რა მოხდა 13 სექტემბერს „ბომბორაზე“
არის თუ არა დაცული ბავშვების უსაფრთხოება მთაწმინდის პარკის ატრაქციონებზე
მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილისთვის ჩამორთმეული მთაწმინდის პარკი ხელისუფლებამ არნახული ზარ-ზეიმით გახსნა, ეს პარკი თბილისელი ბავშვებისთვის საყვარელ ადგილად იქცა. პარკი რომ მართლაც ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბადრი პატარკაციშვილის ოცნება, ქართველი ბავშვებისთვის ქართული „დისნეილენდი“ მოეწყო, სამწუხაროდ, მისი სიკვდილის შემდეგ ასრულდა. თუმცა, ამ ზღაპრის მთავარი შემოქმედის სურვილი, პარკს საერთაშორისო სერტიფიკატი მიეღო შეუსრულებელი დარჩა. რამდენად შეესაბამება ეს პარკი საერთაშორისო სტანდარტებს და როგორ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, ეს სადავო თემაა... თბილისი პატარა ქალაქია და დამალული აქ არაფერი რჩება. სულ რამდენიმე დღის წინ, გახმაურდა, რომ ახლად გახსნილ ატრაქციონზე საკმაოდ სახიფათო ინციდენტი მოხდა. ჩვენ ამ ინციდენტის ერთ-ერთ თვითმხილველს დავუკავშირდით, რომელმაც დაწვრილებით გვიამბო იმის შესახებ, რაც საშინელებათა კოშკში გადახდათ თავს...
ქალბატონი დეა: ორი შვილი მყავს, ერთი ექვსი წლის არის, მეორე – შვიდის. ბავშვებთან ერთად ხშირად მიწევს სეირნობა. მოუთმენლად ველოდით მთაწმინდის პარკის გახსნას. უკვე სამჯერ ვიყავით იქ. პარკი თავიდანვე ძალიან მოგვეწონა, ბავშვებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ. ის, თბილისური პარკების ფონზე, ნამდვილად გამორჩეულია, ამიტომაც მთაწმინდის პარკში გასეირნება ჩემი შვილებისთვის დღესასწაულია. პირველად „ბომბორას“ მისი გახსნისთანავე ვეწვიეთ, მეორედაც მალევე ავედით იქ – მაშინ ბადრი პატარკაციშვილი ცოცხალი იყო. მას შემდეგ, დიდი ხანი ვეღარ მოვახერხე ბავშვების მთაწმინდაზე აყვანა, სადაც ჩემი შვილების მთავარი გასართობი ატრაქციონებია. თითქმის ყველა ატრაქციონი მოსინჯული აქვთ, იმ ატრაქციონების გარდა, რომლებზეც ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს. ერთადერთი ატრაქციონი, სადაც ეს წესი დავარღვიეთ ეგრეთ წოდებული „საშინელებათა კოშკი“ იყო და სწორედ იქ მოხდა ინციდენტი, რომელმაც მეც და ჩემი შვილებიც საკმაოდ შეგვაშინა.
– რა მოხდა იმ დღეს მთაწმინდის პარკში?
– რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ მთაწმინდის პარკში ახალი ატრაქციონი გაიხსნა. ბავშვებმა წაყვანა მთხოვეს. 13 სექტემბერს ავიყვანე ბავშვები იქ. როგორც მითხრეს, ბავშვები „საშინელებათა კოშკში“ 8 წლის ასაკიდან დაიშვებოდნენ, მაგრამ ბავშვებმა ერთი ამბავი ატეხეს და დიდი თხოვნის შემდეგ, შეგვიშვეს. სამი ვაგონი მოძრაობდა ლიანდაგზე, წინა ვაგონშიც ისხდნენ „მგზავრები“, შუაში ვისხედით მე და ჩემი გოგონა, უკან კი ჩემი მეუღლე და ბიჭი. მოულოდნელად, სრულ სიბნელეში მატარებელი გაჩერდა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ესეც სანახაობის შემადგენელი ნაწილი იყო. მატარებელი 2-3 წუთი მაინც იყო გაჩერებული, შემდეგ დაიძრა. მოულოდნელად რელსებიდან ნაპერწკლებმა დაიწყო გაყრა. უცებ მატარებელი გაჩერდა და უკანა ვაგონი, სადაც ჩემი მეუღლე და ბიჭი ისხდნენ, რელსებიდან თითქმის გადატრიალდა. ჩვენ ადგილიდან არ გავნძრეულვართ. მეუღლეს ვუთხარი: ბავშვი არ შეშინდეს, ალბათ, მოვლენ და გვიშველიან-მეთქი, თან ამოვიღე გზამკვლევი რუკა, რომ ადმინისტრაციის ტელეფონი მომეძებნა. რუკაზე ნომერი ვერ ვიპოვე, ჩემი მეუღლე საპატრულო სამსახურში რეკავდა, თუმცა არც მათ გვიპასუხეს.
