქ ვერ ვჩერდები. ჩემი გავიტანე და არასოდეს ვიტყვი, რატომ გავხდი მსახიობი-მეთქი. ბევრისგან მსმენია – ნეტავ, მსახიობობა არ ამერჩიაო. ჩემთვის კი მსახიობობა არის ჰაერი და წყალი. ბებიას სულ დავყავდი სხვადასხვა თეატრში და ვხვდებოდი, რომ მაინცდამაინც იქ მინდოდა – მეც ის უნდა გამეკეთებინა, რასაც მსახიობები აკეთებდნენ. ამიტომ, დღეს თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ. ღმერთი ყოველთვის მიგზავნის საქმეს და საქართველოში თუკი სადმე კარგი რეჟისორია, არ არსებობს მასთან არ მეთამაშოს. 23-ე საშუალო სკოლა დავამთავრე და სკოლის პარალელურად, თეატრ-სტუდია „ბერიკებში“ ვსწავლობდი. წელიწადში ორჯერ გასტროლებზე მიწევდა წასვლა. მასწავლებლები ყველაფერში ხელს მიწყობდნენ. სკოლაში რომ მივიდოდი, ჩვენი „გასტროლიორშა“ მოვიდაო, – იტყოდნენ. მამა არ დადიოდა ჩემს სპექტაკლებზე, მხოლოდ საკურსო და სადიპლომო სპექტაკლები აქვს ნანახი. სხვათა შორის, არ მიყვარს, როცა დარბაზში შინაური ზის და მიყურებს. როცა დედაჩემი და ჩემი და ესწრებიან სპექტაკლს, მიყვარს, მაგრამ სპექტაკლი რომ დამთავრდება და მადლობის გადასახდელად გამოვდივარ სცენაზე, ეს მაშინ მახსენდება. მანამდე, ასე ვთქვათ, მომსახურების ზონიდან ვარ გასული, ისე მთლიანად ვარ შესული როლში. ჩემი და ყოველთვის სიმართლეს მეუბნება – რა იყო კარგი და რა ცუდი. არასოდეს ცდება. მე ვარ ის მსახიობი, რომელმაც ყოველთვის იცის, რა შედგა და რა ვერ შედგა. მინდა, სერიალ „შუა ქალაქზეც“ ვთქვა – ამ როლმა ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მომიტანა და ძალიან ვამაყობ.
– როგორი გახსოვთ საკუთარი თავი სკოლის პერიოდში?
– არ ვიცი, სკოლის მეგობრებიდან ვინ შეიძლება ჩემზე გაიხსენოს, რომ ცელქი ან მავნე იყოო. ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი ბავშვი გახლდით. სულ მეკითხებიან, ქეთევანი რატომ არის ასეთი ემოციურიო. ეს როლია ასეთი, თორემ ცხოვრებაში სულ სხვანაირი ვარ. ბიჭებთან ურთიერთობაშიც სხვა ვარ. ხომ არიან ხან – ერთი, ხან – მეორე, ხანაც მესამე რომ მოსწონთ. ამაშიც ერთგული ვარ. თუ მიყვარს, მიყვარს ბოლომდე. არ ვარ მარტივი. ჩემი სიმძიმეები მაქვს. მაგალითად, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ადამიანმა ადამიანს უღალატოს და არ უერთგულოს. შეიძლება, ერთი ადამიანი ათი წელი ან მთელი ცხოვრება მიყვარდეს. მგონია, რომ ასე უნდა ვიცხოვრო. დღეს ერთთან დამთავრდა და ხვალ სხვასთან წავიდე, ასე არ შემიძლია.
– დაახლოებით, ერთი წლის წინ მეუღლეს დაშორდით, მსახიობ ამირან ქაჩიბაიას, რომელთანაც, ალბათ, ტკბილი მოგონებები გაკავშირებთ. მართალია, პირად თემაზე საუბარი არ გიყვართ, მაგრამ ეს არის თქვენი ცხოვრების განვლილი ეტაპი, რომელსაც ამ დღიურიდან ვერ ამოხევთ და გადააგდებთ.
