ვის წინააღმდეგ შეთანხმდნენ რუსეთი და სომხეთი და რატომ მიენიჭა სომხეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზას სომხეთის დაცვის ფუნქცია
სომხეთსა და რუსეთს შორის ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, რის მიხედვითაც, სომხეთში, კერძოდ, გიუმრში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზას სომხეთის დაცვის ფუნქციაც მიენიჭება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყარაბაღის პრობლემა საცაა იხუვლებს და, ექსპერტების ვარაუდით, უახლოესი ცხელი წერტილი სწორედ ყარაბაღია, რუსულ-სომხურმა სამხედრო შემჭიდროებამ, წესით, აზერბაიჯანი გვარიანად უნდა გააღიზიანოს, მით უფრო, რომ სომხეთ-თურქეთის დაახლოება სულ ახლახან მოინელა, ჯერჯერობით იმ მარტივი მიზეზით, რომ დაახლოება გაურკვეველი ვადით გადაიდო (თუმცა, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა). ამასობაში, ცხინვალში კიდევ ერთი სამხედრო ქალაქიც გაიხსნა, აფხაზეთის აკვატორიას კი კარგა ხანია, რუსული სამხედრო ხომალდები აკონტროლებენ. სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელ ცხელ-ცხელ წერტილებზე წინასწარმეტყველებებით ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.
– ვის აშინებენ რუსეთი და სომხეთი: საქართველოს, აზერბაიჯანს თუ თურქეთს?
– ალბათ, ყველას. რეალურად, სომხეთში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზას არანაირი არსებითი დამატებითი ფუნქცია არ ენიჭება. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის ყოველთვის ისედაც ამ მიზანზე იყო გათვლილი. სომხეთთან გვაქვს ხელშეკრულება და ის ოფიციალურადაა ჩვენი მოკავშირე. ყოველთვის გასაგები იყო, რომ სომხეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა მიმართული იყო თურქეთისკენ. საქართველოსთან სიტუაცია უფრო რთულია, იმიტომ რომ ორი წლის წინათ სომხეთმა არ მოგვცა უფლება, გამოგვეყენებინა გიუმრის ბაზა საქართველოზე იერიშის მისატანად.
– ამ ახალი ხელშეკრულებით, სომხეთი ვალდებული იქნება, დაგრთოთ ნება, რომ რუსულმა ბაზამ იერიში მიიტანოს საქართველოზე?
– არა, რადგან ეს სომხეთის სუვერენული ტერიტორიაა, ისევე, როგორც 2003 წელს თურქებმა აუკრძალეს ამერიკელებს, გამოეყენებინათ თურქეთის ბაზები ერაყში შესაჭრელად.
– ეს ნიშნავს, რომ რუსეთ-თურქეთს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა?
– განსაკუთრებული დაპირისპირება არც არის. საერთოდ, ამჟამად ამიერკავკასიაში სიტუაცია მწვავდება. რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების პარალელურად ლღვება ყარაბაღის კონფლიქტი. ამდენად, მნიშვნელოვნად მაღალია ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების ალბათობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საფრთხე არ არსებობდა 1995 წლიდან დღემდე. თანაც, ასეთი მოსაზრება მხოლოდ მე არ მაქვს. ამ დღეებში ვესაუბრე ევროპის წარმომადგენლებს და მათაც დამიდასტურეს, რომ სიტუაცია მწვავეა და ამიერკავკასიაში კონფლიქტების მთელი გორგალია. ასეთ სიტუაციაში რუსეთი ცდილობს, განამტკიცოს კავშირი სომხეთთან, რადგან ის ჩვენი ერთადერთი დასაყრდენია, აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ გარდა.
– მესმის, რომ გიუმრის ბაზის მთავარი სამიზნე თურქეთია, მაგრამ აზერბაიჯანი როგორ აღიქვამს ამ სიახლეს? ცნობილია, რომ რუსეთს უნდა აზერბაიჯანთან ურთიერთობის აღდგენა?!
