როგორ ყაჩაღობდა და ჯაშუშობდა მილიციის კაპიტანი გურიის ერთ-ერთ რაიონში
სისხლიანი ყაჩაღობა
– რას შობი, კოწია, არ მოდიხარ? – გასძახა მეუღლეს ნუცა წილოსანმა, რომელიც უკვე საწოლში იწვა და ქმარს ელოდა.
– მოვალ, ქალო, მეიცა, პაწა! – გასძახა კოწიამ ცოლს, შემდეგ ბავშვების საძინებელში გავიდა და მძინარე ტყუპ შვილიშვილს სიყვარულით დახედა.
კოწიამ ფრთხილად გაიხურა საძინებელი ოთახის კარი და ცოლისკენ გაემართა. ამ დროს ხმაური მოესმა, კიბესთან შემოსასვლელი კარი გააღო და დერეფანში პისტოლეტმომარჯვებული, ხუთი ნიღბიანი გამოჩნდა.
– ხმა, კრინტი, თორემ შუბლს გაგიხვრეტ! – კბილებში გამოსცრა ერთ-ერთმა, – ფული და ძვირფასეულობა დაყაჭე და მშვიდობით გაგეცლებით, არადა, გითხარი უკვე, რაც მოგივა!
ოჯახის უფროსი გაფითრდა და პირზე ააფარა ხელი მეუღლეს, რომელიც ღამის პერანგის ამარა გამოვიდა საძინებლიდან და ნიღბიანების დანახვაზე კივილი დააპირა.
– ჩუმად იყავი, ნუციკო, ბოვშები არ შეაშინო, – უთხრა კოწიამ.
– ღმერთი არ გაგიწყრეს, ქალო, თუ არა, ორივეს დაგხოცავთ! ვინაა კიდევ სახლში? – ჰკითხა ნიღბიანმა, რომელიც კოწიას შუბლის გახვრეტით დაემუქრა.
– ბოვშები არიან, ჩემი შვილიშვილები, ხუთი წლის ტყუპები და ნუ შემიშინებთ, თუ კაცი ხართ. რაც მაბადია, ყველაფერს გაგატანთ და მშვიდობით წადით აქედან, – თქვა კოწიამ და ორი ნიღბიანის თანხლებით დიდი ოთახიდან ინკუსტრირებული, სპილოს ძვლისგან დამზადებული ზარდახშა გამოიტანა, გახსნა და შიგთავსი მაგიდაზე გადმოყარა. შემდეგ 4 ათას სამასი მანეთი გამოიღო კარადიდან და ისიც მაგიდაზე დადო – აი, ძამა, მთელი ჩემი ქონება. სამკაულები 20-25 ათასისაა და ფული. მეტი არაფერი მაქვს.
ნიღბიანებმა ფული და ძვირფასეულობა ტყავის პატარა ჩანთაში ჩაყარეს. შემდეგ კიდევ ერთხელ დაიარეს იქაურობა და წასვლა დააპირეს, მაგრამ იმ ნიღბიანმა, რომელიც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა და ეტყობოდა, რომ მეთაური იყო, კოწიას მაჯაზე ოქროსფერი საათი შენიშნა და მასპინძელს უთხრა:
– ეგ საათიც მოიხსენი და მომეცი.
– ეს, ძამა, უბრალო საათია. ოქროსფერია, უბრალოდ, ოქრო არ გეგონოს. ჩემმა შვილმა მაჩუქა სიკვდილის წინ და მის სამახსოვროდ ვატარებ, – განუმარტა ნიღბიანს კოწიამ.
– საათი! – კბილებში გამოსცრა ყაჩაღმა და კოწიას მაჯაში წაატანა ხელი, რათა საათი მოეხსნა, მაგრამ კოწიამ მას წინააღმდეგობა გაუწია, ჯერ ხელით სცადა მისი მოშორება, შემდეგ კბილებით ეცა მას და ძლიერად ჩაასო მარჯვენაში.
– ხელი მომაჭამა ამ ცოფიანმა! – იღრიალა გამწარებულმა ყაჩაღმა, ქამარში გარჭობილი ბებუთი ამოაცურა და კოწია წილოსანს კისრის მარცხენა მხარეს ბოლომდე ჩაასო.
კოწიამ ამოიხვნეშა. ყაჩაღს კბილები გაუშვა, კისერში დანაჩასობილი იატაკზე დაეცა და მალევე გარდაიცვალა.
ყაჩაღები სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას. მოკლულის ცოლმა კივილი ატეხა. წილოსნების ოდა თანასოფლელებით გაივსო.
