ბორის ანდრონიკაშვილი ლიუდმილა გურჩენკოს და ნონა მორდიუკოვას ქმარი იყო
არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისა თუ ისტორიის მიერ სათანადოდ დაფასებული არ არიან, ნაკლებად ვიცით მათი შემოქმედებისა და ცხოვრების ისტორია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერესო და ქარიშხლიანი დღეებითაა სავსე. მწერალი ბორის ანდრონიკაშვილი ჩვენ „ოთარაანთ ქვრივში” შესრულებული არჩილის როლით გვახსოვს. ულამაზესი, წარმოსადეგი ბატონი ბორისი მშვენიერი ქალბატონების გულთამპყრობელი იყო. მის მიმზიდველობას წინ ვერც ლიუდმილა გურჩენკო და ვერც ნონა მორდიუკოვა აღუდგნენ.
სანდრო ანდრონიკაშვილი (ბორის ანდრონიკაშვილის შვილი): მინდა საუბარი მაინც უფრო შორეული წარსულიდან დავიწყო: მამაჩემის დედა იყო კირა ანდრონიკაშვილი, რომელიც გახლდათ ნატა ვაჩნაძის და. ნატა ხომ რეალურად ანდრონიკაშვილი იყო, უბრალოდ მას, კოლია შენგელაიამდე ჰყავდა მეუღლე, გვარად ვაჩნაძე და ნატა მის გვარზე გადავიდა. მერე, რადგან ამ გვარით გახდა ცნობილი, აღარ შეიცვალა. მოკლედ, ნატას ჰყავდა ორი და და ერთი ძმა, სანდრო ანდრონიკაშვილი, კირა ანუ ბებიაჩემი და თამარა, რომელიც ემიგრაციაში გარდაიცვალა. ის ყველაზე უფროსი იყო, ცოლად ჰყავდა ჰოლანდიელ ოფიცერს და მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კანადაში და იქ გარდაიცვალა. დიდი სანდრო ანდრონიკაშვილია გოგი და მერაბ ანდრონიკაშვილების მამა.
– რატომ გაგრძელდა თქვენი გვარი დედის ხაზით, ანუ მამათქვენი დედის გვარზე იყო ხომ? ასე გამოდის.
– აგიხსნით, ეს როგორ მოხდა. ბებიაჩემი ცოლად გაჰყვა დიდ რუს მწერალს, ბორის პილნიაკს, თუმცა პილნიაკი მისი ნამდვილი გვარი კი არა ფსევდონიმი იყო. რეალურად ის წარმოშობით გერმანელი იყო. იმ გერმანელების შთამომავალი, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში ეკატერინე მეორემ რუსეთში ჩამოასახლა. მისი ნამდვილი სახელი და გვარი იყო ბორის ფონ ვოგალი, წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი გახლდათ. პირველი მოთხრობების წიგნი დაწერა ბელორუსიაში, სოფელ ხუტორში. აქედან მოდის მისი ფსევდონიმი, პილნიაკი სიტყვა „პილიც”-დან. ანუ ხუტორის სახელი აიღო ფსევდონიმად და მას შემდეგ მისი მოთხრობები სულ პილნიაკის ფსევდონიმით იწერებოდა. ერთ-ერთ წიგნში მან აღწერა თუ როგორ დააწვინა სტალინმა ძალით ფონზე საოპერაციო მაგიდაზე და მოაკვლევინა. ძალიან რეალურად და ღიად იყო იქ აღწერილი სტალინის სახე. ნაწარმოები დაიბეჭდა 1930 წელს და იმ გამოცემის დღიდან დაიწყო პილნიაკის დევნა. არადა, ის საკმაოდ დიდი ფიგურა გახლდათ იმდროინდელ რუსეთში. უფრო კარგად რომ წარმოიდგინოთ გეტყვით, რომ პილნიაკის შექმნილია რუსეთის მწერალთა კავშირი, ერთადერთი ადამიანი იყო იმ პერიოდში, თუ მაქსიმ გორკის არ ჩავთვლით, ვინც უცხოეთში, თქვენ წარმოიდგინეთ, იაპონიაშიც კი, თავისუფლად მოგზაურობდა; ჰყავდა „მერსედესი” და ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა გავლენა ექნებოდა. რვა წლის განმავლობაში დასდევდნენ. მამაჩემი 1934 წელს დაიბადა და უკვე 1937 წელს პილნიაკი დაიჭირეს. იმ პერიოდში ისინი პირიდელნიკოში ცხოვრობდნენ, ეს არის მწერალთა სააგარაკო ადგილი მოსკოვთან ახლოს. ერთი სიტყვით, დააპატიმრეს და საბოლოოდ დახვრიტეს. