კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30(500)



– ჟუჟუნა, გენა, პატივცემული ედუარდი თავის ოთახში მიაცილე და საწოლი უჩვენე, თან, მეზობლებიც გააცანი. შემდეგ კი დაბრუნდი, შენთან საქმე მაქვს.

ჟუჟუნა ბადრაგივით ამოუდგა გვერდით ჯაბას და უფანჯრო, სპეციალური ვიწრო დერეფნით „ბუინების” ბლოკში წაიყვანა, სადაც ფსიქიკური აშლილობის უკიდურესი ფორმით დაავადებული ავადმყოფები იმყოფებოდნენ. ისინი საიმედოდ ჰყავდათ გამოკეტილი, ოღონდ, ციხისგან განსხვავებით, „ბუინების” ბლოკში ზედამხედველის ფუნქციებს სანიტრები ასრულებდნენ და სანიტრებივე ითავსებდნენ როგორც ბადრაგის, ასევე, ყარაულის თანამდებობასაც. ციხის უნიფორმიანებისგან განსხვავებით, ფსიქიატრიული კლინიკის უნიფორმიანები თეთრ ხალათებში იყვნენ გამოწყობილი და საგიჟეთის ბინადართა აბსოლუტურ უმრავლესობას მათ დანახვაზე ძარღვებში სისხლი ეყინებოდა.

– ხარიტონ, გააღე, მე ვარ! – დაუძახა ჟუჟუნამ „ბუინების” ბლოკის ყარაულს, რომელსაც უზარმაზარი ფოლადის კარი შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი.

მძიმე კარი ჭრიალით გაიღო და ზღურბლზე ორმოცდაათიოდე წლის დაბალი, თავმოტვლეპილი, ღიპიანი და მოკლეხელება ხარიტონი გამოჩნდა, რომელიც ადრე ავტოინსპექტორად მუშაობდა და, იმის გამო, რომ უმარტივესი ატესტაცია ვერ გაიარა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. თანაც, ვერც თავის ღიპს მოუხერხა ვერაფერი, ახალი შინაგანაწესის თანახმად კი, ორგანოებში ღიპიან ხალხს აღარ სწყალობდნენ და ასე დარჩა „ზაბარტომ” ყოფილი ავტოინსპექტორი, რომელსაც ახლა ყოველ მესამე დღეს ოცდაოთხსაათიანი მორიგეობა უწევდა ფსიქიატრიულ კლინიკაში და ასორმოცდაათლარიან ჯამაგირს უხდიდნენ. არადა, ას ორმოცდაათ მანეთს და, ზოგჯერ ორჯერ და სამჯერ მეტსაც, ხარიტონი „გაიშნიკობისას” ერთ მორიგეობაზე შოულობდა, „დასწყევლოს ღმერთმა ეს ოხრები! – ჩაიბურდღუნებდა ხოლმე მორიგეობისგან მოქანცული და მუშტს ბრაზიანად შემართავდა – ახლა დენიც ბევრია, გაზიც და პროდუქტიც, მაგრამ მე შუქიც გამორთული მაქვს, გაზიც გადაჭრილი და გახრიკინებული მაკარონის ჭამით კუჭი მტკივა. ადრე კი არაფერი იყო, მაგრამ, კარგსაც ვჭამდი და ვსვამდი, შუქიც მქონდა და თბილადაც ვიყავი”. ხარიტონი ახალ ხელისუფლებას ლანძღავდა, ძველ წესრიგს, უფრო სწორად კი – უწესრიგობას მისტიროდა და გულის სიღრმეში სწამდა, რომ ძველი დრო დაბრუნდებოდა, კვლავ „გაიში” იმუშავებდა და ისევე მსუყედ იცხოვრებდა, როგორც უწინ.

– ეს ჯეელი ვინაა? – ჰკითხა ხარიტონმა ჟუჟუნას და ჯაბა შეათვალიერა.

– ედუარდ შევარდნაძე, – გულგრილად მიუგო ხარიტონს ქალმა და ჯაბას ხელით ანიშნა, წინ წადიო. ჯაბამ კი ალმაცერად შეხედა ღიპიან ყარაულს და ყველასთვის ძალიან ნაცნობი ინტონაციით უთხრა:

– რას კადრულობ, თუ იცი! ვინაა ჯეელი! ჯეელი კი არა, ედუარდი ვარ მე და, ისე მომმართე, როგორც ჩემი ასაკისა და რანგის კაცს შეეფერება!

ჯაბა ედუარდის ნაბიჯებით შევიდა ბლოკში, ჟუჟუნა კი გვერდით გაჰყვა. ხარიტონმა მხოლოდ თვალი გააყოლა მათ, მძიმე კარი ჭრიალით დაკეტა და ჩაიბურტყუნა:

– ედუარდიღა გვაკლდა! სხვები ხომ ბლომად არიან და ახლა ესეც მიემატა!

ხარიტონმა ხელი ჩაიქნია, უზურგო სკამზე დაჯდა, ბეჭებით კედელს მიეყრდნო და მრავალფურცლიანი გაზეთის კითხვა განაგრძო, რომელშიც ერთ-ერთი ტელესერიალის შინაარსს წინასწარ ბეჭდავდნენ.

ჟუჟუნამ ჯაბა პალატა „ლუქსში“ შეიყვანა და, როგორც მას პროფესორმა დაავალა, საწოლიც უჩვენა და თანაპალატელებსაც წარუდგინა. შემდეგ უკან გამობრუნდა, კლინიკის დირექტორს ეახლა და მოახსენა:

– ავადმყოფი დავაბინავე, რაჟდენ რაჟდენოვიჩ, კიდევ რამეს ხომ არ დამავალებთ?