– გვინდა, რადგან აზერბაიჯანთან ვმუშაობთ საკითხზე, რომ ჩავატაროთ სამშვიდობო ოპერაცია მთიან ყარაბაღში და იქ რუსი მშვიდობისმყოფელები შევიყვანოთ.
– და აზერბაიჯანს მოეწონება, რომ რუსეთი სომხეთთან სამხედრო კავშირს ამყარებს?
– რთული სათქმელია. ასე ხელაღებით ვერ გიპასუხებთ. უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას. მე არ ვიცი, რამდენად სერიოზულად შეცვლის ეს ახალი ხელშეკრულება ვითარებას. დოკუმენტები ჯერ არ მინახავს. არ არის ნათელი, რა უნდა რუსეთს, თუმცა აშკარაა, რომ სიტუაცია მწვავდება.
– ექსპერტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ სწორედ ყარაბაღია უახლოესი ცხელი წერტილი. რატომ გახდა ყარაბაღი აქტუალური? 15 წელია, იქ არაფერი ხდებოდა.
– გასულ წელს თურქულ-სომხურმა მოლაპარაკებებმა სერიოზული საფრთხე შექმნა. აზერბაიჯანს აქვს საფუძვლიანი მიზეზი, რომ მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია, რათა ხელი შეუშალოს თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნას. ჯერჯერობით საზღვრის გახსნა აღარ არის აქტუალური, მაგრამ სიტუაცია ნებისმიერ წუთს შეიძლება, შეიცვალოს; მეორე, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე გააქტიურებამ, რაც ბოლო დროს შეიმჩნევა, შესაძლოა, გამოიწვიოს ვითარების ესკალაცია. ამას გარდა, დადის ხმები, რომ ვაშინტონმა და მოსკოვმა მოილაპარაკეს შემდეგზე: მოხდეს საომარი ვითარების დროებითი აფეთქება, რის შემდეგაც იქ ამერიკული და რუსული ჯარები გამოჩნდებიან. თუმცა პირადად ჩემთვის ეს ნაკლებად დამაჯერებელია. მეორე მხრივ, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოახერხოს თავისი ჯარის ყარაბაღში შეყვანა.
– რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის? რომ თავისი ყოფნა დააფიქსიროს თუ სხვა მიზნებიც აქვს?
– ეს ძალიან ბევრ საკითხს გადაწყვეტდა: მთავარი საკითხი მაინც სომხეთში განლაგებული რუსული ჯარის განბლოკვაა. ისინი მოწყვეტილი არიან რუსეთს, მათთან მხოლოდ ჰაერიდანაა კავშირი, ხოლო, თუ ჩვენი ჯარები განლაგდებიან ყარაბაღის ფრონტის ხაზზე, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, აზერბაიჯანის გავლით დავამყაროთ სახმელეთო კავშირი გიუმრის ბაზასთან. სომხეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს სჭირდება რეფორმირება. იქ უნდა ჩამოყალიბდეს თანამედროვე ტიპის ბრიგადები, რის საშუალებაც ახლა არ არის, რომ გავზარდოთ იმ ნაწილების ბრძოლისუნარიანობა. ამისთვის აუცილებელია სახმელეთო ტრანზიტი. ეს შესაძლებელია ან საქართველოს, ან აზერბაიჯანის გავლით. საქართველოს გავლით შეუძლებელია, ამიტომ რჩება აზერბაიჯანი. მით უმეტეს, რომ, თუ რუსეთი შეძლებს სომხეთ-აზერბაიჯანის შერიგებას, საქართველო დარჩება იზოლაციაში. თავის დროზე, ჩემი თანდასწრებით სთავაზობდა პავლე გრაჩოვი სომხებსა და აზერბაიჯანელებს, ისევე კარგად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, როგორც აფხაზეთში გავაკეთეთო (იცინის).
– რა გააკეთა კარგი რუსეთმა აფხაზეთში? რომ, საბოლოოდ, აღიარა?
