რატომ არის მამაკაცებისთვის ცხოვრება უფრო რთული ლექსენის აზრით და რისთვის უხდის ის მადლობას მეუღლეს
ნინო წულუკიძე
რაც ლექსენი მამა გახდა, გრძნობს, რომ პასუხისმგებლობა მოემატა. თუმცა, აქამდეც დარწმუნებული იყო იმაში, რომ მამაკაცმა თავისი ტვირთი დაუწუწუნებლად უნდა ატაროს. რატომღაც ჰგონია, რომ ქალებისთვის უფრო ადვილია ცხოვრება; რომ ფიზიკური ძალა ხშირად გაცილებით ნაკლებად ჭრის, ვიდრე ქალური მომხიბვლელობა. სულით მაინც მონადირეა, თუმცა ამბობს, ნანადირევი წვალებად უნდა ღირდესო. „ქალის ენის“ სწავლა სულაც არ სჭირდება, იმისთვის, რომ მათ გაუგოს და გაანებივროს.
ლექსენი: მამაკაცობა, ალბათ, განიჭებს უპირატესობას, მაგრამ მე ამ უპირატესობაში მხოლოდ ფიზიკურ ძალას და იმ დატვირთვას ვგულისხმობ, რაც კაცის ანატომიასთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს კაცს მეტი შანსი აქვს, წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში, ამის არ მჯერა. უფრო პირიქით მგონია.
– რომ ქალს მეტი შანსი აქვს, იყოს წარმატებული?
– რა თქმა უნდა. ამაში ეჭვი გეპარებათ? მით უმეტეს, თუ ქალი ლამაზია. მას გაცილებით ადვილად გამოსდის საქმე, ვიდრე მამაკაცს. იმ მარტივი მიზეზით, რომ ქალი უფრო კარგად „იყიდება“ (იცინის).
– ანუ, ადამიანები ვიყიდებით?
– დიახ. შენზე მოთხოვნა როცა არის, ესე იგი, კარგად იყიდები. ასეა ყველა სფეროში – ქალზე კი ყოველთვის მეტია მოთხოვნა. მით უფრო ლამაზ ქალზე და მით უფრო შოუ-ბიზნესში. ამიტომაც ვთქვი, ქალისთვის უფრო ადვილია წარმატების მიღწევა-მეთქი. თორემ, როგორ წაიყვან შენს ცხოვრებას და რა გამოვა საბოლოოდ შენგან, ეს მაინც პიროვნულია.
– ამბობენ, ლამაზი ქალები ხშირად სულელები არიანო.
– ჰო, მაგრამ მათი ჭკუა არც არავის უნდა. კაცს, რომელსაც უნდა, რომ ლამაზი ქალი „იყიდოს“, მის ჭკუაზე ნაკლებად ექნება პრეტენზია. ჭკუა ქალს თავისთვის სჭირდება, თორემ მამაკაცს თავისი ჭკუაც ჰყოფნის.
– ანუ, კაცს თავისი ჭკუა უნდა ჰქონდეს, რომ ქალის ჭკუაზე არ იაროს?
– აუცილებლად. მამაკაცი მაინც რჩება წარმმართველ ძალად. ვინც არ მეთანხმება, დამისახელოს ყველაზე დიდი ფილოსოფოსი ქალი. არ არის ასეთი. არ არსებობს. მეცნიერების ნებისმიერ სფეროშიც ვის აქვს რიცხვობრივი უპირატესობა?! – კაცებს. ნობელის პრემიის ლაურეატების უმრავლესობაც ხომ კაცები არიან. სპორტშიც რომ გადავიდეთ და ქალების საფეხბურთო ნაკრები შევაჯიბროთ კაცების საფეხბურთო ნაკრებს – ვინ მოიგებს?! ასე რომ, ეს რაღაცას ნიშნავს. მე არ ვამბობ, რომ ქალები არ აქტიურობენ, ან მათი გონებრივი შესაძლებლობები მოისუსტებს. უბრალოდ, ქალს სხვა ფუნქცია აქვს.
– კაცები დიდი ხანია, თამაშობენ ფეხბურთს, ქალებს ნაკლები პრაქტიკა აქვთ.
– (იცინის) თუ ფეხბურთი არ არის ქალების საქმე?! გვინდა, თუ არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ ის, რომ კაცია პლუსი, ქალი კი – მინუსი.
– იქნებ, ჩვენ ვართ პლუსები?
– ნუ შევცვლით იმას, რაც დადგენილია. მაგრამ ეს არის ცხოვრების არსი. მთელი ხიბლი იმაშია, რომ პლუსი იზიდავს მინუსს და შუქი „ინთება“. ორივე მინუსი რომ იყოს, ან ორივე პლუსი, მაშინ დენიც ხომ არ გაჩნდება და საერთოდ, არც არაფერი იქნება.
– თუ კაცი ასეთი მაგარი ვინმეა, მაშინ მისი წინაპარი ადამი, რატომ შეაცდინა ქალმა?
– იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო. ზოგჯერ კაცი უნდა მოტყუვდეს, რომ ერთად იყოს ეს ორი არსება, რომლებსაც უერთმანეთოდ გაძლება არ შეუძლიათ.
– როგორ გგონია, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება, ქალი რომ ყოფილიყავი?
– არ შემიძლია ამის წარმოდგენა. არასოდეს მიფიქრია ამაზე. ვერ გიპასუხებ ამ კითხვაზე. იმიტომ, რომ წარმოსახვაშიც კი მიჭირს ქალად წარმოვიდგინო თავი. ისიც არ მახსენდება, როდისმე თუ მითქვამს, კიდევ კარგი, ქალად არ დავიბადე-მეთქი.