– რამდენ ხანს იყავით ასეთ მდგომარეობაში?
– დაახლოებით, სამი-ოთხი წუთი ვიყავით ასე. უცებ დავინახე, უკნიდან შემდეგი სამი ვაგონი მოდიოდა, რომელიც იმ ვაგონს დაეჯახა, სადაც ჩემი მეუღლე და შვილი ისხდნენ. საბედნიეროდ, მატარებელი არ მოძრაობს ისეთი სიჩქარით, რომ უბედური შემთხვევა მომხდარიყო. თან ჩვენი მატარებელი გასასვლელთან ახლოს, სწორ ადგილზე იყო გაჩერებული. დარტმის შედეგად, ჩვენი ვაგონებიც შეეჯახა ერთმანეთს, ისეთი ხმები იყო, საშინელებათა ფილმში მეგონა თავი. მაშინ მივხვდი, რომ ატრაქციონის მომსახურე პერსონალს წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა კოშკში. ასეთ შემთხვევაში ისინი გამორთავდნენ შემდეგ ვაგონს და დარტყმას მაინც ავიცილებდით თავიდან. ინსტინქტურად დავიწყე ყვირილი: გააჩერეთ, ვაგონი გადაყირავდა-მეთქი. კიდევ კარგი ეს შემთხვევა გასასვლელთან ახლოს მოხდა და ჯერ სიღრმეში არ ვიყავით შესული, თორემ ჩემს ხმას ვერავინ გაიგებდა. მხოლოდ ამის შემდეგ აინთო შუქი და ჩვენთან პარკის თანამშრომლები მოვიდნენ.
– სხვა „მგზავრებს“, ვინც თქვენთან ერთად იყვნენ მატარებელში, როგორი რეაქცია ჰქონდათ?
– ყველა წყნარად იყო, არავის უფიქრია, რომ რაღაც ხდებოდა. თავიდან, ალბათ, ყველა ჩემსავით ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი სანახაობა იყო და საშინელებების ნაწილს შეადგენდა. ჩვენს წინა ვაგონში, ახალგაზრდა ვაჟი და გოგონა ისხდნენ. ერთ მოსახვევში მატარებელმა ისე სწრაფად მოუხვია, რომ მათაც და ჩვენც თავი კედელს მივარტყით. წესით, ატრაქციონი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ადამიანები ერთმანეთს თავს არ ურტყამდნენ. თუმცა, ეს ემოცია არაფერია იმასთან შედარებით, რაც გვქონდა მაშინ, როცა რელსებიდან ნაპერწკლები ცვიოდა.
– ტექნიკურმა პერსონალმა რა განაცხადა მომხდარზე?
– ისე ვიყავით, რომ პასუხი აღარ მოგვითხოვია. არ მინდოდა, რომ ბავშვები ზედმეტად დამეძაბა და ის დღე ჩამემწარებინა მათთვის. როგორც ვიცი, ახლა ეს ატრაქციონი გაჩერებულია. ჩვენ ამ ინციდენტის შემდეგაც დიდხანს დავრჩით პარკში. იქ სიარულს მაინც არ შევწყვეტთ, რადგან იქაურობა მართლაც ძალიან მოგვწონს. ჩემი სურვილია, რომ ის, რაც მე თქვენთან მოვყევი გამოყენებული არ იქნეს ფიარის ნაწილად. ჩემი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ მოხდეს პრევენცია, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ინციდენტი და დამსვენებლების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
ქალბატონ დეასთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ პარკის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ბატონ ირაკლი სასანიას, რომელიც პარკის მშენებლობასა და კეთილმოწყობაში იყო ჩართული და რომელმაც პარკის ახალი ადმინისტრაციისთვის „სასარგებლო რჩევები“ მაშინაც კი არ დაიშურა, როდესაც მათ, თითქმის გასახსნელად გამზადებული პარკი ოსტაპ ბენდერისეული „ვერსიებით“ დაატოვებინეს.
– ბატონო ირაკლი, თქვენ ორი წლის განმავლობაში მუშაობდით, მთაწმინდის პარკის მშენებლობაზე, არის თუ არა დაცული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები იმ ატრაქციონებზე, რომელთა უმეტესობის ჩამოტანა და დამონტაჟებაც თქვენი ხელმძღვანელობის დროს მოხდა?
