რატომ ამოქმედდება საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელსაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ ცნობს სასამართლოდ
მართალია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იდეა რევოლუციურ ხელისუფლებას ვარდების რევოლუციის აისზევე გაუჩნდა, თუმცა რეალურად ის ორიოდ თვეში, კერძოდ, ოქტომბერში ამოქმედდება. რეფორმატორები და იდეის ავტორები, ბუნებრივია, კმაყოფილი არიან თავიანთი პირმშოთი (რომელსაც დღე-დღეზე ველოდებით), ოპონენტები კი მას მკვდრადშობას უწინასწარმეტყველებენ. სამართლის დოქტორმა და პროფესორმა მინდია უგრეხელიძემ, რომელიც ამჟამად სახალხო სასამართლოს თავმჯდომარეობს (მას შემდეგ, რაც ათი წლის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ იმუშავა და დაახლოებით იმდენ ხანსვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ), ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უკვე გამოსცადა სახალხო სასამართლოში (აქვე გეტყვით, რომ ის ამ ინსტიტუტის დანერგვის წინააღმდეგია), ამიტომაც ინიციატივის ავკარგიანობის გარკვევას სწორედ მასთან შევეცდებით.
– რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მთავარი იდეა?
– სამწუხაროდ, ამაზე ძალიან ცოტა იწერება და არასრულ ინფორმაციას გვაწვდიან, რის გამოც, კიდევ უფრო არასრულია ის დებატები, რომლებიც დაყვანილია ყოფით არგუმენტებზე, რასაც არაფერი აქვს საერთო არც ნაფიც მსაჯულებთან და არც ლოგიკასთან. რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო? ეს არის სრულიად სხვა ტიპის სასამართლო, სადაც ერთ სასამართლოში თავმოყრილია ორი სასამართლო: ერთი ფაქტების დამდგენი სასამართლო, რომელსაც წარმოადგენენ ნაფიცი მსაჯულები, ანუ არაპროფესიონალი იურისტები. მოგეხსენებათ, ნაფიც მსაჯულს არ აქვს უფლება, იყოს იურისტი, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. მეორეა სასამართლოს ნორმების შემფარდებელი ნაწილი, რომელსაც წარმოადგენს გაწვრთნილი იურისტი, მოსამართლის სახით. თავისთავად, ბუნებრივია, ერთი სასამართლოსთვის თუ ვერ მოგივლია, ორი კიდევ უფრო რთული მოსავლელია. თუმცა შეიძლება, ისეთი ვაჟკაცებიც ვიყოთ, ორს კი არა, სამს მოვუაროთ, მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდ სირთულეებს ქმნის. უპირველესი სირთულეა ის, რომ ყოველთვის არ არის ადვილი ნორმისა და ფაქტის გამიჯვნა. მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის მხოლოდ ფაქტის საკითხი, როდესაც ნაფიცი მსაჯულები წყვეტენ ძირითად საკითხს: ბრალეულია თუ არა პირი. დანაშაული იურიდიული ცნებაა და შესაძლოა, დაინახო, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს ქვა ესროლა და თავში მოარტყა, რის შემდეგაც ეს ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ შესაძლოა, იმ მომენტში ადამიანი დაიღუპა არა ქვით, არამედ იმიტომ, რომ დაემართა ინფარქტი. მეორე ძალიან საინტერესო საკითხია ის, რომ მთელ მსოფლიოში უკვე ათწლეულების განმავლობაში მიდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შევიწროება და ცდილობენ, თავი დაიხსნან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსგან.
– როდის შემოვიდა ეს ინსტიტუტი და რატომ გახდა აუცილებელი მისი დანერგვა?