– ხომ იცი, რომ ქალი უფრო ადვილად იტანს ტკივილსაც და ცხოვრებისეულ მარცხსაც.
– ტკივილს რომ იტანს, ეს ფაქტია. შესაძლოა, მარცხსაც. აქედან გამომდინარე უნდა უძლებდეს უფრო კარგად. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ დეპრესიისკენ მიდრეკილება, ადამიანის პიროვნულ სიძლიერეზეა დამოკიდებული და არა მის სქესზე.
– რატომ ვერ იტანენ კაცები ქალს მანქანის საჭესთან?
– მარტივი მიზეზის გამო: ქალებმა ვერ ისწავლეს მანქანის მართვა.
– არც მამაკაცები არიან პროფესიონალები.
– გეთანხმები, მაგრამ ქალების უმრავლესობამ საერთოდ არ იცის, როგორ უნდა მართოს. გატარება, არ ნიშნავს ტარებას. კაცებს კი წარმოდგენა მაინც აქვთ. მაგრამ მე არანაირად არ მაღიზიანებს ქალი საჭესთან. პირიქით, მსიამოვნებს კიდეც. როცა ვხედავ, რომ ქალი ზის და არ იცის რა ქნას, ვერიდები და არ ვიბოღმები.
– გზასაც უთმობ, ხოლმე, იმიტომ, რომ ქალია?
– არა. ასეთი რაღაც არ შეიძლება. გზას ვერ დავუთმობ. მოძრაობის წესებს ვერ დავარღვევ. წესებმა ქალი და კაცი არ იცის. როცა ქალი საჭესთან ჯდება, ეს კარგად უნდა დაიმახსოვროს.
– ამბობენ, ქალი ამჩნევს ყველაფერს და სწრაფად ეუფლება სიტუაციას, კაცი კი ცხვირწინ დადებულ ნივთს ვერ ხედავსო...
– საკუთარ თავზე ვერ ვიტყოდი ამას და საერთოდაც, ნაკლებად მჯერა სტერეოტიპების. მე ძალიან ადვილად და სწრაფად ვპოულობ საკუთარ ნივთებს, თუ სხვისი ხელი არ ჩაერია და ადგილი არ შეუცვალა. არეულიც რომ იყოს, ჩემთვის ის დალაგებულია. სიტუაციასაც საკმაოდ სწრაფად ვუღებ ალღოს და დაკვირვებულიც ვარ. იმასაც ვამჩნევ, ადამიანს რა აცვია, ან რაზე ფიქრობს, როცა მე მელაპარაკება.
– რა პროფესიის იქნებოდი, ქალი რომ ყოფილიყავი?
– არ ვიცი. ვერაფრით წარმოვიდგენ. არ შემიძლია (იცინის).
– ქალები და კაცები მართლა სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ?
– მე ამას სალაპარაკო ენას ვერ დავარქმევ. უბრალოდ, ზოგ რამეზე ქალი სხვანაირად ფიქრობს და აზროვნებს, კაცი სხვანაირად. ესეც მათი ანატომიური და ფიზიოლოგიური განსხვავებულობიდან გამომდინარეა.
– რომელმა უნდა ისწავლოს, მეორის „ენა“?
– არაფრის სწავლა არ არის საჭირო, გარდა მოსმენისა. ქალმა უნდა მოუსმინოს კაცს და კაცმა ქალს, რომ ერთმანეთს გაუგონ. ეს არის მთავარი.
– სახლში ქალის შრომა არ ჩანს და ხშირად მამაკაცი ვერ იგებს, რატომ დაიღალა ქალი, რომელიც სახლიდან არ გასულა.
– მე ვიგებ. მე ვხედავ ქალის შრომას და მადლობასაც ყოველთვის ვეუბნები ჩემი ოჯახის ქალებს. ჩემს მეუღლესაც ყოველთვის ვუხდი მადლობას, როცა რაღაცას მომიმზადებს. ვეუბნები, რა კარგია, ძალიან მომეწონა-მეთქი. როცა შენზე ზრუნავენ, ამის დაუნახავობა არ შეიძლება.
– გცოდნია, შენ ქალის გული როგორ უნდა მოიგო.
– გულის მოგებაზე არ არის ლაპარაკი. ელემენტარული მადლიერებისა და ზრდილობის ამბავია.
– რა აზრის ხარ ქალზე, რომელიც ცდილობს, მამაკაცს ყველაფერში გაუთანაბრდეს?
– ასეთი ქალი ყოველთვის წაგებულია და თავს ტყუილუბრალოდ იტანჯავს.
მამაკაცთან გათანაბრება ნიშნავს მისი სატარებელი ტვირთის წამოკიდებას და მისი წილი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. რა საჭიროა, თორემ კი. არჩევნის უფლება ყველას აქვს და ქალს შეუძლია, თუ უნდა ითამაშოს რაგბი. არავინ უშლის, მაგრამ კაცისთვის მისი საქციელი მოსაწონი არ იქნება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ქალი მაშინ იწყებს ლიდერობას, როცა კაცი მოისუსტებს. ყველა ქალს მაინც ძლიერი მამაკაცის გვერდით ყოფნა უნდა.
– ძლიერი, „მონადირე“ მამაკაცის გვერდით. არის შენში მონადირის თვისებები?
– ალბათ არის. ყველა კაცი ხომ მაინც მონადირეა თავისი შინაგანი ბუნებით და არსით, მაგრამ ნანადირევიც უნდა ღირდეს წვალებად. ისე, ქალს უყვარს, როცა მას „მოინადირებენ“.
– როგორია შენთვის იდეალური ქალის მოდელი?
– ჩემი მეუღლეა ჩემთვის იდეალური ქალი.