ახალგაზრდა პროფესორმა საჯდომის ქვეშ ამოდებული ტყავის ბალიში გაისწორა, უზარმაზარ მაგიდაზე ხელები დააწყო და ჟუჟუნას უთხრა:

– ჟუჟუ, გენა, ეს საცოდავი ბიჭი ჩემი შორეული ნათესავია და, რადაც არ უნდა დამიჯდეს, აუცილებლად უნდა განვკურნო. ციხემ და ნარკოტიკებმა ასეთ დღეში ჩააგდო და შენთან ერთი თხოვნა მაქვს: იმ საწყალს რომ „პერედაჩებს” მოუტანენ მანამდე არ მისცე, სანამ მე არ მანახვებ. თორემ, შეიძლება მისმა ძმაბიჭებმა ნარკოტიკები ჩუმად შემოუგზავნონ და მაშინ მის მკურნალობას რა აზრი აქვს. შევთანხმდით?

– შევთანხმდით, რაჟდენ რაჟდენოვიჩ, წავალ და ხარიტონას გავაფრთხილებ, რომ ავადმყოფ ონიანს უჩემოდ „პერედაჩები” არ მისცენ.

– ჰო, წადი, მაგრამ ყველას ნუ გააგებინებ. ხარიტონს კი უთხარი, რომ პაციენტებს ნუ აღიზიანებს და ნუ დასცინის. სამი დღის წინ თურმე ავადმყოფები დერეფანში აცურავა და ჩაყვინთვას აძალებდა. ჩემგან გადაეცი, რომ, თუ ასეთი რამ განმეორდა, სამსახურიდან დავითხოვ.

ჟუჟუნა ბრძანების შესასრულებლად წავიდა. ახალგაზრდა პროფესორი კი სავარძლიდან ჩამოძვრა და ხელმარცხნივ მდგარი სეიფი გამოაღო, იქიდან კი პლასტმასის მრგვალი, თეთრი ფერის კოლოფი გამოიღო, ჯიბეში ჩაიდო და თქვა:

„აი, თქვენი წამალი, ბატონო ედუარდ, აქვეა „ბეემვე”, ოკეანე მწვანე პალმებით და ამ ყველაფერზე დამატებული შორენა...

ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატა „ლუქსი“ სხვა პალატებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ექვსადგილიანი იყო, შედარებით ნორმალური საწოლები იდგა და თითოეულ მათგანზე პატარა კომოდი იყო მიდგმული. გარდა ამისა, „ლუქსს“ ყოველდღიურად დამლაგებელიც ალაგებდა და, მის მობინადრეებს არ, სხვების მსგავსად უწევდად კვირაობით სიბინძურეში ყოფნა. „ლუქსში“ ტუალეტიც იყო და შხაპიც, სადაც კვირაში ერთხელ, სულ რაღაც ორი საათით, ცხელი წყალიც კი მოდიოდა.

ჟუჟუნამ ჯაბა ლუქსში რომ მიიყვანა, პალატის მობინადრეები სადილობდნენ – თითოეული მათგანი საკუთარ საწოლზე იყო ჩამომჯდარი და მადიანად ილუკმებოდა. ახალმოსულები რომ დაინახეს, ჭამა შეწყვიტეს და მათ მიაჩერდნენ.

– აქეთ მომხედეთ! – დაუძახა ჟუჟუნამ ავადმყოფებს და დოინჯშემოყრილმა თვალები დაუკვესა, – ეს თქვენი ახალი მეზობელია, ჯაბა ჰქვია და არ იჩხუბოთ!

თავისი სახელის გაგონებაზე ჯაბა ჟუჟუნას მიუბრუნდა და გაოცებული სახით შეუსწორა:

– ქალბატონო ჟუჟუნა, ჯაბა კი არა ედუარდი, დაგავიწყდათ ჩემი სახელი?

– ჰო, ედუარდი, ედუარდი, – გაიმეორა ჟუჟუნამ და ისევ დანარჩენებს მიმართა: – ბატონი ედუარდი „აკოშკასთან” დაწვება, არ ეჩხუბოთ და ამხანაგურად იყავით. ჭამეთ და ერთმანეთი გაიცანით.

ჟუჟუნა წავიდა. ჯაბა თავის საწოლზე ჩამოჯდა, რომელიც ფანჯარასთან იდგა და თანაპალატელების მალულ თვალიერებას შეუდგა.

პალატა „ლუქსში“ მდგარი საწოლები ორ რიგად იყო განაწილებული: სამი საწოლი აღმოსავლეთ კედელზე იყო მიდგმული, სამიც – დასავლეთის კედელზე, შუაში კი გაცრეცილი, ვიწრო და გრძელი ხალიჩა ეფინა. ჯაბას საწოლი აღმოსავლეთის კედლის მარცხენა კუთხეში იდგა, გისოსებიანი ფანჯრის ქვევით, რომელსაც, ჟუჟუნა „აკოშკას” უწოდებდა. ჯაბას გვერდით, შუა საწოლზე, სამოციოდე წლის მაღალი, გამხდარი მამაკაცი იწვა, მარჯვენა კუთხეში კი – იმავე ასაკის დიდთავა, მხარბეჭიანი და ცხვირმონგრეული კაცი, რომელსაც ეტყობოდა, რომ ადრე ან მოჭიდავე იყო, ან მოკრივე. „უფრო, მოჭიდავეა“ – გაიფიქრა ჯაბამ.

დასავლეთის კედლის მარჯვენა კუთხეში, ანუ ჯაბას მოპირდაპირე საწოლზე, საშუალო სიმაღლის, სამოცდაათ წელს მიტანებული, გამხდარი, წვერიანი მამაკაცი იწვა, რომელსაც გრძელი თმა რეზინით ჰქონდა შეკრული და ხშირ, გრძელ წვერებზე ხშირად ისვამდა ხელებს. წვერიანის გვერდით, შუა საწოლზე, წითურსახიანი, ორმოცდაათიოდე წლის სათვალიანი მამაკაცი იწვა, ხოლო მისგან ხელმარცხნივ – ოცდათხუტმეტიოდე წლის თავგადაპარსული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცოცხალ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და იღიმებოდა.

