ვინ არის კახა ჯოხაძის სუსტი წერტილი და ვის ვერ ეუბნება ის უარს ვერასდროს
სერიალ „შუა ქალაქის“ პერსონაჟი, ვახო, იგივე კახა ჯოხაძე, ყოველთვის სასურველი რესპონდენტია, რადგან საოცრად კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანია. მას შემდეგ, რაც „შუა ქალაქმა“ თავისი მეშვიდე სეზონი დახურა, მას გაცილებით მეტი დრო აქვს ოჯახისა და მეგობრებისთვის. ის ოჯახის წევრებთან ერთად დასვენებას ჯერ მთაში, შემდეგ კი ზღვაზე გეგმავს.
კახა ჯოხაძე: „შუა ქალაქის“ გადაღებები დავასრულეთ და, ვცდილობ, დავისვენო. ოჯახში გაცილებით მეტ დროს ვატარებ და, თუ მეგობრებიც ხელს შემიწყობენ და ერთად წავალთ სადმე დასასვენებლად, ძალიან კარგი იქნება. თუ ჩემმა გადატვირთულმა გრაფიკმა მომცა საშუალება, დიდი სურვილი მაქვს, სექტემბრიდან რომელიმე თეატრში მივიდე.
– დასასვენებლად წასვლას როდის გეგმავ?
– პირველ ყოვლისა, გააჩნია მატერიალურ შესაძლებლობებს, რის მიხედვითაც დავგეგმავთ ყველაფერს. ისე, დასასვენებლად, ალბათ, აგვისტოს შუა რიცხვებიდან წავალ, მანამდე პატარ-პატარა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. ჩემი ცოლ-შვილი უკვე გაგზავნილი მყავს დასასვენებლად. მოგვიანებით მათ ჩამოვიყვან, მოვემზადებით და წავალთ რაჭაში, შემდეგ კი – ზღვაზე.
– ცოლ-შვილი დასასვენებლად გაუშვი და სახლში მარტო ხარ?
– მთლად მარტო არა, დედასთან და დეიდასთან ერთად. რა თქმა უნდა, რამდენიმე მეგობარი მყავს გვერდით, რომლებსაც, ჩემდა ბედად, შვებულება აქვთ. ასე რომ, ნამდვილად არ ვიწყენ.
– მახსოვს, როცა პირველად გამოჩნდი „შუა ქალაქში“, პირველი ინტერვიუ ჩვენ ჩავწერეთ. მაშინ თქვი, რომ, თუკი რეჟისორი გადაწყვეტდა, სიამოვნებით დარჩებოდი სერიალში, რადგან თავს იქ ძალიან კომფორტულად გრძნობდი. მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ჩვენ კვლავ ვწერთ ინტერვიუს და ვახო კვლავ „შუა ქალაქშია...“
– ძალიან კარგია, რომ ჩემი პროგნოზი და სურვილი გამართლდა, მაგრამ ეს, ალბათ, იმ ჯგუფის დამსახურებაა, რომელიც ამ სერიალზე მუშაობს, ხოლო მეათასედი როლი ჩემმა მონაცემებმაც ითამაშა.
– რატომ მეათასედი? რომ არა შენი ნიჭი, მერწმუნე, შენ იქ არ იქნებოდი.
– ძალიან დიდი მადლობელი ვარ მათი, ასეთ კარგ ჯგუფში და ოჯახში რომ მიმიღეს. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, რეიტინგულად რიგით პირველ სერიალში რომ ვმონაწილეობ.
– სახელ „ვახოს,“ ალბათ, უკვე შეჩვეული ხარ და როცა ასე მოგმართავენ, ჩვეულებრივი რეაქცია გაქვს.
– ვახოს მართლა ხშირად მეძახიან, რაც ჩემთვის პრობლემა აღარ არის, შევეჩვიე. უცხოები კი არა, ჩვენ თვითონ მივმართავთ ერთმანეთს ხშირად პერსონაჟების სახელებით. უცაბედად გოგასთვის – დათო დამიძახია, ბაჩოსთვის – ლაშა და ასე შემდეგ. იმდენად შეჩვეულები ვართ სერიალის სახელებს, გადაღების დროსაც გავჭედილვარ: მაიკო თუ მარიკა, მარიკა თუ მაიკო?
– ანალოგიურ ოჯახში, როგორიც სერიალში გაქვს, თუ შეძლებდი ცხოვრებას და თუ წარმოგიდგენია მსგავსი სიტუაცია?
