როგორ მოხვდა თიკა ფაცაცია ამქვეყნიურ სამოთხეში და რას გამოუცხადა მან პროტესტი
მოგზაურობის დიდი მოყვარული თიკა ფაცაცია თავის მთავარ საოცნებო, მოგზაურობაში ჯერ არ ყოფილა. მომღერალსა და ტელეწამყვანს ყველაფერი წინ აქვს და შთაბეჭდილებების ზღვას წინ ელოდება. მართალია, ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, მაგრამ, მიაჩნია, რომ დაუვიწყარი ზაფხული ჯერ კიდევ წინ ელოდება. თიკა ზაფხულის სიცხეში სულ შემთხვევით აღმოვაჩინეთ თბილისში და ინტერვიუმაც არ დააყოვნა.
თიკა ფაცაცია: წელს განსაკუთრებით მიჭირს სიცხის გაძლება, რადგან განსაკუთრებულად დაცხა. გლობალური დათბობის ბრალია თუ ასაკის, ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ, წელს ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი. განსაკუთრებულადაც მოვემზადე – კონდიციონერითა და ამბებით – ეტყობა, გულმა მიგრძნო. ვგრილდები მარტივად: ძალიან დიდი რაოდენობით წყალს, სითხეს ვსვამ; მარაო ჩემი ჩანთის ახალი ატრიბუტია. რომ ვუყურებდი წარმოსადეგ ქალბატონებს, როგორ ხმარობდნენ მარაოს, ვერასდროს წარმომედგინა, თუ მეც მისი მომხმარებელი გავხდებოდი, მაგრამ წელს მარაო ჩემი „ჰიტია“ (იცინის).
– თან – სურნელოვანი მარაო...
– დიახ, სანდალის ხის, რომელიც საოცრად აგრილებს. ამერიკიდან ჩამომივიდა.
– შუაზე გაყოფილი თმით, მარაოთი კარმენის იმიჯი გაქვს.
– ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ, მომწონს ეს შედარება. აი, შინაგანად რამდენად ვარ კარმენი, ეგ უკვე ნამდვილად აღარ ვიცი. თვეზე მეტია, თბილისიდან გასული ვარ. როგორც კი პირველი გაუსაძლისი სიცხეები დაიწყო, გიჟივით ჩავალაგე ბარგი და ქალაქგარეთ წავედი. თუ აუცილებელი საქმე არ მაქვს, ქალაქში არ ჩამოვდივარ. აქ ფიზიკურად ვეღარ ვიძინებდი.
– საერთოდ, როგორ გიყვარს ზაფხულის გატარება და რომელია შენი დაუვიწყარი ზაფხული?
– დაუვიწყარ ზაფხულებს ჯერ კიდევ ველოდები, წინ არის ყველაფერი. რადგან კონკრეტული დასვენება არ მახსენდება, ესე იგი, განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი არ ყოფილა. ზოგი აქტიური იყო, ზოგი პასიური... აი, ერთი ზაფხული გამახსენდა: მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის ვიყავი, როდესაც მეგობრებთან ერთად ზღვაზე წავედი. პირველი დამოუკიდებელი გასვლა იყო და, ჭკუაზე არ ვიყავით, სამყარო ჩვენი გვეგონა; მოკლე „იუბკებითა” და „როლიკებით“ დავქროდით ბათუმის ქუჩებში, ჟრიამული და დროსტარება გვქონდა, უძილო ღამეები. ეს იყო ყველაზე უდარდელი დასვენება, მხოლოდ წინ რომ იყურები და ცხოვრებისგან უამრავ სიახლეს ელოდები.
– და უცებ მართლა უამრავი სიახლე მოხდა.
– ფრაზა – „ყველაფერი წინ არის” რომ შეეფერება, ზუსტად ისეთი ზაფხული იყო. ფილმებს აქვს ხოლმე მსგავსი ფინალი. მომდევნო ზაფხულები კი, უკვე მეუღლესთან ერთად, სულ სხვანაირი იყო, გაცილებით რომანტიკული, სხვანაირად დატვირთული. მერე უკვე შვილი ჩნდება, რომელიც თავდაყირა აყენებს ზაფხულის გეგმებს – ფიქრობ, სად უკეთესი ჰაერია, რა მოუხდება და ასე შემდეგ. ამას წინათ ვიხსენებდი. სურამში თვეების განმავლობაში ვყოფილვარ არაკომფორტულ პირობებში მარტო იმიტომ, რომ ეს ჩემს შვილს სჭირდებოდა. შესაბამისად, ზაფხულს უკვე ძალიან ჩვეულებრივად ვგეგმავ.
