“ბათუმი ენჯელს„ – დაუვიწყარი სანახაობა “ბამბა რუმში„
8 აგვისტოს, ბათუმის ახალგახსნილ კლუბ „ბამბა რუმში“, „ჯორჯიან ფეშენ კომპანის“ (რომლის ხელმძღვანელიც ქალბატონი მაკა მეტრეველია), ინიციატივით არაჩვეულებრივი საღამო გაიმართა. როგორც ჩანს, „ფეშენ-შოუებს“ ჩვენი საზოგადოება მონატრებულია, ამიტომაც „ბათუმი ენჯელსმა“ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და „ბამბა რუმში“ მოწყობილ მოდურ-თეატრალიზებულ სანახაობაზე შავიზღვისპირეთში დამსვენებელი ბომონდური საზოგადოება სრულად შეიკრიბა. 9 საათზე „ატელიე ინფორმალისა“ და ანუკა ქებურიას ერთობლივი ჩვენება გაიმართა, 11 საათზე კი ლაკო ბუკიას სამოსში გამოწყობილ მოდელებს თეატრალიზებულ ფონს პანტომიმის თეატრის მსახიობები უქმნიდნენ. ეს საღამო რაღაცით წააგავდა „ვიქტორია სიკრეტის“ „ანგელოზების“ ჩვენებას, თუმცა ბათუმში ყველაფერი უფრო თეატრალიზებული იყო და ნაკლებად ჰქონდა ჩვენების სახე. სპეციალურად ამ დღისთვის „კარინ მოდელ მენეჯმენტის“ ათი უკრაინელი მოდელი ჩამოიყვანეს, რომლებიც ათ ქართველ მოდელთან ერთად, ანგელოზის ფრთებით, ულამაზესად გამოიყურებოდნენ. ჩვენებების შემდეგ სტუმრების გართობაზე ტაილანდელი დიჯეი – ნაკაიდა ზრუნავდა. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით, თეთრი ფრანებითა და ლამაზი საჩუქრებით დაგვირგვინდა.