როგორ გახდა გასტრონომის გამყიდველი აზერ სულეიმანოვი საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი
ორი მათგანი ეროვნებით სომეხია, მესამე – აზერბაიჯანელი, თუმცა ბედკრული საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ეწევიან კანონშემოქმედებით მუშაობას. მათ ისიც აერთიანებთ, რომ უმაღლესი განათლება მშობელი ქვეყნის გარეთ აქვთ მიღებული.
ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი
1977 წელს დაბადებული ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოხვდა. შესაბამისად, არის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც. მეტიც, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებსაც ამშვენებს. ბ-ნი ჰოვჰანესიანი უმაღლესადაა განათლებული: მან ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტი დაამთავრა. მისი შრომითი ბიოგრაფია 2000 წელს იწყება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ახალქალაქის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად. 2005 წელს ფინანსურ პოლიციაში გადავიდა, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს გამომძიებლად; 2006 წლიდან ახალციხის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ახალქალაქის განყოფილების უფროსი გახდა; 2008 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს და იმავე წელს საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდა.
ბ-ნმა ჰოვჰანესიანმა 2008 წელს დეკლარაცია შეავსო, როგორც ახალქალაქის გამგებელმა, ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, გოარ ჰამოიანცი, შვილები: ანატოლი და კარენი, მამა – ანატოლი, დედა – ასია.
ჰოვჰანესიანების ოჯახში უძრავ-მოძრავ ქონებას მხოლოდ დეპუტატის მშობლები ფლობენ. კერძოდ, ანატოლი ჰოვჰანესიანის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი მიმდებარე მიწის ნაკვეთით ახალქალაქში, 80 000 ლარად ღირებული; კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი მიმდებარე მიწის ნაკვეთით ახალქალაქში, 120 000 ლარად ღირებული; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებს მიწის ნაკვეთი ახალქალაქში, 40 000 ლარად ღირებული; საამქრო ახალქალაქში, 130 000 ლარად ღირებული და ავტომანქანა „ვაზ 21 213“, 15 000 ლარად ღირებული; დეპუტატის დედას კი აქვს ბინა ერევანში, 80 000 ლარად ღირებული.
სამაგიეროდ, თავად დეპუტატს 2008 წელს „ტაოპრივატბანკში“ დეპოზიტი ჰქონდა გახსნილი, რომელზეც, სულ რაღაც, 500 ლარს ინახავდა. რაც შეეხება ნაღდ ფულს: დეკლარაციის შევსების დროს ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანს 3 100 ლარი და 2 000 აშშ დოლარი ჰქონდა, მის მეუღლეს – 5 000 ლარი, ანატოლი ჰოვჰანესიანს – 10 000 აშშ დოლარი და 14 000 ლარი, ასია დანელიანს კი – 10 000 ლარი.
ანატოლი ჰოვჰანესიანს შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან აქვს. ის ინდმეწარმე „ანატოლი ჰოვსესიანია“ (საწარმომ მას 2004 წლიდან 5 000 ლარი მოუტანა).
ვიდრე ახალქალაქის გამგებელი გახდებოდა, ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი ახალციხის საგადასახადო ინსპექციის უფროსი იყო და მისი წლიური ანაზღაურება 6 600 ლარს შეადგენდა.
2009 წელს ბ-ნმა ჰოვჰანესიანმა დეკლარაცია შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და მის უძრავ-მოძრავ ქონებაში ის სიახლეა, რომ მას მიწის ნაკვეთიც შეუძენია და 2007 წელს გამოშვებული ავტომანქანა „შევროლეც“ (15 500 აშშ დოლარად ღირებული). დეპოზიტზე კი უკვე 515 აშშ დოლარს ინახავს. მატებაა ნაღდი ფულის მიმართულებითაც: 2009 წელს, დეკლარაციის შევსების დროს ანატოლი ჰოვჰანესიანს ჰქონდა 25 000 ლარი, ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანს – 15 000 ლარი, ასია დანელიანს – 6 800 ლარი, დეპუტატის მეუღლეს კი – 7 000 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში კვლავაც მხოლოდ ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანია დასაქმებული: 2008 წლის განმავლობაში მან საერთო ჯამში, ხელფასის სახით, 34 000 ლარი აიღო.