– ამის შედეგად სომხეთი და აზერბაიჯანი, ორივე, მოექცევა ჩვენი პროტექტორატის ქვეშ, საქართველო კი დარჩება იზოლირებული და მოწყვეტილი, მათ შორის, კასპიიდანაც. ასეთი მიზნის მიღწევა რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა.
– და ამიტომ იძაბება ყარაბაღის ფრონტის ხაზებზე სიტუაცია და ხალხი იმიტომ იხოცება, რომ რუსეთმა ამ ორ მიზანს მიაღწიოს?
– ეს სასურველი მიზანია, მაგრამ რუსეთი არ აწყობს ორმხრივ სროლებს?! რუსეთისთვის პერსპექტიული იქნებოდა ეს ვარიანტი.
– ჩვენი მკითხველისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, როგორ აისახება ეს საქართველოზე. რა მიზნები აქვს საქართველოს იზოლაციას?
– ეს ჯვარს დაუსვამს ყველანაირ ნაბუკოს; საშუალებას მისცემს რუსეთს, თუ ის ასეთი კომბინაციის ჩატარებას შეძლებს, გააკონტროლოს საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება და ასე შემდეგ. თუ რუსეთი თავის მშვიდობისმყოფელებს ჩააყენებს მთიან ყარაბაღში, ეს ძალიან გაამყარებს მის გავლენას ამიერკავკასიაში.
– უხერხულია ამის კითხვა, მაგრამ რეალობა მაიძულებს. ამერიკა ასე მშვიდად დაელოდება, როგორ გაიმყარებს რუსეთი თავის პოზიციებს ამიერკავკასიაში და იზოლაციაში მოაქცევს თავის ერთადერთ მოკავშირე საქართველოს?
– რთული სათქმელია, რა მიზნები აქვს ამერიკას, რადგან ვაშინგტონში სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა აზრები აქვთ (იცინის). იქ ერთიანი მიდგომა არ არსებობს. მათთვის ამიერკავკასიაზე უფრო მნიშვნელოვანი რეგიონებიც არსებობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დოზითაა ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი რუსეთთან დაახლოება. მე ეს უშუალოდ ჩემი მეგობრებისგან ვიცი, რომლებსაც ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციაში მაღალი პოსტები უჭირავთ. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა. მეორე ნაწილის აზრით, არ უნდა აღიარონ რუსეთის გავლენის სფეროები. თითქოს ერთხელ თქვეს, რომ არ აღიარებენ რუსეთის გავლენის სფეროებს, მაგრამ თქმით რა შეიცვალა?! მხოლოდ ერთადერთი რამაა ცხადი: ამიერკავკასიის ბოლო ცხელი წერტილი უნდა გალღვეს. სექტემბრის შუა რიცხვებამდე სახიფათო მდგომარეობაა. ყარაბაღში ზამთარი ისე არ მოქმედებს საომარ ვითარებაზე, როგორც საქართველოს შემთხვევაში. საქართველოში კავკასიონი თოვლით იფარება და ვერ იომებ. ყარაბაღში ზამთრის შესვენება უფრო მცირეხნიანი იქნება.
– თუ ამერიკის ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია რუსეთთან დაახლოება, გამოდის, რომ რუსეთი გააძევებს ამერიკას ამიერკავკასიიდან?
– ამერიკა არ მიისწრაფვის ამიერკავკასიაში დიდ წარმომადგენლობაზე. მათ სხვა მიზნები აქვთ, მათი ყურადღება კონცენტრირებულია ირანისა და კორეისადმი. ამიერკავკასია იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ იქვეა ირანი, თორემ თავისთავად ეს არც ისე საინტერესო რეგიონია.
– ამიტომაც გეკითხებით, ირანის ომი, თქვენი აზრითაც, დგას დღის წესრიგში?
– ირანთან ომი უსერიოზულესი მოვლენაა, რადგან ეს იქნება ომი არა მხოლოდ ირანთან, არამედ ერთი დიდი ომი მთელ ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არ მგონია, ამ წელს დაიწყოს.
– ესე იგი, რუსულ-ქართული ომი შესაძლო ომებს შორის ბოლო ადგილზეა?