– როდესაც ჩვენ პარკი ექსპლუატაციაში გავუშვით, ატრაქციონების დიდი ნაწილი ტექნიკურად სრულიად გამართული და ტესტირებული იყო. ტესტირებისთვის ჩვენ მოვიწვიეთ სოლიდური გერმანული კომპანია და საკმაოდ დიდი თანხები გადავიხადეთ, რომ მოგვეპოვებინა სერტიფიკატი. გერმანულმა კომპანიამ ჩაატარა ტრენინგები მომსახურე პერსონალისთვის, რომლებსაც უნდა ემუშავათ როგორც ატრაქციონებზე, ასევე მოეხდინათ მათი ტექნიკური გამართვის უზრუნველყოფა. რამდენიმე ატრაქციონი იყო ახალი და საკმაოდ რთული ტექნოლოგიური თვალსაზრისით. მათ ოპერირებას სჭირდებოდა კვალიფიკაციური კადრები. ატრაქციონები ჩამოვიტანეთ ინგლისიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან. მათი დიდი ნაწილი სრულიად ახალი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, თითქმის ყოველდღიურად ვამოწმებდით. წესით, ატრაქციონის შემოწმება ხდება მისი ყოველი ჩართვის და გამორთვის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად არსებობს საფრთხის რისკი. რეგულარული შემოწმება და მოვლა გაჩერებულ, უფუნქციო აპარატურასაც კი სჭირდება. ჩვენ მოლაპარაკება გვქონდა ინგლისურ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას. ეს თანამშრომლობა საკმაოდ ძვირი გვიჯდებოდა. თუმცა, მაინც მოვიწვიეთ ინგლისიდან ორი გამოცდილი სპეციალისტი, რომლებიც პარკის მუშაობას უზრუნველყოფდნენ. მათთან ერთად იქნებოდნენ იტალიელებიც, რომლებიც კომუნიკაციების გარანტირებულ მუშაობაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, ისინი პერიოდულად მოამზადებდნენ ქართველ სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობას გამოცდების ჩაბარების შემდეგ შეძლებდნენ. თუმცა, გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ისინი იღებდნენ საერთაშორისო სერტიფიკატს.
– მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილს პარკი ჩამოართვეს, ახალი ადმინისტრაციის მიერ გაგრძელდა თუ არა იმ ატრაქციონების ტესტირება, რაც თქვენ ვერ მოასწარით?
– ამაზე ვერაფერს გეტყვით, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ მათ ასევე კვალიფიციურად გააგრძელეს დანარჩენი ატრაქციონების ტესტირება. მე როგორც ვიცი, იმ პერიოდში, როცა პარკი დაკეტილი იყო, არ ხდებოდა ატრაქციონების საკონტროლო ჩართვები. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ჩამოყვანილი ჰყავდათ უცხოელი კონსულტანტები, რომლებიც აუცილებლად ურჩევდნენ მათ, ტესტირების გაგრძელებას ისეთ კვალიფიციურ და გამოცდილ ორგანიზაციას, როგორიც ჩვენ გვყავდა დაქირავებული. მართალია, პარკი გასართობი ადგილია, თუმცა გართობის უკან დგას ოპერირების დიდი სქემა, რომლის მთავარი ნაწილი უკავია უსაფრთხოებას. ალბათ, გახსოვთ, რომ ჩვენ რამდენჯერმე გადავდეთ და დავაგვიანეთ პარკის გახსნა. ამის მიზეზი იყო ის, რომ კვლავ გრძელდებოდა ატრაქციონების ინსტალაცია. ჩვენი სურვილი იყო, რომ გახსნის ცერემონიალზე ყველაფერი ბოლომდე გამართული ყოფილიყო, თუმცა ტესტირებული და სერტიფიცირებული ატრაქციონები უკვე მუშაობდა. ჩვენ უამრავი სტუმარი და ბავშვი მოვიწვიეთ იმ აქციებზე, რომლებიც „მაგთისთან“ ერთად მოვაწყვეთ. ჩვენ პარკის ოფიციალური გახსნა დაგეგმილი გვქონდა საახალწლოდ, გვინდოდა „იარმარკის“ და ბევრი საახალწლო სიურპრიზის მოწყობა, თუმცა იქამდე რამდენიმე საცდელი გახსნა გვქონდა, რათა მომსახურე პერსონალი მოგვემზადებინა. როდესაც საქმე გაქვს ათასობით ბავშვთან მომსახურე პერსონალი ფრთხილი და მობილიზებული უნდა იყოს.