ჯაბას ხუთივე მეზობელმა თითქმის ერთდროულად დაასრულა ჭამა და ყველანი ახალმოსულს მიაჩერდნენ. ჯაბამ მათ მზერა მოავლო, შემდეგ საწოლიდან წამოდგა და დინჯად, შევარდნაძისეულ სტილში, ხმამაღლა თქვა:

– „პრიატნოგო აპეტიტა“! ღმერთმა შეგარგოთ, მეგობრებო! გავიცნოთ ერთმანეთი: მე ედუარდი მქვია, იმედია, მცნობთ და გვარის დასახელება საჭირო არაა.

ჯაბას პირველი თმაგადაპარსული ახალგაზრდა მიუახლოვდა, ხელი გაუწოდა და გაეცნო:

– ჟურნალისტი დიტო სულაბერიძე.

– ედუარდ შევარდნაძე, – დინჯად თქვა ჯაბამ და შევარდნაძისეული იუმორით დაამატა: – პრესა დემოკრატიის სარკეა და ხშირად უნდა ჩაიხედო, რომ საკუთარი თავი დაინახო. თუმცა, ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ და, თუ ასე გააგრძელებთ, გაზეთებს დავხურავ.

– თქვენ, ალბათ, ყვითელ პრესას გულისხმობთ, ბატონო ედუარდ, სადაც, მართლაც რომ ბევრ სისულელეს ჩმახავენ თქვენზე. მე კი, პოლიტიკაზე ვწერ და მხოლოდ ფაქტებს ვემყარები. მართალი გითხრათ, ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობა მართლაც დასახურია, – მხარი აუბა სულაბერიძემ შევარდნაძეს.

– ვიხუმრე, ჩემო დიტო, ვიხუმრე, – გაიცინა ჯაბამ და ჟურნალისტს მხარზე მოუთათუნა ხელი, დემოკრატიაა – დემოკრატია და, ვისაც რა უნდა, ის უნდა წეროს. წერონ და იკითხონ. მთავარია, ბუნტი არ იყოს, ბუნტი! წესრიგი უნდა იყოს ქვეყანაში, წესრიგი!

– მართალს ბრძანებთ, ბატონო ედუარდ, – ლაპარაკში მხარბეჭიანი, ცხვირმოგრეხილი კაცი ჩაერთო, რომელმაც ჟურნალისტი სულაბერიძე მხარის გაკვრით გვერდზე გაწია და ჯაბას ხელი გაუწოდა:

– მილიციის პოლკოვნიკი ჯემალ ჯიოშვილი!

– რას მკრავ მხარს, რას მკრავ, თავი შენ მილიციაში ხომ არ გგონია და ძველ დროში! – შეუტია მილიციის პოლკოვნიკს ჟურნალისტმა სულაბერიძემ, რომელმაც ჯიოშვილის საქციელის გამო თავი უკიდურესად შეურაცხყოფილად იგრძნო.

– ძველი დრო იყოს, ან მილიციაში ვიყოთ, მე შენ გიჩვენებდი სეირს! – შეუღრინა ჯიოშვილმა დიტო სულაბერიძეს და უზარმაზარი მუშტი მოუღერა.

– ვერაფერსაც ვერ მიზამდი! – კაკანებდა ჟურნალისტი.

– ვერ გიზამდი კი არა, – თვალები აენთო პოლკოვნიკს – ცალი ფეხით რომ დაგკიდებდი „კრუჩოკზე”, ვეღარც პასტა-ფურცელი გიშველიდა და ვეღარც შენი ტილიანი კოლეგები!

– ტილიანი შენ ხარ, შე ჯალათო! შენ არ იყავი კომუნისტების დროს რომ ხალხს ტყუილუბრალოდ სცემდი და ქალებსა და ბავშვებსაც არ ინდობდი?! შენ არ იყავი, ეროვნული მოძრაობის წევრებს რომ დევნიდი? ცუდსა კაცსა ცუდი საქმე, არასოდეს არ შერჩება, – ჩაილაპარაკა დიტომ, – ვისაც შენ ადრე სცემდი, ახლა ყველანი მთავრობაში არიან და იმიტომ ხარ შენ აქ. გამოგამწყვდიეს გალიაში?!

– შენ ხომ, რას ამბობ, სოჩაში ისვენებ! – ნიშნის მოგებით უთხრა დიტოს ჯიოშვილმა, – შენ ვინ და რისთვის გამოგამწყვდია აქ?

– მე... მე... – ენა დაება სულაბერიძეს, – მე აქ ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე ვიმყოფები და სულ მალე გამიშვებენ.

– ჰა, ჰა, ჰა! – გადაიხარხარა პოლკოვნიკმა, – გაგიშვებენ, როგორ არა! ხუთ წუთში ჟუჟუნა შემოვა და „სვაბოდაზე” გაგიყვანს.

– დიახაც, გამიყვანს, – იხტიბარი არ გაიტეხა სულაბერიძემ, – დასრულდება ექსპერტიზა და გამიშვებენ!

– ექსპერტიზა, დიდი-დიდი, სამი თვე გაგრძელდეს, შენ კი აქ უკვე ერთი წელია, ყურყუტებ და, რატომღაც, არ გიშვებენ. გაგიშვებენ არა, კომში! – პოლკოვნიკმა დიტოს სამი თითის კომბინაცია უჩვენა: – არ გაგიშვებენ.

– გამიშვებენ!

– არ გაგიშვებენ!

– გამიშვებენ!

– არ გაგიშვებენ!

