კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მზეჭაბუკ ჯაყელი საქართველოს მეფე-მთავრებზე აღმატებული და რატომ იყო მისი დიდების გარანტი ოსმალეთის მძლავრი იმპერია

 

მზეჭაბუკ ჯაყელი სამცხის უკანასკნელი ერთპიროვნული მმართველი იყო, მმართველი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერზე იხევდა უკან, მისი დიდების გარანტი კი ოსმალეთის მძლავრი იმპერია გახლდათ. თუ რა დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მზეჭაბუკის საერო ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ და რატომ აღკვეცეს იგი იძულებით ბერად, ამას ჩვენი რესპონდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მირიან მახარაძე გვიამბობს.



მირიან მახარაძე: საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სამცხის ათაბაგს მზეჭაბუკ ჯაყელს. იგი თავისი მამის – ყვარყვარე მეორის პოლიტიკის უშუალო გამგრძელებელი იყო. შეიძლება ითქვას, მზეჭაბუკი სამცხის ერთპიროვნულ მმართველთა ბოლო წარმომადგენელია, რადგან, მისი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ სამცხე-საათაბაგოში მუდამ დაპირისპირება იყო ათაბაგობისთვის ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენელთა შორის.

– როდის და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში მზეჭაბუკი?

– 1498 წელს, ყვარყვარე მეორის გარდაცვალების შემდეგ, სამცხის ათაბაგი ხდება მისი შვილი – ქაიხოსრო. ქაიხოსროს მმართველობაც ხანმოკლე აღმოჩნდა – იგი 1500 წელს გარდაიცვალა. ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ კანონიერ მემკვიდრედ მისი შვილი – ყვარყვარე მესამე ითვლებოდა, მაგრამ, მცირეწლოვნობის გამო, ძალაუფლება ყვარყვარე მესამის ბიძამ – მზეჭაბუკმა აიღო ხელში. მზეჭაბუკი ყველაფერს აკეთებდა ყვარყვარე მესამის სახელით. ერთი შეხედვით, შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ იგი იყო კეთილმოსურნე ბიძა, რომელიც მხოლოდ ძმისშვილის სრულწლოვანებას ელოდებოდა, თუმცა, მისი პოლიტიკიდან ჩანს, რომ მზეჭაბუკს ხელისუფლების დათმობა ძმისშვილისთვის სულაც არ სურდა. 1515 წლამდე, ფაქტობრივად, მზეჭაბუკი იყო სამცხის ერთპიროვნული მმართველი.

საქმე ისაა, რომ მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს აღმოსავლეთით ყალიბდება სეფიანთა ირანი. მისი შემქმნელი გახლდათ სეფი ად-დინის შთამომავალი – ისმაილ პირველი. 1499 წელს ისმაილმა დაიკავა არდებილის ტახტი (შიიტების წმიდა ქალაქი) და შირვან-შაჰის განადგურება განიზრახა. აღსანიშნავია, რომ შირვან-შაჰებთან ბრძოლაში დაიღუპნენ ისმაილის მამა და ბაბუა (შეიხ ჰაიდარი და შეიხ ჯუნეიდი). ამიტომ, ისმაილს შირვან-შაჰებთან შებრძოლება საღვთო საქმედაც კი მიაჩნდა. შირვანზე გალაშქრების წინ ისმაილმა დახმარებისთვის ქართველებს მიმართა. ქართველებმა მას 9 ათასი მეომარი გაუგზავნეს (მაშინ, როდესაც თავად ისმაილს სულ 7 ათასი მებრძოლი ჰყავდა). აღსანიშნავია, რომ დახმარების თხოვნით სეფიანთა მომავალმა მბრძანებელმა სამცხის ათაბაგსაც გაუგზავნა წერილი. კანონიერმა ათაბაგმა ყვარყვარე მესამემ, რომელიც მცირეწლოვნობის გამო, ფაქტობრივად, დედით იმართებოდა, 3 ათასი მებრძოლი შეაწია. სწორედ აქ ჩნდება მზეჭაბუკის დამოუკიდებელი ხელისუფლებისადმი სწრაფვა.

– რას გულისხმობთ?

