პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ნიკოლა სარკოზი მეუღლეზე ეჭვიანობს
ფილმი, რომელშიც საფრანგეთის პირველი ლედი ერთ-ერთ როლს ასრულებს, შეიძლება, ახალი სკანდალის საწინდარი გახდეს. საქმე ისაა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მეუღლეზე ეჭვიანობა დაიწყო. გადასაღებ მოედანზე კარლა ბრუნსა და ამერიკელ მსახიობ ოუენ უილსონს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ისინი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ, რაც კატეგორიულად არ მოსწონს სარკოზის. ნიკოლამ უკვე არაერთხელ გაახსენა მეუღლეს, რომ გადაღებების გამო პარიზში უწევს ყოფნა, მაშინ, როცა წლის დასაწყისში მეუღლესთან ერთად ხმელთაშუა ზღვაზე დასვენება ჰქონდა ჩაფიქრებული.
ცნობილი რეპერი პრეზიდენტობისთვის ემზადება
ცნობილი ამერიკელი რეპერი, უაიკლიფ ჯინი, გეგმავს, ჰაიტის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყაროს კენჭი. მიწისძვრით დაზარალებულ ჰაიტიში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ნოემბერს არის დანიშნული და, უაიკლიფის გარდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მისი ბიძა, ჰაიტის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რეიმონდ ჯოზეფი და კიდევ ერთი მუსიკოსი – მაიკლ მარტელი აპირებენ. უაიკლიფ ჯინი წარმოშობით ჰაიტელია, იგი 9 წლის ასაკში წავიდა საცხოვრებლად ამერიკაში, თუმცა კონტაქტი სამშობლოსთან არ შეუწყვეტია. ექსპერტები მის შანსებს არჩევნებზე საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევენ.
ობამა ტელეშოუების გმირი ხდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტელეარხ „ეიბისის“ დღის ტელეშოუ „ზი ვიუში“ გამოჩნდა, რითაც გახდა ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც მსგავსი ფორმატის ტელეგადაცემაში მიიღო მონაწილეობა. კითხვაზე, თუ რატომ ამოირჩია მან მაინცდამაინც ეს ტელეშოუ, ობამამ უპასუხა, რომ მისი მეუღლე, მიშელი, ხშირად ადევნებს თვალს ამ გადაცემას, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ცნობილი მსახიობი ვუპი გოლდბერგია. შოუში ობამამ ძირითადად იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე აქტუალური გახდა.
კიმ ჩენ ირი პენსიაზე გასასვლელად ემზადება
ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა, კიმ ჩენ ირმა, ქონება თავის უმცროს ვაჟიშვილს და სავარაუდო მემკვიდრეს – კიმ ჩენ უნს გადასცა. საუბარია იმ საიდუმლო საბანკო ანგარიშებზე შვეიცარიაში, რომელთა არსებობა დღემდე არ არის ოფიციალურად დამტკიცებული. ქონების გადაცემის ოპერაციას შვეიცარიაში ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ელჩი – ლი ჩოლი კურირებდა. ვარაუდობენ, რომ სექტემბერში დანიშნულ პოლიტბიუროს სხდომაზე კიმ ჩენ ირი უმცროს შვილს თავის მემკვიდრედ წარადგენს და ქვეყნის მართვის სადავეები 27 წლის კიმ ჩენ უნის ხელში გადავა.
იტალიის პრემიერი სექსუალური სკანდალების გმირი ხდება
იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, ისევ სექსუალური სკანდალის მონაწილე გახდა. 3 აგვისტოს რომის პროკურატურას მიმართა საესკორტო მომსახურების „თანამშრომელმა“ მარია ტერეზა დე ნიკოლომ, რომელმაც განაცხადა, რომ გასულ წელს, ის და მისი ორი „კოლეგა“, გარკვეული დროის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის ლოგინში ნებივრობდნენ და ჯგუფური სექსით იყვნენ დაკავებულნი. აღსანიშნავია, რომ წვეულება, რომელზეც ბერლუსკონიმ დე ნიკოლო გაიცნო, ბიზნესმენ ჯანპაოლო ტარანტინის მიერ იყო ორგანიზებული და, სწორედ მისი მითითებით, თხუთმეტამდე მეძავი ბერლუსკონისთვის თავის მოწონებას ახერხებდა, რომელთაგან სამი პრემიერმა ამოირჩია კიდეც. სხვათა შორის, ბერლუსკონის სექსუალური „გმირობა“ სამ ქალთან ერთდროული სექსით არ შემოიფარგლება – რამდენიმე თვის წინ, ელიტარულმა იტალიელმა მეძავმა, პატრისია დადდარიომ, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ საკუთარი თვალით აქვს ნანახი, როგორ ერთობოდა ბერლუსკონი ჯგუფური სექსით ერთდროულად ოც ქალბატონთან.
პუტინი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოძევებულ აგენტებს შეხვდა
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოძევებულ აგენტებს შეხვდა და მათი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მერე კი დაამატა, რომ მათთან ერთად შეასრულა ცნობილი რუსული სიმღერა – „ს ჩეგო ნაჩინაეტსია როდინა“. პუტინმა, ასევე, ახსენა, რომ შეხვედრას ესწრებოდა ჯაშუშების სკანდალის ყველაზე ცნობილი მონაწილე, ანა ჩეპმენი, რომლის მომხიბვლელობას პრემიერმა პუტინმაც ხაზი გაუსვა. შემდეგ კი იმედი გამოთქვა, რომ ჯაშუშების საქმის მონაწილეები კარგ ადგილებზე მოეწყობიან სამუშაოდ და ღირსეულად იცხოვრებენ.