კოწია წილოსანი იმ სოფლის მთავარი ვეტერინარი იყო და შეძლებულ ადამიანად ითვლებოდა. ერთი ვაჟი გარდაცვლილი ჰყავდა და მის მიერ ნაჩუქარ უბრალო საათს შესწირა სიცოცხლე. ყაჩაღების შემოვარდნის დროს კოწიას მეორე ვაჟი და რძალი თბილისში იყვნენ – ზამთრის სესიებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ისინი მეოთხე კურსზე სწავლობდნენ.
წილოსანების ოჯახზე თავდასხმის საქმეს გურიის იმ რაიონის პროკურატურა იძიებდა.
საქმე ¹4005897
კოწია წილოსანის მკვლელობას თემურ ჯიბუტი იძიებდა, რომელმაც საქმე რაიონულ პროკურატურაში აღძრა და მისთვის ჩვეული ენერგიულობით შეუდგა გამოძიებას. ჯიბუტს მთელ გურიაში საუკეთესო საგამოძიებო ჯგუფი ჰყავდა და მათ მიერ სასამართლოში გადაცემულ საქმეებს არასოდეს მოჰყვებოდა „კუდები“.
ჯიბუტმა ჯერ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა კარგად და მისთვის დამახასიათებელი გულმოდგინებით ექსპერტ-კრიმინალისტებს ოდოროლოგიური კვალი ააღებინა. შემდეგ საგულდაგულოდ დაათვალიერა მოკლულის კისრიდან ამოღებული ბებუთი და ცელოფნის პაკეტში შეანახინა ექსპერტს. ბოლოს კი მოკლულ წილოსანს დააკვირდა მთელი გულისყურით და როდესაც შემთხვევის ადგილზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მივიდა, გვერდით გაიყვანა და უთხრა:
– მოკლულს კბილებში მკვლელის ხორცის ნაწილაკები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამხილი დამნაშავეზე გაგვიყვანს. შენი იმედი მაქვს, მურმან და იცოდე, შემთხვევით ეს სამხილები არ განადგურდეს.
მურმან სანიკიძე თავისი საქმის სუპერპროფესიონალი იყო. ჯიბუტს ის ოცი წელია, იცნობდა. ამ ხნის განმავლობაში თემურს მსგავსი რამ არ უთქვამს. მეგობრის ფრაზამ უფრო გააკვირვა, ვიდრე გაანაწყენა. ექსპერტი სანიკიძე იმანაც გააოცა, რომ გამომძიებელმა მას ეს ყოველივე ჩურჩულით, სხვებისგან დაფარულად უთხრა:
– რა გჭირს, თემურ, რას მეჩურჩულები? თუ ჩვენებთან გაქვს რამე დასამალი, – უთხრა ექსპერტმა გამომძიებელს.
– არ გეწყინოს, მაგრამ ასეა საჭირო და მოდი, საქმეს მიხედე, – მიუგო ჯიბუტმა.
წილოსნების სახლში პირველები პროკურატურა და ექსპერტები მივიდნენ. ბოლოს კი მილიციელებიც გამოცხადდნენ, რომელთაც ერთ-ერთი რაიონის სამძებროს უფროსი ზევარ დარჩია მოუძღვოდა. ის მოკლული კოწია წილოსანის ბავშვობის მეგობარი იყო. ნუცა წილოსანმა ზევარი რომ დაინახა, ატირდა და ჩაეხუტა. ამ დროს ოთარ გოგუაძეც მოვიდა თავის ოპერებთან ერთად. გოგუაძე იმ რაიონის სამძებროს უფროსი იყო, სადაც ეს ყაჩაღობა მოხდა და დარჩიას დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.
– სად ხართ ამდენ ხანს? – შეუბღვირა ზევარმა გოგუაძეს.
– „აბხოდზე“ ვიყავი, ზევარ ამბაკოევიჩ, – თავი იმართლა გოგუაძემ, – როგორც კი ეს უბედურება შეგვატყობინეს, იმწამსვე წამოვედით.
– დანაშაული თქვენს ტერიტორიაზე მოხდა. დღე და ღამე გაასწორეთ, რომ ის ნაძირლები დააპატიმროთ, – უბრძანა დარჩიამ გოგუაძეს.
დილას კოწიას შვილი და რძალი – კაკო და ნონა დაბრუნდნენ თბილისიდან. მიცვალებული ერთი კვირის შემდეგ დაკრძალეს. გამოძიება გრძელდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით სიახლე არ ჩანდა.
„ეუსებიოს“ ბებუთი
კოწია წილოსანის მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ თემურ ჯიბუტი თბილისში გაემგზავრა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სასჯელაღსრულებითი სისტემის უფროსს, ნოშრევან ციმაკურიძეს შეხვდა. ციმაკურიძე და ჯიბუტი მეგობრები იყვნენ, იურიდიული ფაკულტეტი ერთად დაამთავრეს. თემურმა მას სთხოვა:
– ნოშრე, შენი დახმარება მჭირდება.
