ბექა ბროლაძემ დაკარგულ სიყვარულს სიმღერა მიუძღვნა
ცნობილია, რომ „ვარსკვლავურ-აკადემიური“ წყვილი დაიშალა – ბექა ბროლაძე და ქეთი ორჯონიკიძე ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ბექა ქეთის მიმართ სიყვარულს ვერ ივიწყებს და მას რომანტიკულ სიმღერებს უძღვნის. მაიკო კაჭკაჭიშვილის სევდიანი სიმღერა, „მომეცი შანსი“, ბექა ბროლაძემ „პი არტ სტუდიაში“ ჩაწერა, მისი არანჟირება კი პაატა ფაცურიამ გააკეთა. სიმღერაზე ბექამ კლიპიც გადაიღო, რომლის რეჟისორი ბესო კვარაცხელიაა. გადაღებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კლუბ „მიქსში“ და მწვანე ფონზე.
ბექა ბროლაძე: „სიმღერა დაკარგულ სიყვარულზეა, რომელსაც ქეთის ვუძღვნი... იმ ურთიერთობაზეა, რომელიც არსებობდა და ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო.“
კლიპის პრეზენტაცია კლუბ „პრემიერ პალასში“ შედგა და ის ქართულ მუსიკალურ არხებზე ტრიალებს.