ვინ არის მურვან ყრუს შთამომავალი და ვისი ინიცირებით მოხდა დროის შეჩერება საქართველოში
მხატვარი, ჟურნალისტი, რეჟისორი, ნეიროქირურგი, ექსპარლამენტარი, პოლიტოლოგი, ამერიკის საპატიო მოქალაქე და პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი... – როგორც ხედავთ, ზურაბ მურვანიძის რეგალიები საკმაოდ მრავალფეროვანია და ასეთივე საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიებითაა გამორჩეული მისი პიროვნება. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ იგი მურვან ყრუს შთამომავალია, სახლში პუტინის ძაღლის შვილიშვილი ლაბრადორი ჰყავს და, ამას გარდა, ის კაცი გახლავთ, რომელმაც საქართველოში დრო შეაჩერა – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
– ბატონო ზურაბ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იმიტომ ახსოვხართ ხალხს, პარლამენტში დეპუტატად ყოფნის დროს პირზე წითელი ნაჭერი რომ აიკარით. რის გამო მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
– 1993 წელს წითელი დროშით იმიტომ ავიკარი პირი, რომ მაშინ პურის დეფიციტი იყო საქართველოში და მოვითხოვდი, პურზე საბარათო სისტემა შემოეღოთ, რომ ყველა მოქალაქეს თავისი წილი პური შეხვედროდა. ამის მოწინააღმდეგე იყო ის ხალხი, ვინც დღესაც პურის ბიზნესშია და, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესების გამო, პოზიციებს არ თმობდნენ. 23 კვირა იდგა ეს საკითხი დღის წესრიგში და, ბოლოს, როგორც იქნა, ის პირველ საკითხად დააყენეს. გავედი მიკროფონთან, გამოვაცხადე, რომ კენჭისყრა ჩაგვეტარებინა და პურზე საბარათო სისტემა შემოგვეღო. ამ დროს გამოვიდა ირინა სარიშვილი და მოითხოვა, პოლიტიკური დებატები დაიწყოსო. არც მან და არც სხვებმა არ დაუჭირეს მხარი ჩემს ინიციატივას. გავბრაზდი და, ისღა დამრჩენოდა, რომ დამეხია ჩვენი დროშა და ამგვარად წითელი ნაჭერი ავიკარი პირზე პროტესტის ნიშნად.
– გამოიღო თუ არა დროული შედეგი პროტესტის ამ ფორმამ?
– კი, როგორ არა, ერთ კვირაში პურის ბარათები შემოიღეს. სხვათა შორის, პარლამენტში ჩატარებულმა ყველა აქციამ გაამართლა. გამორჩეულად სერიოზული აქცია კი ის გახლდათ, როცა 17 დღე ვიშიმშილე ედუარდ შევარდნაძის კართან – ვითხოვდი, რომ საქართველოში დეკრეტული დრო ყოფილიყო. ეს მოხდა 1996 წელს, 16 წლის განმავლობაში საქართველომ 4 მილიონი დოლარის ეკონომია გააკეთა, რადგან, უნდა გვეყიდა ენერგომატარებლები, სინამდვილეში ამას ჩვენ კი არ ვიყიდდით, ის ვიღაცის ჯიბეში წავიდოდა და ჩვენს შვილებს დარჩებოდათ ეს გადასახადი ვალად. მახსოვს, შევარდნაძემ მითხრა, 19 კაცი აწერს ხელს, რომ ვიყოთ ეროვნულ დროზეო. მათგან 16 ნავთობშემომტანი იყო.
– ცხადია, არ აწყობდათ, თუმცა, მაინც მოახერხეთ მათთვის ნავთის ბიზნესის ჩაგდება.
– ასე გამოვიდა. ბევრი ვიბრძოლე და მივაღწიე იმას, რომ საქართველოში დროის გადაწევა-გადმოწევას დავანებეთ თავი, დავრჩით სტაბილურ დროზე, რითაც დღის სინათლის მაქსიმალურად გამოყენება შევძელით. ასე არ ჯობია? დეკრეტულია დრო, როცა იგი თავის მერიდიანს აცილებულია. მე ვიცი, რომ ჩვენ სხვა მერიდიანზე ვართ, მაგრამ, ისიც დავამტკიცე, რომ ის მერიდიანი სწორი არაა.
– თქვენი ბინის კედლებზე ბევრ საინტერესო ნივთს ვხედავთ, უფრო სწორად რამდენიმე სახეობის კოლექციას. ეს, ალბათ, თქვენი ჰობია?
