მაცდური სილამაზე
აგათა კრისტი
ძნელი აღმოჩნდა პუაროს დაყოლიება შერლოკ-ბეილში საექსკურსიო ავტობუსით წასვლაზე. მას საერთოდ არ უყვარდა ბორბლებიანი ტრანსპორტი, რკინიგზა ერჩივნა და თავის მეგობარ ჰასტინგსაც მის უპირატესობას უმტკიცებდა – უფრო უსაფრთხოაო.
– სამაგიეროდ, ზაფხულში ამ ავტობუსს ტენტი გადახსნილი აქვს და ძალიან კომფორტულია, მით უმეტეს, თუ აქაურ ლანდშაფტსაც გავითვალისწინებთ, – უმტკიცებდა ჰასტინგსი.
– აჰ, ნეტავი ხვალ გაწვიმდებოდეს, – უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა პუარომ.
– თუ იწვიმებს, ტენტს ისევ დააფარებენ, ასე, რომ, ტყუილად წუწუნებთ, ძვირფასო მეგობარო, – გაიცინა ჰასტინგსმა, – ლანჩი მონკჰემპტონში გვექნება. იქ გემრიელად ამზადებენ, მოგეწონებათ. ერთი ცუდი ის არის, რომ ავტობუსი უკან დღესვე ბრუნდება, ჩვენ კი შერლოკ-ბეილში დარჩენას ვაპირებთ.
– და ბილეთშიც ორმაგი თანხა უნდა გადავიხადოთ, – ისევ აბუზღუნდა პუარო, – მაგიჟებს ეს ინგლისური ქარაფშუტობა! იქნებ, ის მაინც მოახერხოთ, მხოლოდ ერთი გზის ფული გადაგვახდევინონ, ჩვენ ხომ უკან არ მოვყვებით ავტობუსს. ჰასტინგს, სად იყურებით?
ჰასტინგსი გაწითლდა.
– მომიტევეთ, მეგობარო, ფიქრებში გავერთე.
– ფიქრებში კი არ გაერთეთ, იმ წითურთმიან ქალიშვილს მიაშტერდით. საფულეც რომ ამოგაცალოთ ჯიბიდან ვინმემ, ვერაფერს გაიგებთ. სულაც არ გადარდებთ ის, რომ ამდენ ფულს ტყუილუბრალოდ ვიხდით!
ჰასტინგს ეტყობოდა, რომ მართლაც ნაკლებად ადარდებდა ეს ამბავი.
– რას ვიზამთ, აქ ასეთი კანონებია, – ჩაილაპარაკა გულგრილად.
– ჰმ, სათავისოდ ხელსაყრელი კანონები ჰქონიათ, ვერაფერს იტყვი! ჰასტინგს, გეყოფათ მაგ გოგონას ცქერა, მეც მომაქციეთ ყურადღება!
– რა ვქნა, თუკი მისი ცქერა უფრო მსიამოვნებს, ვიდრე, მაგალითად, იმ უცნაური ახალგაზრდა კაცის დანახვა?! რა უსიამოვნო გარეგნობა აქვს. ეტყობა ულვაშის გაზრდას ცდილობას და რაღაც ღინღლისმაგვარი აქვს ტუჩზე.
პუარომ ახალგაზრდა კაცი შეათვალიერა.
– რატომ აქვს უსიამოვნო გარეგნობა? უბრალოდ, ძალიან გამხდარია. მე კი ყველა კაცი მესიმპათიურება, ვინც ულვაშის გაზრდას ცდილობს, – პუარომ სიამაყით გადაისვა ხელი თავის სანაქებო ულვაშზე, – მაგრამ, ეგეც ქარაფშუტაა თქვენსავით – ისე გადაიხადა ბილეთის ფასი, წარბი არ შეუხრია, არადა, ნახევარ გზაზე ჩადის მონკჰემპტონში.