– მზეჭაბუკმა, თავის მხრივ, დამატებით, თავისი სახელით, ისმაილს კიდევ 3 ათასი მებრძოლი გაუგზავნა. აქედან ჩანს, რომ მზეჭაბუკი თავს მხოლოდ ათაბაგის აღმზრდელად კი არ მიიჩნევს, არამედ მას მიაჩნია, რომ იგი სრულუფლებიანი მმართველი და ანგარიშგასაწევი ძალაა.

– რა დანაშაული მიუძღვის საქართველოს წინაშე მზეჭაბუკს?

– აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დროს მზეჭაბუკმა კარგი ურთიერთობა დაამყარა საქართველოს სამეფო სამთავროებთან. შესაძლებელია, ითქვას, რომ პირველ წლებში იგი ქართულ საქმესაც კი აკეთებდა, თუმცა, ეს ქართული საქმე არ გამოიხატებოდა საქართველოს ერთიანობის სურვილით. იმ არეულ დროს, „ქართული საქმე“ მხოლოდ მშვიდობის დამყარებაში თუ გამოიხატებოდა. მაგრამ, როგორც კი მზეჭაბუკმა დაინახა, რომ იმერეთის სამეფო გაძლიერდა, მაშინვე თავისი პოზიციების გამაგრება დაიწყო უცხო დამპყრობლის ხელით.

– ეს რაში გამოიხატა?

– მზეჭაბუკი დაუკავშირდა ტრაპიზონის ვალს (გუბერნატორს), უფლისწულ სელიმს, შემდგომში – სულთან სელიმ პირველ მრისხანეს. აღსანიშნავია, რომ სელიმი ხელისუფლებაში გადატრიალების შედეგად მოვიდა: მოაწამვლინა მამამისი, სულთან ბააზაით პირველი და საჯაროდ დახოცა თავისი ყველა ძმა და ბიძაშვილი. სწორედ ამიტომ უწოდა მას ხალხმა იავუზი, ანუ მრისხანე. სელიმ პირველი მზეჭაბუკმა ქუთაისში სალაშქროდ მიიწვია. მრისხანე უფლისწულმაც გაანადგურა ქუთაისი და გადაწვა გელათი. არის მოსაზრება, რომ სწორედ ამ დარბევით შეშინებულმა ქართულმა მოსახლეობამ, შეცვალა თამარ მეფის საფლავის მდებარეობა.

– რა ხდება ამის შემდეგ?

– ამ შემოსევის შედეგად, ერთგვარად გამარჯვებული მზეჭაბუკი საქართველოს მეფე-მთავრებზე აღმატებული ხდება. მისი დიდების გარანტი ოსმალეთის მძლავრი იმპერიაა. თუმცა, იგი ოსმალეთს ყურმოჭრილი მონასავით არ ემორჩილებოდა.

– რა იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს?

– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უფლისწული სელიმი გადატრიალების შედეგად მოდის ხელისუფლების სათავეში და პირველი, რაც მან მიზნად დაისახა, სეფიანთა ირანის განადგურება იყო. 1513 წელს სელიმი აღმოსავლეთ ანატოლიაში ახორციელებს შიიტი მოსახლეობის მასობრივ ჟლეტას. ამ დროისთვის მან 40 ათასი კაცი ამოხოცა, რითაც ისმაილთან გასალაშქრებლად მას ზურგის საშიშროება მოეხსნა. 1514 წელს ოსმალეთის ჯარი ირანის წინააღმდეგ დაიძრა. სურსათ-სანოვაგის სათხოვნელად სელიმმა მზეჭაბუკს მიმართა. მზეჭაბუკმა დაიცადა, ვის მხარეს გადაიხრებოდა გამარჯვების სასწორი. ამით განრისხებული სელიმი სამცხის აოხრებითაც კი დაემუქრა მზეჭაბუკს, მაგრამ მზეჭაბუკი მაინც დროს უცდიდა. როგორც კი მზეჭაბუკმა დაინახა, რომ ოსმალები იმარჯვებდნენ, სამი ათასი ცხვარი გაუგზავნა სელიმს საჩუქრად. ამით ნასიამოვნებმა ოსმალთა სულთანმა მას საპატიო ხალათიც კი უბოძა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მზეჭაბუკი პარალელურად საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს სეფიანთა ირანის შაჰთან – ისმაილ პირველთან და მასთან ერთად ანტიოსმალურ კოალიციას კრავს. ყოველივე აქედან გამომდინარეობს, რომ მზეჭაბუკი არ აფუჭებდა ურთიერთობას არც ერთ მბრძანებელთან, რომლებსაც შეეძლოთ მისი ძალაუფლების დამხობა. ყოველივე კი ნათელს ხდის, რომ ამ დროისთვის მზეჭაბუკი სამცხის ფაქტობრივი მმართველია, ხოლო ყვარყვარე მესამე კი – სათამაშო მის ხელში.

