რატომ აჭამა კახა კანდელაკმა მეგობრებს შპალერი და ვისთვის აწყობდა ის არალეგალურ დისკოთეკებს
„ისთენ-პრომოუშენის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, კახა კანდელაკი, იმ თაობის მოდური და პოპულარული ბიჭი იყო, რომელიც ცხოვრების თანამედროვე სტილს ჯინსებით, კედებითა და სტივ უანდერის მუსიკით ქმნიდა. წყალბურთის ნაკრების წევრი წავკისში არალეგალურ დისკოთეკებს ჯერ კიდევ მაშინ აწყობდა, როცა მისი ზოგიერთი თანატოლისთვის აგუტინის ეპოქა იდგა. მისთვის არც თბილისური ქუჩის ხიბლი იყო უცხო და არც 300 მანეთად ნაყიდი თავისუფლება, რომელიც საბჭოთა პოლკოვნიკთან დადებული გარიგებით რესტორან „ქალაქურთან” „გაფორმდა”.
კახა კანდელაკი: მთელი ცხოვრება წყალბურთთან ვიყავი დაკავშირებული, შესაბამისად, პოპულარობაც ადრეული ასაკიდან დამებედა. წყალბურთი ქალაქური სპორტი იყო, ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა წყალბურთის თამაშების საყურებლად. გუნდში უმეტესად ვერელები და ვაკელები ვიყავით, უბანიც გვაკავშირებდა ერთმანეთთან – მთელი ბავშვობა ერთად გვქონდა გატარებული. მეგობრობდნენ ჩვენი მშობლები, ბებიები – ვეღარ ვარჩევდით, ვინ ვისი ბებია იყო, ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით. ჩემი ახლო სამეგობრო კარგი ბიჭებისგან შედგებოდა, ჩვენ შორის არ ყოფილან ნარკომანები, დღემდე არ ვიცი სიგარეტის გემო, გასინჯულიც არ მაქვს. ვერც ერთმა მეგობარმა ვერ ამიყოლია – ასეთ ცდუნებებს იოლად ვუძლებდი, არ მინდოდა და არ მოვწიე. ქურდული მენტალიტეტი არ მქონდა, მაგრამ, ვიცოდით, რომ არავინ არ უნდა დაგვეჩაგრა, არავინ არ უნდა „ჩაგვეშვა“. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ რთულ დროს დაემთხვა ჩვენი თინეიჯერობის წლები, პოლიციაში სულ ერთხელ მოვხვდი, ისიც, „შატალოზე“ წასვლის გამო. ჩემს ახლო წრეში იარაღით არავინ დადიოდა, არც იარაღიანები გვერჩოდნენ – მათი კონკურენტები რომ არ ვიყავით, როგორც სპორტსმენებს პატივს გვცემდნენ და „გვბალეშჩიკობდნენ“ კიდეც.
– რა იყო მაშინ თქვენი ყველაზე კარგი გასართობი?
– მაშინ თბილისში არც დისკოთეკა იყო და არც კლუბი, ამიტომაც, მე მოვაწყვე ჩემი დისკოთეკა. მამაჩემი „მელოდიის”, მოგვიანებით კი, ფილარმონიის დირექტორი იყო და სახლში დისკების ძალიან მაგარი კოლექცია გვქონდა. მე და ჩემი მეგობრები დავდიოდით ბაბუაჩემის აგარაკზე, წავკისში. სახლში ვაკეთებდით იმას, რასაც ახლა მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებთ – აგარაკზე ვპატიჟებდით მეგობრებს, მათ შორის – ყველაზე მაგარ გოგონებს და კვირაში სამჯერ ვაწყობდით ფართებს: ვუსმენდით მაგარ მუსიკას, ვდიჯეობდით, ვცეკვავდით. თბილისში რომ „ორერაზე” გიჟდებოდნენ, ჩვენ წავკისში ჯეიმს ბრაუნსა და სტივ უანდერს ვუსმენდით. მთავარი მასპინძელი მე ვიყავი და მუსიკალური ხაზი მებარა. მე არ ვსვამდი, თუმცა ვიღაც-ვიღაცეები სვამდნენ, ზოგი „კრუშონსაც” აკეთებდა. ეზოში აუზი გვქონდა და ისეთ ამბავში ვიყავით, მთელ წავკისს არ ვაძინებდით.
– მშობლებმა იცოდნენ, რა ხდებოდა წავკისში?