– გამიშვებენ! გამიშვებენ! დადგება 30 თებერვალი და გამიშვებენ, – არ დაუთმო მილიციის პოლკოვნიკს სულაბერიძემ.

ოცდაათი თებერვლის ხსენებაზე ჯიოშვილს სახე გაუბრწყინდა და თქვა:

– ოცდაათ თებერვალს ყველას გაგვიშვებენ, – შემდეგ კოპები შეკრა და გაიმეორა: – შენ კი მაინც არ გაგიშვებენ!

– გამიშვებენ!

– არ გაგიშვებენ!

– გამიშვებენ!

– არ გაგიშვებენ!

„ლუქსის“ მობინადრეები ისევ წაეკიდნენ ერთმანეთს და, მათ დავაში რომ ჯაბა არ ჩარეულიყო, შეიძლება, ხელითაც კი შეხებოდნენ ერთმანეთს.

– დამშვიდდით მეგობრებო, დამშვიდდით! – შევარდნაძის ხმით თქვა ჯაბამ, – ქართველები ურთიერთქიშპობამ დაღუპა და დააქცია და ჩვენც ნუ გავიმეორებთ ძველ შეცდომებს.

– ბატონი ედუარდი მართალია, – თქვა სულაბერიძემ, ჯიოშვილს გაუღიმა, ხელი გაუწოდა და უთხრა:

– აი, ჩემი ხელი, მეგობარო. მოდი, შევრიგდეთ და აღარ ვიჩხუბოთ!

მილიციის პოლკოვნიკი კოპებშეკრული უყურებდა სულაბერიძეს და ყოყმანობდა. ფიქრობდა, ჩამოერთმია თუ არა ხელი. რადგან ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებულ ანტიპათიას გრძნობდა, გამონაკლისი არც დიტო სულაბერიძე იყო და სწორედ ამის გამო მოსდიოდა ხოლმე მასთან ხშირი კამათი. რომ არა ჟუჟუნას მიმართ შიში, ჯიოშვილი კარგა მაგრად დაზელდა თავხედ ჟურნალისტს. მაგრამ, როგორც კი ასეთ რამეს დააპირებდა ხოლმე, თვალწინ მუდამ ვიწროშუბლა ჟუჟუნა წარმოუდგებოდა და დიტოს ცემისგან თავს იკავებდა. ამჯერადაც ასე დაემართა: ჯერ ჟუჟუნასადმი შიშმა დაახევინა უკან, თანაც, „ბატონ ედუარდს“ ვერ გაუტეხა ხათრი და საძულველ ჟურნალისტს ხელი გაუწოდა:

– აი, ჩემი ხელი, შევრიგდეთ!

– ყოჩაღ, მეგობრებო, ყოჩაღ! – ტაში დაუკრა ჯაბამ, – თქვენ საკუთარ თავზე მაღლა დადგომა მოახერხეთ და საზოგადოებრივი ინტერესები წინ დააყენეთ. ვაშა თქვენ!

ჯიოშვილი მონუსხული უსმენდა ჯაბას, სულაბერიძემ კი ამ მომენტით ისარგებლა, წითურსახიანი მამაკაცი ჯაბასთან მიიყვანა და წარუდგინა:

– მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი პანტელეიმონ ჯაში.

– ედუარდი. ძალიან სასიამოვნოა – ხელი ჩამოართვა ჯაბამ მედიცინის დოქტორს.

– პროფესორი ჯაში, პანტელეიმონ ევგრაფიჩი. შინაურებისთვის კი, უბრალოდ – პანტე.

– თუ არ გეწყინებათ, მეც პანტეს დაგიძახებთ, – უთხრა ჯაბამ მედიცინის დოქტორს.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ედუარდ ამბროსოვიჩ, – გაუხარდა ჯაშს.

ჯაბამ აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და „ლუქსის“ მობინადრეებმაც იგივე გაიმეორეს, შემდეგ ხმას დაუწია და, ისე, რომ ყველას გაეგო, ჩურჩულით თქვა:

– რუსულ ტერმინებს მოვერიდოთ, მეგობრებო! „ედუარდ ამბოსოვიჩის“ ძახილი საჭირო არაა და, შეგიძლიათ, მხოლოდ „ბატონი ედუარდი“ დამიძახოთ!

– „ბატონი პრეზიდენტი“ რომ დაგიძახოთ, შეიძლება? – ჰკითხა ჯაბას დიტო სულაბერიძემ.

ჯაბამ ჟურნალისტს გაუღიმა, თითი დაუქნია და უთხრა:

– რა ხართ ეს ჟურნალისტები, რა ხართ! საინტრიგო რომ არ მონახოთ, არ შეგიძლიათ. დამიძახეთ ბატონო, დამიძახეთ. თუ ეგრე გულით გინდათ, ბატონი პრეზიდენტი დამიძახეთ.

დიტო სულაბერიძეს სახე გაუბრწყინდა, მარჯვენა ხელი გაიშვირა და ჯაბას „ლუქსის“ მორიგი მობინადრე წარუდგინა:

– ბატონო პრეზიდენტო! გაიცანით, ეს ბატონი გედეონ ჯაყელია, თადარიგის გენერალი. პატივსაცემი და დამსახურებული ადამიანი. ნამდვილი ქართველი რაინდი, ჭეშმარიტი გმირი და სამშობლოს პატრიოტი!

გედეონ ჯაყელი მხრებში გაიმართა, ჯაბას მხედრული სალამი მისცა, შემდეგ გამოწვდილ ხელს ხელი ჩამოართვა და ყოჩაღად უთხრა:

– გენერალ-ლეიტენანტი გედეონ სპირიდონის ძე ჯაყელი!

– ძალიან სასიამოვნოა. ედუარდი! – თქვა ჯაბამ და გენერალ ჯაყელს მაგრად ჩამოართვა ხელი.