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა ნატა ვაჩნაძე კარიერის ზენიტშია, საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მამაჩემის დედა დააპატიმრეს და შვიდი წლით გაუშვეს „ალჟირში“, ასე ერქვა შემოკლებით იმ ადგილს, რომლის სრული სახელი იყო „აკმოლინსკი ლაგერ ჟონ იზმენნიკოვ როდინი”. შვიდი წელი იჯდა. მაშინ „ერის მოღალატეების” შვილებსაც აპატიმრებდნენ და ამ შემთხვევაში უკვე აქაურმა ნათესავებმა, ნატამ, ნიკოლოზ შენგელაიამ, მამაჩემი სასწრაფოდ საქართველოში ჩამოიყვანეს, გამოუცვალეს დაბადების მოწმობა, ჩაწერეს დედის გვარზე ანუ ანდრონიკაშვილზე და ამით დაჭერას, ან მიუსაფართა სახლს გადაარჩინეს. სამი წლის ასაკიდან მამაჩემი ელდარის, გიორგის და თენგიზის გვერდით, ნატას ოჯახში იზრდებოდა. როდესაც კირა გაათავისუფლეს, მამაჩემი ათი წლის იყო. ისიც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ასეთი იყო დედის გვარზე ყოფნის ამბავი. იურიდიულად, რომ ვთქვათ მეც, მამაჩემიც და ჩემი შვილებიც გერმანელები ვართ. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, დადგა ის მომენტი, რომ მოსკოვში, გერმანიის საელჩოში დაგვიბარეს და საკმაოდ დიდი პრივილეგიები შემოგვთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ გვარი აღგვედგინა, რაზეც მან უარი თქვა და ამაზე ცოტა ქვემოთ მოგიყვებით.
– მამათქვენზე ხომ არ ყოფილა რაიმე სახის დევნა ბაბუის გამო?
– არა. მოგვიანებით, პილნიაკი უკვე რეაბილიტირებული იყო. ერთადერთი, რაც მამაჩემმა მიამბო, ის იყო, რომ ბათუმის სანაოსნო სასწავლებელში ყოფნისას, მას გამოუთქვამს სურვილი, გამხდარიყო „კაპიტან დალნევა პლავანია”, რაზეც უარი უთხრეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაინც „სინ ვრაგა ნაროდა” იყო. სხვა ფაკულტეტზე გადაიყვანეს და ამიტომაც მან ის სასწავლებელი დატოვა. სხვა მხრივ, რაიმე სახის დევნა არ ყოფილა. კომუნიზმის პერიოდში ჩვენ მოსკოვში ვცხოვრობდით და მამაჩემი სულ აგრძელებდა კავშირს დეიდასთან. ჰქონდათ მიმოწერა. ჩვენთან სახლში ინახებოდა და ინახება პილნიაკის არქივი. მახსოვს, ჩვენს სახლში სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ სულ დაძვრებოდნენ „კაგებეშნიკები”, ვითომ მკვლევრები იყვნენ და პილნიაკის არქივის ნახვა უნდოდათ, ხან რა მიზეზს იგონებდნენ და ხან – რას, მაგრამ არაფერში გვავიწროვებდნენ. ერთი სიტყვით, მამაჩემმა დაანება მეზღვაურობას თავი და „ვგიკში”, კინოდრამატურგიაზე, კინოსასცენარო ფაკულტეტზე ჩააბარა. იქ სწავლობდნენ ელდარ და გიორგი შენგელაიებიც. უამრავი მათი თაობის ადამიანი, რომლებიც შემდეგ ძალიან ნაყოფიერად მუშაობდნენ. ამ პერიოდს უკავშირდება მისი მოსკოვში გადასვლა და ამის შემდეგ ბორის ანდრონიკაშვილი ბოლომდე იქ ცხოვრობდა. მამაჩემი პირველად „ვგიკში” სწავლის პერიოდში დაქორწინდა. მისი პირველი მეუღლე იყო ლიუდმილა გურჩენკო...
