რა ბედი ეწევა ქართველ “კონკიას„
მნიშვნელობა არ აქვს, თბილისშია შეკრებილი რამდენიმე ადამიანი ერთად თუ რომელიმე ზღვისპირა კურორტზე, სალაპარაკო თემა, ამინდთან და უჩვეულო სიცხეებთან ერთად, დათო იმედაშვილის ახალი ფილმის გადაღებებია. რას არ გაიგებთ: თურმე, პამელა ანდერსონი ჩამოჰყავთ, პამელას კი ძალიან რთულად შესასრულებელი კონტრაქტი მოუთხოვია – თავისი დაზღვევებითა და ამბებით და ასე შემდეგ. რაც ნამდვილად ვიცით, ისაა, რომ მთავარ როლს სოფო ნიჟარაძე შეასრულებს. ის ძალიან უხდება რომანტიკულ გმირს, რომელიც ბათუმის ახალ სასტუმრო „შერატონში“ მუშაობს და უმდიდრეს, „უსვეცკეს“ ბიჭს შეუყვარდება. რაც შეეხება თავად „პრინცს“, ამ როლზე თავიდან ლევან ხურცია მოიაზრებოდა, მაგრამ, როგორც გავიგეთ, ის გოგონების ახალმა გულთამპყრობელმა თორნიკე გოგრიჭიანმა შეცვალა. თუმცა, დაზუსტებით იმის თქმა, რომ პრინცის როლს თორნიკე ითამაშებს, მაინც არ შეგვიძლია. სოფოს, ანუ კონკიას უახლოესი მეგობრის როლს, სავარაუდოდ, ანა სანაია შეასრულებს, რომლის გმირიც იმავე სასტუმროში მუშაობს. გადაღებები, წესით, უკვე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, როგორც გავიგეთ, გადაიდო. მეორე ვერსიით, იმასაც ამბობენ, რომ პროექტი საერთოდ ჩაიშალა და, შესაძლებელია, ფილმი აღარც გადაიღონ. სამწუხაროდ, პროექტის ხელმძღვანელს, დათო იმედაშვილს, ვერ დავუკავშირდით, მაგრამ, ვეცდებით, მომდევნო ნომრებში უფრო დაზუსტებული ინფორმაცია მოგაწოდოთ.