ჯაბას რომ გაეცნო, ჯაყელი სულაბერიძეს მიუბრუნდა და უთხრა:

– დაიმახსოვრეთ, ყმაწვილო, რომ ჭეშმარიტი გენერლები არასდროს გადიან თადარიგში და მე დღესაც მწყობრში ვარ!

– მაპატიეთ, გენერალო! – მოუბოდიშა დიტომ ჯაყელს.

– მიპატიებია, – თქვა გენერალმა, ჯაბას მიუბრუნდა: – მზად ვარ, გემსახუროთ, ბატონო პრეზიდენტო, და მთავარსარდალო! გადამწყვეტი ბრძოლები იწყება და სრული მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ!

– ვივატ, გენერალო! გამოვაცხადებთ, აუცილებლად გამოვაცხადებთ სრულ მობილიზაციას. ვერაგ მტერს დავამარცხებთ და საქართველოს ისტორიულ საზღვრებს აღვადგენთ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე! – თქვა ჯაბამ და გენერალ ჯაყელს მხედრული სალამი მისცა.

პალატა ლუქსში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და მისი მობინადრეები გაისუსნენ, როცა ჯაბასკენ წვერებიანი, თმაშეკრული მამაკაცი გაემართა. იგი ახალი მეზობლისგან ნახევარ ნაბიჯში შეჩერდა და, ჯერ ჯვარი გამოსახა, ბოლოს კი უთხრა:

– არა მოგეახლოს, შვილო ჩემო შენ სატანა და გყვარებოდეს უფალი!

ჯაბა მუხლებზე დაეცა, თმაშეკრულს ხელზე ეამბორა და უთხრა:

– უფალი შეეწიოს სრულიად საქართველოს და ჩვენ.

ჯაბა ფეხზე წამოდგა, სულაბერიძემ კი მას მორიდებით გააცნო თმაშეკრული:

– ეს მეუფე გაბრიელია, ჩვენი სულიერი მოძღვარი და მამა, – შემდეგ მამა გაბრიელს მიუბრუნდა:

– დაგვლოცე, მამაო!

– დალოცვილი იყავით, შვილო ჩემო! – დალოცა მეუფემ პალატა „ლუქსის“ მობინადრეები, ოთახს ოთხივე მხრით ჯვარი გადასახა და თავის კუთხეში დაბრუნდა სალოცავად.

გაცნობის პროცედურა რომ დასრულდა, კუთხეში მლოცველ მამა გაბრიელის გარდა, ყველა თავ-თავის საწოლზე წამოწვა, მათ შორის – ჯაბაც, რომელიც დასაწყისით კმაყოფილი იყო და გონებაში გრძელვადიან გეგმებს აწყობდა, თუ როგორ გაეტარებინა დრო, რომ სამი თვე რაც შეიძლება სწრაფად გასულიყო და საგიჟეთში არ მოეწყინა.

„რა საცოდავები არიან ეს გიჟები – ფიქრობდა ჯაბა – ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი არ ჯობია?! მართალია, რომ ამბობენ, სიგიჟე არ იკურნებაო და ამათ რა მოარჩენს! იმ საცოდავებს, ალბათ, „ვეჩნი კოიკა” აქვთ აქ და სახლებში ვინ გაუშვებს. თუმცა, იმედი კი აქვთ, სახლებში წავალთ თებერვალშიო. მოიცა, მოიცა რა თქვა იმ გიჟმა ჟურნალისტმა – 30 თებერვალს წავალთ სახლშიო, ის შეშლილი პოლკოვნიკიც რომ დაეთანხმა?! რის ოცდაათი თებერვალი. თებერვალი ხომ ოცდაცხრითაა და ისიც ოთხ წელიწადში ერთხელ! 30 თებერვალი რა შუაშია? ეს ხომ არარეალური დღეა, რომელიც არასოდეს დადგება, ამ საწყლებს კი იმედი აქვთ, რომ 30 თებერვალს სახლებში გაუშვებენ. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რა საშინელებაა! ეს სიგიჟეა! ღმერთო, ჩქარა გაიყვანე სამი თვე, რომ აქაურობას თავი დავაღწიო!..”

ჯაბას ფიქრებში ჩაეძინა. თვალი რომ გაახილა, პალატაში თეთრხალათიანი, მოკლე კაბაში გამოწყობილი ლამაზმანი დაინახა, რომელიც ტანის მსუბუქი რხევით გადაადგილდებოდა და „ლუქსის“ მობინადრეებს სათითაოდ ასმევდა სხვადასხვა ფერის აბებს. გოგონა საკუთარი ხელით უდებდა პირში წამლებს, მომხიბვლელად უღიმოდა და თან აყოლებდა: ესეც შენ, ესეც შენო... ავადმყოფები კი მორჩილად ყლაპავდნენ მომხიბვლელი ლამაზმანის მიერ მიცემულ წამლებს და ტუჩებით მის ნატიფ თითებს ეხებოდნენ, რაც მათ უდიდეს ნეტარებას ჰგვრიდა. მხოლოდ მეუფე გაბრიელი ყლაპავდა აბებს მომხიბვლელი გოგონას დაუხმარებლად, ხოლო მას და თავის მეზობლებს კი ანთებული თვალებით მისჩერებოდა. აშკარა იყო, რომ გრძელფეხება ლამაზმანი პალატა „ლუქსში“ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, ყველაზე მეტად კი დიტო სულაბერიძე აქტიურობდა. ის ატეხილი ხვადივით დასდევდა გოგონას და ცდილობდა, ოდნავ მაინც შეხებოდა სხეულის ნებისმიერ შიშველ ადგილზე, თან, დროგამოშვებით ვნებიანად ამიოხვნეშებდა ხოლმე, რითაც თავის გრძნობებს გამოხატავდა მის მიმართ.