დილით მშვენიერი ამინდი გამოვიდა. ჰასტინგსიც არაჩვეულებრივ გუნებაზე იყო პუაროს გულის გასახეთქად. მათ ბარგი არ ჰქონდათ. დანარჩენი მგზავრებიდანაც მხოლოდ წითურთმიანმა ქალიშვილმა და ახალგაზრდა კაცმა სასაცილო ულვაშით, ისარგებლეს საბარგულით. ჰასტინგსს გაუმართლა – წითურთმიან ქალიშვილს მათ გვერდით სავარძელზე ჰქონდა ადგილი. ის 19 წლის იქნებოდა. საკმაოდ ენაწყლიანი და მხიარული არსება აღმოჩნდა და ცოტა ხანში სამ მგზავრს შორის გულითადი საუბარი გაიბა. უფრო სწორად, ჰასტინგსი და ქალიშვილი ლაპარაკობდნენ, პუარო კი უსმენდა. ქალიშვილმა, მას მერი დურანი ერქვა, მთელი თავისი ოჯახის ამბავი მოყვა. მალე პუარომ იცოდა, რომ ქალიშვილი დეიდასთან ერთად ცხოვრობდა ებერმუტში. დეიდამისს იშვიათი ანტიკვარიატის სალონი ჰქონდა. მისი კლიენტები მთელ მსოფლიოში იყვნენ გაფანტული. საქმეები კარგად მიუდიოდათ. მერი კლიენტებთან ურთიერთობაში ეხმარებოდა დეიდას. პუარო უსმენდა, უსმენდა და თავს უკმაყოფილოდ აქნევდა. ბოლოს კი ვეღარ მოითმინა:
– მადმუაზელ, არ შემიძლია, არ გითხრათ: მეტისმეტად გულახდილი და მიმნდობი ბრძანდებით ახალგაცნობილი ადამიანების მიმართ. ასე როგორ შეიძლება! მაგალითად, მე უკვე ვიცი, რომ ჩემოდანში 800 ფუნტად შეფასებული მინიატურები გიდევთ, რომლებიც კლიენტთან მიგაქვთ, იქიდან კი ფული უნდა წამოიღოთ. იქნებ მე და ჩემი მეგობარი ნაძირლები ვართ?
ქალიშვილს განცვიფრებისგან თვალები დაუმრგვალდა. ჰასტინგსმა პუაროს სახელოზე დაჰქაჩა:
– რატომ აშინებთ გოგონას? ეს რა ჯენტლმენის საქციელია!
– კი არ ვაშინებ, რჩევას ვაძლევ, რომ მეორედ ასე გაუფრთხილებლად აღარ მოიქცეს. მისი მონაყოლი ჩვენთან ერთად ნახევარ ავტობუსს მაინც ესმის.
– თქვენ ხომ არ ხართ ნაძირლები?! – მიამიტურად დაახამხამა ქალიშვილმა წამწამები.
პუარომ თავი გადააქნია, მაგრამ, ვერ მიხვდებოდი, ამით რისი თქმა უნდოდა.
ლანჩი, როგორც დაგეგმილი იყო, მონკჰემპტონში ელოდათ. სამივენი ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან მოთავსდნენ. აქედან რესტორნის მთელი ეზო მოჩანდა. ქალიშვილი დარბაზისკენ ზურგით დაჯდა და ფანჯარაში ინტერესით იყურებოდა, თან ჰასტინგსის ხუმრობებზე იცინოდა. მერის კლიენტი ამერიკელი იყო – ჯონ ბეიკერ ვუდი. შერლოკ-ბეილში საგანგებოდ ჩამოვიდა მინიატურებისთვის და იქ ერთი კვირა აპირებდა დარჩენას. მას მინიატურები არც კი ენახა. მერის დეიდასთანაც სატელეფონო ურთიერთობა ჰქონდა. იგი მერის 6 საათისთვის ელოდა. მერი უცებ დაიძაბა და ფანჯარას მიაშტერდა, სახეზე შიში გამოეხატა და თითქოს წამოსახტომად მოემზადა. სანამ ჰასტინგსი და პუარო რამეს ეტყოდნენ, მოეშვა, გაიღიმა და თითქოს შვებით ამოისუნთქა:
– მომიტევეთ, უცებ მომეჩვენა, რომ ვიღაც კაცი საბარგულიდან ჩემს ჩემოდანს იღებდა!
