კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახსნეს მკვლელობა მესაფლავეებმა

 

ავტომანქანის სალონში ელდარ სალიამ უახლოესი მეგობარი მოკლა. 12 ჭრილობის შედეგად, საბერძნეთიდან ახალდაბრუნებული გენადი ცხოიძე ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ მკვლელმა მიცვალებულს ავტომანქანის სავარძლის შალითა გადააფარა, გვამი ქალაქგარეთ წაიღო და ხევში გადააგდო. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მოტივი ფული გახდა, თუმცა, მკვლელი აცხადებს, რომ მეგობარი ეჭვიანობის გამო მოკლა. არანაკლებ საინტერესოა, რომ აღნიშნული მკვლელობის საქმე, არც მეტი, არც ნაკლები, მესაფლავეებმა გახსნეს.

37 წლის გენადი ცხოიძე საბერძნეთში მამის გარდაცვალების შემდეგ წავიდა. უცხოეთში ის თითქმის ორი წელი ცხოვრობდა, თუმცა, სამსახურის პოვნა გაუჭირდა. მართალია, საბერძნეთში ნათესავმა წაიყვანა, მაგრამ ვინაიდან სამსახური ვერ იშოვა, ორი თვის შემდეგ ნათესავმა მის დახმარებაზე ხელი აიღო. ამის მიუხედავად, ცხოიძეს გაუმართლა – იქაურ გოგონას დაუახლოვდა და, ვინაიდან მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დამყარდა, ქალი სამუშაოს დაწყებაში დაეხმარა. თუმცა, ის იყო, მუშაობა დაიწყო, გენადის აცნობეს, რომ დედაც გარდაეცვალა და იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო – მშობლებს მის გარდა სხვა შვილი არ ჰყავდათ.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აწ გარდაცვლილ გენადი ცხოიძეს თბილისში სახლი ჰქონდა, მაგრამ, ვინაიდან დედა უპატრონოდ ჰყავდა, ქირის სანაცვლოდ, ასაკოვან ქალს მდგმურები უვლიდნენ, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ მისი ერთადერთი შვილი, რომელიც დედას არაფერს უგზავნიდა, საქართველოში აღარ ჩამოვიდოდა და ბინა მათ დარჩებოდათ. მდგმურები წინასწარ ცდილობდნენ ბინის ნოტარიულად გადაფორმებას, მაგრამ, გენადის ჩამოსვლის გამო მიზანს ვერ მიაღწიეს.

მოკლედ, დაკრძალვის შემდეგ მდგმურებსა და ცხოიძეს შორის სასამართლო დავა დაიწყო. დედის მოვლის საფასურად, ისინი გენადის ბინას სთხოვდნენ, მაგრამ არც ამ უკანასკნელმა დათმო. ამის გამო მდგმურებმა იჩივლეს კიდეც და არცთუ უსაფუძვლოდ – რამდენიმეთვიანი დავის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცხოიძეს მდგმურების სასარგებლოდ ფულის გადახდა დაეკისრა. როგორც აღმოჩნდა, გონიერი მდგმურები ყველა იმ ხარჯს იწერდნენ, რაც მათ ავადმყოფი ქალის მოსავლელად გასწიეს. სასამართლომ კი, მათი ხარჯი დადასტურებულად ცნო და გარდაცვლილის შვილს 11 ათასი ლარი დააკისრა.

ცხოიძეს, რომელსაც გადასახდელი თანხა არ ჰქონდა, იძულებული გახდა, ბინა გაეყიდა. თანაც, საბერძნეთში დასაბრუნებლად ფული მასაც სჭირდებოდა. ამასთან, მდგმურებიც სასწრაფოდ ითხოვდნენ კუთვნილ თანხას და ამიტომ ცხოიძე იძულებული გახდა, ბინა იაფად გაეყიდა. მოკლედ, ყველა ვალის გასტუმრების შემდეგ, საბოლოოდ მას 5 ათას დოლარამდე შეხვდა და ამ ფულით უკან დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ, წასვლამდე დედის საფლავის გაკეთებას შეუდგა, რაც ამინდების გამო ჭიანურდებოდა. გამგზავრებამდე კი გადაწყვიტა, მანქანა ეყიდა. ფიქრობდა, რომ მას უცხოეთში წასვლის წინ გაყიდდა და გზის ფულად მოიხმარდა. ასეც მოიქცა – „აუდი“ იყიდა და უპატრონოდ და უსახლკაროდ დარჩენილი, საცხოვრებლად მეგობარ ელდარ სალიასთან გადავიდა, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინელი ეროვნების ნინა ბ-სთან ცხოვრობდა.