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ლანდშაფტს, პარკში უამრავი ასწლოვანი ხე დგას და ისე უნდა მოგვეწყო არქიტექტურა, რომ ეს ხეები არ დაზიანებულიყო. კომუნიკაციები შევცვალეთ პარკის მთელ ფართობზე, 20 ჰექტარზე გამოიცვალა კანალიზაცია, წყალგაყვანილობა, ელექტროსადენები. მთელ ტერიტორიაზე ჩაიდო ინტერნეტსადენები, რადგანაც ყველა ატრაქციონი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და არსებობს ერთი, მთლიანი საინფორმაციო სისტემა. ამიტომაც აღმოჩნდა პარკის კეთილმოწყობა ხანგრძლივი პროცესი. თუმცა, ასეთი მასშტაბური პროექტისთვის 2 წელი სულაც არაა ბევრი და შეიძლება, რეკორდულ ციფრადაც ჩაითვალოს. ასეთ პარკებს მთელ მსოფლიოში ძალიან მარტივი კონსტრუქციებისგან აშენებენ, კაფე-ბარებს ფანერებისგან აწყობენ, ჩვენ კი ყველა შენობა ქვით და ბეტონით, ფუნდამენტურად გავაკეთეთ.
– ბატონო ირაკლი, რამდენიმე დღის წინ, მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა ატრაქციონი „საშინელებათა კოშკი“, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამისი მიზეზი, ამ ატრაქციონის ოპერირება თქვენ დროს დაიწყო?
– როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთი ინციდენტების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბოლომდე არ სრულდება ის სტანდარტები და მეთოდოლოგიები, რომელიც უნდა იყოს დაცული ატრაქციონის მუშაობის დროს. შესაძლოა, აქაც ამ ტიპის პრობლემასთან გვქონდეს საქმე. ასეთი გადაცდომა ყველა პარკში შეიძლება მოხდეს, ამისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა, აუცილებელია ასეთი რისკების მინიმალიზაცია. ეს შესაძლებელია ატრაქციონების მუდმივი შემოწმებით. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი ატრაქციონი ექსტრემალურია, სიმაღლეზე დიდი სისწრაფით ადის და ჩადის. ასეთ პიკურ მდგომარეობაში ატრაქციონის მწყობრიდან გამოსვლა სიცოცხლისთვის საშიშია. ჩვენ თავად „დავბრაკეთ“ ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ატრაქციონი, რადგან ეჭვი შეგვეპარა, რომ მისი ოპერირება გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, რაც შემდგომში სერიოზულ პრობლემად შეიძლებოდა ქცეულიყო. ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური პერსონალის საკითხიც. მე არ ვიცი, გამოცდილი ტექნიკური პერსონალი ხელმძღვანელობს თუ არა ამჟამად ატრაქციონების მუშაობას, მაგრამ ვიცი, რომ სამსახურიდან გაუშვეს იმ ხალხის უმეტესობა, ვინც ჩვენ მოვამზადეთ. ამიტომაც თავის დროზევე გავაფრთხილეთ პარკის ახალი ადმინისტრაცია, რომ თუ ისინი დაიწყებდნენ პარკის ოპერირებას, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიხსნიდით იმ ატრაქციონებზე, რომლისთვისაც ტესტირება არ გაგვიკეთებია. ნიშნის მოგებით ნამდვილად არ ვამბობ ამას, ნამდვილად არავის არ სურს, რომ იქ რამე ინციდენტი განმეორდეს, თუმცა, ჩვენ არ გავხსენით ეს ატრაქციონი. რამდენჯერმე ჩავრთეთ „საშინელებათა კოშკი“ და იმდენი ნიუანსი იყო კიდევ გადასაწყვეტი, რომ ექსპლუატაციაში არ გავუშვით. ჩვენი გეგმით, ერთ-ერთი ბოლო ეს ატრაქციონი ამუშავდებოდა. იქ მუშაობდნენ ინგლისელები და კიდევ აპირებდნენ ჩამოსვლას სამუშაოების დასასრულებლად, თუმცა ეს გასაგები მიზეზების გამო, ვეღარ მოხერხდა.
– ცნობილია, რომ მთაწმინდის პარკი არ იყო კომერციულად მომგებიანი პროექტი ბადრი პატარკაციშვილისთვის და ის ძალიან ბევრი საქველმოქმედო აქციის გამართვას გეგმავდა. დღეს ბევრი ჩივის, რომ ატრაქციონებზე ძალიან მაღალი ფასებია დაწესებული.