– ამ წელს მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ, მხოლოდ რამდენიმე სახიფათო კვირა დაგვრჩა სექტემბრის შუა რიცხვებამდე. მომავალ წელს კი, რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო დამძიმდება და გართულებები გაძლიერდება. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მიზეზები არათუ არ ქრება, უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ასე რომ, პერსპექტივაში ყველაფერი გაცილებით ცუდადაა. იყო რაღაც იმედები, რომ ოპოზიცია გაუსწორდებოდა სააკაშვილს ან ის თვითონ წავიდოდა, მაგრამ ახლა უკვე გასაგებია, რომ ოპოზიციამ ეს ვერ შეძლო და სააკაშვილიც არსად აპირებს წასვლას. შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებებიც ამაზე მიუთითებს. ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია იმისთვის, რომ რუსეთი ვერ იჯდება გულხელდაკრეფილი. პრინციპული მიზეზები, რომლებმაც წარმოშვა ეს კონფლიქტი, არ გამქრალა.
– ანუ რუსეთისთვის პრინციპულია, იქნება თუ არა სააკაშვილი ქვეყნის სათავეში?
– ესეც და საქართველოს ორიენტაციაც. სანამ სააკაშვილი იქნება, ლაპარაკი საქართველოს პრორუსულ ორიენტაციაზე გამორიცხულია.
– შეიძლება, იყოს სხვა პრეზიდენტი, მაგრამ საქართველოს ორიენტაცია პროდასავლურია იმიტომ, რომ მოსახლეობას უნდა ასე?
– მე ამაზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ იმას გეუბნებით, თუ როგორ უყურებს სიტუაციას მოსკოვი. მოსკოვი ამბობს, რომ სააკაშვილს არაფერზე არ მოელაპარაკება, არადა მოლაპარაკება აუცილებელია, რადგან რაღაც უნდა მოუხერხდეს სომხეთთან სახმელეთო ტრანზიტს; რაღაც უნდა მოუხერხდეს ამ სულელურ „იუჟნაია ოსეტიას“, რომელიც ფულს იწოვს და უდაბნოს ემსგავსება. მოკლედ, ბევრი პრობლემაა, რომლებიც თბილისთან ერთად უნდა გადაწყდეს, ხოლო, სანამ სააკაშვილია, რუსეთის ახლანდელი ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ აქვთ პრინციპული მიდგომა, არ დაელაპარაკონ სააკაშვილს. ეტყობა, იმის იმედი აქვთ, რომ ის გაქრება, მაგრამ, რადგან ის არ ქრება, რაღაც უნდა მოიმოქმედონ. ანუ საქართველოსთან კონფლიქტის პრობლემა არ გადაჭრილა, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს წელი გადავაგოროთ. ჩვენ ახლა ვსხედვართ მზეზე, მაგრამ ღრუბლები ახლოვდება. ამას დაამატეთ ყარაბაღის კონფლიქტის განახლება, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი დიდი ომი ახლო აღმოსავლეთში: სპარსეთის ყურეში, ლიბანში, ღაზაში. ამიერკავკასია კი ამ ყველაფერთან ძალიან ახლოსაა. ერთი სიტყვით, მომავალი ბნელი და საშიშია. ჯერჯერობით არ ჩანს ამ კონფლიქტების გადაწყვეტის არანაირი დიპლომატიური შესაძლებლობები. ყველაფერს მივყავართ ომისკენ: ყარაბაღსაც, ირანსაც, საქართველოსთან კონფლიქტსაც, ისრაელსაც. რადგან მხოლოდ საომარი გადაწყვეტილებები ჩანს, ესე იგი, დიდი სამხედრო კონფლიქტებია მოსალოდნელი, მაგრამ ამ წელს მშვიდად ვიქნებით.
– ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთი სამხედრო ქალაქი გახსნეს, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, აქვს ამას მნიშვნელობა?