პუარო აწრიალდა:
– მინიატურები ჩემოდანშია?
– დიახ, სპეციალურ ფუტლარშია, ნიანგის ტყავის. რატომ მეკითხებით?
– რა გაუფრთხილებლობაა, მადმუაზელ! ვინ დებს რვაასი ფუნტის ღირებულების მინიატურებს ჩემოდანში? ის კაცი იცანით?
– დიახ, ჩვენთან ერთად მგზავრობდა, ყავისფერკოსტიუმიანი. ახლა მომაგონდა, რომ ჩვენ თითქმის ერთნაირი ჩემოდნები გვქონდა. კიდევ კარგი, დროზე მივხვდი საკუთარ შეცდომას, თორემ, ძალიან შემრცხვებოდა, უდანაშაულო ადამიანისთვის ქურდობა რომ დამებრალებინა.
პუარომ გაიღიმა:
– მადმუაზელ, თქვენ არ იცით, როგორ განასხვავოთ დამნაშავე უდანაშაულოსგან, ეგ ჩემი პროფესიაა.
ჰასტინგსმა შენიშნა როგორ შეეცვალა ქალიშვილს გამომეტყველება და ჩაფიქრდა.
– აბა, გამოიცანით, რა პროფესიის არის ჩემი მეგობარი?
მერი შეყოყმანდა:
– ალბათ, ცირკში ფოკუსებს აკეთებს.
პუაროს ყავის ყლუპი გადასცდა ყელში და კინაღამ დაიხრჩო:
– ღმერთო, დიდებულო! მე და ფოკუსები?! რას ამბობთ, მადმუაზელ! თქვენ წინაშე თავად ერიკულ პუაროა, ყველაზე ცნობილი დეტექტივი საფრანგეთსა და ინგლისში.
– მართლა? მსმენია თქვენი სახელი. მოხარული ვარ. დეიდაჩემი თქვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილების არის. აუცილებლად ვეტყვი, რომ გაგიცანით.
როცა შერლოკ-ბეილში ჩავიდნენ და სასტუმროში დაბინავდნენ, ჰასტინგსმა პუაროს უთხრა:
– ძალიან ლამაზია, არა, ჩვენი წითურთმიანი თანამგზავრი?
პუარომ თავი დაუქნია:
– ჰო. ლამაზია, მაგრამ, ცოტას მოისულელებს, როგორც ყველა ლამაზი ქალი.
მას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში დაუპატიჟებლად შემოიჭრა ქალიშვილი:
– მიშველეთ, მუსიე პუარო, გამქურდეს! მინიატურები ჩემოდნიდან გაქრა!
პუარო და ჰასტინგსი ქალიშვილის ნომერში შევიდნენ. ჩემოდნის საკეტი და ნიანგისტყავიანი ფუტლარი გატეხილი დახვდათ. ქალიშვილი ხელებს იმტვრევდა:
– დავიღუპე! დეიდაჩემი გადაირევა! რა პასუხი უნდა გავცე? გამძარცვეს...
ჰასტინგსი ძალიან შეწუხდა:
– ნამდვილად იმ ახალგაზრდა კაცმა მოიპარა. პოლიციას უნდა შევატყობინოთ. თქვენ რას იტყვით, პუარო?
– როგორც გენებოთ, მაგრამ, მე პირველ ყოვლისა, იმ თქვენს კლიენტთან წავიდოდი.
ამერიკელთან საუბარი ხანმოკლე იყო. მისი თქმით, დაახლოებით ორი საათის წინ მასთან მივიდა მაღალი კაცი თხელი ულვაშებით და მინიატურები მიუტანა. მას ისინი მოეწონა და ფული გადაუხადა – დაპირებული 800 ფუნტი.
