ორიგინალური პარაშუტი, ქალის ფასი, „დასკოჩილი“ ვერტმფრენი, მოტყუებული მომღერალი, უპატარძლო ქორწილი, ერთდღიანი მინისტრები და მოღალატე ქმარი
ის, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მამუკა ლომაშვილს შორის, აშკარა ფიზიკური მსგავსებაა, ეს ერთი შეხედვით ჩანს. ის პაროდიის დიდოსტატიცაა და ხშირად, პრეზიდენტის ხმით ტელეფონის დახმარებით ახლობლებს და მეგობრებს აოცებს. მამუკასთვის თბილისი ერთგვარი კოლორიტული დედაქალაქია. ის ამ ქალაქში ამაყად დადის. მას უამრავი ისტორია აკავშირებს თბილისთან და თბილისელებთან. დღეს ამ ამბებს დიდი სიყვარულით და ღიმილით იხსენებს. მისთვის თბილისელობა პასუხისმგებლობაა და ამ ქალაქის პეწს, სილამაზეს, სითბოს და სიყვარულს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს. მამუკა თბილისის წესებს, ტრადიციებს და ადათებს დიდი რუდუნებით იცავს და არასდროს არღვევს.
პრეზიდენტის „საჩუქარი“
და თანამდებობა –
„დარტყმული“ მომღერალი
ხშირად ვეხუმრები ხოლმე ჩემს ახლობლებსა და მეგობრებს, ვურეკავ და პრეზიდენტის ხმით ვესაუბრები. ისინიც მიჯერებენ და ხშირად მახეშიც ებმებიან. ერთ დღეს დავურეკე ეთერ კაკულიას და ნაზი ალასანიას პრეზიდენტის ხმით და ვუთხარი, კანცელარიაში გელოდებით და იქნებ მობრძანდეთ-მეთქი. კი შეეპარათ ეჭვი – გადარეკეს-გადმორეკეს, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს. გამოიპრანჭნენ და მიადგნენ კანცელარიას. დაცვამ უთხრა: ვერ გაგიშვებთ, თქვენზე არანაირი საშვი არ არის დაშვებულიო. იქ ამბები ატეხეს, უნდა გენახათ: როგორ თუ არ ვართ დაბარებულები, თავად პრეზიდენტმა დაგვირეკა და დაგვიბარა, შენ ვისი ტიკი-ტომარა ხარ რომ არ გვიშვებო. ძალიან რომ შეიჭრნენ როლებში, მერე დავურეკე და ვუთხარი: სანამ დაგიჭერენ დატოვეთ ეგ ტერიტორია, მე ვიყავი და გაგეხუმრეთ-მეთქი. ერთხელ, მომღერალ ეთერ კაკულიას დავურეკე და პრეზიდენტის ხმით ვეუბნები: გამარჯობა, ქალბატონო ეთერ, მოგესალმებათ საქართველოს პრეზიდენტი... ვინ მაცადა სიტყვის დასრულება, დაიწყო იქიდან: ვაიმე, ბატონო მიშა, როგორ მინდა ჩაგეხუტოთ და მოგეფეროთ, არა?.. უცებ დავფიქრდი, ვერ მივხვდი რა მეპასუხა, ან ამ დროს ეს კითხვა რა შუაში იყო და გავაგრძელე საუბარი. მოკლედ, იმ პერიოდში გოკა გაბაშვილი გახლდათ კულტურის მინისტრი და დავიწყე: ქალბატონო ეთერ, გადავწყვიტე, გოკა გაბაშვილი მოვხსნა და თქვენ დაგაყენოთ კულტურის მინისტრად და რას იტყვით-მეთქი. პასუხი არ გაინტერესებთ? აი, მაგაზე, დიდი ხანია უნდა გეფიქრათ და ჩემი კანდიდატურა წამოგეყენებინათ მინისტრის თანამდებობაზე, ძლივს არ მოხვედით აზრზეო. ვიფიქრე, აი, ახლა რაღა ვუთხრა-მეთქი და გამახსენდა ეთერ კაკულიას მარადიული და პასუხგაუცემელი კითხვა, რომელზეც სულ უნდა გაიგოს პასუხი და ვერავისგან მოისმინა. უცებ ვეკითხები თავისივე ხმით: იცით რა მაინტერესებს? რომ მოვკვდებით რა გვეშველება-მეთქი. დაიბნა, სიჩუმე ჩამოვარდა და უცებ მეკითხება: ვა, რომელი ხარო. ისევ თავისივე ხმით ვუპასუხე: როგორ თუ ვინ ვარ, ეთერი ვარ კაკულია-მეთქი. გაოცდა და უცებ იკითხა: გადავირიე ქალი, დავფიქრდი და ვერ მივხვდი, შენ თუ ეთერ კაკულია ხარ, აბა მე ვინ ვარო?!