– მე არ მიყვარს სიტყვა „ჰობი“, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მთავარი პროფესია, რომელიც გაქვს, ან ბოლომდე არ გაკმაყოფილებს, ან, კიდევ რაღაც ინტერესი გაქვს და დილეტანტის დონეზე ხარ. მე მაქვს რამდენიმე პროფესია: ვარ მხატვარი, ფსიქოლოგი, ნეიროქირურგი, ჟურნალისტი. ყველა ამ პროფესიაში ვმუშაობ და, რასაც ვაკეთებ, მიყვარს. სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, ხატვა, ფერწერა უფრო ჩემია, ვმუშაობ ლითონზე, კერამიკაზე, თიხაზე და მინაზე. ამას გარდა, მომწონდა იარაღის მოჩუქურთმება. ერთმა ჩემმა მეგობარმა დაბადების დღეზე მაჩუქა ჩიბუხი, მერე ამას მოჰყვა სანთებელები, ასევე, იარაღის კოლექციაც გაჩნდა. დამთავრებული მაქვს პატრიკ ლუმუმბას სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი. იქ ბევრი უცხოელი სწავლობდა. ერთმა განელმა კაცმა მაჩუქა მეფური ტამტამი. მასზე დაკვრა ვასწავლე ჩემს უმცროს ბიჭს, დაკვრაც ისწავლა და მერე ტამტამების კოლექციაც დაემატა ჩვენს სახლს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არსება ამ ოჯახში არის ჩემი ძაღლი. ეს ძაღლი საქართველოს დიპლომატიის ბოლო იმედია, ის „კომის“ – პუტინის ძაღლის – შვილიშვილია.
– რას ამბობთ! ხუმრობთ, ალბათ!
– როგორც იცით, ადრე ბილ ქლინთონმა აჩუქა პუტინს ძაღლი. თავის დროზე პუტინის ძაღლის მომვლელი ჩემი ავადმყოფი გახლდათ და მან შემომთავაზა, ძაღლის ლეკვს გაჩუქებო. არ მინდოდა, მაგრამ, რადგან ჩემს მეუღლეს უყვარდა ძაღლები, მას ვაჩუქე დაბადების დღეზე და „ნიზათი“ გავახარე – ეს სახელი ოჯახის წევრების ინიციალების მიხედვითაა შერჩეული. ის გახლავთ ლაბრადორი, რომელიც მსოფლიოში ძაღლებს შორის მეოთხე ადგილზე გადის ჭკუის მიხედვით.
– როგორც ვიცი, თქვენ თავადური წარმოშობა გაქვთ და საინტერესო წინაპრები გყავთ, რასაც თქვენი გვარის წარმოშობის ისტორიაც უკავშირდება.
– დედის მხრიდან ბებია ბარათაშვილი გახლდათ, ბაბუა კი – წერეთელი. რაც შეეხება მამაჩემის წარმომავლობას, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ის მურვან ყრუს შთამომავალია. ამ ამბავს საინტერესო ისტორიაც ახლავს. როგორც გადმომცეს, მეცხრე საუკუნეში მურვან ყრუ მოდის, აწიოკებს დასავლეთ საქართველოს და, აქ კარგა ხანს რჩება. მას ნაშიერები ჰყავს. ერთ-ერთ შვილს შეუყვარდა გურიელის შთამომავალი. ქალმა აიძულა ის, გაქრისტიანებულიყო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ცოლად არ გაჰყვებოდა. ასეც მოხდა და მათი პირველი შვილი ხდება მურვანის ძე – აქედან მოდის ჩვენი გვარის ისტორია. მეორე ძმამ არ მიიღო ქრისტიანობა და ის მეორე, მაჰმადიანური შტო აჭარაშია.
– ისე, როგორი გრძნობაა, როცა იცით, რომ საქართველოს მტრის, დამპყრობლის შთამომავალი ხართ?
– იცით რა? ხომ გაგიგიათ, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო, მე ვამაყობ იმით, რომ ჩემი გვარი სიყვარულმა შექმნა და ურჯულო კაცი მორჯულდა. თუმცა, როცა პირი ავიკარი, ირინა სარიშვილმა ასეთი სიტყვებით შემამკო: თავის დროზე საქართველოს ტანჯავდა მურვან ყრუ, ახლა კი იმავეს აკეთებს მურვან ბლუო (იცინის).
აქვე მინდა, ერთი ისტორია გიამბოთ, თუ როგორ გაჩნდა სიმღერა „სულიკოს“ მოტივი. ეს ლექსი რომ დაიწერა, იმ დროს თურმე აკაკი წერეთელი იყო მიწვეული ერთ ოჯახში, სადაც იმყოფებოდა ცნობილი შემსრულებელი დავით ფაღავა. ეს კაცი იტალიიდან ახალი ჩამოსული ყოფილა, ამიტომ იტალიური „ტარანტელას“ მოტივი აიღო და ისე იმღერა „სულიკო“, ანუ, დღევანდელი მოტივი შეცვლილი „ტარანტელაა“. ამ ფაქტს ესწრებოდა ბებიაჩემი და დანამდვილებით ვიცი, რომ ასე ყოფილა.
– ალბათ, არ დაგვზარდებით და რაიმე განსაკუთრებულ ისტორიას მოგვიყვებით თქვენი განვლილი ცხოვრებიდან.