– მაშინ ალბათ ისიც ძალიან ახალგაზრდა იყო.
– ლიუდმილა მამაჩემის ცოლი იყო ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც „საკარნავალო ღამე” გადაიღეს. მამაჩემზე ერთი წლით პატარა იყო. ორივე ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. გურჩენკოსგან ჰყავდა მამაჩემს პირველი შვილი, ჩვენი ნახევარდა. ის გურჩენკოს ერთადერთი ქალიშვილია. გურჩენკო და მამაჩემი ერთად ხუთი წელიწადი ცხოვრობდნენ და მერე დაშორდნენ, იმ დროს ბავშვი სამი წლის იყო. სამწუხაროდ, მამაჩემისა და ჩემი ნახევარდის ურთიერთობა არ გაგრძელდა. რატომ და რის გამო, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. გაშორებისთანავე ლიუბა დედის გვარზე გადაიყვანეს. ის დიდხანს დედის გვარს ატარებდა და მერე საერთოდ მეუღლის გვარზე გადავიდა. ვიცი, რომ ახლა უკვე დედასთანაც ძალიან მძიმე ურთიერთობა აქვს. ბავშვს, როგორც ჩანს, მაინც არასწორ ინფორმაციებს აწვდიდნენ, რაღაცეებს აწვეთებდნენ და ეს გახდა მიზეზი, რომ ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ. უკვე დიდები ვიყავით, როდესაც მამას ვკითხეთ: რატომ არ გვქოდა არანაირი ურთიერთობა ჩვენს დასთან, რომლის არსებობის შესახებ დიდი ხანია ვიცოდით. ჩვენთვის ეს დახურული თემა არ ყოფილა, როდესაც გაგვიჩნდა იმის სურვილი, გაგვეცნო, მამას ამაზე არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს. ექვსი-შვიდი წლის ასაკის შემდეგ მასთან ურთიერთობა არ მქონია და თუ სურვილი გაქვთ შეხვდითო. თუმცა, რატომღაც ეს ნაბიჯი მაინც არ გადაგვიდგამს. უცნაურია, რომ მე და ჩემი და, კირა ანდრონიკაშვილი, მოსკოვში ვიზრდებოდით, თან საკმაოდ ისეთ წრეში, რომ ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა. მაგრამ მისი მხრიდან იმდენად არანაირი სურვილი არ მოდიოდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ნაცნობობის დონეზეც კი არ შედგა. ის მხოლოდ ფიზიოლოგიურად არის ჩემი და. როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა, ვიფიქრე, ეს მაინც გახდებოდა ჩვენი დაახლოების მიზეზი, მაგრამ ის არც გამოჩენილა.
– თუმცა გურჩენკოსთან დაშორების შემდეგ მან არანაკლებ ცნობილ და პოპულარულ ქალზე იქორწინა.
– დიახ. გურჩენკოსთან განშორების შემდეგ ბორისმა სხვადასხვა გაზეთებისთვის წერა დაიწყო. ამ პერიოდში გაიცნო მან ნონა მორდიუკოვა, რომელიც უკვე თავადაც ძალიან პოპულარული და არანაკლებ ცნობილი მსახიობის ტიხონოვის მეუღლე გახლდათ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი მისი მონაწილეობით „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვებაა”.