შარვალ-კოსტიუმიანი პატარძალი და გაოგნებული მექორწილეები
ჩემი მეგობარია ჩელე ანუ იგივე დათო გელაძე. ერთ დღესაც, მირეკავს, ქორწილში მივდივარ და უნდა გამომყვეო. ავუხსენი, საქმეები მაქვს, ვერაფრით მოვახერხებ-მეთქი. არ მაინტერესებს, თუ მეგობარი ხარ, უარი არ მითხრა და წამომყევი აუცილებლადო. როგორც იქნა, დამითანხმა. ჩავიცვი, დავიხურე და წავყევი ქორწილში. მივედით ბიჭის ოჯახში და იქიდან ჯვრისწერაზე უნდა წავსულიყავით, შემდეგ კი გაიმართებოდა ქორწილის სუფრა. არავის არ ვიცნობდი და ცოტა უხერხულად კი ვგრძნობდი თავს, მაგრამ უკან ხომ ვერ გამოვბრუნდებოდი. მანქანაში ვიჯექი და თან ტელეფონით ვაგვარებდი ჩემს საქმეებს. უცებ, იქვე გაჩერდა მანქანა, გვერდით დაუდგა ნეფე-პატარძლის მანქანაც. გადმოვედი, ვიფიქრე ტელეფონზე დავრეკავ და ჩემს საქმეს მოვაგვარებ-მეთქი. სანამ მე ვლაქლაქებდი და ჩემს სტიქიაში ვიყავი, გადმოუყვანიათ მანქანიდან პატარძალი და იმ მანქანაში ჩაუსვამთ, სადაც მე ვიჯექი. მოვრჩი საუბარს, მივადექი მანქანას, გამოვაღე კარი და ჩემს ადგილას პატარძალი დამხვდა გამოჭიმული. ვიკითხე, მე სად უნდა დავჯდე-მეთქი. ხელით მანიშნეს, აი, იმ მანქანაშიო და აღმოჩნდა, რომ პატარძლის ადგილას მე უნდა დავმჯდარიყავი სიძისა და მეჯვარეების გვერდით, გაფუშფუშებულ მანქანაში. ჩავჯექი, თან მეცინება. მოკლედ, პიპინ-პიპინით მივადექით იმ ადგილს, სადაც სუფრა იყო გაშლილი და ხალხი მექორწილეებს ელოდებოდა. გაჩერდა მანქანა, შემოგვეხვია ხალხი, დასცხეს მუსიკოსებმა დამფი-დუმფი, ხალხი ტაშს უკრავს და ელოდებიან, როდის გადმოგოგმანდება პატარძალი და გაშლის ხელებს. გადავიდა სიძე, გადავიდნენ მეჯვარეები, მე მაგრად ვზივარ. სად გადავიდე, არ იტყვიან ეს შარვალ-კოსტიუმიანი, შავ-შავი პატარძალი საიდან მოიყვანეთო?! არ ჩერდება მუსიკა, არ ჩერდება ტაში და ჰგონიათ, პატარძალი იპრანჭება და ამიტომ არ გადადის მანქანიდან. ბოლოს ვიფიქრე, სანამ ესენი „გორკას“ დაიძახებენ, რამე უნდა მოვიფიქრო-მეთქი. ჩამოვწიე ფანჯარა, გადმოვყავი თავი და დავიყვირე: უპატარძლო ქორწილია თუ რაშია საქმე? სანამ ძალა უხმარიათ, ფატა მაინც მომიტანეთ, დავიხურო და ისე გადმოვიდე, უფატო პატარძალი ვის გაუგია-მეთქი. უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. გონზე ვერ მოვიდნენ, რა ხდებოდა და... რომ გააანალიზეს სიტუაცია, იქ უნდა გენახათ, სიცილი. ვიღას ახსოვდა პატარძალი და სიძე, ყველა ჩემსკენ გამორბოდა.
