ვარსკვლავიანი ბრენდები
უსწავლელობა სიბნელეა“
ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც იქნა, ჩამთავრდა და, როგორც უკვე ცნობილია, მომავალი წლიდან სრულიად განსხვავებული სისტემა ამოქმედდება. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, საჯარო სკოლა ორსაფეხურიანი გახდება: ათი კლასის განათლება ყველასთვის სავალდებულო იქნება, თუმცა შემდგომ ორ წელს მხოლოდ ისინი ისწავლიან, რომელთა მიზანი ცოდნის გაღრმავება და უმაღლესი განათლების მიღებაა (დანარჩენებს კი იქით – პროფესიული სასწავლებლები ელოდება, აქეთ – დროებითი სამუშაოები ხანაც – გზის დაგებაზე, ხანაც – სხვა აღმშენებლობით ობიექტებზე).
მომავალი სასწავლო წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების კონცეფციაც შეიცვლება: მეთორმეტეკლასელები ათ (მოარული ხმებით, სავარაუდოდ, მაინც რვა) გამოცდას ჩააბარებენ, საიდანაც მხოლოდ ოთხს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. ისიც უკვე ცნობილია, რომ საჯარო სკოლები ვარსკვლავებიან ბრენდებად უნდა გარდაიქმნას და სწორედ მოპოვებული ვარსკვლავების ოდენობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი გამოსაშვები გამოცდის ჩაბარება მოუწევს ამა თუ იმ საჯაროსკოლადამთავრებულს, თუმცა, ამ ნოვაციის საბოლოო სახე ჯერჯერობით უცნობია (იმედია, სასწავლო წლის ბოლომდე გვეცოდინება).
მანამდე კი, რაკი აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოსალოდნელზე ცუდი შედეგი აჩვენეს, თითქმის ყველა საგანში (ქართული ენისა და ლიტერატურის გარდა), მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, დაწიეს, იმას გარდა, რომ, სახელდობრ, ზოგადი უნარების გამოცდაში მაქსიმალური 100 ქულა გამოცდების დაწყებამდევე დაიყვანეს 80-ზე.
ამ ფაქტებზე უბრალო დაკვირვებითაც აშკარაა, რომ აბიტურიენტთა ცოდნის დონე გაუარესდა (უკეთეს შემთხვევაში, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ვერ აუწყო ფეხი მოვლენებს და საგამოცდო ტესტები არაადეკვატურად გაართულა, რაც ნაკლებად სავარაუდოა). შესაბამისად, თუ ამ ჩვენს გამორეფორმირებულობას ცოტა სასწავლო პროგრამებიც არ შევაშველეთ, განზე დაგვრჩება „ბრენდები“.