– ალბათ, აქვს, მაგრამ არა გლობალური. უბრალოდ, მოაწყვეს ინფრასტრუქტურა. ჯერჯერობით აფხაზეთსა და „ოსეტიაში“ პირადი შემადგენლობების მხოლოდ ნახევარია, დანარჩენები ისვენებენ ძირითად ბაზებზე ვლადიკავკაზსა და მაიკოპში. იცით, რომ აფხაზეთში მაიკოპის ბრიგადაა განლაგებული, ცხინვალში კი – ყოფილი მე-19 დივიზია ვლადიკავკაზიდან, თუმცა, პირადი შემადგენლობისგან განსხვავებით, იქ მძიმე სამხედრო ტექნიკა სრული შემადგენლობითაა განთავსებული. რადგან იქ მძიმე პირობებია, მაიკოპსა და ვლადიკავკაზში კი კარგი ყაზარმები და სამხედრო ქალაქებია. ეს ქმნის პრობლემას, იმიტომ, რომ, თუ დაიწყება კონფლიქტი, ის ისეთ დროს უნდა მოხდეს, რომ სწრაფად მოხერხდეს პირადი შემადგენლობების გადმოსროლა. ამის მიზეზი ცუდი გზებია: მაიკოპიდან სოხუმამდე რკინიგზით ძალიან დიდი მანძილია. ამიტომაც პუტინს აქვს იდეა, რომ კოდორის გავლით რაღაც გვირაბი გაჭრას. იქ ადრე იყო გზა ქლუხორის უღელტეხილზე, ამ გზის აღდგენაც უნდა და ქლუხორის ქვეშ გვირაბის გაჭრაც, სხვანაირად, რადგან ზამთარში თოვლია, მუდმივი კავშირი ჩრდილო კავკასიასა და აფხაზეთს შორის წარმოუდგენელია. თუმცა ეს დიდხნიანი პერსეპქტივაა და არ ვიცი, ააშენებენ თუ არა.
– იმედი ვიქონიოთ, რომ ვერ ააშენებენ.
– პუტინი ბაღაფშსაც შეხვდა და ილაპარაკეს ამ თემაზე. გვირაბის გარეშე გზას არანაირი აზრი არ აქვს.
– აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს აქვს რაიმე სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა?
– აფხაზეთში არანაირი ფლოტი არ არის. ამის შესახებ სარდლობამ სპეციალური განცხადება გააკეთა, იქ მხოლოდ „ეფესბეს“ მესაზღვრეები დგანან. საერთოდაც, აფაზეთის პორტებში ფლოტს ვერსად დააყენებ. ოჩამჩირეში მხოლოდ პატარა ხომალდები თუ დადგება. ამიტომ ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების გადაჯგუფების საკითხი არც განიხილება. საკითხი დახურულია, იმიტომ რომ აკვატორია არ იძლევა დიდი გემების განლაგების საშუალებას. ასე რომ, აფხაზეთში არანაირი შავი ზღვის ფლოტი არ არის. დიდი გემების განლაგება შესაძლებელია სოხუმის პორტში, მაგრამ მგონია, რომ არც ამას გეგმავენ.
– ოჩამჩირის ნავსადგური საბჭოთა დროს წყალქვეშა გემებისთვის გამოიყენებოდაო.
– არა.
– ძალიან კარგი. აფხაზეთსა და ცხინვალში არის რუსული სამხედრო ბაზები, ასევე, სომხეთში, ანუ საქართველო ალყაშია. რა სიმძლავრე აქვს იმ რუსულ სამხედრო ძალებს?