– როგორც ვიცი, ზაფხულს თითქმის ყოველთვის საქართველოს ფარგლებში ატარებ.
– ნამდვილად. იმის ფუფუნება მართლა არ მაქვს, რომ ყოველ წელს ევროტურები დავგეგმო.
– თუმცა, ეს სულაც არ არის ფუფუნება, გააჩნია, შენ რა პრიორიტეტები გაქვს.
– გეთანხმები. თუ შენთვის აღმოჩენები, ახალი და საინტერესო ადგილების ნახვაა მნიშვნელოვანი, ამისთვის აკეთებ მთელი წელი დანაზოგს და არა ახალი მობილურისთვის ან მანქანისთვის და მაშინ მიხვდები, რომ ეგზოტიკური დასვენება სულაც არ ყოფილა ფუფუნება. ძალიან ბევრი წელია, მობილური არ გამომიცვლია, უკვე სამარცხვინოა, მაგრამ, რა ვქნა?! საერთოდ არ მაინტერესებს ეს თემა. სამაგიეროდ, სიგიჟემდე მინდა კრუიზში წასვლა, გემით მოგზაურობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში ჩერდება. არასდროს მიმოგზაურია გემით, კაიუტაში ღამე არ გამიტარებია. თან, ვიცი, რომ მსგავს კრუიზებში საოცრად ფეშენებელური გემებით დადიან, წარმოუდგენელი კომფორტით, ღამის კლუბებით, რესტორნებით, სულ „ტუსოვკებია”. სიწყნარეში გადასარევი იქნებოდა. არ მგონია, წყალი მომბეზრდეს, რადგან, ხშირად ჩერდები სანაპიროებზე, გადიხარ ქალაქებში, ათვალიერებ, „მოიშოპინგებ“ და უკან ბრუნდები. შარშან, მაგალითად, ისრაელში ვიყავი. თან, რა მაგარია, როდესაც ტელეფონში ეუბნები, „არ ვარ ქვეყანაში“... ვერავინ გთხოვს ჩამოდი, გადაღებაა, ვაიმე, გვჭირდებიო...
– კარგია ისრაელში ზღვა?
– ძალიან. უმაგრესი. თან, საერთოდ არ ვყოფილვარ საკურორტო ზონაში, თელ-ავივში ვიყავი, სადაც ულამაზესი ზღვა და სანაპიროა. თურქეთის საკმაოდ კარგ ალტერნატივას ვთავაზობ ხალხს. ამ ბოლო დროს თურქეთის მიმართ ცოტა პროტესტი გამიჩნდა – ჩადიხარ, საკმაოდ დიდ თანხას იხდი და სულ ერთი და იგივეა. ისრაელამდე ორი საათის გზაა, თვითმფრინავში გადაჯდომა-გადმოჯდომა არ გჭირდება. პრინციპში, მართალი ხარ, ახლა დავფიქრდი, რომ ადრე უფრო ვახერხებდი საინტერესო დასვენებას, ვიდრე ახლა; ვიყავი კანარის კუნძულებზეც...
– რომელიც, ალბათ, სამოთხეა დედამიწაზე.
– ნამდვილად. საოცარი სილამაზეა. სულ მინდა, რაღაც ახალი ვნახო და, როგორც უკვე ვთქვი, ერთსა და იმავე ადგილას არ წავიდე დასასვენებლად. წყალი რა სილამაზისაა, ეს, ალბათ, ფოტოებზე ყველას უნახავს. საოცარი კლიმატია, მზეა, მაგრამ, გაუსაძლისი სიცხე არ არის, საღამოს კი ზღვის ბრიზი ქრის. არ არის მაღალი ტენიანობა და არასდროს გცხელა. ჯერ ჩადიხარ ესპანეთში, მერე კი გადადიხარ კანარებზე, სადაც ქვიშა, ულამაზესი ხედები და ყველაფერია დასვენებისთვის. ქვიშაში მასაჟები, ტრენაჟორები, სპა – ყველაფერია იმისთვის, რომ თავი არაჩვეულებრივად იგრძნო. სულ ის მომენტი მაქვს, რომ, სადაც არ უნდა ჩავიდე, ძალიან ბევრ ნაცნობს ვხვდები, ნაცნობს თუ არა, ქართველებს მაინც. თურქეთში ბევრწლიანი დასვენების შემდეგ მეგონა, რომ კანარებზე ეს არ დაგვემართებოდა. სამი დღე ვიფრინეთ, როგორც იქნა, ჩავედით, დავბინავდით და მეორე დილას, სასტუმროს ნომრიდან გამოვედით თუ არა, ქართული საუბარიც გავიგეთ. გამოვშტერდი. იქ ჩვენი თანამემამულეები დაგვხვდნენ, ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ყველგან