ენზელ მკოიანი
ენზელ მკოიანიც მაჟორიტარია „ნაციონალური მოძრაობიდან“, ოღონდ ფრაქცია „საქართველოს რეგიონები – მაჟორიტარების“ წევრია, ამასთანავე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრიცაა. მასაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, თუმცა სომხეთის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. მისი შრომითი საქმიანობა 1976 წელს იწყება ბოგდანოვკის მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში, სადაც 1977 წლამდე იმუშავა მეორე თანრიგის მუშად; 1977 წელს ბოგდანოვკის ტყავ-ნედლეულის საწყობის მუშა გახდა; 1978-1981 წლებში – ბოგდანოვკის სარემონტო-სამშენებლო უბნის წყალგაყვანილობის მუშა; 1981-1983 წლებში საბჭოთა ჯარში მსახურობდა; 1983 წლიდან კი მუშაობა განაგრძო, როგორც ახალქალაქის მოძრავ-მექანიზებული კოლონის მესამე თანრიგის მუშამ; 1984 წელს კომკავშირულ მუშაობაში გამოიჩინა თავი და 1990 წლამდე ახალქალაქის რაიონული კომიტეტის გათავისუფლებული მდივანი იყო; 1990 წელს ახალქალაქის სამშენებლო მასალების დამამზადებელ კოოპერატივ „სტროიტელში“ დაიწყო მუშაობა და 1995 წლამდე თავმჯდომარის მოადგილეობასაც მიაღწია; 1996-1999 წლებში მრავალდარგოვანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ენერგიის“ დირექტორის მოადგილე გახდა; 1999 წლიდან დღემდე კი, შეიძლება, ითქვას, სადეპუტატო სკამიდან არ ამდგარა: 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი; 2004-2008 წლებში – საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი; 2008 წლიდან კი საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრია.
ერთი სიტყვით, 1959 წელს დაბადებულ ენზელ მკოიანს საქართველოს პარლამენტში ჭიპი აქვს მოჭრილი. ამდენად, ბუნებრივია, რომ 2008 წელს მან დეკლარაცია შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, კარინა და შვილები: ანაიდა, კარაპეტი და დავითი.
ენზელ მკოიანის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით ახალქალაქში, 195 000 ლარად ღირებული და იმავე მისამართზე მდებარე ავტოფარეხი, 10 000 ლარად ღირებული; ავტომანქანა, 49 000 ლარად ღირებული და 6 000-ლარიანი ავეჯი „ფელიქსი“. ავეჯი მის მეუღლესაც აქვს: „ჯაკონდა“, 10 000 ლარად ღირებული, „მონოლიზა“, 12 500 ლარად ღირებული და „ლიზა“, 37 000 ლარად ღირებული (სწორედ ასე აქვს მითითებული დეპუტატს ავეჯის დასახელება). კარაპეტ მკოიანი კი ავტოგასამართი სადგურის მფლობელია, რომელიც 5 000 ლარი ღირს (კარაპეტ მკოიანი 1988 წელსაა დაბადებული). დეპუტატის მეუღლე ვადიან ანაბარზე 93 612 ლარს ინახავს, თუმცაღა, სულ რაღაც, საჯარო სკოლის დირექტორია, ოღონდ მისი წლიური შემოსავალი 14 876 ლარია. თავად ენზელ მკოიანმა კი 2007 წლის განმავლობაში, როგორც ხალხის რჩეულმა, 26 669 ლარი აიღო. 2009 წლის დეკლარაციაში ცვლილება ისაა, რომ კარინა ნახატაკიანი დეპოზიტზე 66 800 ლარსღა ინახავს, ოდნავ დაიკლო მისმა წლიურმა სადირექტორო შემოსავალმა და 13 584 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ენზელ მკოიანს: მან, როგორც ხალხის რჩეულმა, 2008 წლის განმავლობაში, 49 706 ლარი აიღო.