– გარდა ამ კოლექციისა, რომელსაც თქვენ ხედავთ, მაქვს კიდევ ერთი კოლექცია, რომელიც კედლებზე არ იკიდება. ეს მოხდა ჩემი სამედიცინო პრაქტიკის დროს: მოვიდა მთვრალი ქმარი სახლში, დაინახა, რომ ბავშვი ზის „გარშოკზე“, ცოლი რაღაცას აუთოებს, ეს კი გამწარებული ითხოვს დასალევს, გაჰკრა „გარშოკს“ ფეხი და ბავშვი გადმოვარდა იქიდან. ცოლმა არ დაუთმო და ეს „გარშოკი“ დაარტყა ქმარს თავზე. ქმარმა მოინდომა, ჩამოემხო ცოლისთვის, მაგრამ ქალს მეორე ხელში უთო ეჭირა, თავი დაიცვა და ჩაარტყა ეს უთო ამ „გარშოკს“. ქმარს ჩამოეცვა თავზე „გარშოკი“ და გაეჭედა თავი შიგ. ვინაიდან ჩვენი საავადმყოფო მათი სახლიდან ახლოს მდებარეობდა, იქ მოიყვანეს, ეს სურათი რომ ვნახეთ, რა თქმა უნდა, ყველას ხარხარი აგვიტყდა – როგორია, „გარშოკი“ რომ აქვს ჩამოცმული თავის შიგთავსიანად?! როგორც იქნა, მოვხსენით თავიდან „გარშოკი“, მაგრამ, ამაზე კურიოზული ის იყო, რომ, უნდა დაიწეროს ავადმყოფის დიაგნოზი, მაგრამ, ხომ ვერ ჩაწერ, რომ თავი „გარშოკში“ ჰქონდაო? ამიტომ დავწერეთ ასე: „თავი უცხო სხეულში ჰქონდა“.
– მართლა სასაცილო ისტორიაა. ამგვარი ორიგინალური დიაგნოზის იდეა ვის ეკუთვნოდა?
– მე მოვიფიქრე და სხვას ვუკარნახე, რომ ამგვარად ჩაეწერათ (იცინის). აქვე, მინდა, მეორე ისტორიაც გიამბობთ: საქართველოს ჰყავდა გამოჩენილი ქირურგი, დასტაქარი, აკადემიკოსი მემედ კომახიძე. როგორც ქართველებს სჩვევიათ, თავის მოგვარეს ნათესაობა აკითხავს ხოლმე სხვადასხვა თხოვნით. მოვიდა მისი ნათესავი ხულოდან და სთხოვა, მემედ, კუჭი მაწუხებს და ოპერაცია უნდა გამიკეთოო. მემედმა უთხრა: კუჭის ოპერაციას კათედრის პროფესორი აკეთებს კარგადო და სხვასთან გადაამისამართა. ეტყობა, ხულოელმა კაცმა ეს იუკადრისა. იმ დღეს ნეიროქირურგიაში ვარ მორიგე და უცებ ატყდა ჩოჩქოლი, რომ მემედ კომახიძის ნათესავს კოვზი გადაეყლაპა, ურეკავენ მემედს, მოვიდა, სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანა ის კაცი, ნახეს რენტგენზე, რომ საკმაოდ დიდი კოვზი აქვს კუჭში, თან კუჭის წყლულიც აწუხებს და ეშინია, გართულება არ გამოიწვიოს. გაუკეთა მემედმა ოპერაცია და, როცა კოვზი ამოიღეს, ნახეს, ზედ ნემსით არის ამოჩხაპნილი ასეთი სიტყვები: ხომ დაგაძალე, მემედ და, მაინც გაგაკეთებინე ოპერაციაო (იცინის). ამისთანა ისტორია ძალიან ბევრი მაქვს, თუნდაც ის ამბავი რად ღირს, რომ ჩემ მიერ ქალაქ კარელიაში დადგმულ მომღერალ ქანდაკებასთან ახალდაქორწინებულები ერთმანეთს სიყვარულის ფიცს აძლევენ. ამას გარდა, ვინც ამ ქართულ სპილენძის ხესთან მივა, დაინახავს, რომ ქარის დაბერვისთანავე ფისჰარმონიასავით ხმას გამოსცემს, თვითონაც მღერის. ჩემ მიერ დადგმულ ხეს ბევრი სტუმარი ჰყავს. ამბობენ, ახალდაქორწინებულებიდან იქ ვინც პირველი იმღერებს, იმ წყვილს პირველი შვილი, თურმე, ბიჭი უჩნდება.
– შემთხვევით, მემუარების დაწერას ხომ არ აპირებთ?
– ამგვარი ისტორიები მინდა, შევაგროვო, რომლებიც გაჯერებული იქნება ფოტოებით, ვიდეომასალით. რაც შეეხება მემუარებს, ნელ-ნელა ვწერ. წარსულში მომხდარი ფაქტები ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ, ის უკვე ისტორიის საკუთრებაა.