რატომ სთხოვდა მთვრალი რომა რცხილაძე დედასთან წაყვანას ავტოინსპექტორს და რის გამო დაფრინავდა ის ჰაერში სამი დღე
მუსიკოსი და მომღერალი რომა რცხილაძე, ანუ, როგორც მას მეგობრები მოფერებით ეძახიან „სპილო“, ძალიან მხიარული და გახსნილი ადამიანია. არაერთხელ მოხვედრილა სასაცილო სიტუაციაში, მაგრამ არც თავის დაძვრენა გასჭირვებია და ახლა ამ ამბებს ღიმილით და ემოციით იხსენებს.
რომა რცხილაძე: წარმოიდგინეთ, „გველის“ წელში ვარ დაბადებული და თან „მშვილდოსნის“ თვეში. ვამბობ, გველის სიბრძნე და მშვილდოსნის მიზანში სროლის უნარი ამიტომ დამყვა-მეთქი. თუ გამაბრაზეს, გველივით ვიკბინები, თუ უფრო გამაბრაზეს და წყობიდან გამომიყვანეს, უფრო მეტად ვიკბინები (იცინის). სხვათა შორის, ადამიანების კარგად ამოცნობაც რომ მეხერხება ესეც „გველის“ წელში დაბადების ბრალია. ხანდახან კი ვამბობ, ეჰ, ნეტავ, ვცდებოდე-მეთქი...
– ისე, ხშირად ბრაზდები?
– მტრისას ჩემი გაბრაზება, კიდევ კარგი იშვიათად გამოვდივარ წყობიდან. თორემ თუ გავბრაზდი, მაკედონელიც კი წააგებდა ჩემთან ომს, ისეთი გადარევა ვიცი (იცინის). დედით გურული ვარ და ალბათ, გურულებისგან დამყვა ხასიათში სიფიცხე. გინდა, გურულებზე ერთი სასაცილო ანეკდოტი მოგიყვე?
– რატომაც არა, მინდა. აბა, მომიყევი.
– გურული შევა ეკლესიაში. დაანთებს სანთელს და სთხოვს ღმერთს: ღმერთო, ვინ ვარ ქე იცი, რა მინდა, ქე იცი და აბა, შენ იციო (იცინის). მგონი, იუმორიც გურულებისგან დამყვა.
– რომა, პირველი დათრობა თუ გახსოვს და ის პირველი განცდა, რომელიც ნაბახუსევს მოჰყვა?
– როგორ არ მახსოვს... მაგას რა დამავიწყებს. დაახლოებით, რვა-ცხრა წლის ვიქნებოდი. ბიძაჩემთან მივდიოდი სტუმრად. გზაში ისე მომწყურდა, ერთი სული მქონდა, როდის შევაღებდი კარს და მოვიყუდებდი ჭიქით წყალს. მოკლედ, მივვარდი, სირბილით ავირბინე კიბე, შევვარდი სამზარეულოში, კარადაზე მდგარ ღვინის თლილ ჭიქას დავავლე ხელი და სულმოუთქმელად გადავკარი. თურმე, წყალი კი არა, არაყი არ ყოფილა შიგ (იცინის)? მტრისას, მე რომ დამემართა. გავითიშე და სამი დღე მეძინა. რომ მკითხე, რას გრძნობდი ნაბახუსევი მეორე დღესო, რა უნდა მეგრძნო? ისეთ „კაიფში“ ვიყავი, დავფრინავდი და ვეღარ მიჭერდნენ (იცინის). ისე, სიმართლე რომ გითხრათ, იშვიათად ვთვრები, არ მეკიდება სასმელი და, სუფრაზე ყველა რომ დათვრება და კისერი ძვრება, მე ფხიზელი შევყურებ. როგორია, სუფრასთან მთვრალების ფხიზელი თვალით ყურება? თან, მათთან ერთად რომ ისხამ და ისხამ. ისინი თვრებიან და შენ არ გეკიდება. ერთხელ კი, ისე მომეკიდა სასმელი, გადავრიე საწყალი ავტოინსპექტორი (იცინის). ალბათ, გიჟი ვეგონე, შევეცოდე და სახლამდე მიმაცილა. მოკლედ, მაგარი მთვრალი ვიყავი. მივუჯექი საჭეს და მივდივარ სახლისკენ. გავიხედე, ავტოინსპექტორმა გამაჩერა. გადმოსვლის თავი არ მქონდა. შემოჰყო მან თავი მანქანის ღია ფანჯარაში. მხედავს, გათიშული მთვრალი ვარ. გადააქნია თავი და მკითხა: რა გინდა ახლა შენო. დავჭყიტე თვალები და ვუთხარი: რა მინდა და დედა მინდა-მეთქი. რაღას იზამდა, წამიყვანა სახლში და დედას ჩამაბარა მშვიდობით.