– ეს შუა საუკუნეების ინსტიტუტია, რომელმაც, თავის დროზე, პროგრესული როლი შეასრულა იმ მხრივ, რომ ბიუროკრატია არ ჩარეულიყო სასამართლოს საქმიანობაში და მაშინ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იყო ერთგვარი მეხამრიდი იმისთვის, რომ სახელმწიფო მოხელეებს თავნებობა არ გამოეჩინათ. მან შეასრულა თავისი როლი, მაგრამ დროც მოჭამა, გახდა საკუთარი წარმატების მსხვერპლი და უკვე დაკარგა აქტუალობა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინგლისში წარმოიშვა, ანუ მისი მშობლები ინგლისი და ამერიკაა, მაგრამ ამ ორივე ქვეყანაში, როგორც მოგახსენეთ, თანდათან ვიწროვდება ეს სფერო. ვეღარ ამართლებს დღევანდელ პირობებში და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი: ჯერ ერთი, ძალიან ახანგრძლივებს პროცესს, არადა ყველაფერი მიმართულია პროცესის დაჩქარებისკენ, იმიტომ რომ ბევრი საქმეა განსახილველი; მეორე, ჯდება უფრო ძვირი და, რაც მთავარია, ძალიან დიდია ცდომილების ალბათობა და პროცენტი. ამის ყველაზე კლასიკური მაგალითი, რომელმაც გამანადგურებელი ლახვარი ჩასცა ამ ინსტიტუტს, იყო სიმფსონის საქმე. ამერიკული კინოსა და ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავი, როგორიც გახლდათ სიმფსონი, ბრალდებული იყო ცოლის მკვლელობაში. ვინაიდან ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. ცხადია, ის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხელში მოხვდა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომელიც 12-კაციანი ჟიურით იყო წარმოდგენილი, გაამართლა ეს ულამაზესი შავკანიანი კაცი. სხვათა შორის, 9 შავკანიანი იყო წარმოდგენილი ნაფიც მსაჯულთა ჟიურიში. საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდა, მაგრამ ამ დროს მოხდა ძალიან საინტერესო რამ: სიმფსონმა თავის ადვოკატს ირონიულად ჩაულაპარაკა, მგონი, მართლა არ მომიკლავსო. ამ ამბავმა გაჟონა და შემდეგ დაიწყო საშინელება. ეს საქმე მოხვდა სამოქალაქო სასამართლოში, სადაც მას ჩემი მეგობრები იხილავდნენ. ტიგრან თავრიზიანმა, ძალიან საინტერესო და პოპულარულმა ადამიანმა ამერიკაში, მიამბო, როგორ იხილავდნენ ამ საქმეს კალიფორნიის სასამართლოში: სამოქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ სიმფსონმა მოკლა თავისი მეუღლე. ესე იგი, დღეს ამერიკაში ერთ საქმეზე არის ორი გადაწყვეტილება: ერთი სისხლის სამართლის, ანუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი, რის მიხედვითაც, სიმფსონს არ მოუკლავს ცოლი და მეორე, სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან ის მოკლა.
– ესე იგი, ჩვენც გვემუქრება მსგავსი პერსპექტივა?
– ჩვენთან, თუ სისხლის სამართლის საქმე იხილება, მას სავალდებულო ძალა აქვს სამოქალაქო სასამართლოსთვისაც. ამით იმის თქმა მინდა, რომ რაოდენი ბურჯიც უნდა იყოს ამერიკა დემოკრატიისა და მართლმსაჯულებისა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ იქ ყველაფერი უზადოდაა, ამიტომ ჩვენ მათგან კარგი უნდა გადმოვიღოთ და ცუდი დავუტოვოთ. ყველაზე უფრო დიდი საოცრება ის არის, რომ ამერიკელები თავიანთ მიერ დაწუნებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩვენ გვახვევენ თავს.
– ჩვენების, ანუ ქართული ინიციატივაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება თუ ამერიკელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს რეკომენდაციის სახით?
– საქართველოში რამდენიმე წელია, გრძელდება ბრძოლა ორ სამართლებრივ ოჯახს, სისტემას შორის. ერთია კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სისტემა, რომელსაც წარმოადგენს: გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია და ასე შემდეგ და მეორეა – ინგლისურ-ამერიკული სისტემა. ეს ორი სრულიად განსხვავებული სისტემაა, რადგან ერთში სამართლის წყაროა კანონი, მეორეში – ინგლისურ-ამერიკულში კი წერია, რომ არათუ კანონი, კონსტიტუციაც კი არაფერს წარმოადგენს, სანამ მოსამართლე არ იტყვის, რომ ეს არის კონსტიტუცია. მოხდა ისე, რომ გაიქცევა ჩვენი ერთი სტუდენტი, მაგისტრანტი თუ დოქტორანტი გერმანიაში და მოინდომებს გერმანული მოდელის დანერგვას; გაიქცევა მეორე ამერიკაში, ჩამოიტანს ამერიკულ მოდელს და მის დანერგვას ცდილობს. შემდეგ, ვინც უფრო მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდება, ცდილობს, აამოს თავის უცხოელ მასწავლებლებს და ვიღებთ სრულ განუკითხაობას. როგორც ჩანს, რეფორმების მოყვარული და რეფორმებს დახარბებული ყოველი ხელისუფლება თუ უწყება იდეათა ნაკლებობის გამო ვერაფერს ახერხებს იმაზე უკეთესს, რომ დაკარგული ჭუკივით ხან ევროპას მიაყვიროს, „ყვაო“ და ხან – ამერიკას. ისინი კი იმას ნერგავენ, რაც აქვთ. რატომ უნდა უნდოდეს, მაგალითად, ამერიკას, რომ საქართველოში დაინერგოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თუ თვითონ მაინცდამაინც აღფრთოვანებულები და ბედნიერები არ არიან ამის გამო?
