რატომ დაამთხვია ნინო არაზაშვილმა საქორწინო მოგზაურობა შვებულებას და სად დაეძებდნენ მას მაშველები
ნინო არაზაშვილი კუთვნილ შვებულებას და აგვისტოს ცხელ დღეებს თბილისთან ახლოს, საკუთარ აგარაკზე ატარებს. ხელმარჯვეობით ცნობილი ტელესახე ბიწმენდში მებოსტნეობაშიც ისე დაოსტატდა, საკუთარ ბოსტანში პომიდორი და სიმინდიც კი მოჰყავს. არდადეგები ბიწმენდში მხიარულად გადის – ნინო ყოველდღე მასპინძლობს მეგობრებს და დაგეგმილი საზღვაო ვოიაჟისთვისაც ემზადება, მზისა და ცურვის მოყვარული ტელესახე საკუთარ რეკორდებსაც ამყარებს და აქტიური დასვენებისთვისაც მუდმივად მზად არის.
ნინო არაზაშვილი: დიდი ხანია, კარგი, ხანგრძლივი შვებულება არ მქონია. თუ ყველაფერი კარგად იქნა, აგვისტოს ბოლომდე სამსახურში მისვლას არ ვაპირებ. ძალიან ბევრჯერ დამწყვეტია გული იმის გამო, რომ ჩემი შვებულება სხვადასხვა მიზეზს შეუწირია ან დროზე ადრე შეწყვეტილა გარკვეული გარემოებების გამო. შარშანწინ 8 აგვისტოს უნდა გავსულიყავი შვებულებაში, მაგრამ, დილით ეთერში ვიყავი და მე თვითონ ვაცხადებდი, რომ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. ვგრძნობდი, რომ იმ წელს, რა თქმა უნდა, ვერ დავისვენებდი. შარშანაც ჩამეშალა შვებულება – მხოლოდ და მხოლოდ ექვსი დღით გამიშვეს სამსახურიდან, იმედი მქონდა, ერთი-ორი დღე კიდევ დავისვენებდი, მაგრამ, მეხუთე დღეს დამირეკეს და მითხრეს, ხვალ სამსახურში უნდა გამოხვიდეო. ასე რომ, ბოლო წლებში თითქმის არ მომიწია კუთვნილი შვებულების გამოყენება, ახლაც უკვე გამაფრთხილეს – ჯერ ხომ არ გადიხართ ქალაქიდან შორსო.
– ამიტომ დაბანაკდი თბილისთან ახლოს?
– დიახ, თბილისიდან სულ რაღაც 35 კილომეტრში ვატარებ აგვისტოს ცხელ დღეებს. სამი წლის წინ საგურამოსთან, სოფელ ბიწმენდში ვიყიდე აგარაკი და ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთე, რომ აქაურობა საცხოვრებელს დამსგავსებოდა. ეზო თავიდანვე ძალიან კარგი იყო, მაგრამ სახლს დასჭირდა სარემონტო სამუშაოები. მამა დამეხმარა ძალიან, თუმცა, მეც, როგორც ხდება ხოლმე, თავზე ვადექი მუშებს და შესაბამისად, მშენებლობაშიც დავოსტატდი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დედაჩემი და მამაჩემი ყოფილი მშენებლები არიან, ეს ნიჭი, ეტყობა, მეც გადმომყვა გენეტიკურად (იცინის).
– ზაფხული შენი საყვარელი სეზონია?
– არა, ზაფხულის სიცხე რთულად გადამაქვს, ენერგია ისე მეცლება, ნახევარი ადამიანი ვრჩები ხოლმე. მე მიყვარს შემოდგომის ხავერდოვანი პერიოდის ზღვა. ბოლოს, როცა ყველაზე კარგად დავისვენე, იყო სწორედ სექტემბრის ხავერდოვანი სეზონი.
– წელს არ მიდიხარ ზღვაზე, მთელ შვებულებას ბიწმენდში გაატარებ?
– აგვისტოს შუა რიცხვებში მე და ჩემი შვილები წავალთ ბათუმში, სადაც დამპატიჟა მეგობარმა, რომელსაც იქ სასტუმროების ქსელი აქვს. მიყვარს ზღვა, ქვიანი პლაჟი, სილა დისკომფორტს მიქმნის, რადგან სულ უნდა ვიფერთხო. მიყვარს, როცა მზით ვიჟღინთები. კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მახლავს ვინმე ისეთი, რომელიც, როცა მე თვალებს მივლულავ, ჩემს შვილებს მიხედავს. საბედნიეროდ, ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ, 9 საათზე დაძინება აღარ სჭირდებათ და, შესაბამისად, აღარც ბავშვების დამტოვებლის ძებნა მიწევს, ჩვენ უკვე ერთად დავდივართ ყველა კონცერტსა და პრეზენტაციაზე (იცინის).
– როგორც ჩანს, ისინი ახლა ყველაზე კარგი პარტნიორები არიან შენთვის დასვენების დროს.
