რა სიურპრიზებს უწყობენ ზედმეტად რომანტიკოს ანი კეკუას კრეატიული თაყვანისმცემლები
ყველასთვის საყვარელი მომღერალი ანი კეკუა მალე საქართველოდან შვედეთში გაემგზავრება და იქ რამდენიმე წელს გაატარებს. მას დიდი იმედი აქვს, რომ თავს ყველაფერს ღირსეულად გაართმევს და მიღებულ ცოდნას უკვე საქართველოში გამოიყენებს. არც ის არის გამორიცხული, რომ ანიმ „აბბას“ სამშობლოში ვოკალითაც გამოიჩინოს თავი და პარალელურად, მუსიკალურ კარიერასაც მიხედოს.
ანი კეკუა: 20 აგვისტოს შვედეთში მივდივარ სასწავლებლად. იმედი მაქვს, იქ ბევრ რამეს ვისწავლი და მერე ჩემს ქვეყანაში გამოვიყენებ. მანამდე ვენის უნივერსიტეტშიც ჩავაბარე, მოწვევაც მქონდა, მაგრამ ბოლო წამს წასვლა გადავიფიქრე, რადგან გერმანულ ენაზე ლექციის მოსმენა გამიჭირდებოდა. მოკლედ, ვერ გავრისკე. ამიტომ, შემდეგი არჩევანი შვედეთზე გავაკეთე.
– მუსიკალურ ასპარეზზე რა ხდება?
– ძირითადად კორპორატიულ კონცერტებზე ვმღერი, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით დიდ და ღია კონცერტებზეც მიწევს სიმღერა.
– შეიძლება ითქვას, რომ „ჯეოსტარი“ შენს ცხოვრებაში ერთგვარი გარდატეხაც იყო.
– კი, ნამდვილად. „ჯეოსტარამდე“ „ნუცას სკოლაშიც“ ვიღებდი მონაწილეობას, სადაც არანაკლები გამოცდილება მივიღე. მალე ძალიან სერიოზული პროექტი იგეგმება საქართველოში, რომელშიც მონაწილეობას მეც მივიღებ. სავარაუდოდ, ოქტომბერში ჩამოვალ და განვახორციელებთ. ასე რომ, თავს არ დაგავიწყებთ.
– შვედეთში სწავლასთან ერთად სიმღერასაც ხომ არ გეგმავ?
– მოგეხსენებათ, შვედეთი „აბბას“ ქვეყანაა და მათი რეპერტუარიდან რომელიმე სიმღერას აუცილებლად წავიღებ. შევეცდები, რომ მუსიკალურ კარიერასაც მივხედო და რა ვიცი, არ მგონია, არ დამაფასონ (იცინის). სწავლის დაწყებამდე ერთი კვირა გაცნობის კვირა გვექნება, სადაც იმედი მაქვს, ორივე სფეროში თავს გამოვიჩენ.
– რამდენიმე კვირა დაგრჩა გამგზავრებამდე. ოჯახის წევრების გარდა თუ გიჭირს ვინმეს დატოვება თბილისში?
– ძირითადად მეგობრების, რადგან მათ გარეშე რას ვიზამ, არ ვიცი. ჩემს პატარა ძმას რომ ვტოვებ, ძალიან ვნერვიულობ.
– რამდენი წლისაა?
– 14-ის. ის უკვე შვედეთშია, სადაც ფეხბურთის ჩემპიონატი იმართება და მონაწილეობს. „ვით ჯორჯიაში“ თამაშობს. მოკლედ, უნდა დავიპყროთ მე და ჩემმა ძმამ შვედეთი.
– რამდენი ხნით არის წასული?
– შარშან ერთი თვით იყვნენ და ახლაც ასე იქნება, ალბათ. 80 ქვეყნიდანაა გუნდები ჩასული და ამდენ ადამიანში ჩემი ძმა მაინც დავინახე ფოტოზე. ისეთი მოხერხებულია, ყველგან ჩანს.
– ერთმანეთს რით ჰგავხართ?
– ორივე ძალიან მიმნდობი და კეთილები ვართ. ის უფრო მოხერხებულია, ჩემგან განსხვავებით. მე ცოტა გამბედაობა მაკლია და მორიდებული ვარ. ის კი, რაც უნდა, ყველაფერს აკეთებს.
– ყოველთვის ისეთი მხიარული ხარ როგორსაც მაყურებელი გიცნობს, თუ არის გამონაკლისი შემთხვევებიც?
– დეპრესია არასდროს მქონია, მაგრამ, როცა ბევრი პრობლემა მომაწვება ერთად ცოტა ვნერვიულობ და ცრემლები მომდის. ისე, ძირითადად, ცუდ ხასიათზე ძალიან იშვიათად ვარ. ჩემთვის კონცერტში მონაწილეობა, რომელიც ხშირად მიწევს, ერთგვარი განტვირთვაა. სახლშიც სულ ვმღერი.
– სიმღერის გარდა კიდევ რა გამოგდის კარგად?
– სიმღერის გარდა ცურვა ვიცი კარგად, ცეკვა, ენები და მალე ჩემი საქმეც კარგად მეცოდინება.
