რატომ ვერ იტანს ნატა სადრაძე საყვარელი მამაკაცისგან აკრძალვებს და როგორ ახერხებს ის ერთ ღამეში ინვალიდის ეტლის გარეშე სამყაროს ფეხით შემოვლას
იშვიათად შეხვდებით ოპტიმისტ ადამიანებს, ისეთებს, რომელთაც, მიუხედავად უმძიმესი პრობლემებისა, მაინც მომავლის იმედი აქვთ, აქტიურად მოქმედებენ, ეხმარებიან გარშემო მყოფებს, ცდილობენ, სიხარული მიანიჭონ შეჭირვებულთ. სწორედ ასეთი ადამიანია მომხიბვლელი, აქტიური, ოპტიმისტი, სიცოცხლით სავსე და საოცრად კომუნიკაბელური ნატა სადრაძე. სამწუხაროდ, ერთმა საბედისწერო დღემ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა – სავარძელს მიაჯაჭვა სიცოცხლეზე შეყვარებული გოგონა და მისი გეგმებიც თავდაყირა დააყენა. ნატა დღეს ინვალიდის ეტლით გადაადგილდება, საჯარო სამსახურში მუშაობს, საკუთარ ავტომობილსაც მართავს და საოჯახო საქმეებსაც დამოუკიდებლად უძღვება.
ნატა სადრაძე: ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. ყოფილი მოცურავე ვარ. სპორტსმენი და აქტიური ბავშვი ვიყავი. ისეთი დაკავებული რეჟიმი მქონდა, დილით რომ გავიდოდი სახლიდან, საღამოს ვბრუნდებოდი. ერთ ადგილზე ვერასდროს ვისვენებდი.
– რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
– ვოცნებობდი, გემის კაპიტანი გამოვსულიყავი (იცინის). აქტიურად ვმეცადინეობდი და, თვალებს რომ დავხუჭავდი, კაპიტნის ფორმაში წარმოვიდგენდი ხოლმე თავს. სულ ორი ქალი კაპიტანი ვიცი და, ვფიქრობ, თუ საქმის პროფესიონალი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, ქალი ხარ თუ კაცი. ვხუმრობ ხოლმე, ჩემში მამაკაცური საწყისები ჭარბობს-მეთქი (იცინის). ისე, მთავარი შემართება და პროფესიონალიზმია და ყველაფერი გამოგივა ადამიანს. ერთი სიტყვით, დიდი გემის პატარა კაპიტანი მინდოდა, ვყოფილიყავი. ეს ოცნება შემეძლო, ამეხდინა კიდეც, მაგრამ, 15 წლის გავთხოვდი და ხელი შემეშალა მის განხორციელებაში. სამი წელი გავატარეთ ერთად და შემდეგ დავშორდით. დაახლოებით ათი წლის წინ ჩამოვედი ბათუმიდან თბილისში, ჩავაბარე უნივერსიტეტში ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე და დავრჩი აქ საცხოვრებლად. მაშინ 20 წელი შემისრულდა, მესამე კურსზე ვიყავი, როცა საბედისწერო ავარიაში მოვყევი და ჩემი ცხოვრება ამ ერთმა ფაქტმა შეცვალა. სწავლის გაგრძელებაც ვეღარ შევძელი და კარგა ხანს გავდიოდი მკურნალობის კურსს.
– ავარიის დროს ვისთან ერთად იყავი და რა იგრძენი იმ წუთებში?
– ავარია კუს ტბაზე მოხდა. მეგობარი იჯდა საჭესთან, ვერ დაიმორჩილა და ხეს დავეჯახეთ. მანქანიდან დამოუკიდებლად, ჩემით გადმოვედი, მაგრამ, მივხვდი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. შემეშინდა, ნეტავ, რა მჭირს-მეთქი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ვეღარ გავივლიდი. რომ ავდექი, წავიქეცი, ისევ დავაპირე ადგომა, მაგრამ, ამაოდ – ქვედა კიდურებში გრძნობა დავკარგე. ჩემმა მეგობარმა კი ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო. აღმოჩნდა, ხერხემლის მეთორმეტე მალის მოტეხილობა მქონდა. საოპერაციო არ ვიყავი, მაგრამ ექიმმა ოპერაცია გამიკეთა და აქ დაუშვა შეცდომა. არადა, ასე რომ არ მოქცეულიყო, ერთ თვეში კი არ ვივლიდი, ვირბენდი. ოპერაციის მერე თანდათან გაუარესდა ჩემი მდგომარეობა. მეუბნებიან, აუცილებლად დადგები ფეხზეო, მაგრამ ამას საქართველოში ვერ შევძლებ.
– რას ჰქვია, საქართველოში ვერ შეძლებ?