– ტიხონოვი საოცრად სიმპათიური მამაკაცი იყო...
– მამაჩემიც ძალიან სიმპათიური იყო. (იცინის) მახსოვს, ბიჭვინთაში ვიყავი და ჩვენთან ახლოს ქალბატონი ლია ელიავა ისვენებდა. ჩვენ პატარები ვიყავით და ერთხელ ლიამ მითხრა – „სანდრიკ, კაგდა ტვაივო ოტცა ჟენშინი ვიდელი, ანი კიპიტკომ პისაც ნაჩინალიო”. აი, ასეთი ამბავი იყო. ერთი სიტყვით, მორდიუკოვა წამოიყვანა, წამოიყვანა თუ წამოჰყვა, რა მნიშვნელობა აქვს, ერთად ცხოვრობდნენ. ისინი რვა წლის განმავლობაში იყვნენ ერთად. ნონა მორდიუკოვას ბიჭს, რომელიც შემდეგ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, ფაქტობრივად, მამაჩემი, როგორც საკუთარ შვილს, ისე ზრდიდა.
– საერთო შვილი არ ჰყავდათ?
– არა. ნონა მამაზე შვიდი წლით უფროსი იყო და ეს უფრო ალბათ, სამოქალაქო ქორწინება იყო. მამა მიყვებოდა – უკვე ვხვდებოდი, რომ ჩვენს ქორწინებას მომავალი არ ჰქონდა, ბავშვი არ გვეყოლებოდა და ნამდვილი ოჯახი არ გვექნებოდა. არადა, ის ზუსტად იმ ასაკის ზღვარზე იყო, როდესაც კიდევ მოასწრებდა ცხოვრების მოწყობას და მეორე ნახევარს იპოვიდა, ამიტომაც გავუშვიო. მოკლედ, დიდი ისტორიებისა და თავგადასავლების შემდეგ ბორისი შეხვდა დედაჩემს. მაშინ ისიც მოსკოვში ცხოვრობდა. დედაჩემია რუსუდან ხანთაძე, მხატვარი მოგვიანებით გახდა, თორემ ისე პროფესიით ჟურნალისტია. ის საელჩოში მუშაობდა. თუ სადმე რამე სახის ფესტივალი, კონცერტი ან რამე მსგავსი ტარდებოდა ყველაფერს დედაჩემი კურირებდა. მათ ერთმანეთი არქიტექტორ ალიკ ჯაფარიძის დახმარებით გაიცნეს. ბორისი და რუსუდანი დაოჯახდნენ, ჯერ გაჩნდა კირა და შემდეგ უკვე მე. ჩვენც მოსკოვში დავიბადეთ და გავიზარდეთ. საბჭოთა კავშირის დროს ასე იყო, მაშინდელი კანონმდებლობა ავალდებულებდა ადამიანს ემუშავა. ორად ორი დიპლომი იყო, რომლითაც შეგეძლო სახლში გემუშავა, ეს იყო კინოდრამატურგია და სამხატვრო. ასე რომ, ის სახლში მუშაობდა. მამაჩემის სცენარის მიხედვით არის გადაღებული ფილმი „კაპიტნები”, მერაბ კოკოჩაშვილის „გზა”. ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომლის იდეის ავტორიც და სცენარისტიც მამაჩემია. რაც უფრო ასაკში შედიოდა, უფრო ისტორიისკენ იხრებოდა. ბოლო ნაწარმოებები უკვე ისტორიულია. სიმართლე გითხრათ, მამაჩემი მწერალი უფრო იყო, ვიდრე მხოლოდ სცენარისტი.
– „ოთარაანთ ქვრივზეც” მოგვიყევით, ამ როლზე როგორ აღმოჩნდა?