– შენი ხმალი და ჩემი კისერი. რა გინდა?
– შენი მეგობრობით უნდა ვისარგებლო და ყოველგვარი ფორმალობის გვერდის ავლით, ციხეში ტიტე ჩხაიძე უნდა ვნახო.
– „ეუსებიო“? – იკითხა ციმაკურიძემ, – კი ბატონო, მაგრამ ასე საიდუმლოდ რად გინდა მისი ნახვა?
– იმიტომ, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს. ერთ დანაშაულს ვიძიებ, რომლის გახსნაშიც შეიძლება ის დამეხმაროს. არ მინდა, რომ ჩვენი შეხვედრის შესახებ ვინმემ, უფრო კი ჩვენმა კოლეგებმა, შეიტყონ. სერიოზულადაა საქმე და ამით მე უფრო „ეუსებიოს“ სიცოცხლეს ვუფრთხილდები.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ციმაკურიძემ მოუბოდიშა ჯიბუტს და ყურმილს დასწვდა.
ჯიბუტი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მეგობარს, რომელიც გაფითრდა. ბოლოს ყურმილი დადო და თემურს უთხრა:
– ამ წუთას შემატყობინეს, რომ „ეუსებიო“ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. „პრაგულკაზე“ უარი უთქვამს. მარტო დარჩენილა და როცა დაბრუნდნენ, „რეშოტკაზე“ ჩამოკიდებული უნახავთ. ახლა მითხარი, რად გინდოდა მისი ნახვა?
– რად მინდოდა და კოწია წილოსანი მისი ბებუთით მოკლეს. რომელიც სწორედ მე ჩამოვართვი მას, როდესაც ავიყვანე. შემდეგ ეს ბებუთი მილიციაში გადავაგზავნე, როგორც სამხილი და წესით, ახლა ის განადგურებული უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, მკვლელი ან ჩვენი კოლეგაა, ან ჩვენმა კოლეგამ გადასცა მკვლელს ეს ბებუთი. არსებობს მეორე ვარიანტიც და მე მგონი, ასე უნდა იყოს საქმე. როგორც ცნობილია, „ეუსებიო“ ბებუთებს ამზადებდა შეკვეთით და თითოეულ ეგზემპლარს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ და ნაცნობ ნიშანს ადებდა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კოწია ასეთი შეკვეთილი ბებუთითაა მოკლული და შემკვეთი კი ჩვენი კოლეგაა ახლა, „ეუსებიოს“ მკვლელობის შემდეგ ეს რწმენა გამიმყარდა.
– მაშ, შენ ფიქრობ, რომ „ეუსებიო“ მოკლეს?
– ამაში დარწმუნებული ვარ. შენ გეხება ეს საქმე და გირჩევ, კარგად გამოიძიო. უშუალოდ შენი „ნადზორები“ თუ არიან მკვლელები, მაშინ მათ ისიც ეცოდინებათ, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული.
უნივერსალური გადამცემი
გამომძიებელი თემურ ჯიბუტი თბილისელი იყო და გურიაში განაწილებით მოხვდა. მას სულ მალევე შესთავაზეს მშობლიურ ქალაქში გადაბარგება, მაგრამ ჯიბუტმა ეს არ ისურვა და რაიონში დარჩა. თუმცა ცოლ-შვილი თბილისში ჰყავდა. ჯიბუტი ვერაზე ცხოვრობდა. გურიაში გამგზავრების წინა ღამეს, მას ვიღაც უცნობი დაესხა თავს და პისტოლეტით მისი მოკვლა სცადა. თუმცა, ჯიბუტმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა თავდამსხმელს და მოკლა. მოკლული ვინმე „ზიბო“ აღმოჩნდა – რეციდივისტი, რომელიც ბანდიტიზმისთვის სამჯერ იყო ნასამართლევი. ჯიბუტს მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და ამიტომ შურისძიების ვერსია გამოირიცხა. ცხადი იყო, რომ ომარ ზიბზიბაძე, იგივე „ზიბო“ დაქირავებული მკვლელი იყო, მაგრამ ვინ და რატომ დაიქირავა ის, მილიციამ ჯერჯერობით არ იცოდა.