– ბავშვები და მეგობრები – მე მიყვარს კოლექტიური დასვენება, ისეთ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც ბევრი საერთო მაქვს და დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. ჩვენ დასვენებაშიც არაერთხელ გამოგვიცდია ერთმანეთი, რადგან დასვენების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს. ყოველთვის ვცდილობ, მეგობრებიც იქვე ახლოს იყვნენ, სადაც მე მივდივარ – როგორღაც, ვახერხებთ, რომ ერთმანეთს დასვენების პერიოდი შევუთავსოთ და დავამთხვიოთ. ძალიან ახლოს თუ არ ვართ, იმას მაინც ვახერხებთ, რომ პლაჟზე ერთად ვიაროთ საბანაოდ. მიყვარს ცურვა, კარგად ვცურავ კიდეც. საკმაოდ დიდხანს ვიარე ცურვაზე, ცოტა ხანს წყალბურთის ნაკრებშიც ვიყავი. პოზიციის დაკავებამდე ვერ მივედი, სპორტული კარიერა მალე შევწყვიტე. იმდენად ვაჟკაცური სპორტია, იქ ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი. მიყვარს, როცა ზღვაში ღრმად გავდივარ, ოღონდ, აუცილებლად უნდა მყავდეს ვინმე, ვისაც ბავშვებს დავუტოვებ პლაჟზე. ზღვაში ისე შორს გავდივარ, რომ ნაპირიდან არ ვჩანვარ. ამის გამო ერთი-ორჯერ ისე შევაშინე ჩემი მეგობრები, რომ მაშველებიც გამომიგზავნეს, თუმცა, როცა ის მაშველები მომიახლოვდნენ, გარშემო ვიყურებოდი და ვფიქრობდი, ნეტავი, ვინმე ხომ არ იხრჩობა-მეთქი. მერე გავარკვიე, რომ, თურმე, მე მეძებდნენ (იცინის).
– რეკორდსმენი ყოფილხარ. ზღვაში საზღვრებს არღვევ?
– მთლად ანტალიამდე ვერ ჩავდივარ გონიოდან, მაგრამ, საზღვრებს ვარღვევ (იცინის). საერთოდ, ზღვის შიში მაქვს, მაგრამ, როგორც ზრდასრული და მოაზროვნე ადამიანი, ყოველწლიურად ვცდილობ, ეს შიში სწორედ ამ მეთოდით დავძლიო – რაც შეიძლება ღრმად გავიდე და დავრწმუნდე, რომ საშიში არაფერიც არ არის.
– პასიური დასვენების მომხრე არასდროს ხარ?
– არა, მე მიყვარს აქტიური დასვენება. მახსოვს, ძალიან კარგად ვისვენებდი ხოლმე თელავში, სადაც წლების განმავლობაში ეწყობოდა კამერული მუსიკის ფესტივალი „ქება ვაზისა”. იქ იკრიბებოდა მუსიკალური საზოგადოება და პირველად ჩემს ახალგაზრდობაში, ახლოდან მოვუსმინე ლიანა ისაკაძეს, პაატა ბურჭულაძეს. ახლა, რაც თელავის თეატრის რეკონსტრუქცია მოხდა, სწორედ ამ ფესტივალის აღდგენაზე მიდის საუბარი. მახსოვს, როგორ ვერთობოდით მეგობრები თელავში. მთელი დღე დავდიოდით ამ მშვიდ და ძალიან ლამაზ ქალაქში, სულ რამდენიმე კაფე იყო, მაგრამ ყველა სეზონზე ახალ დესერტებს გვთავაზობდნენ საყვარელი კახელები. საღამოობით ძალიან მაგრად გამოვიპრანჭებოდით ხოლმე, მოვუსმენდით ჭეშმარიტ და კარგ მუსიკას, მერე ვბრუნდებოდით უკან, ჩავიცვამდით ისევ ჯინსებს და მთელი ღამე ვცეკვავდით. ეს იყო საუკეთესო პერიოდი იმ დასვენებებს შორის, რომლებიც წარსულში მქონდა.
– უცხოეთში არ გაგიტარებია შვებულება?
– ორჯერ ვიყავი თურქეთში, მაგრამ ეს უფრო მივლინება იყო, ვიდრე შვებულება, თუმცა, მე არ ვყოფილვარ უცხოეთში მივლინებებით განებივრებული. ბავშვობაში და სტუდენტობისას უფრო მეტი ვიარე, ვიდრე მერე. როცა სკოლა დავამთავრე, მაშინ წამიყვანა მამაჩემმა სტამბულის დასათვალიერებლად, მერე საქორწინო მოგზაურობაში წავედი. იმ წელს შვებულება არ მეკუთვნოდა, მაგრამ, რადგან გავთხოვდი, რიგგარეშე შვებულება მომცეს და მეც საქორწინო მოგზაურობას დავამთხვიე. ბევრჯერ მინატრია სადმე კრუიზში წასვლა, მაგრამ, გემთან დაკავშირებით მაინცდამაინც არ მიმართლებს და არც კარგი მოგონებები მაქვს ამ მხრივ. ერთხელ მე, ჩემი ძმა და მამაჩემი მივდიოდით კრუიზში გემით „შოთა რუსთაველი”, რომელიც ბათუმიდან გადიოდა. ჩავედით ბათუმში, მაგრამ ჩვენი დაჯავშნილი ბილეთები სხვას ერგო – არ მოვიდა ის ადამიანი, ვისაც ჩვენთვის ბილეთები უნდა მოეცა. ჩვენც, დავუქნიეთ ხელი გემს და დავრჩით გაღიმებულები, გემი კი კრუიზში ჩვენ გარეშე წავიდა (იცინის).