– კონცერტის დროს კონკრეტულად ვინმესთვის თუ მიგიძღვნია სიმღერა, თუნდაც გულში.
– გულში კი, მიმიძღვნია. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება. უფრო გულით ვმღერი.
– როგორია შეყვარებული ანი კეკუა? ალბათ, მაშინ უფრო გიღიმის თვალები.
– კი, ასეა, მაგრამ ხან მოწყენილიც ვარ. მგონი, ზედმეტად რომანტიკოსი ვარ.
– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც შეძლებს შენთვის თავის მოწონებას? სიურპრიზები გიყვარს?
– სიურპრიზებს რომ მიკეთებენ, ძალიან მიყვარს. ასეთი ბევრი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.
– მაგალითად?
– ბუშტების ზემოდან ჩამოშვება, სანთლების დანთება და ასე შემდეგ. სიურპრიზები ყველა ქალისთვის სასიამოვნოა, ამით თაყვანისმცემლების ყურადღებასა და კრეატიულობას აფასებ. მაგალითად, ჩემი ერთი თაყვანისმცემელი ისეთი შემოქმედი ადამიანია, რომ არ შეიძლება, არ მოგეწონოს მისი გაკეთებული სიურპრიზი. ერთხელ იასამნებით სავსე დიდი კალათა მომიტანა. თითქოს რთული მოსაფიქრებელი არ არის ეს, მაგრამ იმ ადამიანის გემოვნება დადებითად შევაფასე.
– შენ რა გაგიკეთებია შენი კრეატიული თაყვანისმცემლებისთვის?
– ძირითადად სუნამოები და საათი მიჩუქებია, ოღონდ ისე კი არა – დაბადების დღეზე ან დღესასწაულზე.
– იმ შემთხვევაში, თუ ისეთი საჩუქარი მიიღე, მაგალითად სუნამო, რომელიც არ მოგწონს, აგრძნობინებ იმ ადამიანს, რომელმაც გაჩუქა?
– რა თქმა უნდა, არ ვიმჩნევ. არ ვარ ისეთი ტიპი, რომ ადამიანს ეს ვაგრძნობინო. რაღაც ხომ გააკეთა, იწვალა, აარჩია და რატომ უნდა დავწყვიტო გული? აუცილებლად ვეტყვი, რომ ძალიან მომეწონა. თუ სუნამო არ მომეწონა, შეიძლება, არ დავისხა, მაგრამ სიმბოლურად შევინახავ და არ გავაჩუქებ. ვინმეს თუ რამე უჩუქებია, ყველაფერს ვინახავ, მერე რომ გავიზრდები, გავიხსენებ, რაც დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო იქნება.
– შენს სასაჩუქრე „ბანკში“ ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევ?
– ყველაფერი მამახსოვრდება, მაგრამ იასამნებით სავსე კალათა ძალიან ლამაზი იყო. მართალია, ყვავილები დაჭკნა და ვერ შევინახავდი, მაგრამ ფოთოლი მაინც შევინახე. ასევე დამამახსოვრდა დანთებული სანთლები, საათი, რომელიც ახლაც მიკეთია.
– ამოჩემებული ფრაზა თუ გაქვს რამე?
– „ნუ ბოდიალობ“. ამ ფრაზას ძალიან ხშირად ვამბობ.
– ყველაზე ხშირად რის გამო გსაყვედურობენ ოჯახის წევრები და მეგობრები?
– მეგობრები მეუბნებიან, რომ ყველა მიყვარს და ჩემთვის ყველა საყვარელია. ანუ, ადამიანებს ადვილად ვენდობი. თუმცა, რაც 20 წლის გავხდი, ეს ამბავი ნელ-ნელა რთულდება, გამოცდილებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ჩემს ბოდიალობაზე მსაყვედურობენ. ანუ, ყოველთვის იმ საქმეს ვაკეთებ, რაც კონკრეტულ სიტუაციაში მჭირდება, წინასწარ მეზარება.
– რა არის შენთვის ყველაზე დიდი კომფორტი და დისკომფორტი?
– ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტი ის არის, როცა ადამიანები პრობლემებს არ მიქმნიან, როცა არიან გულახდილები და კეთილები. როდესაც საზოგადოებასთან კარგი ურთიერთობა გაქვს, იქ ყველაფერი მოგვარებულია. ვერ ვიტან, როცა ზედმეტად ართულებენ სიტუაციას და არაფრისგან პრობლემას ქმნიან. ჩემი აზრით, ყველაფერს მარტივად უნდა შეხედო, რადგან ყველაფრის მოგვარება შეიძლება. რთული და მატერიალისტი ადამიანები არ მიყვარს, მარტო ამქვეყნიურ რაღაცეებზე რომ ფიქრობენ. ცოტა სხვა ღირებულებებზეც უნდა დაფიქრდნენ. შემოქმედი და რომანტიკოსი ადამიანები კი ძალიან მიყვარს.
– იმ გულშემატკივარს რას ეტყვი, რომელსაც ანი კეკუას წარმატება ყოველთვის ახარებს?
– ჩემს გულშემატკივარს ვთხოვ სანამ შვედეთში ვიქნები და ჩემს კვალიფიკაციას ავიმაღლებ, არ დამივიწყონ.