– ვიცი, ზღვა ძალიან გიყვარს და ალბათ, სასაცილო და საინტერესო ამბავიც გექნება მასთან დაკავშირებით?
– მართალია, ზღვა ძალიან მიყვარს და ცურვაც კარგად მეხერხება. არ დამავიწყდება, ერთხელ დასასვენებლად ვარ და გავბერე წყლის ლეიბი. შევაგდე ზღვაში და ზედ წამოვწექი. წყნარი ზღვა იყო. ამ ნებივრობა-ნებივრობაში, ტკბილად ჩამეძინა. უცებ, ქალების კივილმა გამომაღვიძა. დავჭყიტე თვალები და რას ვხედავ, იმხელა ტალღა აღიმართა ჩემს წინ, ენით რომ ვერ გადმოგცემ. თურმე, რომ ჩამეძინა, ნაპირზე მჯდომი დამსვენებლები მადევნებდნენ თვალყურს და რომ დაინახეს საფრთხე მემუქრებოდა გიგანტური ტალღის სახით, ისე დაპანიკდნენ, მთელი პლაჟი ფეხზე დადგა. ერთი სიტყვით, ჩემი და იმ ტალღის დაჯახების მომენტისთვის უნდა გეყურებინათ – მეცა, სამჯერ ამომაბზრიალა წყალში ამ ჩემი ლეიბიანად, ნაპირისკენ გამომაგდო და სულ ცხვირით მათხრევინა მთელი შავი ზღვის სანაპირო (იცინის).
– ცხოველებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს და თუ დაგიგემოვნებია გველის მწვადი ან ბაყაყის გემრიელად დაბრაწული ბარკლები?
– ცხოველები ძალიან მიყვარს. ბავშვობაში, არდადეგებზე სოფელში მივდიოდი ხოლმე დასასვენებლად. იქ ბევრი ცხენი იყო. უნაგირის გარეშე შემოვახტებოდით ბიჭები და ვჯირითობდით. არდადეგები რომ მთავრდებოდა და თბილისში ვბრუნდებოდი, ისეთ დღეში მქონდა ბარძაყები ცხენზე ამდენ ნაჯირითებს, რომ კარგა ხანს უხერხულად მიწევდა სიარული. მინდოდა თუ არა, უცხოეთში ისეთ სასტუმროებში მიწევდა გაჩერება, სულ რომ პანიკური შიში მქონოდა, მაინც შემაყვარებდნენ ქვეწარმავლებს. არ დამავიწყდება, ინდოეთში სასტუმროში დავბინავდი და დასასვენებლად საწოლზე წამოვწექი. ამ დროს გველმა არ გამოყო თავი საწოლის ქვევიდან? წამოვხტი ფეხზე, ადმინისტრატორს მივუვარდი: კაცო, მე მეგონა მარტო ვიყავი სასტუმროს ნომერში და ეს ვინ შემოგიხიზნავთ, გამოყოფს საწოლის ქვევიდან გველი თავს, გამოსრიალდება და თვალებს მიპაჭუნებს-მეთქი (იცინის). ადმინისტრატორმა ოლიმპიური სიმშვიდით ამიხსნა, რომ ის ჩემი მცველი იყო. არაფერს დამიშავებდა და არც მე უნდა დამეშავებინა მისთვის რამე. ასე ვცხოვრობდით იდილიაში მე და გველი ერთ ოთახში. რაც შეეხება გველის მწვადებს და ბაყაყის ბარკლებს, ესეც დაგემოვნებული მაქვს. სამი თვის განმავლობაში ვიმოგზაურე ანსამბლთან ერთად, გემით „შოთა რუსთაველი“. იქ გავსინჯე გველის უგემრიელესი მწვადი და ბაყაყის დაბრაწული ბარკლებიც დავაყოლე ზედ. რა ვიცი, კარგა ხანი გავიდა და ჯერ არ უწყენია და ახლა რაღა მომივა (იცინის). ერთხელ კი, სულ სამი დღით მომიწია ვიეტნამში ჩასვლა. სასტუმროში კი იმხელა ხვლიკი შემოძვრა ოთახში, ახტომა კი მოვასწარი ჰაერში, მაგრამ როდის დავხტი მიწაზე, ეს აღარ მახსოვს (იცინის). პანიკა ავწიე, ეს რა არის, კაცს ვერ დაგისვენია და გაგივლია შენს გემოზე საკუთარ ნომერში-მეთქი. გაეცინათ ვიეტნამელებს: ეს, ბატონო, ხვლიკია, აქ ბევრი მწერი იცის, ეს კიდევ დასდევს და ანადგურებს, მთავარია არ გაანერვიულო და მწერებისგან ეს დაგიცავსო. რას ვიზამდი? მასთანაც გავატარე სამი იდილიური დღე და კი დავბრუნდი ცოცხალი და უვნებელი სამშობლოში, ღმერთის წყალობით. აი, ასეთი ჰარმონიული ურთიერთობები მაქვს ცხოველებთან და ალბათ, ამიტომაც არ მწყინს „სპილოს“ რომ მეძახიან (იცინის).