– აქ ფეხზე დადგომის შანსი არ მაქვს-მეთქი, რომ ვამბობ, იმას ვგულისხმობ, რომ ჩემთვის სარეაბილიტაციო კურსია საჭირო, სპეციალური ვარჯიში და მასაჟი, ამას კი დიდი თანხა სჭირდება. ასეთი ცენტრი უცხოეთში, კერძოდ, ყირიმშია. სამი წლის წინ, იმ მეგობარმა, რომელიც საჭესთან იჯდა ავარიის დროს, დამაფინანსა და იქ გავდიოდი მკურნალობის კურსს. კარგი შედეგებიც მქონდა – ტრენაჟორებზე ჩემით შევძელი ნაბიჯების გადადგმა. ახლაც მინდა იქ რეაბილიტაციის კურსის გავლა, რომ შევძლო ფეხზე სიარული, მაგრამ, დაფინანსება არ მომცეს, მითხრეს, დაგაფინანსებთ, თუ კურსს საქართველოში გაივლი, უცხოეთში – ბოდიშიო. არადა, სანამ ყირიმში წავიდოდი, დამოუკიდებლად ვერაფერს ვახერხებდი, მიჭირდა გადაადგილება, რამის კეთება. იქიდან ჩამოსული კი აბსოლუტურად დამოუკიდებელი და აქტიური ვიყავი. ცხოვრებისა და მომავლის იმედი ისევ დამიბრუნდა. ყირიმში იმდენი ინვალიდი ადამიანი ვნახე, რომლებიც ეტლით გადაადგილდებოდნენ, რომ, ვერც კი წარმომედგინა, ამდენი შეჭირვებული თუ არსებობდა ქვეყნად. ახლა ქუჩაში ადამიანები უცნაური მზერითა და სიბრალულით რომ შემომხედავენ, არ მიკვირს. ინვალიდი ადამიანები ერიდებიან ქუჩაში გამოსვლას და, ამიტომ, ერთი-ორს თუ დაინახავენ, უკვირთ. ყველა თავის თავშია ჩაკეტილი და ერიდებიან უცხო ადამიანებთან კონტაქტს და შეხვედრას. ვერც საზოგადოება იღებს მათ ისე, როგორც საჭიროა. ხანდახან ისე მიყურებენ, მგონია, უცხოპლანეტელი ვარ. ბევრი ამ სიტუაციას ვერ ლახავს, მსგავს ურთიერთობას რომ ეჯახება, მერე ცდილობს, სახლში იჯდეს და აღარც კი იფიქროს ქუჩაში გასვლაზე. მე, პირიქით, ვცდილობ, ადამიანებს დავანახვო, რომ ჩვენც, ეტლში მჯდომნიც, მათი ნაწილი ვართ, ისეთივე მოაზროვნეები და აქტიურები, ისეთივე მეოცნებენი და იმედიანები, როგორიც ისინი. ერთხელ, არ დამავიწყდება, ინვალიდის ეტლით მოვდიოდი ქუჩაში. ვიღაც კაცმა საცოდავი თვალებით გადმომხედა, და მითხრა, ნეტავი, ფული მქონდეს, დაგეხმარებოდიო. ავხედე და სიცილით ვუთხარი: რად მინდა შენი დახმარება, თუ გიჭირს იქით დაგეხმარები-მეთქი. რომ მხედავენ, ჰგონიათ, ფული უნდა მომცენ და ასე დამეხმარებიან. მე კი, მათგან მხოლოდ მორალურ დახმარებას ვითხოვ და არ მინდა სიბრალული და შეცოდება.
– ნატა, საკმაოდ ოპტიმისტი და სასიამოვნო მოსაუბრე ხარ. ვიცი, მუშაობ და სახლშიც თავად უძღვები ყველა საქმეს. არ გიჭირს მუშაობა და ოჯახის გაძღოლა მარტოს?
– თქვენ წარმოიდგინეთ, არ მიჭირს. საჯარო რეესტრშიც ვმსახურობ, ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციაც მაქვს – ტურიზმის სფეროში თანაბარი შესაძლებლობების განვითარების ცენტრი, პროექტებზეც ვმუშაობ, სახლის საქმეებსაც დამოუკიდებლად ვუძღვები, პირადი ცხოვრებაც მაქვს და მომავლის იმედიც. ადრე საკუთარი ბიზნესიც მქონდა – საცხობი გავხსენი მეგობართან ერთად, მაგრამ ახლა აღარ ვარ ამ ბიზნესში. მანქანა მყავს და არ მიჭირს გადაადგილება. ერთი სიტყვით, ჩემი შემოსავალი ნორმალური ცხოვრებისთვის მყოფნის, მაგრამ, სამწუხაროდ, უცხოეთში სარეაბილიტაციო კურსისთვის – არა. საერთოდ, მიყვარს ოპტიმისტი ადამიანი და არასდროს ჩავარდნილვარ დეპრესიაში. თუ რამის გაკეთება გინდა, ინვალიდობა არაფერს გიშლის. კი არ უნდა იარსებო ადამიანმა, უნდა იცხოვრო. საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, თორემ, რა მნიშვნელობა აქვს, ბორბლებით გადაადგილდები თუ ფეხებით? მთავარია, კომპლექსი არ გქონდეს და კომფორტულად იგრძნო თავი ნებისმიერ საზოგადოებაში.