– ღმერთო, ჩემო, ღმერთო ჩემო. მან, ალბათ, ავტომობილი დაიქირავა და ჩამოგვასწრო – იმეორებდა ქალიშვილი – მორჩა, აღარაფერი მიშველის!
ჰასტინგსი ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას. პოლიციელებმაც ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს.
– პუარო, ნუთუ, არ დაეხმარებით გოგონას? – საყვედურით ჰკითხა ჰასტინგსმა მეგობარს.
– აუცილებლად დავეხმარები, მაგრამ, როცა ებერმუტში ჩავალთ. სულ იმაზე ვფიქრობ, რაში დასჭირდა ქურდს ფუტლარის გატეხა, როცა მისი მთლიანად აღება შეეძლო?
ჰასტინგსმა შენიშნა პუაროს იდუმალი ღიმილი, მაგრამ, არაფერი უთქვამს.
ებერმუტში მხოლოდ მეორე საღამოს ჩავიდნენ. ჰასტინგსის გასაოცრად, პუარომ პოლიციაში შეიარა და ინსპექტორს სთხოვა, ეჭვი არ მიეტანათ იმ ახალგაზრდა კაცზე, რომელიც მათთან ერთად მგზავრობდა საექსკურსიო ავტობუსით – სულ ჩემ თვალწინ იყო და ის ქურდი ვერანაირად ვერ იქნებაო.
– პუარო, რას აკეთებთ? აქამდე ყოველთვის ეხმარებოდით გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს! –აღშფოთდა ჰასტინგსი.
– ჰოდა, მეც სწორედ გაჭირვებულს ვეხმარები. წამომყევით ანტიკვარიატის სალონში და ყველაფერს იქ მიხვდებით.
მერი დურანი გახარებული შეეგება მეგობრებს:
– პოლიცია დახმარებას დაგვპირდა, გვითხრეს, რომ ჩვენს კლიენტს ნაქურდალს ჩამოართმევენ და დაგვიბრუნებენ, თან, ქურდსაც მოძებნიან.
პუარომ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:
– არ გეკადრებათ, მადმუაზელ! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ასეთი თაღლითობისთვის, ერთხელაც, ციხეში აღმოჩნდებით. დეიდათქვენს დაუძახეთ!
პუაროს მაღალი, გამხდარი ქალი გამოეცხადა, მკაცრი სახითა და ქედმაღალი ღიმილით:
– ჩემი ნახვა გინდოდათ, ბატონო? რა თაღლითობაზე ლაპარაკობდით?
პუარო მეგობარს მიუბრუნდა:
– აი, ვინ ჩაუტანა მინიატურები ამერიკელ კლიენტს. ის მინიატურები არც კი ყოფილა ჩემოდანში. რომელმა თქვენგანმა მოიფიქრა ეს გენიალური გეგმა – დეიდამ თუ დისშვილმა? მინიატურებს, როგორც მოპარულს, უკან დაიბრუნებდით და ხელახლა გაყიდდით. შეიძლება, იმავე კლიენტზე, რომელიც გადარეულია ასეთ რამეებზე. მადმუაზელ! – პუარომ გაფითრებულ და ნირწამხდარ ქალიშვილს შეხედა, – ვეჭვობ, რომ ეს თქვენ მოიფიქრეთ, როცა წინა დღეს ბილეთის ასაღებად მიხვედით და ის ახალგაზრდა კაცი ნახეთ. ნიჭი უდავოდ გაქვთ, მაგრამ, თქვენ ჩემი ტალანტი ვერ შეაფასეთ ჯეროვნად. როგორც კი რესტორანში დარბაზისკენ ზურგით დაჯექით, მაშინვე დავეჭვდი. ქალები ძალიან იშვიათად იქცევიან ასე. ჩვეულებრივ, მათ უყვართ, როცა სიტუაციას აკონტროლებენ. თან, თქვენი მეტისმეტი მიამიტობაც არაბუნებრივად მეჩვენა.