კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს ერთმანეთი ჯარის მეგობრებმა და რატომ უყვარს უკრაინის მოქალაქეს საქართველო და ქართველები



ჟურნალისტის შენიშვნა: 25 ივლისის „თბილისელებში“ დაიბეჭდა ისტორია, თუ როგორ ეძებდა უკრაინელი კაცი თავის ქართველ ჯარის მეგობარს წლების განმავლობაში. საბედნიეროდ, გიორგი ბასილაშვილის დაკარგვის ისტორიას მალევე მოჰყვა გამოხმაურება. მიუხედავად იმისა, რომ მიროსლავ კრიჟანოვსკის მეგობრის პოვნის იმედი აღარ ჰქონდა, დღესდღეობით უკვე აქვთ ურთიერთობა და მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს. თავის ემოციებსა და ძიების შედეგებზე დღეს ჩვენი რუბრიკის უკრაინელი სტუმარი თავად ისაუბრებს.

ინტერვიუ მიროსლავ კრიჟანოვსკისთან:

– მიროსლავ, გვიამბეთ, რა ემოცია დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი ჯარის მეგობარი ნაპოვნია?

– გიორგის წლების განმავლობაში ვეძებდი. ჩვენ ვმეგობრობდით ჯარში, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ამიტომაც გიორგის პოვნა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ვის აღარ მივმართე, რომ მის პოვნაში დამხმარებოდა და რა აღარ გავაკეთე, მაგრამ, სანამ თქვენ არ დაგიკავშირდით, მეგობარი ვერ ვიპოვე. გამოგიტყდებით, რომ ნამდვილად მცირე იმედი მქონდა, რომ თქვენ გამომეხმაურებოდით და დამეხმარებოდით. მით უმეტეს, როდესაც ფოტოებს გიგზავნიდით, გახსოვთ, გაგეხუმრეთ კიდეც (იცინის), ვიმედოვნებ, გაარჩევთ ქართველს უკრაინელისგან-მეთქი. თქვენ კი მიპასუხეთ, რომ, არა მარტო გაარჩევდით, იპოვიდით კიდეც. მართლაც ასე მოხდა. ემოცია, რომელიც ჩემი მეგობრის პოვნისთანავე დამეუფლა, რა თქმა უნდა, სიხარული და მადლიერება იყო. პირველად, ის გავიფიქრე, რომ ამქვეყნად ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც სრულიად უცხო ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში ეხმარებიან. საქმეს, რასაც თქვენ აკეთებთ, ზეცაში ანგელოზები ხედავენ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მართლაც სასწაულებრივი გრძნობა მქონდა, ჯერ ერთი, იმიტომ რომ ჩემი ისტორიით დაინტერესდით, მეორეც, იმიტომ, რომ ასეთ მოკლე ვადაში გვაპოვნინეთ ერთმანეთი.

– როგორ აპირებთ ერთმანეთთან ურთიერთობის გაგრძელებას. გაქვთ თუ არა გეგმაში ერთმანეთთან შეხვედრა ამდენი წლის უნახაობის შემდეგ?

– ყველაფერი, მოგეხსენებათ, ფინანსებზეა დამოკიდებული. გიორგის ნახვის სურვილი ძალიან დიდია, მინდა, რომ, რაც შეიძლება, მალე შევხვდეთ ერთმანეთს, ერთად გავიხსენოთ ჩვენი ახალგაზრდობა და ჯარში ყოფნის დღეები. იცით, როგორ არის? რაც დრო გადის, ადამიანი უფრო მეტად უფიქრდება თავის განვლილ წლებს და ხვდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ახალგაზრდობაში შეძენილ მეგობრებს, მათ მხარში დგომას, გაგებას და ერთმანეთის პოვნას. სულ ვფიქრობდი ხოლმე, თუკი ღმერთმა ერთმანეთს შეგვახვედრა, ეს სულაც არ იყო შემთხვევითობა. ხომ შეიძლება, დააფასო ადამიანი და მოინდომო თუნდაც წლების შემდეგ მისი პოვნა და მისი ნახვა?! ამჟამად მე 52 წლის ვარ, მაგრამ, ნამდვილად არ მახსოვს, რომ ამხელა სიხარული და ბედნიერება განმეცადა მთელი ამ წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, გიორგიც ამავეს განიცდის. ამჟამად ჩვენ ერთმანეთს ტელეფონით ვუკავშირდებით, ასევე, ინტერნეტით. ჩვენს დაკავშირებაში დიდი წვლილი სწორედ თქვენ მიგიძღვით, რადგან ინტერნეტით სარგებლობა, ის, თუ სად და როგორ უნდა დარეგისტრირებულიყო, გიორგის თქვენ ასწავლეთ.

– აღმოჩნდა, რომ სწორედ გიორგის პოვნის მეორე დღეს გაიყვანეს მათ ოჯახში ინტერნეტი. ამჟამად თქვენ აქტიური ურთიერთობა სწორედ ინტერნეტით გექნებათ, მაგრამ, იმედია, საქართველოში ჩამოსვლას და მეგობართან პირადად შეხვედრას მაინც აპირებთ.

– აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი ქვეყანა კეთილი და მადლიანი ხალხის მხარეა, თამამად შემიძლია, გითხრათ და, არა მარტო იმიტომ, რომ გიორგი ბასილაშვილი რომელიც სწორედ თქვენ მაპოვნინეთ და არა უკრაინულმა ან რუსულმა სამძებრო ბიუროებმა, უბრალოდ, უკრაინა ყოველთვის დიდ პატივს სცემდა საქართველოს და მეც ყოველთვის დიდი სითბოთი ვარ განწყობილი ქართველი ხალხის მიმართ. დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს!!!

ინტერვიუ გიორგი ბასილაშვილთან:

– გიორგი, როდესაც შეიტყვეთ, რომ მიროსლავი გეძებდათ, რა იფიქრეთ და რა წარმოიდგინეთ?

– მე დამირეკეს და მითხრეს, მეყიდა ჟურნალი „თბილისელების“ ახალი ნომერი და წამეკითხა რუბრიკა „დაკარგულები“; ასევე, მითხრეს, რომ მე მეძებენ. აღმოჩნდა, რომ თქვენ უკვე ესაუბრეთ ჩემს მეგობარს და პირადად ჩემს ზარს ელოდით. გაოცებული ვიყავი, რადგან, ჯერ ერთი, არც კი მეგონა, თუ ჩვენთან პრესით ასეთი სახის სამსახურის გაწევა ხდებოდა და მეორეც, ნამდვილად არ მეჯერა, თუკი შეიძლება წლების წინ დაკარგულად ჩათვლილი ადამიანის პოვნა. პირადად მეც ვეძებდი მიროსლავს, მაგრამ, უშედეგოდ. გამოვიდა, რომ მან მე მაჯობა და უკრაინიდან საქართველოში, დაგიკავშირდათ. მე კი, საქართველოში მცხოვრებმა, არც კი ვიცოდი თქვენი სამსახურის შესახებ. გამიხარდა, რა თქმა უნდა. დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ვფიქრობ, მე და მიროსლავი ერთმანეთს აუცილებლად ვნახავთ და ერთად გავიხსენებთ ჩვენს განვლილ ჯარის წლებს, მაშინდელ ურთიერთობას, რომელიც ამჟამად უკვე უკვდავ მეგობრობაში გადაიზრდება.

– როგორი იყო მეგობრების წლების შემდგომ პირველი საუბარი წლების შემდგომ, რადმენადაც ვიცი, ეს ტელეფონით მოხდა.

– დიახ, პირველად, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ნამდვილად მე მეძებენ და თქვენ გესაუბრეთ, ერთი სული მქონდა, როდის გავიგებდი ჩემი მეგობრის ხმას. მე ვიცი, რომ ხშირ შემთხვევაში ამასაც კი დრო სჭირდება, მაგრამ, დღეებიც კი წლების ტოლი იყო. მიროსლავს ხმაც კი არ აქვს შეცვლილი (იცინის). უცებ თვალწინ დამიდგა ჩვენი ჯარში ყოფნის წლები და მეგობრობა. სასწაული გრძნობა იყო, რთულად გადმოიცემა სიტყვებით. სანამ დავუკავშირდებოდით ერთმანეთს, სახლში აჟიოტაჟი გვქონდა – რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრები მგულშემატკივრობდნენ, გვირეკავდნენ ნათესავები, მეზობლები და ყველას აინტერესებდა, დავუკავშირდით თუ არა უკვე ერთმანეთს (იღიმება). მე მიროსლავი სწორედ ისეთი მახსოვს, როგორიც ის ჯარის ფოტოზეა. ამჟამინდელი მისი ფოტო რომ მენახა, რა თქმა უნდა, რთულად თუ ვიცნობდი. ბუნებრივია, მეც შეცვლილი ვარ. ჩვენი პირველი საუბარი ემოციების გაცვლა-გამოცვლა იყო, ორივეს გვიხაროდა. საბედნიეროდ, ახლა მაქვს საშუალება, რომ ინტერნეტის მეშვეობით გავესაუბრო მეგობარს, შემდგომ კი, ალბათ, შევხვდებით კიდეც ერთმანეთს.

– როგორ ფიქრობთ, თქვენ უფრო გაგიხარდათ ეს ამბავი თუ მიროსლავს?

– ვფიქრობ, რომ მან უფრო შეძლო, გამოეხატა, ვიდრე მე. ისე კი, ნამდვილად მიხარია. ყველა ადამიანს ვუსურვებდი ასეთ სიხარულს – მოულოდნელსა და სასიამოვნოს. ახლა უკვე ვიცი, ვის მივმართო, თუკი ვინმეს დავკარგავ, (იცინის) ღმერთმა დამიფაროს, რა თქმა უნდა!

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

ნატალია მახარაშვილი


скачать dle 11.3