– სკოლის პერიოდში ერთი ჩემი უბნელი ბიჭი მომწონდა, მერე ინსტიტუტშიც მომწონდა, მაგრამ ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, ეს ურთიერთობა დამთავრდა. პირველი სერიოზული სიყვარული კი ჩემი მეუღლე იყო. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით სპექტაკლში „ჰერტრუდა“, სადაც ორივე მთავარ როლს ვთამაშობდით. ერთი-ორი წელი ვმეგობრობდით, მერე მივხვდით, რომ არც მე შემეძლო მის გარეშე და არც მას – ჩემ გარეშე. დღემდე მეუბნებიან, რომ არაჩვეულებრივი წყვილი იყავით, ერთმანეთს უხდებოდითო. ორივე ერთნაირად ერთგულები ვიყავით და ძალიან ვუფრთხილდებოდით ამ ურთიერთობას. ძალიან ვუყვარდი და ბევრ საჩუქარს მიკეთებდა, თვალდახუჭული ვენდობოდი. დაახლოებით, ერთი წელი ვიყავით ერთად, როგორც ცოლ-ქმარი. როცა ორი ადამიანი ერთად აღარ არის, რატომღაც ჰგონიათ, რომ ღალატის და ჩხუბის მომენტი იყო. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი უცნაურად მოხდა და სიმართლეს გეტყვით, რაც იყო. ძალიან დიდი დრო დავუთმე ჩემს პროფესიას, სულ თეატრში, ტელევიზიაში ვიყავი, ასევე, ისიც. რაღაცნაირად ავცდით და დავაკელით ყურადღება ერთმანეთს, თორემ დარწმუნებული ვარ, რომ მე მისთვის ყოველთვის დავრჩები კარგ მოგონებად და ის – ჩემთვის. ერთმანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ვართ. თურმე, ყველაფერი ხდება. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი სასწაული იყო, როცა თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი და ცალ-ცალკე აღმოვჩნდით. ამაში ჩემს თავსაც ვადანაშაულებ და მასაც. ვერ გავუფრთხილდით ჩვენს სიყვარულს. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში არავინ ყოფილა. ალბათ, ოდესღაც ვიღაც მომეწონება, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და თუ მეტისმეტად არ შემიყვარდა, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდება. ოჯახი ადამიანის ცხოვრების ყველაზე დიდი წარმატებაა.
– ისევე, როგორც ყველა, ალბათ, თქვენც რაღაცას ნანობთ და განიცდით ცხოვრებაში. რეალურად რომ შეიძლებოდეს, რას შეცვლიდით?
– სინანულის გრძნობა ნამდვილად მაქვს, მაგრამ არაფერს შევცვლიდი. ისევ მასთან ერთად გავაკეთებდი ყველაფერს, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში, არ მივცემდი თავს უფლებას და არც მას, რომ ერთად აღარ ვყოფილიყავით. ეტყობა, მაშინ არ მეყო ამდენი გამოცდილება. მართალია, უკვე ერთი წელია, ერთად აღარ ვართ, მაგრამ მის გარშემო და ოჯახის წევრებისგან, ახლაც იგრძნობა ჩემდამი დიდი პატივისცემა. მე უფრო სხვა, შინაგანი განცდები მაქვს, მაგრამ არ ვნანობ იმას, როგორც ვიცხოვრე. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი ადამიანობით და ერთგულებით მეცხოვრა. ეს ერთი პატარა ირიბი ხაზი გამომივიდა, მაგრამ არა უშავს, ეტყობა, აუცილებელი იყო. ეს იყო ღვთისგან მოვლენილი განსაცდელი, რომ რაღაცეებს მივმხვდარიყავი. ყოველთვის განვიცდი და დიდხანს მიმყვება, როდესაც ადამიანში არასწორ დამოკიდებულებას ვხედავ – აღმოვაჩენ, რომ თურმე, მატყუებდა. ასეთ რაღაცეებს ადვილად ვერ ვპატიობ. მე არ მყავს ბევრი ნაცნობი და მეგობარი. ეს არის ზედაპირული ურთიერთობა, როცა მთელ ქალაქს იცნობენ და ყველას მოდებული არიან. მე მყავს ჩემი სამეგობრო წრე და ვიცი, რომ არასოდეს გამიჭირდება არც სულიერად და არც მატერიალურად.