„ნიფხავი-პარაშუტი“ და „დასკოჩილი“ ვერტმფრენი
ერთხელ, კონცერტი უნდა გამართულიყო ზემო აფხაზეთში. თბილისიდან მომღერლები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მივდიოდით პატარა „კუკუშკა“ თვითმფრინავით. კოპიტნარში შევიკრიბეთ. გავიხედეთ, ერთი მომღერალი გვაკლია. თურმე, ფრენის ეშინია ამ ქალბატონს და არ გადმოდის მანქანიდან. დამიძახა, მკითხა: საშიში ხომ არ არის ამ „დასკოჩილი“ თვითმფრინავით ფრენა, არ მინდა, ჯერ იმქვეყნად წასვლა და მიშველე რამეო. ვიფიქრე, ახლა ამას თუ არ ჩავუტარე ტრენინგი და რამე არ მოვატყუე, აქედან ფეხის დამძვრელი არ არის-მეთქი და ვუთხარი: ნუ გეშინიათ, აგერ მაქვს პარაშუტი, გაიკეთეთ და უფრო უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს-მეთქი. მოვიხსენი ჩემი ზურგჩანთა და მივეცი. დამლოცა, მოიგდო ზურგზე ჩემი ჩანთა და ავიდა თვითმფრინავში. გავფრინდით. ჩავატარეთ კონცერტი და უკან რომ ვბრუნდებოდით, იმ ქალბატონმა ისევ მომთხოვა ჩემი პარაშუტ-„რუკზაკი“. ავდექი და პირდაპირ ვაჯახე: რამე პრობლემა რომ ყოფილიყო ჰაერში, პარაშუტით გადმოხტებოდით-მეთქი? დაფიქრდა და მიპასუხა, მაგაზე არ მიფიქრია, ალბათ, ვერა, მაგრამ იქნებ, ახლა მაინც მასწავლო, ამის მოხმარება. რომ დამჭირდეს, გახსნა მაინც ხომ უნდა ვიცოდე. თუ რამე პრობლემა შეიქმნა ფრენისას, სხვა რა გზა მექნება, სიცოცხლე ისე მიყვარს, გადმოვხტები. აბა, ერთი მაჩვენე, როგორ იხსნებაო. ვუთხარი: როგორ იხსნება და, აგერ „ზმეიკას“ ხომ ხედავთ, მოკიდეთ ხელი და პირდაპირ გადახსენით-მეთქი. გაუკვირდა, სულ ეგ არისო?! გამომართვა, გადახსნა ელვა და ელოდება, რაღაც ამოვარდება და გაიშლება. გავიდა წამი, არაფერი. გავიდა ორი წამი, არაფერი. იფიქრა, ჩავიხედავ შიგნით, რა ხდება, ხომ არ გაფუჭდაო და იქ რომ ჩემი საცვლების მეტი ვერაფერი აღმოაჩინა, უნდა გენახათ მისი განრისხება. მეცა: ეს რა არის ბიჭო, რამე რომ დამემართოს ჰაერში და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, ეს შენი ნიფხვები გადამარჩენსო. იყვირა, იყვირა და ბოლოს მიხვდა, იქ ვერ დარჩებოდა. ავიდა ვერტმფრენში, დაჯდა და სანამ თბილისის მიწაზე არ დადგა ფეხი, თავი არ აუწევია მაღლა.