– ხან იცოდნენ, ხან – არა, არალეგალურად ვიკრიბებოდით ხოლმე, მაგრამ, მერე სახლი უნდა დაგველაგებინა და კვალი მოგვესპო. წავკისში ბევრი ჭურჭელი გვაქვს ნარეცხი მე და ჩემს მეგობრებს (იცინის). ეს სახლი მარტო ჩემი სახლი არ იყო, ეს იყო თბილისური კლუბი, სადაც ბევრ წყვილს შეუყვარდა ერთმანეთი და საკმაოდ ბევრი ოჯახი შეიქმნა.
– წავკისური ფართების ავტორი მოდურ ბიჭად ითვლებოდით?
– მიყვარდა ჩაცმა და კარგი მუსიკა. ტანსაცმელი უცხოეთიდან ჩამომქონდა ხოლმე. ჩამოვიტანდი ძალიან მოდურ „მაიკას“ და ქუჩაში გასულს მეტყოდა რომელიმე მეგობარი: ბიჭო, ეგ რა გაცვია, ხომ არ გაგიჟდი, „პიჟონი“ ხომ არ ხარ, ადი, გამოიცვალეო. მეც ავიდოდი, მოდურ „მაიკას“ ვიხდიდი, შავ „მაიკას“, დახეულ ჯინსს და კედებს ვიცვამდი. ერთხელ გამომაცვლევინეს მაიკა, რომელსაც ჰქონდა წარწერა – „ფორდ”, მერე ამ ტანსაცმელს ვიყენებდი დაგომისში და სოჭაში, იქ სხვა დონე იყო, თბილისში – სხვა (იცინის). ჩვენი თაობა მაინც მაგარი დაკომპლექსებული იყო: გოგო სიგარეტს რომ მოწევდა, ბოზი იყო; პომიდორს არ ჭამდნენ, რადგან ქურდული არ იყო; თბილისში ქუთაისელები არჩევდნენ საქმეს; ყველა „ბლატნოი“ იყო... კიდევ კარგი, წარსულს ჩაჰბარდა ეს ყველაფერი. როცა გერმანიაში ვთამაშობდი, ფრენკ სინატრას კონცერტი იყო. ფული არ მქონდა, რომ წავსულიყავი. ბიჭებში რაღაც თანხა ავაგროვე, ერთი ბილეთი ძლივს მომივიდა, ტრანსპორტის ფულიც კი არ დამრჩა და ტრამვაით წავედი კონცერტზე. მერე ერთი თვე მკლავდნენ ბიჭები – საჭმლის ფული არ გვქონდა, შპალერს ვჭამდითო. ბოლოს, სახლიდან გადმომირიცხეს ფული და გადავრჩით.
– ფათერაკიან ისტორიებში არ ეხვეოდით?
– არც ისე ხშირად, როცა სკოლა სკოლის წინააღმდეგ ჩხუბობდა, მე აუზზე ვიყავი. ბირჟაზეც კი არ ვმდგარვარ, ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა წყალბურთელებს: დილის 8 საათზე სამსაათიანი ვარჯიში, მერე სკოლაში მივდიოდი, მეორე ვარჯიში 6 საათზე იწყებოდა და ისევ სამი საათი გრძელდებოდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ყოველდღე ვაკის აუზიდან ფუნიკულიორამდე დავრბოდით. ეს სავალდებულო იყო, თან, გაძლიერებულ კვებაზე ვიყავით, სულ „იკრასა“ და თაფლს გვაჭმევდნენ. ჩვენი ბაზა იყო სასტუმრო „ივერიაში”, ბოლო სართულზე. სახლში არ გვიშვებდნენ, რომ რეჟიმი არ დაგვერღვია და საღამოს დაბადების დღეზე არ გავპარულიყავით, მაგრამ, მე მაინც ვახერხებდი ღამით ბაზიდან გაპარვას.
საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა უკვე ჩემი ფული მქონდა – „დინამოში“ პროფესორის ხელფასს მაძლევდნენ. მეათეკლასელ ბიჭს გუნდიდან მანქანაც კი მომცეს. ბაბუაჩემი ქარხნების გაერთიანების დირექტორი იყო, 120 მანეთი ჰქონდა ხელფასი, ჩემი ხელფასი კი 500 მანეთი იყო. ფულის პრობლემა არ გვქონდა, მაგრამ, სად უნდა დაგვეხარჯა ის ფული? ყველაფერი იყო და, არც იდგა დღის წესრიგში, რომ რამე გვეყიდა. პატარა ბიჭი, სახლს ხომ ვერ ვიყიდდი?! კომუნისტურ რეჟიმში ზედმეტი არაფერი არ უნდა გეყიდა. ტანსაცმელი ამ ქალაქში არც იყიდებოდა, ყველაფერი ან ლურჯი იყო, ან ყავისფერი. თან, მე არც მქონდა ტანსაცმლის პრობლემა, უცხოეთში ვყიდულობდი ხოლმე, რაც მჭიდებოდა. 300 მანეთი ღირდა მოპედი, ყოველკვირა ვყიდულობდი. წავიდოდი ვარჯიშზე, დავუტოვებდი მეგობარს და, უკან რომ დავბრუნდებოდი, მოპედი უკვე დამტვრეული იყო.