ამათ ესღა აკლდათ, – გაიფიქრა ჯაბამ, როდესაც თვალები გაახილა და პალატაში არსებული სიტუაცია გააცნობიერა, მაგრამ ბოლოს თავს გამოუტყდა, რომ თვითონაც მოეწონა ექთანი – აი, ამაზეა ნათქვამი – შენი ხელიდან შხამსაც დავლევო.

წარმოიდგინა, რა ნეტარებით გაატარებდა მასთან ერთად დროს ლოგინში. თუმცა, მალევე უკუაგდო გრძელფეხება ლამაზმანზე ფიქრები. რადგან მიხვდა, რომ ეს ზიანის მეტს არაფერს მოუტანდა და, თან, ქალებზე ფიქრის დრო ნამდვილად არ ჰქონდა.

– შორენ, რა ლამაზი ხარ, გენაცვალე! – ვნებიანად უთხრა მოკლეკაბიანს დიტომ და ნახევრად შიშველ მკერდზე დახედა.

– შენც ლამაზი ხარ დიტუნა – მიუგო შორენამ ჟურნალისტს და საჩვენებელი თითი ცხვირზე ჩამოუსვა.

დიტო სულაბერიძე ისე აღეგზნო, რომ კინაღამ გადაირია და შორენას მკერდში ჩაუყო ხელი. მაგრამ დროზე შეიკავა თავი, რადგან თვალწინ ჟუჟუნა წარმოუდგა, რომელმაც შედარებით უმნიშვნელო საქციელისთვის მეზობელ პალატაში მწოლი ავადმყოფი სამი კვირის წინ საჯაროდ, სველი პირსახოცით სცემა და, რომ არა შორენა, რომლის გამოც მთელი ეს ორომტრიალი ატყდა, ამ ამბავს, შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგებიც მოჰყოლოდა.

სამიოდე კვირის წინ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოსაცდელი ვადით მყოფი შორენა მორიგ შემოვლაზე იმყოფებოდა „ბუინებში” და წამლებს არიგებდა. იმ დღეს, მორიგე იყო ჟუჟუნაც. შორენა რომ ბლოკში შემოვიდა, ჟუჟუ დერეფანში იჯდა და შუშაბანდიდან ათვალიერებდა პალატებს.

შოკიმ – როგორც მას რაჟდენ რაჟდენოვიჩი მიმართავდა მოფერებით, – „ლუქსის“ მეზობელ პალატაში შეიარა და ტრადიციულად განაგრძო აბების მიცემა. თუმცა, ერთ-ერთ ავადმყოფს აბი ძირს დაუვარდა და, გოგონა მის ასაღებად რომ დაიხარა, ამის შემხედვარე ავადმყოფმა ვერ მოითმინა და შორენას უკანალზე ჩამოუსვა ხელი, რაც ჟუჟუნას სასტიკ მზერას არ გამოჰპარვია და მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო: ჟუჟუნა პალატაში შეიჭრა და ახალგაზრდა ავადმყოფი ჯერ გარეთ გამოათრია და გააშიშვლა, შემდეგ რადიატორზე მიაბა, სველი, უხეში ტილოს პირსახოცი მოიმარჯვა და სასტიკი ცემა დაუწყო.

ამ სანახაობაზე მთელი ბლოკის მობინადრეები შეიკრიბნენ მამა გაბრიელის გარდა, რომელიც თავის კუთხეში იყო დაჩოქილი, ლოცულობდა და ღმერთს იმ დაბმული ბიჭისა და ჟუჟუნას სულების გადარჩენას სთხოვდა. ჟუჟუნა ისე იყო გაღიზიანებული, რომ ბიჭს გამეტებით ურტყამდა და გაჩერებას არც კი ფიქრობდა. უცებ, ჟუჟუნას შორენა ეცა, ხელიდან სველი პირსახოცი გამოსტაცა და უთხრა:

– გეყოფა, თორემ მოკლავ ამ საცოდავს, – შემდეგ ნაცემი ახალგაზრდისკენ დაიხარა და თოკის ახსნა დაიწყო. ჟუჟუნამ შორენას ჯერ ხელი ჰკრა, შემდეგ იატაკზე დაგდებულ სველ პირსახოცს დასწვდა და ცემა განაგრძო. მაგრამ, შორენამ პირსახოცი ხელიდან გამოგლიჯა ჟუჟუნას და მოხერხებული მოძრაობით ჯერ ნიკაპის ქვეშ ამოიდო, შემდეგ მუხლებზე დააჩოქა და თვითონ ზურგს უკან მოექცა, ნიკაპი კეფაზე დააჭირა და ჩურჩულით გამოსცრა კბილებში:

– შე ძუკნავ, მომერიდე, თორემ მაგ ბებერ ძვლებში დაგამტვრევ და მაგ დამპალ სულს ამოგართმევო.

სხვა დროს და სხვა ვინმეს რომ ჟუჟუნასთვის ასეთი რამ გაებედა, ავადმყოფებზე უარეს დღეს დააყრიდა და იქით ამოართმევდა სულს, მაგრამ, სიბრიყვის მიუხედავად, ჟუჟუნამ კარგად უწყოდა, რომ შორენას მიმართ თავად რაჟდენ რაჟდენოვიჩი იყო კეთილგანწყობილი და გოგონას პირადად მფარველობდა. ამიტომ, შეპასუხება ვერ გაბედა, გაბრაზებული წამოდგა ფეხზე, შეკრებილ ავადმყოფებს სასტიკი მზერა ესროლა და „ბუინების” ბლოკი გამწარებულმა დატოვა.