ქალის ფასი და ფასდაკლებული მომსახურება
ერთხელ, მე, მზია კვირიკაშვილი და ლევან შენგელია მანქანით მივდიოდით. საუბარს შევყევით და მზიამ მოაყოლა: არა რა, ქალმა თავის ფასი უნდა იცოდესო. უცებ გამახსენდა ცირკის ტერიტორია და იქ მდგომი ქალები. მოვუტრიალდი და ვუთხარი: მზია, შენ შემოგევლე, როგორ არ იციან ქალებმა თავისი ფასი. ამას ახლავე დაგიმტკიცებ-მეთქი. მოვაბრუნე მანქანა და მივადექი ცირკს. ვიღაც ქალი დგას გადაპრანჭული. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და ვეკითხები, რა არის თქვენი ფასი-მეთქი. მიპასუხა, ოცდახუთი ლარიო. გავშალე ხელები, რა ოცდახუთი ლარი, აგერ ის ქალი, მანქანაში რომ ზის თხუთმეტ ლარად არის წამოსული-მეთქი და მზიასკენ გავიშვირე ხელი. უცებ დაფიქრდა, მოწყდა ადგილს და მივარდა მზიას: შე ასეთო და ისეთო, როგორ დააგდე ფასიო. მზია კვდება სიცილით. ბოლოს, დაფიქრდა ის ქალი და მითხრა: კარგი, თხუთმეტ ლარზე თანახმა ვარ, მაგრამ იმ ოცდახუთ ლარში, გენაცვალე, ბინაც შედიოდა „პლეხანოვზე“ და პრეზერვატივიც, თან დღეს სვეტიცხოვლობაა და ფასს დაგიკლებთო. ჩაჯდომა რომ დააპირა მანქანაში, ვეცი: რას აკეთებთ ქალბატონო, კი მაგრამ თუ ბინაც და დამცავიც მაგ ფასში შედის, თქვენი ფასი რაღაა, ეგ გამაგებინეთ-მეთქი. ახლა მზიას ვეცი: გადმობრძანდით ქალბატონო, დღეს სვეტიცხოვლობა ყოფილა და ამ წმიდა დღეს თავს ვერ შევირცხვენ, თქვენც აქ დაგტოვებთ-მეთქი. გადაირია მზია: შენ რა როლებში შეიჭერი, მართლა მეცირკე-აკრობატი ხომ არ გგონივარ, მიმიყვანე მშვიდობით სახლში, აღარ მაინტერესებს ჩემი ფასიო.
მოღალატე ქმარი და დაღლილი ცოლი
ტაქსის მძღოლს ხელი დაუქნია მგზავრმა. გვიანი იყო. მართალია, ერთი მგზავრი უკვე ეჯდა მანქანაში, მაგრამ იფიქრა, ფულს გავაკეთებო და იმასაც გაუჩერა. ჩაჯდა უკან კაცი და დაიწყო: საყვარელთან ვიყავი და ისეთი დაღლილი ვარ, ისეთი დაღლილი, ფეხზე ვეღარ ვდგავარ. სახლში რომ მივალ, ჩუმად უნდა დავწვე, ცოლი ვერაფერს მიხვდეს. ერთხელაც ასე მოვიქეცი, რომ დავწექი და ცოლი გადაბრუნდა, მომეშვა გულზეო. უცებ, წინ მჯდომი მგზავრი ცოტა ნასვამი აღმოჩნდა, მიუბრუნდა და უთხრა: მერე, რა იცი მეგობარო, რომ შენი ცოლი შენზე დაღლილი არ იყოო. იქ ამბავი ატყდა, დედა შვილს არ აიყვანდა.