მკვლელობა ეჭვიანობის გამო

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ელდარ სალია ნინა ბ-ს სახლში მისავე ხარჯზე ცხოვრობდა და ცხოიძე უანგაროდ არ შეუფარებია. ვინაიდან გენადის საბერძნეთში გზა გაკვალული ჰქონდა, საქართველოში ჩამოსულს არაერთი მსურველი აკითხავდა, რომ საბერძნეთში წასვლაში დახმარებოდა. ორი ადამიანის დახმარება მან მართლაც შეძლო და სოლიდური მოგებაც დარჩა. ცხადია, ფულს ის მეგობარსაც აძლევდა, თუმცა, როგორც ჩანს, სალიამ უფრო მეტი მოინდომა და საბერძნეთში წამსვლელი კლიენტების ძებნა თავად დაიწყო. ცხოიძე არწმუნებდა, რომ ვიზებთან დაკავშირებით პრობლემა თავადაც შეექმნა და გააფრთხილა, არავის არაფერს დაჰპირებოდა, მაგრამ სალიამ, რომელიც ყოველთვის სხვის ხარჯზე ცხოვრობდა, კლიენტების მოტყუება დაიწყო. საქმე ის იყო, რომ, მოლაპარაკების თანახმად, საბერძნეთში ცხოიძეს ელდარ სალიაც უნდა წაეყვანა. არალეგალურად მისი წაყვანა გარკვეულ თანხებს მოითხოვდა, ამიტომ, სალია ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ფული ეშოვა, მაგრამ, როგორც ბოლოს გაირკვა, ფულს კაზინოში ხარჯავდა.

გარკვეულ ეტაპამდე სალიას ტყუილებმა გაჭრა, მაგრამ მისმა საქციელმა სიტუაცია დაძაბა. როგორც აღმოჩნდა, ის ერთ-ერთ კლიენტ გოგონას უცხოეთში წაყვანას და იქ მუშაობის დაწყებას დაჰპირდა, მისგან კი პასპორტი და 900 დოლარი აიღო. თუმცა, ვინაიდან დათქმულ ვადაში ვერ გაუშვა, შესაბამისად, კლიენტმა პასპორტი და თანხა მოითხოვა, მაგრამ, ვერაფერს რომ ვერ გახდა, თაღლითს, კრიმინალი ძმა მიუგზავნა, რომელმაც არა მხოლოდ გადახდილი თანხა, მოტყუების გამო, დამატებით 500 დოლარიც მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სალიას ავტომანქანის წართმევით დაემუქრა, – ვინაიდან, სალია, რომელიც მეგობრის „აუდს“, რითაც ხშირად დადიოდა, თავისად ასაღებდა. სიტუაცია გამწვავდა. სალია თავს იმართლებდა, კლიენტის ძმის შესახებ არაფერი ვიცოდიო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ფულის დაბრუნებაზე უარს აცხადებდა. ბოლოს კი გაირკვა, რომ მოტყუებული კლიენტისგან აღებული თანხა კვლავ კაზინოში ჰქონდა წაგებული.

ამის გამო მეგობრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ცხოიძე თაღლითს სთხოვდა, მოტყუებული კლიენტისთვის მის მიერ შესანახად მიცემული ფული მიეცა, მაგრამ გაირკვა, რომ სალიას ფული ბოლო კაპიკამდე დაეხარჯა და, გარდა ამისა, დაახლოებით 1 500 დოლარი ვალიც ჰქონდა. ამის გამო სალიამ და ცხოიძემ სერიოზულად იჩხუბეს. ჩხუბში კი უკვე ნინაც ჩაერთო და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ქალმა საყვარელს მოსთხოვა, მისი სახლიდან გადასულიყო. ეს იმიტომ, რომ, ნინას არა მხოლოდ მოტყუებული კლიენტი, სალიას მოვალეებიც აწუხებდნენ, რომლებიც მეზობლების გასაგონად მოკვლით იმუქრებოდნენ.