– იცით რა, როდესაც ამ წრეში ტრიალებ, გარშემო სულ რეჟისორები და მსახიობები არიან, ხშირად არის ესა თუ ის შემოთავაზება, თან მით უფრო თუ შენი ტიპაჟი სჭირდებათ. მეც ხშირად მიღებენ ხოლმე, „სტალინში” ვთამაშობ, რაღაც რეკლამებში. „კინოშნიკური” ოჯახის ამბავია. ამ პერიოდშიც და შემდეგაც ქალბატონებს შორის პოპულარობის პიკში იყო. მამაჩემთან დაახლოებით თექვსმეტი წლის ასაკიდან ვძმაკაცობდი და რაღაცეებს სულ მიყვებოდა. ის ძალიან მოსწონდათ ქალებს, თუმცა ისეთი რამ არ ყოფილა, რომ დედაჩემისთვის გული ეტკინა. დედაჩემი ჩემს დასთან ერთად დადიოდა ხოლმე დასასვენებლად, მე და მამაჩემი – ერთად. (იცინის) შესაბამისად, მამაჩემის პოპულარობას იქ უფრო ვხედავდი და ვგრძნობდი ხოლმე, როდესაც ქალბატონები გვერდით არ გვყავდნენ. იყო ნომრების გაყოფა და მთელი ამბები. განსაკუთრებული ტიპი იყო, სულ ამბობდა, არ შემიძლია დღეში ორი სტრიქონი მაინც არ დავწეროო. დილით ადრე ადგებოდა, ყავას მოიდუღებდა, რაღაცას წაიმუშავებდა და მერე ჩვენ გვაღვიძებდა სკოლისთვის.
– რატომ არ დაიბრუნა ნამდვილი გვარი?
– მამაჩემი გერმანიის მაშინდელმა ელჩმა რუსეთში აუდიენციაზე მიიწვია. მაშინ უკვე ცუდად იყო და ჩვენ წავყევით. როდესაც მოვბრუნდით, მამამ მოგვიყვა იქ რაზე იყო საუბარი, რადგან ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ოჯახურ საბჭოზე განიხილებოდა. მამას და მთელ მის ოჯახს შესთავაზეს გერმანიის მოქალაქეობა, საგვარეულო მიწები და პრივილეგიები, უბრალოდ მას ეროვნება – გერმანელი უნდა ჩაეწერა. ის ბონუსები, რასაც ეს ორმაგი მოქალაქეობა გულისხმობდა, მაშინ კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე დღეს. მით უმეტეს მაშინ ხომ უცხო ქვეყანაში ჩასვლა თითქმის შეუძლებელი იყო. მაშინ მამაჩემმა თქვა, მართალია, მამაჩემი გერმანელია, მაგრამ მე ქართველი ვარ, საქართველოში გავიზარდე და თავს ქართველად ვგრძნობ. ამიტომ ამას ვერ ვიზამო, თან ეს ისე თქვა, თითქოს ბოდიშს გვიხდიდა. მერე უკვე, როდესაც მე გავიზარდე, ისევ იყო საუბარი იმაზე, რომ გვარი აღგვედგინა, მაგრამ მეც აღარ გამიჩნდა სურვილი. რაზეც მამაჩემმა უარი თქვა, მე ხომ ვერ გავაკეთებდი.
– თქვენ რას საქმიანობთ?
– კინოსარეჟისორო მაქვს დამთავრებული. ვსწავლობდი „ვგიკში”, დავამთავრე თეატრალური თბილისში. ვმუშაობდი ჟურნალისტად, ვწერდი რუსული გაზეთებისთვის. ჩემი და ისევ მოსკოვში ცხოვრობს, ის ფილოლოგია და ამჟამად თარჯიმნის განხრით მუშაობს. ის ხელმძღვანელობს ბაბუის არქივს, სადაც შესაძლოა, ერთი დაბეჭდილი ლექსის ხელნაწერი დედანი ათასი დოლარი ღირდეს. რომ წარმოიდგინოთ რამხელა პოეტია ბორის პილნიაკი გეტყვით, რომ ფილოლოგიურზე სწავლისას მისი ქმნილებები სავალდებულო პროგრამაში შედის.
სალომე გველესიანი