მიხედე საკუთარ თავს...
იმედგაცრუება საყვარელ ადამიანში – მტკივნეული და სერიოზული სტრესია და ყველა ურთიერთობა როდი უძლებს ამას. დიდი შანსია, რომ ყველაფერი დასრულდეს. თუმცა, არის საშუალება, სტრესი ადვილად გადაიტანოთ და ცხოვრებას უფრო საღად შეხედოთ. ამისთვის, საყვარელ ადამიანთან ერთად, საყვარელი საქმეც უნდა გქონდეთ. როცა ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენს, ის საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნებულია და პრობლემებსაც ადვილად სძლევს. რატომ არის აუცილებელი, რომ ქალი მუშაობდეს? – იმიტომ, რომ მას არ ჰქონდეს დეპრესია, არ იყოს ქმარზე ჩამოკიდებული და არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ, თუ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა, ქვეყანა თავზე დაენგრევა.
როცა ქალს თავისი საქმე აქვს, ის ურთიერთობებში ნაკლებად კატეგორიულია. თუმცა, ზუსტად იცის, რა უნდა. შეიძლება, ღალატიც კი დიდ საშინელებად არ მიიჩნიოს და, უბრალოდ, „გაატაროს”. სხვათა შორის, მამაკაცებსაც პარტნიორებად საქმიანი, სერიოზული და დამოუკიდებელი ქალები ურჩევნიათ, რადგან მათთან პრობლემები ნაკლებია.
ერთი სიტყვით, უკვე გასაგებია თქვენი ამოცანა: უნდა იფიქროთ და იზრუნოთ საკუთარ თავზე. საყვარელი ადამიანის პოვნა თქვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს, რადგან საკუთარი ადგილის პოვნა არანაკლებ მნიშვნელოვანია და დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს. მართალია, მამაკაცები ქალებში უპირველესად დიასახლისის ნიჭს აფასებენ, მაგრამ ეს გადამწყვეტი არ არის, ამის თანაბრად ისინი ქალებისგან ჭკუასა და ერთგულებას მოითხოვენ. მხოლოდ მესამე ადგილზეა ქალის სილამაზე და სექსუალურობა. საუკეთესო ვარიანტი კი, ანუ იდეალური ქალის პორტრეტი – ამ სამი კომპონენტის შერწყმაა.