ვინაიდან ელდარ სალია დარწმუნდა, რომ მას არა მხოლოდ საყვარლის ბინიდან გადასვლა, არამედ ვალების გადახდაც მარტოს მოუწევდა, წასვლას აყოვნებდა – ის ხელსაყრელ მომენტს ეძებდა. მიზეზად კი იმას ასახელებდა, თითქოს ნინასა და გენადის შორის რაღაც ხდებოდა, რაც რეალურად მხოლოდ საბაბი იყო. მართალია, ნინა სტუმარს ხელს აფარებდა, მაგრამ, ქალის თქმით, ამის მიზეზი მხოლოდ გენადის კეთილშობილება იყო.

ორი დღის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ სალია სახლიდან უნდა წასულიყო, რადგან აყალმაყალი იმ დღესაც განმეორდა და ნინა პოლიციის გამოძახებით დაემუქრა. ამას დაერთო მოტყუებული კლიენტის ძმის ვიზიტიც, რომელიც საქმის გასარჩევად ორ მეგობართან ერთად მივიდა. საბედნიეროდ, შინ მხოლოდ ნინა იყო, რომელსაც დაუბარა, რომ, თუ სამ დღეში კუთვნილ თანხას არ დააბრუნებდნენ, ავტომანქანას წაიყვანდა. იმ საღამოს შინ პირველი ცხოიძე დაბრუნდა და, ვინაიდან ქალი შეშინებული დახვდა, უთხრა, რომ არ ენერვიულა – მართალია, მე არაფერ შუაში ვარ, მაგრამ, ამის მიუხედავად, კლიენტს ან მანქანას მივცემ ან, გავყიდი და თანხას დავუბრუნებო. სახლში დაბრუნებულ საყვარელს ქალმა უკვე კატეგორიულად მოსთხოვა, მისი სახლიდან წასულიყო და მას უნამუსოც უწოდა, რადგან მის გამო ვალებს ცხოიძე იხდიდა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სალიამ მეგობრის თავიდან მოშორება – ვარაუდობდა, რომ უპატრონო ცხოიძეს არავინ მოიკითხავდა, მანქანა კი მას დარჩებოდა.

დაძაბული საუბრის შემდეგ, სალიამ ბარგი ჩაალაგა და მეგობარს სთხოვა, ავჭალიდან ვარკეთილში, მისი მშობლების ბინაში გაეყვანა. სახლიდან, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე სამივე ერთად გავიდა, ანუ, მათ ნინაც გაჰყვა. თუმცა, დაახლოებით, 200 მეტრის გავლის შემდეგ, სალიამ განაცხადა, რომ ნინას სახლში მამამისის ნაჩუქარი საათი დარჩა და ქალი მის მოსატანად გაუშვა. დაახლოებით, 20 წუთში, როდესაც უკან დაბრუნდა, ნინას იქ აღარავინ დახვდა. როგორც სალიას, ასევე ცხოიძეს, ტელეფონები გამორთული ჰქონდათ. მოწმის თქმით, მას ერთზე მეტად აღარ დაურეკავს, რადგან ივარაუდა, რომ საყვარელიც და მისი მეგობარიც საბოლოოდ მოიშორა თავიდან. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სალიამ მეგობარი მოკლა და გვამი ხევში გადააგდო.