– ექსპერიმენტს ატარებენ?
– არა, ექსპერიმენტი არ სჭირდებათ, თავიანთ თავზე აქვთ უკვე გამოცდილი. თან არ გეგონოთ, რომ მე ანტიამერიკელი ვარ: ამერიკის სამი შტატის საპატიო მოქალაქე გახლავართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, რასაც ამერიკელები შემიშხაპუნებენ, ყველაფერი წამოვიღო და ჩემს ქვეყანას მოვახვიო თავს. მე მაქვს ასეთი ეჭვი: დღევანდელ სამყაროში, სადაც საზღვრები გახსნილია, იმ ქვეყნების გონიერი ხელისუფალნი, საიდანაც მოქალაქეები მიედინებიან, ადამიანებს, რომლებსაც ისინი თავიანთ ქვეყანაში ვერ უძებნიან ადგილს ასაკის, ჯანმრთელობისა თუ კვალიფიკაციის შეუსაბამობის გამო, ეუბნებიან, წადი საქართველოში, იქ სამსახურსაც იშოვი, უფრო სარფიანადაც იცხოვრებ. ნაკლები ხარჯი გექნება, დოლარით საქართველოში უფრო მეტს შეიძენ, ვიდრე ამერიკაში და იქ დაგხვდება ყველაფერი ის, რაც აქ არის, ოღონდ წადი და ბედნიერი იყავი, დაუსაქმებელი არ მყავდე და ბუნტი არ მომიწყოო. მე კი იქ დაგახვედრებ იმას, რასაც შეჩვეული ხარ, თორემ შენ როდის შეისწავლი კონტინენტური სამართლის ნორმებსო. აქ მყოფნი კი ამჯობინებენ, თავიანთ სკამს გაუფრთხილდნენ, ვიღაცას აამონ და ამით გრანტები მიიღონ, ვიდრე ამას წინ აღუდგნენ და ამით თავიანთი ერი და მართლმსაჯულება დაიცვან.
– თუ სწორად გავიგე ჩვენთან იქმნება ამერიკული მართლმსაჯულების პატარა, ოღონდ მახინჯი მოდელი?
– ამ გამოვლინებაში ასე ჩანს.
– რა ტიპის საქმეებს შეაფასებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?
– ტრადიციულად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გამოიყენებოდა, რაც შეიძლება მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებში, მაგრამ შემდეგ მან მოიცვა სხვა საკითხებიც. როდესაც შევიტყვე, რომ ესოდენ აღფრთოვანებული ვართ ამ იდეით, ამ უცხო ხილის ეფექტით, გადავწყვიტე, აქ, ამ სახალხო სასამართლოში, რომელიც ჩამოვაყალიბე, როგორც აზრის გამოხატვის კერა, მომეხდინა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აპრობაცია. ამდენად, ჩვენ ვართ პირველები, ვინც ქართულ ნიადაგზე მოინდომა ამ სიახლის დამყნობა. ამით გადავწყვიტე, თვითონვე დავრწმუნებულიყავი ჩემი ვარაუდებისა და ეჭვების საფუძვლიანობაში და მგონია, რომ ამაში დავრწმუნდი.
ჩემთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმთავითვე მიუღებელია და თქვენც იცოდეთ, რომ ის ვერ გაიხარებს.
– ავუხსნათ მკითხველს, პრაქტიკულად როგორ მიმდინარეობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი?