– დიდხანს ტკბებოდა ძალაუფლებით მზეჭაბუკი?

– მზეჭაბუკის ერთპიროვნული მმართველობა არ ეპიტნავებოდა საათაბაგოს ფეოდალურ საზოგადოებას. მათი აღელვება დაიწყო მას შემდეგ, რაც ყვარყვარე მესამემ სრულწლოვნებას მიაღწია. მათთვის უმჯობესი იყო, ხელისუფლების სათავეში ყოფილიყო გამოუცდელი ყვარყვარე, ვიდრე უზურპატორი მზეჭაბუკი. ამიტომ, საათაბაგოში განვითარებულმა ამბოხმა მზეჭაბუკი ტახტიდან ჩამოაგდო. მიუხედავად ამისა, იმხელა გავლენა ჰქონდა, რომ ვერც მოკლეს და ვერც სიკვდილით დასაჯეს.

– მაშ, როგორ მოექცნენ?

– შუა საუკუნეებში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთის ქრისტიანულ სამყაროში, ხელისუფლების გზიდან ჩამოშორების საუკეთესო საშუალება ბერად იძულებითი აღკვეცა იყო. სწორედ ეს ბედი გაიზიარა მზეჭაბუკმაც.

მზეჭაბუკის მოღვაწეობიდან ნათლად ჩანს, რომ იგი არის ძალაუფლების მოყვარული, ამპარტავანი პიროვნება. ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ სწორედ მზეჭაბუკი გახდა მისი შვილის პატრონი, მაგრამ, ამ პატრონობაში ათაბაგობის სურვილი იბადებოდა. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, იგი ქაიხოსროსაც კი აუჯანყდებოდა, თუ ამ უკანასკნელის მმართველობა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდებოდა. ამ დასკვნის საფუძველს გვაძლევს მანამდე და შემდგომშიც სამცხეში განვითარებული მოვლენები, სადაც ჯაყელთა გვარის წარმომადგენლები ძლიერ უპირისპირდებიან ერთმანეთს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

მზეჭაბუკი არის პიროვნება, რომელიც, ერთგვარად, ხედავს, რომ დაქუცმაცებული ქართული ერი ერთი ფუძიდან მოდის, თუმცა, თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, იგი არბევს ქუთაისს და საშუალებას აძლევს ოსმალეთს, მრავალი ქართველი ტყვედ გაირეკოს.

– რა ხდება მზეჭაბუკის საერო ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ?

– მზეჭაბუკის ათაბაგობამ, ფაქტობრივად, გამოიწვია ორხელისუფლებიანობა სამცხეში. ჯაყელთა გვარში განხეთქილება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად გადაიქცა. ერთმანეთს დაპირისპირებული ათაბაგობის პრეტენდენტები, თავიანთი ხელისუფლების გასამყარებლად უცხო ძალის შემოყვანას არ თაკილობდნენ. თუ ერთ მხარეს მეორის დასამარცხებლად შემოჰყავდა სეფიანთა ირანი, მეორე პირველს ოსმალეთს უპირისპირებდა. ბრძოლის მოედანი კი ყოველთვის სამცხე იყო. სწორედ ჯაყელთა ქიშპმა წარმოშვა ეგრეთ წოდებული „გურჯისტანის საკითხი“, რამაც, ფაქტობრივად, დედასამშობლოდან ტაო-კლარჯეთის მიწის ჩამოშორება გამოიწვია.


скачать dle 11.3