– აფხაზეთსა და „ოსეტიაში“ განლაგებულია რამდენიმე ათასი მესაზღვრე, ბრიგადების პირადი შემადგენლობა, როგორც გითხარით, სრული არ არის. თუმცა კონცენტრირებულია მძიმე ტექნიკა. ამას გარდა, გუდაუთაში არის ავიაბაზა. რაც შეეხება სომხეთს: გიუმრის ბაზაზე მსახურობს 5 000 სამხედრო მოსამსახურე, ამას გარდა, არის ავიაცია და ძალიან ბევრი მძიმე სამხედრო ტექნიკა, 25 000 კაცზე გათვლილი. საქართველოდან გატანილი ტექნიკაც იქ დააყენეს. მართალია, სამხედრო მოსამსახურეები ბევრნი არ არიან, მაგრამ მათი გადასროლა ნებისმიერ დროს შეიძლება ჰაერით. ამჟამად სომხეთში განლაგებულ რუსულ ბაზაზე ძირითადად მსახურობენ სომხეთის მოქალაქეები, მხოლოდ რამდენიმე ასეული რუსი ოფიცერია. ისევე, როგორც ეს იყო ახალქალაქსა და ბათუმში. ძალიან ძვირი ჯდება სამხედრო მოსამსახურეების რუსეთიდან წაყვანა, ამიტომ ადგილზე ქირაობენ. ეს, ფაქტობრივად, სომხური სამხედრო ნაწილებია.
– აშკარაა, რომ ის სამხედრო ძალა, რომელიც რუსეთს ჰყავს სამხრეთ კავკასიის სამ წერტილში, მართალია, საკმარისია საქართველოსთვის, მაგრამ თურქეთისთვის – არა?
– თურქეთისთვის ამას საჩვენებელი ფუნქცია აქვს: რომ მათ იცოდნენ, რომ, თუ კონფლიქტში ჩაერთვებიან, იომებენ არა სომხეთთან, არამედ რუსებთან. მაგრამ სომხეთში არის საზენიტო რაკეტები, რადარები, ავიაგამანადგურებლები. ანუ ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი ამ სამხედრო ნაწილის გაძლიერება: ჰაერითაც გადაისვრი პირად შემადგენლობებს და იარაღსაც დაურიგებ სომეხ რეზერვისტებს, თუ სომხეთში მობილიზაცია გამოცხადდება. მხოლოდ ჯავშანტექნიკაა 1 000-მდე ერთეული.
– მართალია, რუსულ-ქართული კონფლიქტი თითქოს ამ წელს არ არის აქტუალური, მაგრამ მაინც რა რჩევას მისცემდით ჩვენს მთავრობას?
– მე არ ვიძლევი პოლიტიკურ რჩევებს.
– სამხედრო რჩევებს გეკითხებით.
– ამ დღეებში სააკაშვილმა თქვა, ომისთვის ვემზადებიო.
– როდის თქვა? მე არ მახსოვს მისი ასეთი განცხადება?
– ოფიცრებს ეუბნებოდა, რომ უნდა მოვამზადოთ ოფიცრები და ტოტალური თავდაცვისთვის მოვემზადოთო. მე არ ვიცი, რას აპირებს, მაგრამ ფინელებიც ზუსტად ასე ემზადებოდნენ რუსეთისგან თავდაცვისთვის.
– სერიოზულად ფიქრობთ, რომ სააკაშვილი ომისთვის ემზადება? ეს ხომ აბსურდია?
– სააკაშვილი ასე ამბობს, თუმცა არ ვიცი, რეალურად რას აკეთებს. პატარა სახელმწიფოსთვის ტოტალური თავდაცვა ერთადერთი მეთოდია, როდესაც რუსეთის მეზობლადაა.
– იმის თქმა გინდათ, რომ საქართველო თავდაცვისთვის ემზადება, რუსეთი კი თავდასხმას არ აპირებს?
– რუსეთისთვის საქართველო არ არის სამხედრო საკითხი, ეს უფრო პოლიტიკური საკითხია. ოფიციალურად ითქვა მოსკოვში, ველოდებით, როდის შეიცვლება ხელისუფლებაო. აქედან კი სამწუხარო დასკვნები გამომდინარეობს: ყველაფერს მივყავართ ომისკენ, ოღონდ არა ამ წელს.
– ადრე თუ გვიან, ომი გარდაუვალია?
– ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. შეიძლება, სააკაშვილს რამე მოუვიდეს.
– პუტინს შეიძლება, აგური დაეცეს თავში?
– შესაძლოა, მოსკოვშიც ვინმეს რაიმე მოუვიდეს. ეს ღვთის ნებაა.
– თუმცა, ბულგაკოვის ლოგიკით, აგური შემთხვევით არავის ხვდება თავში.