– მარტო რატომ არჩიე ცხოვრება, ოჯახის წევრებისგან ცალკე?
– ჩემები მესამე სართულზე ცხოვრობენ და დამოუკიდებლად კიბეზე ვერ ავდივარ, ამიტომ, ვარჩიე, ბინა მექირავებინა პირველ სართულზე და იქ მეცხოვრა. მანქანაც განვადებით ვიყიდე. ამის გარეშე, უბრალოდ, ვერ ვიცხოვრებ. გადაადგილება ხომ მინდა? ინვალიდის ეტლი მანქანაში მიდევს და სადმე თუ მინდა წასვლა და გადაადგილება, პრობლემა არ არის.
ახლა ფიქრობენ, მოამზადონ ინვალიდი ადამიანები სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში და მეც შემომთავაზეს – იქნებ, გეცადა, ცურვაში ან მკლავჭიდში გევარჯიშაო, მაგრამ, უარი ვთქვი.
– რატომ თქვი უარი?
– უბრალოდ, სურვილი არ მაქვს. თან, ლუდი შემიყვარდა და სიგარეტის მოწევა დავიწყე. ასე რომ, ოქროს მედალს ვერ ჩამოგიტანდით ოლიმპიადიდან (იცინის). ისე, კარგ სიტუაციაში რომ ხარ, საყვარელი ადამიანების გვერდით და ცოტას დალევ, ცეკვაც ხომ გინდება? ჰოდა, მეც ვცეკვავ ჩემი ეტლით. ერთხელ, მეგობრებთან ერთად ბარში ვიყავი, ცოტა დავლიე, ავიწყვიტე და ამოვყირავდი (იცინის). დამეხვია ხალხი – რამე ხომ არ დაიშავეთო, მე კი ვკვდებოდი სიცილით. ენერგია ხომ უნდა დახარჯო? მეც ასე ვხარჯავ ჩემს მოჭარბებულ ენერგიას. ერთხელ, სახლში ვიყავი და ლუდი დავლიე. სიგარეტი გამითავდა და ვიფიქრე, საყიდლად გავალ-მეთქი. დავქოქე მანქანა და ღამის 12 საათზე გავედი ქუჩაში. პატრულმა გამაჩერა – ნასვამი ხარო. ვუთხარი, რა ვქნა, სიგარეტი მომინდა, ფეხით მე ვერ გადავადგილდები და, აბა, ისე როგორ გამოვსულიყავი? შენ შეგიძლია, ფეხით გახვიდე და იყიდო, მე კი ეს არ შემიძლია, მთვრალი ხომ არ ვარ, მარტო ორი კათხა ლუდი მაქვს დალეული-მეთქი. მაინც არ დამინდო და უნამუსოდ დამაჯარიმა.
– თქვი, პირადი ცხოვრებაც აწყობილი მაქვსო. რას გულისხმობდი?
– უკვე სამი წელია, საყვარელი მამაკაცი მყავს გვერდით. ერთად ვართ და თავს კარგად ვგრძნობ. ხან ნერვებს მიშლის, ხან სასიამოვნო სიურპრიზებს მიკეთებს და ცხოვრებას მიხალისებს. ვიცი, ძალიან ვუყვარვარ და არ მიღალატებს. ცოტა რთული ხასიათი მაქვს – შეზღუდვებსა და აკრძალვებს ვერ ვიტან და ამაში მიგებს. ერთმანეთს ვენდობით და თავს კარგად ვგრძნობთ ერთმანეთის გვერდით. მიფიქრია კიდეც, ხომ არ დავაკანონო ეს ურთიერთობა-მეთქი, იყო კიდეც საქმე აქამდე მისული, მაგრამ, მე არ მინდა. რამდენიმე წელიწადში შვილს გავაჩენ, გოგონა მინდა ძალიან და გავზრდი. ამისთვის გათხოვება აუცილებელი არ არის. მინდა, ისე ავაწყო ცხოვრება, რომ მეტი შესაძლებლობა მომეცეს საკუთარი თავის იმედი ვიქონიო და თავად გავზარდო და მივხედო შვილს, სხვების, თუნდაც მამის დახმარების გარეშე. პრობლემა მეც მაქვს ცხოვრებაში. უპრობლემო ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ ამის გამო დეპრესია წარმოუდგენელია ჩემთვის. პრობლემა იმისთვისაა, რომ გადაჭრა და გადაწყვიტო. ვფიქრობ, უცხოეთში ხომ არ წავიდე და იქ გავაგრძელო ცხოვრება-მეთქი, მაგრამ, ეს ჯერ შორი პერსპექტივაა. იცით, სიზმარში სულ ვხედავ, რომ ფეხით დავდივარ და, როცა ვიღვიძებ, მგონია, ერთ ღამეში ფეხით შემოვიარე მთელი სამყარო. მაგრამ, დამიჯერეთ, როცა ინვალიდის ეტლში ვჯდები, ამაზე აღარ ვფიქრობ და თავში საქმეები მიტრიალებს.