– როგორც გითხარით, სასამართლო შედგება ორი ნაწილისგან: ერთ ნაწილს წარმოადგენენ ნაფიცი მსაჯულები, ისინი შეიძლება, იყვნენ 12-ნი, 9-ნი ან 6-ნი, გააჩნია კანონმდებლობას. ჩვენი, სახალხო სასამართლოს წესდებით, ნაფიცი მსაჯულების კოლეგია შედგება ექვსი ძირითადი ნაფიცი მსაჯულისგან და აუცილებლად უნდა იყოს სათადარიგო მსაჯულიც. სასამართლოს მეორე ნაწილს წარმოადგენს კვალიფიციური იურისტი, ამ შემთხვევაში მეც და ამ იურისტსაც გვყავს სათადარიგო მოსამართლე. როგორ ხდება ეს პრაქტიკულად: იწყება საქმის განხილვა მისაღებობის ეტაპზე, რომელშიც არც ნაფიცი მსაჯული იღებს მონაწილეობას და არც მოსამართლე. ამას აკეთებს განმწესრიგებელი. მომჩივანი მიდის მასთან, წარადგენს სათანადოდ გაფორმებულ მასალებს და შევსებულ ფორმულარს. საქმე მიიღება წარმოებაში და ამის შემდეგ გამოიყოფა გარკვეული დრო, რომელიც საჭიროა მხარეებისთვის, რომ გაეცნონ საქმეს. ეს დრო ორივე მხარისთვის თანაბარი უნდა იყოს და ამის შემდეგ დაინიშნება სასამართლო სხდომის თარიღი. სასამართლო სხდომის წინ ფიცს დებენ ნაფიცი მსაჯულები, მოსამართლე და იწყება საქმის განხილვა. მოსამართლის როლი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში უფრო მოდერატორის როლს ჰგავს. ის არ არის ისეთი აქტიური, როგორც იმ სასამართლო პროცესების შემთხვევაში, სადაც ნაფიცი მსაჯულები არ არიან. ესე იგი, მოსამართლე წყვეტს, როგორ წარიმართოს პროცესი. ასევე, მოსამართლე წყვეტს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს: ვინ უნდა დაჰკითხონ მოწმედ; რა საბუთი იყოს წარმოდგენილი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ნაფიცი მსაჯულები მეტ-ნაკლებად პასიურები არიან, თუმცა მათ აქვთ უფლება, დასვან შეკითხვები.
– ნაფიცი მსაჯულები წინასწარ ეცნობიან საქმეს?
– არა. ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს ერთ-ერთი დიდი თავისებურება და, ჩემი აზრით, ნაკლი არის ის, რომ ისინი არც არაფერს წერენ, არც არაფერს კითხულობენ და არც არაფერს ასაბუთებენ. ისინი ისმენენ და ამ მოსმენის საფუძველზე ასკვნიან, არის თუ არა პირი დამნაშავე. ეს ძალიან ცვლის ვითარებას, რადგან, როდესაც საქმეს იხილავს მოსამართლე, მას მოეთხოვება კვალიფიკაცია და ის პასუხისმგებელია მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ნაფიცი მსაჯულები კი ისე გაიფანტებიან, რომ ვერაფერს მოჰკითხავ. ნაფიცი მსაჯული მეტ-ნაკლებად გაუპიროვნებელია და ის, რომ ისინი არ ასაბუთებენ თავიანთ გადაწყვეტილებას, დიდ ნაკლად მიმაჩნია. როგორ შეიძლება, ადამიანის ბედი ასე ხელაღებით, დაუსაბუთებლად გადაწყვიტო?!
– თუ მე ვარ ნაფიცი მსაჯული და იმ დილით ცუდ ხასიათზე გავიღვიძე ან ბრალდებული ჰგავს ისეთ პიროვნებას, რომელმაც მე ოდესღაც მაწყენინა, ხომ შეიძლება, დამნაშავედ ასეთი სუბიექტური პირადი მიზეზების გამო მივიჩნიო?
– შესაძლოა, ან იმის გამო მიიჩნიოთ ადამიანი დამნაშავედ, რომ ფეხსაცმელი გიჭერთ და ასე შემდეგ. საქმის მოსმენის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები გადიან ცალკე ოთახში, კეტავენ კარს და გამოაქვთ გადაწყვეტილება. მეც, კვალიფიციური იურისტი, ვწერ ჩემს აზრს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. განაჩენი არის ის, რასაც გადაწყვეტენ ნაფიცი მსაჯულები და ამიერიდან მათი ეს გადაწყვეტილება აღსრულდება: ადამიანებს დაიჭერენ, მიუსჯიან და ასე შემდეგ.
