„პატარა და დახვეწილი“
მცონარობა
იმის პარალელურად, რომ მთავრობას უნთებს ცეცხლს (უკეთ რომ იმუშაონ), ქვეყნის პირველი პირის მახვილ მზერას არც ქართველ ბიზნესმენთა მცონარობა გამორჩენია. ჰოდა, რაკი არ გამორჩენია, გასულ კვირას მოუწოდა, ფული ჩაედოთ მესტიაში სამთო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში (დამიჯერეთ, ვინც ლარს ჩადებს, რამდენიმე წელიწადში 100-ს მოიგებსო). ჩვენ არ ვიცით, იღებენ თუ არა ყურად (თუ არ იღებენ, მიაღებინებენ) ქართველი ბიზნესმენები პრეზიდენტის შეგონებას, მაგრამ, ის კი აშკარაა, რომ მათი საქმიანობით პირველი პირი უკმაყოფილოა და ეს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშეც გვითხრა გასულის გასულ კვირას ფინანსთა სამინისტროში შემოვლისას. ჯერ ერთი, წუწუნებენ, სესხებს ვერ ვიღებთ, არადა „შავი ზღვის ბანკი“ 8 პროცენტად იძლევაო; რაც მთავარია, აპრილში აშშ-ში ვიზიტიც გაიხსენა, სადაც აშშ-ს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელსა და ვაჭრობის მინისტრს მოელაპარაკა, რომ ჩვენი ბიზნესმენებისთვის საგადასახადო შეღავათების გამოყენება ესწავლებინათ. შესაბამისად, სწავლების მიზნით, ოკეანის გაღმიდან სპეციალისტებიც ჩამოსულან სამდღიანი სემინარის ჩასატარებლად, მაგრამ, „პირველ დღეს მათ სემინარზე არავინ მივიდა და ვიფიქრეთ, რომ დილით გაღვიძება დაეზარათ. მეორე დღეს დელიკატურად გადაიტანეს დღის 3 საათზე, თუმცა, არც მეორედ მივიდნენ. ამის მერე კიდევ იტყვიან, რომ პროდუქციის გატანა უჭირთ.“ თუმცა პრეზიდენტს კენჭები მხოლოდ მეღვინეების ბიზნესში არ უსვრია, გოროხები მან მშენებლებსაც დააყარა: „ბევრ სახელმწიფო მშენებლობას ვაკონტროლებ, მაგრამ, უმჯობესია, ბიზნესმა აშენოს. თუმცა, დაკვირვებული ვარ, როდესაც სახელმწიფო აშენებს რაიმეს, უფრო სწრაფადაც შენდება და უფრო იაფადაც.“ შესაბამისად, პრეზიდენტი ასკვნის, რომ ეს არანორმალურია, რადგან, „არ შეიძლება, სახელმწიფო აპარატი უფრო დახვეწილი იყოს, ვიდრე ბიზნესი… რადგან ბიზნესს უნდა ჰქონდეს კერძო ინტერესი“.
ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევედავებით პრეზიდენტს შეფასებებში (ბიზნესსაც ჩვენზე უკეთ იცნობს და საკუთარ მთავრობასაც), თუმცა, თუკი სახელმწიფო აპარატი ბიზნესზე ეფექტურია (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი, თურმე, „თავის ჯიბეზე მუშაობს“), გამოდის, რომ ან ბიზნესი არ მუშაობს მხოლოდ თავის ჯიბეზე, ან მთავრობაც ივსებს ხოლმე საკუთარ ჯიბეებს. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ მოარულ ხმებს, რომ მსხვილ-მსხვილ ბიზნესებს ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები აკონტროლებენ (ან ლობირებენო), გამოდის, რომ კურსი აბსოლუტურად გამართლებულია.