ამ ინციდენტის შესახებ იმავე საღამოს შეიტყო რაჟდენ რაჟდენოვიჩმა. ამბავი მას ხარიტონმა მიუტანა, რომელმაც დაწვრილებით უამბო კლინიკის დირექტორს ყველაფერი და ბოლოს დასძინა:

– ეს რა ძალა ჰქონია იმ გოგოს, საცოდავი ჟუჟუნა ექთანი მუხლებზე დააჩოქა და ლამის პირსახოცით დაახრჩო!

ახალგაზრდა პროფესორმა სასწრაფოდ თავის კაბინეტში დაიბარა ორივე მხარე და შერიგებისკენ მოუწოდა. სხვა თანამშრომლებს ანალოგიური საქციელისთვის რაჟდენ რაჟდენოვიჩი უეჭველად გაათავისუფლებდა და თვალსაც არ დაახამხამებდა, მაგრამ ის ვერც ჟუჟუნას შეელია და ვერც ამორძალ შორენას, რადგან პირველი – მისი მარჯვენა ხელი იყო და კლინიკაში წესრიგის დამყარებაში ეხმარებოდა, მეორე კი ახალგაზრდა პროფესორში უდიდეს ლტოლვას იწვევდა და ვერ ელეოდა.

რაჟდენ რაჟდენოვიჩმა ორივე მოქიშპე მხარე აიძულა, ერთმანეთისთვის ხელი ჩამოერთმიათ და უთხრა:

– მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. რას იტყვის ხალხი, რას იტყვიან ავადმყოფები! ასე რომ, ის, რაც ამ დილით მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს და პირველი და უკანასკნელი იყოს.

ჟუჟუნა ექთანი დაბოღმილი გამოვიდა პროფესორის კაბინეტიდან, შორენას მიმართ უკიდურესი მტრობა ჩაიდო გულში და იმედი ჰქონდა, რომ სასტიკ სამაგიეროს გადაუხდიდა. შორენა კი, პირიქით, მშვენიერ ხასიათზე იყო და უხაროდა, რომ პროფესორზე ნელ-ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ახდენდა გავლენას.

...შორენამ შემოვლა დაასრულა, წასვლა დააპირა და სწორედ ამ დროს შენიშნა, რომ ჯაბას გაღვიძებოდა.

„ღმერთო ჩემო, რა ლამაზია, რა მწვანე თვალები აქვს! ნეტავ რამ გააგიჟა ეს საწყალი”, – გაიფიქრა შორენამ და ჯაბასთან მივიდა, რომ გამოლაპარაკებოდა.

დიტოც უმალვე იქ გაჩნდა, ჯაბას გაუღიმა და შორენა წარუდგინა:

– ეს შორენაა, ჩვენი ამომავალი მზე და, აქ რომ შემოდის, ათბობს და ანათებს აქაურობას, – სულაბერიძე შორენას მიუბრუნდა და უთხრა:

– ეს კი, შორენ, ბატონი ედუარდია. იცანი, ალბათ.

შორენამ უხმოდ დააქნია თავი, რადგან მწვანეთვალებას ედუარდობა სულაც არ ეპიტნავა და, რას არ გაიღებდა, ოღონდ ეს ბიჭი გიჟი არ ყოფილიყო.

ჯაბა კი დინჯად წამოდგა საწოლიდან, ელეგანტურად დაუკრა თავი, ხელზე ეამბორა შორენას და უთხრა:

– დოსტოევსკიმ თქვა: „სამყაროს სილამაზე იხსნისო” და, როგორც ჩანს, ჩვენი სამყაროს მხსნელი თქვენ ხართ.

შორენას არც დოსტოევსკის სახელი სმენოდა ოდესმე და არც მისი ცნობილი ფრაზა. მიუხედავად იმისა, რომ ეგონა, მის წინაშე შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი იდგა, მწვანეთვალებას კომპლიმენტი ძალიან ესიამოვნა და გუნებაში უფალს შესთხოვა; ღმერთო, ეს საწყალი გონზე მოიყვანე, რომ აქაურობას დააღწიოს თავი და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდესო, შემდეგ ჯაბას გაუღიმა და უთხრა:

– თუ დაგჭირდით, დამიძახეთ და მოვალ, ახლა კი უნდა წავიდე.

– დარჩი რა, შორენ, ცოტა ხანიც დარჩი! – შეეხვეწა შორენას დიტო სულაბერიძე.

– უნდა წავიდე დიტუნა, ახლა სხვები უნდა გავათბო და გავუნათო, მაგრამ არ მოიწყინო, მე ისევ მოვალ.

– წადით, გეთაყვა, აუცილებლად წადით და ახლა სხვები გაათბეთ და მათაც გაუნათეთ. მზე თუ გაჩერდა, სამყარო დაიღუპება, თქვენ კი სამყაროს მხსნელი ხართ. წადით, წადით და იხსენით სამყარო! – ფილოსოფიურად დაასკვნა ჯაბამ, ორივე ხელის ჰაეროვანი მოძრაობით კარისკენ მიუთითა შორენას და დააბოლოვა: „განგებამ მოგცეს ცეცხლის ძალაო, ჩვენი სამყარო იხსენ ქალაუ”.

შორენა წავიდა.

პალატა „ლუქსის“ მობინადრეები, მუხლმოყრილ მამა გაბრიელის გარდა, რომელსაც ცარიელი კედლისკენ ჰქონდა მიპყრობილი მზერა და მხოლოდ ფანქრით მიხატული ჯვრის მიმართ აღავლენდა ლოცვას, ყველანი მონუსხულები მისჩერებოდნენ ჯაბას. მან კი გაცვეთილ ხალიჩაზე დინჯად, ედუარდისეულად გაიარ-გამოიარა და საგიჟეთში გართობის, დროის გაყვანის გეგმის განხორციელებას შეუდგა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიმუშავა.