ჯიბუტი რაიონში ორი დღის შემდეგ დაბრუნდა და მას იქ სიურპრიზები ელოდა. პირველი სიურპრიზი ის იყო, რომ ოზურგეთი-ბათუმის ტრასის მონაკვეთზე თეთრი „ჟიგული“ დაიმტვრა და მასში ოთხი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგანაც სამი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო, ხოლო ერთი კი მილიციის კაპიტანი. სწორედ იმ განყოფილების თანამშრომელი, რომლის რწმუნებულ ტერიტორიაზეც მოხდა კოწია წილოსანის მკვლელობა. მეორე სიურპრიზი კი ის გახლდათ, რომ დაკრძალვიდან ათი დღის შემდეგ კოწია წილოსანის საფლავი გადათხრილი დახვდა მის მეუღლეს. მათ ხელახლა ამოთხარეს მიწა და აღმოაჩინეს, რომ კოწია წილოსანი ვიღაცას მიწიდან ამოეღო, შემდეგ კი ისევ უკან ჩაედო.
თემურ ჯიბუტმა ექსპერტი მურმან სანიკიძე დაიმარტოხელა და უთხრა:
– რა შედეგები აჩვენა ხორცის ნაფლეთების ექსპერტიზამ?
– მისი პატრონი 40-45 წლისაა და ალკოჰოლს ეტანება. მეტი ვერაფერი გავარკვიეთ.
– ეს არცთუ ისე ბევრია. გურიაში ყველა მამაკაცი სვამს და მათ შორის მილიციელებიც, – ხელი ჩაიქნია ჯიბუტმა, – ნაკბენიც რომ ვერავის აღმოვუჩინე. ნუთუ, მცდარ გზაზე ვდგავარ?
ჯიბუტის ვერსიით, წილოსანი მილიციის თანამშრომელმა მოკლა და თავის ბანდასთან ერთად გაუჩინარდა. მას ეჭვი ჰქონდა, რომ რაიონში კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი ედგა სათავეში. ჯიბუტმა თავისი მოსაზრება მხოლოდ სანიკიძეს გაანდო, რადგან სხვას არავის ენდობოდა და სწორედ ამიტომ შეხვდა მას პირისპირ.
– მე მგონი, სწორ გზაზე დგახარ. შენ ხომ ყველა მილიციელი არ შეგიმოწმებია. დარწმუნებული ვარ, მკვლელსაც მივაგნებთ და ამ იდუმალ საქმესაც გავხსნით, – უთხრა სანიკიძემ ჯიბუტს და ექსპერტი მართალი აღმოჩნდა.
სამი დღის შემდეგ რაიონულ საავადმყოფოში კომაში ჩავარდნილი მიიყვანეს მილიციის კაპიტანი ოთარ გოგუაძე. მას მარცხენა ხელის მაჯა გასიებული ჰქონდა ჩირქისგან. ეტყობოდა, რომ ინფექცია შეჭროდა.
გოგუაძეს ხელი მოკვეთეს. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოხერხდა მისი დაკითხვა, თუმცა ჯიბუტთან ერთად მას „კაგებეს“ თანამშრომლებიც ეწვივნენ და კითხვები დაუსვეს. უშიშროების ინტერესი კი, მის მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბინაში მკვდარი წილოსანის მაჯიდან მოხსნილი საათი იპოვეს. ეს კი კოწიას დასაფლავების მერე მოხდა. საათი შეამოწმეს და ის უნივერსალური გადამცემი აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია თანამგზავრული კავშირით იგზავნებოდა ამერიკაში.
გოგუაძემ აღიარა ჯაშუშობა და ჯერ ბონდო წილოსანის, შემდეგ კი კოწია წილოსანის მკვლელობაც; ასევე, „ეუსებიოს“ მკვლელობისა და ჯიბუტის მოკვლის შეკვეთაც. ოთარ გოგუაძემ თქვა, რომ ბონდო წილოსანი მასთან ერთად ჯაშუშობდა, თუმცა საათის მნიშვნელობის შესახებ არაფერი იცოდა და ჯაშუშობაშიც უნებლიეთ იყო ჩართული.
– ეს საათი ბონდოს მე ვაჩუქე, თუმცა საჭირო დროს ვათრობდი და ამ საათის მეშვეობით საიდუმლო ინფორმაციას გადავცემდი. როცა ბონდომ ეს საათი მამამისს აჩუქა, ჩვენ შელაპარაკება მოგვივიდა. მე გავიშიფრე და იძულებული ვიყავი, ის მომეკლა, – აღიარა გოგუაძემ.
მანვე დაადასტურა, რომ წილოსანზე თავდასხმა საათის დაუფლების მიზნით მოხდა და რომ მან მკვდარს მაჯიდან საათი მოხსნა. გოგუაძემ ისიც თქვა, რომ ყაჩაღობაში ის ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ავარიაში დაიღუპნენ და რომ ავარია მანვე მოაწყო. კაპიტანი ოთარ გოგუაძე ჯერ დახურულ სასამართლოზე მოსკოვში გაასამართლეს, შემდეგ კი იქვე, „მატროსკაია ტიშინაში“ დახვრიტეს.