ელდარ სალიამ, რომელმაც თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, სასამართლოს განუცხადა, რომ ის ცხოიძის მანქანით ხშირად სარგებლობდა, თუმცა, ირწმუნებოდა, რომ ცხოიძეს ის არჩენდა: „სახლში გვიან დავბრუნდი და ნინამ მითხრა, თუ ჩემ მიერ მიყვანილ კლიენტს პასპორტს და ფულს არ დავუბრუნებდი, მისი ძმა ავტომანქანას წაიყვანდა. გენადის შეეშინდა და მითხრა, რომ, შესაძლოა, მოტყუებული კლიენტი ისევ მისულიყო და სახლიდან გარიდება არჩია. მეც მივხვდი, რომ იქ უკვე ზედმეტი ვიყავი და მშობლებთან გადასვლა დავაპირე. რაღაც 200-300 მეტრის გავლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საათი არ მეკეთა და ნინას მისი მოტანა ვთხოვე. ნინა უფრო იმიტომ გავუშვი, რომ ვგრძნობდი, გენადისაც უნდოდა რაღაცის თქმა. მას შემდეგ, რაც ნინა წავიდა, გენადი დამემუქრა, რომ მისი სახელის გასვრის გამო მომკლავდა. ამასთან, გამიმხილა, რომ მას და ნინას ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ, მე კი ნინას გამო ოჯახი მივატოვე. ვერსია, თითქოს გენადი მანქანის მიცემას აპირებდა, ტყუილია, ეს ჩემი იდეა იყო. პირიქით, ვურჩევდი, რომ მანქანა გაგვეყიდა და საბერძნეთში წავსულიყავით. მე იქ ვიმუშავებდი და მანქანის ფულს ავუნაზღაურებდი, მაგრამ, გენადიმ მითხრა, რომ საბერძნეთში ნინას წაყვანას აპირებდა. ამაზე წავკამათდით, შემდეგ ყელში წამიჭირა ხელები და დახრჩობას მიპირებდა. ფიზიკურად ძლიერი იყო, ვერ ვერეოდი, ამიტომ, მანქანის „კლუჩი“ ავიღე და რამდენჯერმე ჩავარტყი თავში. ცოტა ხანში სუნთქვა შეწყვიტა. სისხლის დანახვაზე შემეშინდა. სავარძელს „ჩიხოლი“ მოვხსენი და მას გადავაფარე. შემდეგ რა მოხდა, აღარ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ხევთან ვიდექი... რამდენიმე დღეში შევიტყვე, რომ პოლიცია მეძებდა. ამიტომ, ერთ-ერთი კლიენტის პირადობის მოწმობაში ჩემი ფოტოსურათი ჩავაკარი და დავიმალე“.

ვანო მურადოვის ყალბი პასპორტით ელდარ სალია, დაახლოებით, ერთი კვირა თბილისში იმყოფებოდა. ამის შემდეგ კი თურქეთში მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის სარფთან საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. რაც შეეხება მოკლულს, ის რამდენიმე დღის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინა უცნობმა და პოლიციას აცნობა, მაგრამ, რომ არა მესაფლავეები, შესაძლოა, ელდარ სალიაზე ეჭვი არავის მიეტანა. საქმე ისაა, რომ სწორედ მესაფლავეებისგან გახდა ცნობილი, სად ცხოვრობდა მკვლელობამდე გენადი ცხოიძე. მათ არა მხოლოდ ნინა ბ-ს მისამართი, მისი ბინის ტელეფონიც იცოდნენ, სადაც სასაფლაოს გაკეთებისას რამდენჯერმე დარეკილიც ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, პირველი ეჭვმიტანილი ნინა ბ. გახდა, მაგრამ, სწორედ მისი ჩვენებებით გაირკვა რეალობა.

სასამართლოზე ყოფილი საყვარლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ნინა ბ-მ განსასჯელისგან სრულიად განსხვავებული ვერსია მოყვა. მისი თქმით, ელდარ სალია მასაც ხშირად ატყუებდა და, რეალურად, მასთან მხოლოდ ფულის გამო ცხოვრობდა. მისი თქმით, საბურთალოზე ნინას მეორე ბინა უცხოელებზე ჰქონდა გაქირავებული, ყოველთვიურად 400 დოლარს იღებდა, თუმცა, ფულის დიდ ნაწილს მისი საყვარელი მოიხმარდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებული ირწმუნებოდა, რომ ინციდენტის მომენტში თავს იცავდა, მაგრამ სასამართლომ მისი მუდარა არ შეისმინა და 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა – 16 წელი მკვლელობისთვის, 6 წელი – თაღლითობისთვის და 5 წელი – საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის. სასამართლოს მხრიდან მისი ჩვენების არგაზიარების მოტივი ის გახდა, რომ მან გარდაცვლილს არა მხოლოდ 12 ჭრილობა მიაყენა, მისი მანქანაც მიისაკუთრა, რომელიც გაყიდა და იმ ფულით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.


скачать dle 11.3