– გასაგებია, რომ ნაფიცი მსაჯულები ადგენენ, არის თუ არა ბრალდებული დამნაშავე, მაგრამ როგორ ენიჭება კვალიფიკაცია ჩადენილ დანაშაულს?
– ფაქტების დადგენას ახორციელებენ ნაფიცი მსაჯულები, მაგრამ ნორმებს უფარდებს მოსამართლე.
– ხომ შეიძლება, შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ნაფიც მსაჯულებს პირი დამნაშავედ მიაჩნიათ, მოსამართლეს, ანუ კვალიფიციურ იურისტს უდანაშაულოდ, როგორ უნდა დაასაბუთოს მან სამართლებრივად ის, რისიც არ სჯერა?
– უფრო პირიქით ხდება ხოლმე.
– იყოს პირიქით: ნაფიცი მსაჯულები ამბობენ, უდანაშაულოა, მოსამართლე მიიჩნევს, რომ დამნაშავეა, მან მაინც უდანაშაულობა უნდა დაასაბუთოს?
– რა თქმა უნდა.
– მაგრამ როგორ? მას ხომ ამის არ სჯერა?
– მოსამართლეს შეუძლია, თავისი განსხვავებული აზრი ჩამოაყალიბოს, მაგრამ ძალაში დარჩება ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმ კონკრეტული საქმის სამართლებრივ სისტემაზე. საქმე შეიძლება, საჩივრდებოდეს, შეიძლება, არ საჩივრდებოდეს. მოგახსენებთ მთავარ არგუმენტს, რატომაც მიმაჩნია, რომ ჩემი ვარაუდები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სიმახინჯეზე, საფუძვლიანია. ამას წინათ, სტრასბურგის სასამართლოში იხილებოდა ეგრეთ წოდებული ტაქსკეს საქმე ბელგიის სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ტაქსკეს საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ შეიძლება, ეწოდოს სასამართლო. როგორ შეიძლება, არ ასაბუთებდე და ისე გადაწყვიტო ადამიანის ბედი, მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა?! მართალია, ბელგიამ ეს გაასაჩივრა და დიდ პალატაზეა გადატანილი საქმე, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, დიდი პალატა იმავე გადაწყვეტილებას დატოვებს. ესე იგი, რა გამოდის? საქართველომ ვერ აუღო ალღო მოვლენათა განვითარებას, ვერ აუწყო ფეხი ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს დრომოჭმულობის ტენდენციებს და იმ დროს შემოიტანა, როდესაც მთელი მსოფლიო უარს ამბობს მასზე?! ეს ნიშნავს, თუ ძალაში დარჩა სტრასბურგის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, მაშინ საქართველოს არ ექნება უფლება, ისეთი რამ გააკეთოს, რაც ეწინააღმდეგება სტრასბურგის გადაწყვეტილებას.
– და შესაძლოა, ოქტომბერში ვერ ამოქმედდეს ამდენ ხანს ნალოლიავები ნაფიცი მსაჯულების სასამართლო?
– თუ ასე მოხდა, მაშინ ჩვენი სახალხო სასამართლო ჩვენს ისტორიაში შევა, როგორც ერთადერთი ინსტიტუტი, რომელმაც სახალხო მართლმსაჯულების დონეზე იგი გამოსცადა. მე გეკითხებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რომ კარგი ყოფილიყო, საერთაშორისო სასამართლოებს მოასწრებდა ვინმე ამის დანგრევას?! რატომ არ იყენებს ნაფიც მსაჯულებს არც ერთი საერთაშორისო სასამართლო?! იმიტომ რომ იქ ძალიან მაღალი სტანდარტებია. შეიძლება, სხვა მიზეზებიც იყოს, იქ იმდენად ჩახუჭუჭებული და რთული საკითხები წყდება, რომ ნაფიცი მსაჯულისთვის ეს მძიმე ტვირთი იქნება, მაგრამ ესეც ხომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არაეფექტიანობის მიმანიშნებელია?! ავიღოთ მსოფლიოს ყველაზე რაციონალური და პრაქტიკული ერები, რატომ არ აქვთ მათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო? იაპონელებმა პირდაპირ თქვეს, ჩვენს კულტურას ეს ვერ მიესადაგება და ეს ნაყოფი ჩვენს ნიადაგზე ვერ გაიხარებსო, ჩვენთან კი, როგორც ჩანს, ყველაფერი ხარობს.