ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ვარ 52 წლის. მაქვს მშობლების მიერ (როცა ვიყავი 9 წლის) აღებული დაბადების მოწმობის ასლი, სადაც დაშვებულია შეცდომა ერთ წელში. მთელი ცხოვრება ვსარგებლობ ამ დაბადების მოწმობით. გთხოვთ გამარკვიოთ, რატომ უნდა გადავიხადო 150 ლარი ჯარიმა, თუ საბუთების გასწორებაზე გამოცხადებულია ამნისტია (იანვრამდე) და ჩემი ბრალი არ არის.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დაბადების მოწმობის უსწორობის გადასწორებას ახდენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი სამსახური. აღნიშნულ საკითხზე ამნისტია არ ვრცელდება.
კითხვა: ვიყიდე ნაკვეთი, რომელზეც ვაშენებ სახლს. ამჟამად შავი კარკასის დონეზეა. ეკონომიკური პრობლემების გამო, მსურს გავყიდო სახლის ნაწილი შავი კარკასის მდგომარეობაში. საბუთები წესრიგშია, მაქვს თუ არა ამის უფლება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირის კანონიერ საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვის უფლება შეუზღუდავია, მიუხედავად მისი ფორმისა და მდგომარეობისა.
კითხვა: 10 წლის წინ განქორწინდნენ ჩემი ქალიშვილი და სიძე. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ სახლი ეკუთვნის სიძის დას, ანუ ბავშვის მამიდას. მამიდა მუშაობდა იმავე მოსამართლესთან, ვინც აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა. ბავშვს დაუნიშნეს 30 ლარი ალიმენტი. სახლიდან კი არანაირი წილი არ ეკუთვნისო. გავასაჩივრეთ და გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. ბავშვს ახლა გარდაეცვალა მამა და დაენიშნა პენსია 55 ლარი. ამბობენ, რომ ბებიამ მთელი ქონება დაუმტკიცა ქალიშვილს, ბავშვის მამიდას. ეკუთვნის თუ არა ბავშვს მამის ქონებიდან მემკვიდრეობა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებლის სახელზე ირიცხება რაიმე ქონება, მისი შვილი, როგორც კანონიერი მემკვიდრე მიიღებს სამკვიდრო ქონებას.
კითხვა: ვარ ინვალიდი. 1952 წელს ჩემმა მშობლებმა შეიძინეს კერძო სახლის ნაწილი. 1956 წელს ჩემს ძმას, მშობლებთან ერთად, სამსახურმა მისცა ბინა. მე დავრჩი ძველ სახლში. ამ სახლის ძველი მეპატრონის ვაჟმა, რომლისგანაც ჩემმა მშობლებმა ბინა იყიდეს, იჩივლა სასამართლოში ჩემი გასახლების მიზნით. მაგრამ, სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მე დავრჩი ძველ ბინაში. თუმცა, ძველ მეპატრონესთან გაუთავებელი ჩხუბების გამო, იძულებული გავხდი, ეს ბინა დამეტოვებინა და დროებით საცხოვრებლად ნათესავებთან გადავსულიყავი. ეს ბინა მდებარეობს წითელ ზოლში. მაინტერესებს, ხომ არ არსებობს რაიმე საშუალება, რომ ძველი მეპატრონის ვაჟმა ეს ბინა წამართვას?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო ქონება თქვენი საკუთრებაა და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში თქვენს სახელზე, ძველ მესაკუთრეს ნივთის მოთხოვნის უფლება აღარ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ მოხდება რაიმე სახის იძულება ან კონფლიქტი, უნდა მიმართოთ პოლიციას.
კითხვა: იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ინვალიდი და არ შემიძლია გადაადგილება, ნათესავს ვთხოვე, თავის სახელზე შეეტანა ჩემი სოლიდური თანხა ბანკში. ამ პროცესს ჰყავს მოწმეები. თანხის გადაცემა მოხდა ნდობის საფუძველზე, არ გაფორმებულა ნოტარიული საბუთი. ნათესავმა აღნიშნული თანხა გაფლანგა და რომ მოვითხოვე საბუთები, არ გადმომცა. ანუ, თანხა ჩემი საჭიროებისამებრ არ დახარჯულა. რა შეიძლება მოვიმოქმედო აღნიშნულ სიტუაციაში?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან ნათესავმა თქვენი ნდობის გამოყენებით მიისაკუთრა თქვენი ქონება, უნდა მიმართოთ პოლიციას, მოითხოვოთ საკითხის გამოძიება და დამნაშავე პირის დასჯა.
კითხვა: ვშორდები ქმარს. ქმარი უმუშევარია, მაინტერესებს, ალიმენტს ვინ გადაუხდის ბავშვს და კვირაში რამდენჯერ მიეცემა უფლება მამას, ნახოს ბავშვი? ბავშვი არის 12 წლის.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეუღლე უმუშევარია, მას დაეკისრება ალიმენტის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა მეუღლემ მოინდომა ასევე სარჩელით ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა, შესაბამისად, მას მიეცემა ბავშვთან ურთიერთობის უფლება, ისე, რომ არ დაირღვეს ბავშვის უფლებები.
კითხვა: რუსეთში შევიძინე მანქანა. გავიარე ყველანაირი შემოწმება და ყველაფერი იყო წესრიგში. როცა ჩვენს საბაჟოზე მივედი, მითხრეს, რომ ექსპერტიზის მტკიცებით, ეგრეთ წოდებულ „პინკოდზე“ არის ზემოქმედება მოხდენილი. მაგრამ რომ შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ მანქანაზე ძებნა არ არის გამოცხადებული, მიუხედავად ამისა, შესაბამისი ორგანოები მანქანას მედავებიან. რა შეიძლება, მოვიმოქმედო აღნიშნულ სიტუაციაში, რომ არ დავკარგო მანქანაში გადახდილი სოლიდური თანხა და ჩამოყვანასთან დაკავშირებული ხარჯები.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან მანქანის კანონიერების საკითხი სადავოა და არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა, მანქანის განბაჟება შეუძლებელია. თქვენ გაქვთ უფლება, მანქანის გამყიდველს მოსთხოვოთ თანხის უკან დაბრუნება.
კითხვა: როდესაც რომელიმე ენერგოკომპანია, ამ შემთხვევაში უცხოური, სარგებლობს შენი მიწის საკარმიდამო ნაკვეთით, ჩემს ეზოში დგას ელექტროგადამცემი ერთი დიდი რკინა-ბეტონის ბოძი და ოთხი შედარებით მცირე ზომის, რომლითაც მარაგდება სოფელი. მიმდინარე სამუშაოების დროს უნებართვოდ შემოდიან, მიჭრიან ხეხილს. ამ დროს თუ ირღვევა ჩემი უფლებები, როგორც მესაკუთრის და ამ შემთხვევაში მეკუთვნის თუ არა კომპენსაცია? რის მოთხოვნა შემიძლია კომპანიისგან?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ ელექტროგადამცემი ბოძები, თქვენი ნების წინააღმდეგაა განთავსებული თქვენს საკუთრებაში, თქვენი, როგორც მესაკუთრის უფლება ირღვევა. არც თქვენი ნებართვის გარეშე აქვთ ხეხილის მოჭრის უფლება. ამიტომ, შეგიძლიათ ზემოთ აღნიშნული კომპანიიდან კომპენსაცია მოითხოვოთ.