მსოფლიოს ეკონომიკა ზრდას ნელი ტემპით დაიწყებს
ბანკ „მორგან სტენლის“ ექსპერტების აზრით, განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის მიღებული ზომების განხორციელების შემდეგ, გლობალურ ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნება. სახელმწიფო ხარჯების შემცირება შეუმჩნეველი არ დარჩება და მთლიანი შიდა პროდუქტი მთელ მსოფლიოში დაახლოებით 5 პროცენტით შემცირდება. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ეკონომიკა მაინც მოახერხებს ორმაგი კრიზისის თავიდან აცილებას. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის გამო განვითარებული ქვეყნები მაინც ზარალში რჩებიან, რადგან მათი ეკონომიკის წინსვლის ტემპები ძალიან შენელებულია. „მორგან სტენლი ეიშას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სტივენ როუჩმა განაცხადა, რომ კრიზისამდე 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 4,7 პროცენტი იყო, ხოლო მომავალი წლიდან 3,2-დან 3,5 პროცენტამდე იმერყევებს. ანალოგიური მოსაზრება აქვს სააგენტო „იუ ბი სის“ ექსპერტ პოლ დონოვანს, რომლის აზრითაც, უახლოესი წლების განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,5 პროცენტს არ გასცდება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ზრდის ტემპების შენელების ძირითადი მიზეზი ამერიკაში სამომხმარებლო ბაზარზე მოთხოვნის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო ხარჯების შემცირებაა. ეკონომიკური ზრდის ტემპს უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელიც უქმნის პრობლემას როგორც განვითარებულ, ასევე, განვითარებად ქვეყნებში.