– ამ ფასებთან დაკავშირებით მეც ბევრი მსმენია. განფასება არაა პრობლემა, როცა ადეკვატური ფინანსური მენეჯმენტი მუშაობს. ბადრი სულ ახდენდა პარკის სუბსიდირებას და ამის გაგრძელებას აპირებდა კიდეც. მე არ ვიცი, რატომაა, ასეთი მაღალი ფასები. ამათ ხომ არ სჭირდებათ ახლა იმ 30-მილიონიანი ინვესტიციის ამოღება, რაც ამ პროექტში ჩაიდო. შესაბამისად, ეს ფასზე არ უნდა აისახებოდეს და ატრაქციონები იაფი უნდა იყოს. საერთოდ, ამ ტიპის პარკებს ასეთ ადგილებში იშვიათად აკეთებენ, რადგან ძალიან ძვირი ჯდება. მსოფლიოში ცნობილი პარკების უმეტესობა ქალაქგარეთ, სწორ ადგილზეა გაშენებული, სადაც პირდაპირ დგამენ ატრაქციონებს. ჩვენ თვეების განმავლობაში შევისწავლიდით ქანებს. ეს მართლაც არ იყო კომერციული პროექტი, რადგან კომერციული პროექტის განხორციელების დროს, მოგების მიღება ნაკლები ინვესტიციის ჩადების შედეგად ხდება. მთაწმინდის პარკში აქცენტი გაკეთდა ხარისხზე, ძვირფას მოპირკეთებაზე. იტალიიდან ჩამოტანილი მასალა და ქვა გამოვიყენეთ, ბადრის უნდოდა, ეს მისი საჩუქარი ყოფილიყო თბილისისთვის.
– როგორც ამბობენ, ბადრი პატარკაციშვილი ატრაქციონებზე, საცდელი გაშვების დროს თავადაც ჯდებოდა და ამბობდა, იქამდე არ გახსნიდა პარკს, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ატრაქციონებზე საკუთარ შვილიშვილსაც დასვამდა.
– ეს მართლაც ასე იყო. თავიდან ზუსტად ის ატრაქციონები გაიხსნა, რომლებზეც მისი შვილიშვილი იჯდა. უფრო მეტსაც გეტყვით, რამდენიმე დიდი და რთული ატრაქციონის ტესტირება ჩვენი დახმარებით მოხდა. ამაზე ვხუმრობდით კიდეც: მაინცდამაინც მთელი დირექცია ერთად ნუ მოვიყრით თავს, ვინმე ცოცხლად ხომ უნდა გადარჩესო (იცინის). ბადრისთვის მთაწმინდის პარკი ძალიან ბევრს ნიშნავდა. როგორც კი თბილისში ჩამოვიდოდა, მაშინვე მთაწმინდის პარკში მიდიოდა ხოლმე. მან მეუღლეც აქტიურად ჩართო პარკის მშენებლობაში. ქალბატონმა ინამ ძალიან კარგად გაართვა თავი ლანდშაფტის მოწყობას. გარდა იმისა, რომ შენარჩუნდა ის მრავალწლოვანი ხეები, რომლებიც პარკის ტერიტორიაზე იდგა, უამრავი განსაკუთრებული ჯიშის ხე ჩამოიტანეს იტალიიდან, ჰოლანდიიდან. გერმანიაში დავიქირავეთ კვალიფიციური მებაღე, რომელიც ამ ლანდშაფტის მოვლას უხელმძღვანელებდა. არაორგანიზებულად არაფრის გაკეთება არ მომხდარა. თითოეულ ბუჩქს, ქვას, მოსახვევს გულისყურით ვუდგებოდით. ჩვენი სურვილი იყო, გავმხდარიყავით საერთაშორისო გილდიის წევრები და პარკს მინიჭებოდა საერთაშორისო სერტიფიკატი. ჩვენ მიწვეულებიც ვიყავით „დისნეიში“, თუმცა ეს, ისევე როგორც პარკთან დაკავშირებული სხვა უამრავი გეგმა, სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვეღარ განხორციელდა.
მომხდარი ფაქტის თაობაზე ჩვენ დავუკავშირდით მთაწმინდის პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს და კომენტარი ვთხოვეთ. ქალბატონმა შორენა ცხოვრებაშვილმა მომხდარი ინციდენტი დაადასტურა და ამასთან დაკავშირებით პარკის ადმინისტრაციის შეშფოთებაც გამოხატა. როგორც მან განმარტა, ინციდენტის სავარაუდო მიზეზია ის, რომ ატრაქციონი დიდხანს იყო გაჩერებული. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად ატრაქციონს ტესტირებას უტარებენ უცხოელი სპეციალისტები და ის, იქამდე არ გავა ექსპლუატაციაში, სანამ ყველა დეტალი ბოლომდე არ გაირკვევა.
თამუნა ნიჟარაძე