დეპუტატსა და მის მეუღლეს გასულ წელს ხარჯებიც ჰქონიათ. მათ რაობას არ ასახელებენ, თუმცაღა გვამცნობენ, რომ ხარჯებში თავად რჩეულს – 25 000, მის მეუღლეს კი 13 500 ლარი შემოეხარჯათ.
აზერ სულეიმანოვი
აზერ სულეიმანოვიც მაჟორიტარი დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობიდან“. შესაბამისად, არის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“, იმავდროულად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრიც. განათლება მასაც უმაღლესი აქვს, ოღონდ ის აზერბაიჯანის ეკონომიკურ ინსტიტუტში მიიღო. აზერ სულეიმანოვის შრომითი ბიოგრაფია 1984 წელს იწყება ცეკავშირის მარნეულის განყოფილების გასტრონომში, სადაც გამყიდვლად 1991 წლამდე იმუშავა; 1992-1993 წლებში აგროფირმა „სამგორის“ მესამე მაღაზიის გამგე გახდა; 1993-1994 წლებში – შპს „სამგორი-93-ის“ საბითუმო-საცალო ვაჭრობის ქვესაწარმო „უნივერსალის“ მაღაზიის გამგე; 1995 წელს მარნეულის სამომხმარებლო საზოგადოებაში დაიწყო მუშაობა, სადაც 1997 წლამდე იმუშავა ეკონომისტად; 1997 წელს მისი ჩინოვნიკური კარიერაც დაიწყო: აზერ სულეიმანოვი მარნეულის რაიონის გამგეობაში მუშაობს, თავდაპირველად, ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, მოგვიანებით – უფროსად. 1999-2004 წლებში ხალხის რჩეულიც გახდა; 2004 წლიდან 2007 წლამდე ქვემო ქართლში რწმუნებულის მოადგილედ გადაიყვანეს, 2007-2008 წლებშიც გუბერნატორის მოადგილე იყო, 2008 წელს კი ისევ ხალხის რჩეული გახდა, ამჯერად უკვე საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტში.
1967 წელს დაბადებულმა აზერ სულეიმანოვმა 2008 წელს დეკლარაცია შეავსო, როგორც ქვემო ქართლში გუბერნატორის მოადგილემ, ოჯახის წევრებად კი მიუთითა მეუღლე – რამილა გულიევა და სამი შვილი: აიგუნი, მირზა და აიხანი.
სულეიმანოვების საცხოვრებელი სახლი მარნეულში აზერ სულეიმანოვის საკუთრებაა და 40 000 აშშ დოლარი ღირს, მასვე ეკუთვნის ორი ავტომანქანა: 6 000 აშშ დოლარად ღირებული „მერსედესი“ და 34 000 აშშ დოლარად ღირებული „მიცუბიში პაჯერო“. თუ დეკლარაციას ვერწმუნებით, ეს ავტომანქანა ხალხის რჩეულმა განვადებით შეიძინა, ფული „საქართველოს ბანკისგან“ ისესხა და ის 2013 წლამდე უნდა ჩაასესხოს.
ოჯახში მხოლოდ ოჯახის უფროსი იყო დასაქმებული და მისი, როგორც გუბერნატორის მოადგილის, წლიური შემოსავალი, 21 876 ლარს შეადგენდა.
2009 წლის დეკლარაციიდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ხალხის რჩეულმა 2008 წლის განმავლობაში სახელფასო შემოსავლის სახით 23 000 ლარი მიიღო (2009 წელს მისი შემოსავალი გაცილებით მეტი იქნება) და იმასაც, რომ ბ-ნი სულეიმანოვი ქართულს ცუდად ფლობს.
ნინო ხაჩიძე