გეგმის მიხედვით, ჯაბას პალატა „ლუქსის“ მობინადრეებისგან მთავრობა უნდა შეექმნა, რომელსაც თვითონ უხელმძღვანელებდა და მათი დახმარებით აპირებდა „ბუინების” ბლოკის მართვას 90 დღის, ანუ, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჯაბას იქ უნდა გაეტარებინა.

„მეც გავერთობი და ესენიც გახალისდებიან, – ფიქრობდა ჯაბა, – ან, სხვებზე უარესები რითი არიან ეს საცოდავები, რა, ნამდვილ მთავრობაში ნაკლები გიჟია?” – შემდეგ პალატის შუაგულში შეჩერდა, თანაპალატელებს მზერა მოავლო და უთხრა:

– ძვირფასო მეგობრებო! დროა, მმართველობის სადავეები ავიღოთ ხელში და იმ მიკროსამყაროს ვუხელმძღვანელოთ, სადაც ჩვენ დღესდღეობით ვიმყოფებით. მართალია, დროებით, მაგრამ, მაინც ვიმყოფებით და, სანამ გლობალურ სამყაროში განვაგრძობთ ჩვენს საქმიანობას, ეს სამთვიანი, გარდამავალი პერიოდი ღირსეულად უნდა გავიაროთ. არც ისე შორსაა ის სანუკვარი 30 თებერვალი, სულ რაღაც 90 დღე გვაშორებს მისგან და ჩვენს ნათელ მომავალს მომზადებულები უნდა შევხვდეთ!

მართალია, 2 აგვისტო იყო და 90 დღის შემდეგ 30 ოქტომბერი დადგებოდა და არა 30 თებერვალი, რადგან მსგავსი თარიღი ბუნებაში არ არსებობს, ჯაბას სიტყვებმა მაინც მაგიურად იმოქმედა მსმენელებზე და სანუკვარი დღის გაგონებაზე ყველას სახე გაუბრწყინდა.

– ბრძანეთ, ბატონო ედუარდ, რას გვთავაზობთ? – პირველი დიტო სულაბერიძე გამოეხმაურა ჯაბას სიტყვებს და დანარჩენებს მიუბრუნდა:

– გაიგონეთ, მეგობრებო? 30 თებერვალი 90 დღეში დადგება. გვეშველა, სამ თვეში გავაღწევთ აქედან და აღარც ჟუჟუნა სანიტრის ტუპოი და ნაგლი როჟის ყურება მოგვიწევს და ვეღარც რაჟდენ რაჟდენოვიჩი დაგვიგრუზავს ტვინებს.

– შორენა? შორენასაც რომ ვეღარ ვნახავთ? – თქვა პოლკოვნიკმა ჯიოშვილმა.

შორენას ვერნახვის პერსპექტივამ მხოლოდ ორიოდე წამით გაუფუჭა დიტო სულაბერიძეს გუნება-განწყობა, მაგრამ, საგიჟეთიდან თავის დაღწევის სურვილმა ყველა სხვა გრძნობა დათრგუნა მასში და ჯიოშვილს მიუგო:

– აქედან გამიყვანა და სხვა შორენას მოვძებნი, უფრო ლამაზს, გრძელფეხებას და მოკლეკაბიანს. ლამაზი გოგონები დაილია თბილისში?!

– ასეთი ორპირა და მოღალატეები ხართ ჟურნალისტები! – გაბრაზდა პოლკოვნიკი, – დილით ერთს ამბობთ, შუადღეს მეორეს, საღამოს კი – მესამეს. თქვენი სიტყვა და ძაღლის ყეფა ერთია. თუმცა, ძაღლი სასარგებლო ცხოველია და რას ვერჩი ძაღლებს.

– ძაღლი და მამაძაღლი შენ თვითონ ხარ! – არ დაუთმო ჯიოშვილს სულაბერიძემ, – ჩვენ რომ არა, ამ ქვეყანას შენისთანები დაეპატრონებოდნენ. არ გეყოთ, რაც გვჭამეთ და გვყვლიფეთ?

– თქვი ერთი, რა წაგართვი! – ხმას აუწია პოლკოვნიკმა და თვალებანთებულმა წაიწია დიტოსკენ, რომელიც უკან დახევას არ აპირებდა.

– მე თუ არა, სხვას ხომ წაართვი! – მიაძახა დიტომ.

– ვინ სხვას, ვინ სხვას – მრისხანებას ვერ იოკებდა პოლკოვნიკი, – ჩქარა, დამიმტკიცე, თორემ, ისე დაგშლი ძვლებში, რომ პატივცემული პანტეც ვერ აგაწყობს!

– შენი პანტეა ბატონი დოქტორი, შე ხეპრე? – პასუხი არ დააყოვნა დიტომ, რომელსაც პოლკოვნიკთან ჩხუბის მრავალჯერადი გამოცდილება ჰქონდა და სიმწვავის მიუხედავად, მათი დაპირისპირება არასოდეს გადაზრდილა მუშტი-კრივში, რადგან უკიდურეს მომენტში მათ ყოველთვის ვიღაც ეშველებოდა და კონფლიქტი ისევე უცებ ცხრებოდა, როგორც იწყებოდა.

ამჯერადაც ასე მოხდა და მხარეები პროფესორმა პანტელეიმონ ჯაშმა გააშველა, რომელიც მათ შუაში ჩადგა და თქვა:

– 30 თებერვალი კარზე მოგვდგომია და, იმის მაგივრად, რომ ამ უბედნიერესი დღისთვის ღირსეულად მოვემზადოთ, ერთმანეთს ჭამთ და ნერვებს უშლით! მერწმუნეთ, მეგობრებო, როგორც გამოცდილ ექიმს, რომ, ნერვული უჯრედები არ აღდგება და აქედან რომ გახვალთ, ხალხს ნუ ათქმევინებთ, გაგიჟებულანო!

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3