ვართ (იცინის). ერთი სიტყვით, ყოველთვის მირჩევნია, რაღაც ახალი ვნახო და არ ვინერვიულო იმ ორ დღეზე, რომელსაც ფრენაში გავატარებ და ჩემს „ზაგარს” მოაკლდება. ვაიმე, სტაბილურად ათი დღე „ზაგარი” მივიღო და უკან დავბრუნდე – ასეთი რაღაცეები ნაკლებად მაწუხებს. სხვათა შორის, საბერძნეთში ვიყავი კიდევ, ერთ-ერთ კუნძულზე, რომელიც ასევე საოცარი სილამაზის იყო. ძალიან მინდა, წავიდე ტაილანდში – არ ვარ ნამყოფი და, მზად ვარ, ამ თავგადასავალში გადავეშვა. ძალიან შორი გზაა და მხოლოდ ეს საკითხი მაწუხებს. საერთოდ, საოცრად მხიბლავს, ეს შორეული ქვეყნები – ინდოეთი, ბრაზილია, კუბაზე გამიხარდებოდა მოხვედრა, რომელიც ძალიან იაფი ქვეყანაა, უბრალოდ, გზა ჯდება ძალიან ძვირი. აი, რამდენჯერ ვარ ნამყოფი ამერიკაში, მაგრამ, მაიამიში არ ვყოფილვარ, წარმოგიდგენია?! მილიონი ადგილი მაქვს სანახავი. ასე რომ, ფრაზა – „ყველაფერი წინ არის“ – ჩემი ბათუმის ვოიაჟიდან, ჯერ ისევ ძალაშია და გრძელდება. ახლა ვეხვეწები ჩემს ქმარს, რომ, იქნებ, ტაილანდში წავიდეთ.
– ყველაზე რომანტიკული დასვენება რომელი იყო?
– იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მეუღლესთან ერთად წავედი საბერძნეთში – კრეტასთან არის პატარა კუნძული – ელონდა. სულ პატარა ტერიტორიაა. იქ ერთადერთი სასტუმროა და, თუ იქ არ ცხოვრობ, ისე ვერ მოხვდები. სრულიად განმარტოებულები ვიყავით, გარშემო მხოლოდ წყალი იყო. ულამაზესი ადგილია. მართალია, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ, შეიძლება, რამდენიმე დღე ადამიანმა საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს აჩუქო. საოცრად ეგზოტიკურია იქაურობა. შენობები თეთრია, ადამიანები – ოქროსფერი, გემრიელი მრგვალ-მრგვალი ფორმების მქონე ქალები დადიან – ყველაფერი თვალს გჭრის. ნომრებიც ისეა მოწყობილი, რომ რომანტიკული განწყობა შეგიქმნას, თან, ყველაფერი სურნელოვანია.
– მოგწონს ასე მარტო ერთ ადამიანთან დასვენება თუ, გირჩევნია, ბევრი ხალხი იყოს და უფრო აქტიურად გაერთო და ისე დაისვენო?
– ცოტა – ის, ცოტა – ის... თუ არის ამის საშუალება, იდეალურია. ხანდახან გინდა საყვარელ ადამიანთან განმარტოება, ერთმანეთის ყურება და მხოლოდ ეს გასვენებს, ხანდახან კი – პირიქით, ენერგიის მოზღვავებას გრძნობ, გინდა ბევრი შენიანი, შენნაირი ჭკუის იყოს, რომ კარგად გაერთო. ორნი ბევრს ვერაფერს იზამთ, დიდხანს ასე ყოფნით, ალბათ, მაინც მოიწყენ, როგორ მაგარ ადგილასაც არ უნდა იყო. ამიტომ, მაინც მირჩევნია, დატვირთვაც იყოს, გარდა დასვენებისა. ანუ ჩემი სამომავლო გეგმები ასეთია: ტაილანდში უნდა წავიდე აუცილებლად და კრუიზი, რომელიც ასევე ძალიან „მემნიშვნელოვნება”. მთელი წელი ისე უნდა დავგეგმო, რომ კრუიზის იდეა განვახორციელო. სხვათა შორის, ასეთი ტური ერთხელ უკვე მქონდა – როდესაც გავთხოვდი – მე და ჩემმა მეუღლემ მანქანით მოვიარეთ ბევრი ქვეყანა. სადაც გაგიჩერდება, ასე რომ მოგზაურობ, ხომ იცი?! ორი თვე ვიბოდიალეთ და ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს. ახლა გვინდა, ეს ყველაფერი წყალზე გადმოვიტანოთ. იმედია, გამოგვივა.