– არდადეგების დაწყების წინ საგანგებოდ ემზადები ხოლმე?
– ადრე უფრო ვემზადებოდი საგანგებოდ, დღეს ყველგან ყველაფერი იყიდება და აღარ არის საჭირო უზარმაზარი ჩანთებით სიარული. ყოველთვის წინასწარ ვარკვევ, რა დამხვდება იქ, სადაც მივდივარ. აუცილებელი ატრიბუტია თმის საშრობი ფენი; თუ ბავშვებთან ერთად მივდივარ, უნდა მქონდეს ის წამლები, რაც, შეიძლება, დამჭირდეს. თავიდან ბოლომდე მობილიზებული ვარ. ადრე დასასვენებლად მივდიოდი ბევრი ბარგით და ძალიან დიდი ჩანთებით, რადგან მეგონა, რომ ყველაფერი დამჭირდებოდა, რაც მიმქონდა. მერე მივხვდი, რომ ჯობია, ზედმეტი ნივთების გარეშე წახვიდე და ჩემი ჩანთებიც შეთხელდა.
– ბიწმენდში მოწყენილები არ ხართ?
– რას ამბობთ! ყოველდღე მყავს სტუმრები, არც ერთი დღე არ გამიტარებია სტუმრების გარეშე. ძალიან მიყვარს საოჯახო საქმე, გამორიცხულია, რომ სახლი არ დავალაგო, არ გამოვწმინდო. შრომა დასვენების დროსაც მიწევს. გუშინწინ 25 ადამიანი მყავდა სტუმრად, სუფრას ხომ უნდა გაშლა და მერე ალაგება?! მაგრამ, მე ეს ყველაფერი მეხალისება, თან, საღამოს, როცა აგრილდება, მეც დიდ ენერგიაზე მოვდივარ ხოლმე. აგარაკი „დავასველეთ“ ჯერ ჩემს თანამშრომლებთან ერთად – „დილა მშვიდობისას” ძალიან დიდი გუნდი იყო ჩამოსული, თანაც – არაერთხელ. ბიწმენდში მოდიან, ასევე, ჩემი ბავშვობისა და სტუდენტობის მეგობრები. აქ არ გვაქვს ფართები და დისკოთეკები, გვაქვს ტრადიციული ქართული სუფრა კარგი თამადითა და კარგი სიმღერით. ჩემს აგარაკს აქვს ძალიან ლამაზი ეზო, ასაწყობი აუზი ბავშვებისთვის, რომელიც ძალიან დიდია, ჰამაკი, რომელიც ჩემთვის ზაფხულის აუცილებელი ატრიბუტია. ოჯახში ყოველთვის გვქონდა ჰამაკი, რომელსაც ყველგან თან ვატარებდით, სადაც კი დასასვენებლად მივდიოდით. წელს ძლივს გვეღირსა ჩვენი საკუთარი აგარაკი და უცებ ჩვენი ძველი ჰამაკი ვეღარ ვიპოვეთ, ამიტომაც მეგობარმა თბილისიდან გამომიგზავნა საჩუქრად.
ახლა ჩემს დასვენებაში შედის ისიც, რომ, საღამოობით დავუვლი ხოლმე ჩემს დარგულ პომიდვრებს და ვრწყავ. აქ გავიგე პირველად, რომ თურმე პომიდვრის მორწყვა დღისით არ შეიძლება. სიმინდიც მაქვს დათესილი, რომელმაც უკვე აიყარა ტანი და მწვანილიც, რომელიც ჯერ არ ჩანს.
– ფოცხით ხშირად გხედავენ ბიწმენდში?
– ფოცხი არ მაქვს, სამაგიეროდ, მაქვს თოხი და ბარი და მათი გამოყენებაც მშვენივრად ვისწავლე. ჩვენ ძალიან დიდხანს არ გვქონდა სოფელი, სადაც ბებიას და ბაბუას შეიძლებოდა, ეცხოვრათ. როცა პატარა ვიყავი, ბაბუაჩემმა კახეთში, სოფელ ბაკურციხეში იყიდა მიწა. მე და ბაბუა ხშირად დავდიოდით ხოლმე იქ, ბაბუა მიწას ბარავდა, მე კი მათესვინებდა. ის ქალაქელი კაცი იყო, მიწასთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა და ჩვენ ერთად ვსწავლობდით იმ ბარაქიან მიწაზე თესვასა და რგვას. ახლა იქ ვეღარ ჩავდივარ, მაგრამ ის გამოცდილება ბიწმენდში ძალიან გამომადგა. უკვე 75 ცალი პომიდორი ასხია ჩემს ჩითილებს, ეს ჩემი პირველი მოსავალია და ისე მიხარია, პომიდვრებსაც კი ვითვლი (იცინის).