– ახლა რომ მქონდეს ასეთი ოჯახი, უკვე გამოვლილი მაქვს და ვიცი, რას გავაკეთებდი. ერთს გეტყვით: რომ ამბობენ ხოლმე, მძიმე ოჯახიაო, ასე სულაც არ არის, მთავარია, როგორ მიუდგები. ყველა ოჯახს აქვს ბევრი პლუს-მინუსი. შენ თუ ყველაფერზე ნერვები გეშლება, ყველაფერზე ჩხუბობ და კამათობ, მაშინ, ძალიან გაგიჭირდება. ვინმე თუ გეკამათება, ამას სხვანაირად უნდა მიუდგე. ღლონტების ოჯახი ჩემთვის აუტანელი ნამდვილად არ არის. სულ ხუმრობენ, კარგ ხასიათზე არიან, მათთან არ მოიწყენ.
– შენც სულ დასაქმებული ხარ?
– ჰო, მეც სულ დასაქმებული ვარ.
– რეალურად თუ გეხერხება კერძების მომზადება?
– აბსოლუტურად არაფრის გაკეთება არ ვიცი. როცა სახლში მარტო ვრჩები, ნახევარფაბრიკატებით ვიკვებები და სულ ვცდილობ, ყველაფერი ერთჯერადი მოხმარების ჭურჭლით ვჭამო. ცოტა „წიკებიც“ მაქვს, სულ მგონია, რომ კარგად ვერ გავრეცხავ, ჭურჭელს სარეცხი ქაფი ჩარჩება და ვიღაცამ რომ ამ ჭურჭლით ისარგებლოს, შეიძლება, საფრთხე შევუქმნა. არც საჭმელი გამიკეთებია არასდროს და არც სახლი დამილაგებია. ერთადერთი, რაც შემიძლია, გავაკეთო ტოსტერია, რომლის მომზადებასაც დიდი შრომა არ სჭირდება და უმარტივესია. იმდენად დაღლილი ვბრუნდები შინ, ერთი სული მაქვს, დავწვე და დავიძინო. სახლში სულ იმაზეა ჩხუბი, რომ ჩემი ტანსაცმელი აქეთ-იქით არის მიყრილ-მოყრილი.
– დამთმობი ქმარი ხარ?
– ძალიან. ჩემს ოჯახში მატრიარქატ-პატრიარქატი არ არსებობს. ოჯახში ორი კაცი ვართ – მე და ჩემი შვილი, რომელიც ჯერ პატარაა. ჩვენთან ყველა თავის აზრს გამოთქვამს და მერე საბოლოოდ ყველასთვის სასარგებლო პასუხამდე მივდივართ. ჩემი ოჯახი ძალიან მიყვარს და იქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჩემი მეუღლე არც ეჭვიანია და არც კონფლიქტური. ერთმანეთის მიმართ ორივე ძალიან დამთმობი ვართ, თან, გასაყოფიც არაფერი გვაქვს და რაზე უნდა ვიკამათოთ?
– ბავშვები რამდენი წლის არიან?
– ლევანი 5 წლისაა, ანა კი 3-ის ხდება აგვისტოში.
– როგორი მამა ხარ?
– მაქსიმალურად ვცდილობ, რამე ერთხელ მაინც თუ უთხოვიათ, შევუსრულო. ჩემი სუსტი წერტილი ბავშვები არიან, რაც არ უნდა მთხოვონ დედამიწის ზურგზე, ყველაფერს ვუსრულებ, რასაც ვერ ვიტყვი ოჯახის სხვა წევრებზე. შეიძლება, ძალიან მინდა, მათაც ყველაფერი შევუსრულო, მაგრამ, არ გამოდის.
– შენ თუ განებივრებენ?
– როცა სამსახურიდან ვბრუნდები, ყურადღებას მაქცევენ. ფაქტობრივად, პატივისცემაში ვარ, მაგრამ, არც ისე – დედა, კახას ცივი ნიავი არ მივაკაროთო. ჩვეულებრივად მექცევიან, ასე რომ, ოჯახში ყველა ერთმანეთს ხელს ვუწყობთ.
– ვახოს როგორ ხვდება ხალხი ქუჩაში?
– ძალიან იშვიათად დავდივარ ფეხით, ამიტომ, ხშირად ვერ ვხვდები ვახოს გულშემატკივრებს. ვინმეს რომ გავეჩერებინე და ეთქვა – ბიჭო, ასე ნუ აჩაგვრინებ ღლონტებს თავსო – ასეთი არ ყოფილა. თუ რაღაცის საყიდლად გადავალ მანქანიდან, მცნობენ, რაც ძალიან სასიამოვნოა. დედაჩემისთვის კი უთქვამთ – ვახოს დედა ბრძანდებითო. ვენაცვალე ყველას, ვისაც ვიცნობ, ვისაც არ ვიცნობ და ვისაც გავიცნობ.
სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, ორი არჩევანი მქონდა: ჟურნალისტიკა ან სამსახიობო. ჟურნალისტიკა დედაჩემს უნდოდა ძალიან, მით უმეტეს, რომ სტუდია მაქვს დამთავრებული ტელეგანხრით და რეჟისორის ასისტენტის დიპლომიც დავიცავი. დედამ მითხრა, მსახიობის პროფესია ვერ წაგადგება, რადგან ბუნებით გამტანი და თამამი უნდა იყოო. მაშინ, არც ჟურნალისტობა გამომივა-მეთქი, ვუთხარი და საბოლოოდ თეატრალურში ჩავაბარე. მაშინ კი ვუთხარი დედაჩემს, შეიძლება, რქებით არავის მივაწვე და ისეთი არაფერი გავაკეთო, მაგრამ, ყოველთვის გახსოვდეს, ჩემს სიტყვას ვიტყვი-მეთქი. ცოტა დიდი ხანი კი დამჭირდა ჩემი სიტყვის სათქმელად, მაგრამ...
– ოჯახის წევრებს თუ მოსწონთ ვახო?
– ბავშვებმა ახლახანს დაიწყეს სერიალის ყურება, რადგან იმ დროს სძინავთ. რომ გითხრათ, ჩემს მეუღლეს, დედაჩემს ან დეიდაჩემს „შუა ქალაქში“ ვახო ყველაზე ძალიან მოსწონთ-მეთქი – არა, მაგრამ, სულ უყურებენ. მერე კი თითოეულ სერიას განვიხილავთ, რა იყო კარგი და რა – არა.
– ჭორი არ გაგიგია საკუთარ თავზე?
– კონკრეტული ჭორი არ მახსენდება, მაგრამ, ხანდახან ისეთს გავიგებ, თუნდაც სხვასთან დაკავშირებით, ვგიჟდები, საიდან იგონებს ეს ხალხი ამდენ სისულელეს. ალბათ, სიამოვნებას იღებენ, ვინმეზე ჭორს რომ ააგორებენ. რა პრობლემაა, ჩემზეც იჭორაონ თუ უნდათ. ესეც პლუსია, ალბათ, როცა ჭორაობენ, ესე იგი, პოპულარული ხარ და შენზე ამბის მოსაგონად ამდენ დროს ხარჯავენ.
– დასასვენებლად რომ წახვალ, ყურადღება შენ იქ ნახე!
– სხვათა შორის, გასულ წელს რაჭაში მოხდა ერთი ასეთი პრეცედენტი: ჩვენი ნათესავი და ახლო მეგობარი იყო ჩამოსული და ჩვენთან უნდოდა მოსვლა. დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა იქ და სახლს ვერ მოაგნო. ამ დროს ჩვენ აივანზე ვისხედით და არავის არ ველოდით. მოკლედ, შემოვიდა ეს ადამიანი და გვითხრა: ძლივს მოგაგენით. ამ ხალხს ხან ვინ ვუხსენე, ხან – ვინ, მაგრამ, ვერ მომასწავლეს გზა. ბოლოს, ბავშვებთან მივედი, იქვე იდგნენ და ვთხოვე – გაფიცებთ ყველაფერს, „შუა ქალაქში“ რომ ვახოა, ხომ არ იცით, სად არის მისი სახლი-მეთქი. როგორ არ ვიცითო – და მომასწავლესო. ეს რომ მოყვა დედაჩემს ვეხუმრებოდი, ხომ ხედავ, შენს გვარს, ჩემმა ტელევიზორში ერთმა გამოჩენამ აჯობა-მეთქი.
– სათვალეებს კიდევ ამტვრევ?
– ხშირად და, ახლა უკვე სახლის გარდა არსად აღარ ვიკეთებ. ჭკუა ვისწავლე და იმ დღეს ყველაზე უიაფესი სათვალის ჩარჩო ვიყიდე, რაც კი შეიძლებოდა. ადრე ძვირს ვიხდიდი, მაგრამ, მივხვდი, რომ არ ღირდა.
– თათული, ანუ თამარ ღლონტი, სერიალში შენი მეუღლე, შვილს ელოდება...
– ოქტომბერში მთელი „შუა ქალაქი“ ველოდებით თათულის შვილის დაბადებას. ძალიან აქტიური ფეხმძიმეა და ყოველთვის იმას ითხოვს, რომ ჩვეულებრივად დატვირთონ. ძალიან მიყვარს თათული და, საერთოდ, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი.
– ცოლისდა გყავს?
– კი, როგორ არ მყავს და მასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს.
– ქეთევან ღლონტს არაფრით არ ჰგავს?
– არა, მაგრამ, ქეთევანისნაირი ცოლისდაც ჯიგრულია.