– როცა გიყვარს, როგორი ხარ მაშინ, აფორიაქებული, დაბნეული თუ პირიქით მობილიზებული?
– ჩემი აზრით, სუსტი სქესის წარმომადგენლებს ჩემი უნიღბობით ვხიბლავ. თამაში არ მიყვარს მათთან. რომ ამბობენ, ჭკვიან ქალთან მეგობრობა ძნელიაო, ტყუილია. მე ასე არ ვფიქრობ. პირიქით, ჭკვიან ქალთან მეგობრობა და ურთიერთობა უფრო საინტერესოა. ისე, გამოგიტყდებით და საიდუმლოდ გეტყვით, რომ ჭკვიან და თან ლამაზ ქალთან ურთიერთობა ცოტა საშიშიც კია (იცინის). მე ყოველთვის შეყვარებული ვარ და ამ მდგომარეობაში ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო. ისე, თავმოყვარე ქალები მომწონს ძალიან და ასეთ ადამიანებს ვაფასებ. ქალთან ლიდერობაც ღირს, ეს მათ მოსწონთ.
– თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ქალის „შებმაც“ არ ყოფილა ძნელი...
– ო, ამაში ვერ დაგეთანხმებით. ქალის „შებმა“ არც ისე ადვილია. მთავარია, ამ დროს „შებმაზე“ არ იფიქრო კაცმა. იცი, ქალსა და ღვინოს შორის რა კავშირია?
– არ ვიცი. რა კავშირია?
– ორივე ვნებას იწვევს. რომ მკითხონ, ახლა ქალს აირჩევდი თუ ღვინოსო, ვუპასუხებ ქალს-მეთქი. მართალია ცხელა, მაგრამ კაცი თუ ხარ ქალისთვის სულ უნდა გცხელოდეს (იცინის).
– ამბობენ, სტიუარდესებს ძალიან უყვართ რომა და საჩუქრებითაც ანებივრებენო. ეს სიმართლეა?
– სიმართლეა. სულ ვამბობ, სულით ბოშა ვარ, ისე მიყვარს მოგზაურობა და მგზავრობა- მეთქი. არც თვითმფინავით ფრენის შიში მაქვს. ფრენა ჩემი ცხოვრების სტილია. ისე ვარ შეჩვეული თვითმფრინავის სალონს, რომ შევდივარ თავი სახლში მგონია. თან სულ ფხიზლად ვარ. სტიუარდესებს რაც შეეხება, უკვე მცნობენ, ხან რას მაჩუქებენ ხოლმე და ხან – რას. მეც ანალოგიურად. დაბადების დღეებიც გადამიხდია მათთვის ჰაერში და ვისკიც დამილევია მათ ოთახში. ისე მყავს „შებმული“ ისინი, რომ სიგარეტის მოწევაზეც კი არ მაქვს პრობლემა (იცინის).
– მართალია, თითქოს ერთ-ერთი სტიუარდესა დღეს შენი წყალობით არის ცოცხალი და საღსალამათი?
– ეს ისტორია არასდროს დამავიწყდება. მოკლედ, ავფრინდით. ვზივარ და ვფორიაქობ. თითქოს რაღაცას ველი. სტიუარდესა დაჯდა ჩემს გვერდით, ვისაუბრეთ და ჩაეძინა. ღვედი არ ჰქონდა შეკრული. უცებ, ისე შეინჯღრა თვითმფრინავი, დროულად რომ არ მემოქმედა და მას არ ჩავბღაუჭებოდი, კაცმა არ იცის, სად გადაფრინდებოდა და როგორ დაშავდებოდა. ასე რომ, ყოველდღე სანთელს უნდა მინთებდეს და ჩემზე ლოცულობდეს, ცოცხალი და ჯანმრთელი რომ დადის და ხერხემალში არ გადატყდა. არ მიყვარს ყურადღების მოდუნება, მირჩევნია ფხიზლად ვიყო და ასე ფხიზელი თვალით და სმენით დავაკვირდე მოვლენებს. კაცნი ვართ, რა იცი, რა ხდება.