„მეზობელმა მომიკლა ძროხა, მეც მოვუკალი ძროხა“
ანუ, მივეძალოთ კოლუმბიურს
ამ ბოლო ხანს ისე ერჩოდა ქართული ელმედია ვენესუელის პრეზიდენტს, საქმეს კოჭებშივე ეტყობოდა, რომ რაღაც ფარცაკს ვუმზადებდით. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ვენესუელაა იმ ოთხეულში (რუსეთს, ნიკარაგუასა და ნაურუსთან ერთად), სადაც ამ ჩვენი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ, სავსებით ბუნებრივია, რომ გულზე არც უგო (ჩავესი) უნდა გვეხატებოდეს და, მაინცდამაინც, არც ვენესუელური სერიალები. მით უფრო, რომ ახლახან ჩვენმა სერგომ (ბაღაფში) და ედუარ-ჯაყომ (კოკოევი) სამხრეთამერიკელი „კოლეგები“ ადგილზე მოინახულეს. ან კი, სხვა რა გზა ჰქონდათ, როდესაც ამ ორი, რუსეთის მიერ მხოლოდაღიარებული „რესპუბლიკის მოქალაქეებს“ მხოლოდ ნიკარაგუასა და ვენესუელაში თუ ჩაესვლებათ (არ მგონია, ნაურუში სტუმრობას მსურველები გამოუჩნდეს).
მეტიც, დანიელ ორტეგას 23 სექტემბრისთვის ცხინვალშიც ელიან (საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად), ედუარდ-ჯაყომ თავის სამფლობელოში ჩავესიც მიიწვია, თუმცა ამ უკანასკნელმა ამ კონკრეტულ შეთავაზებას წიხლი უკრა (20 სექტემბერს ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები აქვს და ვერ იცლის), სამაგიეროდ, დააიმედა, სხვა დროს ჩამოვალო. ამის პარალელურად, ვენესუელამ მეზობელ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა (სავარაუდოდ, იმიტომ, რომ კოლუმბია აშშ-ის თანაუგრძნობს), ამ უკანასკნელის პრეზიდენტმა (ხუან მანუელ სანტოს კალდერონმა) კი ჩვენი პრეზიდენტი თავის ინაუგურაციაზე მიიწვია. როგორც ჩვენი პრეზიდენტის პრესსამსახურმა გვაუწყა, ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი მიწვევას დასთანხმდა. თუმცა, ვფიქრობ, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ჯეროვნად მტკიცე მოქალაქეობრივ-სახელმწიფოებრივი პოზიციის გამოსახატავად: არა მხოლოდ ინაუგურაციებს, კოლუმბიურ სერიალებსაც უნდა მივეძალოთ!