– როგორც ჩანს, წყალბურთელები ბევრი პრივილეგიით სარგებლობდით.
– ჯარში ვიყავი სულ რაღაც 45 წუთი – ამ მხრივ. რეკორდსმენი ვარ. მერვე პოლკში იყო სამხედრო ნაწილი. იქ რომ მივედი და სიტუაცია ვნახე, გუნდის უფროსს დავურეკე, აქ გამჩერებელი არ ვარ-მეთქი. ისეთი „სასტავი“ დამხვდა, კინაღამ გავგიჟდი – ჩუქჩებით იყო ნაწილი სავსე. მაშინ ფულით ყველაფერი კეთდებოდა, ამოვიღე 300 მანეთი, პოლკოვნიკს მივეცი და ვუთხარი, უნდა წავიდე-მეთქი. მაშინ, „ქალაქურამდე“ მიმიყვანეო, – მითხრა. მანქანით ვიყავი მისული. უცებ მიმაღებინეს ფიცი, ჩავსვი ის პოლკოვნიკი მეგობრებთან ერთად მანქანაში, მივიყვანე რესტორან „ქალაქურთან” და – ორ წელიწადში გამოგვიარეო, – მითხრეს (იცინის). წყალბურთი ძალიან მიწყობდა ხელს, „ხუთებზე“ დავამთავრე სკოლა, თუმცა, სულ წასული ვიყავი. მაშინ „ჩაწყობაც“ მოდიოდა და 90 პროცენტი ასე ამთავრებდა სკოლას. ამიტომაც მომწონს, ახლა ასე რომ ითხოვენ სწავლას.
– პროფესიაც ეგზოტიკური გექნებათ.
– სწავლისთვის არ მრჩებოდა დრო, დედაჩემი და ბებიაჩემი მკლავდნენ, რომ მათემატიკა მესწავლა, მაგრამ, სად მეცალა სწავლისთვის? სამაგიეროდ, ძალიან მიყვარდა ხატვა, ნაკრებში ყოფნის პერიოდშიც ბევრს ვხატავდი, ნატურები კი მყავდა უფასო (იცინის). დავაყენებდი ხოლმე ბიჭებს და ვხატავდი ჩემს შიშველ მეგობრებს. უფრო ადრე მახატვინებდნენ კედლის გაზეთისთვის „ნორჩი დელფინი”. სრული კომუნიზმი იყო, კვირაში ერთხელ ყრილობასაც იწვევდნენ, მაგრამ მე დელეგატობიდან ყოველთვის ვიძვრენდი თავს (იცინის). ამ ხატვაში გამოცდილმა ბიჭმა ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტზე. მაშინ ახალი დაწყებული იყო ლოგოების, ეტიკეტების დამზადება. იმ დროს ამუშავდა სხვადასხვა კომპანია და ეს სფერო ძალიან აქტუალური გახდა. საბჭოთა კავშირის დროს ამას ყურადღებას ვინ აქცევდა, რაც არ უნდა გამოეშვათ, ყველაფერი იყიდებოდა. ჩემი პროფესია ძალიან გამომადგა კონცერტებისა და ფესტივალების მოწყობის დროს – დიზაინის გაკეთებაში მთლიანად მე ვარ ჩართული. ვიღაცას, შეიძლება, ეგონოს, რომ ჩემს ცხოვრებაში წარმატება იოლად მოვიდა, მაგრამ, ასე არ იყო – სახლები და მანქანები დავალომბარდეთ, რომ საქმე დაგვეწყო, დიდ რისკზე წავედით. თუმცა, საქმის კეთების იმდენად დიდი სურვილი გვქონდა, რომ ახლა არაფერს ვნანობ. უკვე დრო იყო, რომ აგუტინის ეპოქას წერტილი დასმოდა. როგორც ბაბუაჩემს „ვოლგა“ ყველაზე მაგარი მანქანა ეგონა და ჯიუტად მიმტკიცებდა – რას ამბობ, შვილო, ამაზე მაგარ მანქანას ვერ გამოიგონებენო, დაახლოებით, ასეთი ამბავი იყო მუსიკაშიც. მერე ბაბუაჩემმა „მერსედესი“ რომ ნახა, გაგიჟდა – ვა! ვაო, – იძახა. რეი ჩარლზს რომ მოუსმენ და მარკუს მილერს, მერე ბევრი ვინმე „ემსგავსება“ „ვოლგას” (იცინის).